სიახლეები
ინტერვიუ

„ყველა გაკვეთილზე ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ ბავშვს სწავლაც მოანდომო და ეს ხალისით გააკეთოს, საოცრებაა“
22-06-2018
-
+


დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, პლასტიკურ ქირურგს, გუგა ქაშიბაძეს ძალიან უყვარდა სკოლაში სიარული. ამბობს, რომ მისთვის გაკვეთილზე ყოფნა და სასწავლო პროცესი სასიამოვნოც იყო და გასართობიც. 

გუგა ქაშიბაძეს მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს. პაციენტებზე ზრუნვის პარალელურად, ხატავს, რკინაზე და ხეზე მუშაობს, თოჯინებს აკეთებს, მთამსვლელობით არის გატაცებული, ცურავს, წყლისა და მთის თხილამურებზეც დგება, სნოუბორდიც უყვარს და ცხენოსნობაც...

რაც თავი ახსოვს, სულ ხატავდა. გაკვეთილზე თან ხატავდა და თან მასწავლებელს უსმენდა – ხატვას არავინ მიშლიდაო, ამბობს. გუგა ქაშიბაძე Etaloni.ge-ს თავის ბავშვობასა და სკოლაში სწავლის პერიოდზე მოუყვა.

– სკოლაში სწავლის წლები ჩემთვის საუკეთესო პერიოდი იყო. ხშირად  ბავშვებს სკოლაში სიარული არ უყვართ, მე კი მუდამ ვცდილობდი, სკოლა არ გამეცდინა, რადგან იქ კარგად ვერთობოდი და ვისვენებდი. ავადაც რომ ვხდებოდი, სახლში დარჩენა მაშინაც არ მიყვარდა.

თბილისის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე – ახლანდელი კლასიკური გიმნაზია და ამით ვამაყობ. ჩემი უფროსი ქალიშვილიც ამ სკოლაში სწავლობდა და, დიდი იმედი გვაქვს, უმცროსსაც იქ შევიყვან. დღემდე მაქვს ურთიერთობა ამ სკოლის დირექტორთან, ბრწყინვალე ქალბატონ თამარ კაპანაძესთან.

ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა ეს გამორჩეული შენობა და დარბაზები. ის კიბე, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა ფეხი მოიტეხა... დარბაზები, კათედრები მორიდების განწყობას გიქმნიდა. ამ ყველაფრის გახსენება, დადებითი ენერგიით მმუხტავს. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის შემეკითხებიან, რომელი სკოლა დაამთავრეო, რომ ვუთხრა და ვიამაყო. რამოდენიმე ისეთი მასწავლებელიც მყავდა, რომლებიც დედაჩემსაც კი ასწავლიდნენ.

– თავად როგორი მოსწავლე იყავით?

– ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიყავი ძალიან მოწესრიგებული და კარგი მოსწავლე. გაკვეთილის მიმდინარეობისას, მუდმივად ვხატავდი. ყველა მასწავლებელმა იცოდა, რომ ჩემს რვეულს თუ ამოატრიალებდა, მის უკან ძალიან ბევრ ნახატს ნახავდა. არავინ მიშლიდა ხატვას. უზომოდ ცელქი ვიყავი. სკოლაში მივდიოდი, მოწესრიგებული, დავარცხნილი. იქიდან დაბრუნებულს რომ მხედავდა დედაჩემი, უკვირდა, ამ რამდენიმე საათში როგორ შეიძლებოდა ამ დღეში ვყოფილიყავი – თმა გაჩეჩილი, პერანგი კალმით აჭრელებული... კედლებზე დავდიოდით. მახსოვს, პიონერთა სასახლეში გადავდიოდით სათამაშოდ. იქ რთული ლაბირინთები იყო და სტრატეგიულად უფრო საინტერესო გამოდიოდა თამაში. ჩემს შვილს რომ ვუყვები ხოლმე ამ ამბავს, ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, დასვენებაზე სკოლიდან სხვა ადგილას წახვიდე სათამაშოდ.

– რაიმე ისეთი თუ ჩაგიდენიათ სკოლაში, რაც მუდამ გახსოვთ?

– მე-4 კლასში ვიყავი, როცა ფანჯრის რაფის გვერდით ვიჯექი და იქ მდგარ ყვავილს ფოთოლს ვწყვეტდი. გადმოვაგდე და გავტეხე. ქართულის მასწავლებელმა მითხრა, მოიტან ქოთანს და ყვავილსო. მშობლებს ვერ ვუთხარი ეს ამბავი, სახლში დარგული ხახვი სხვა ქოთანში გადავრგე  და ის მივუტანე მასწავლებელს. ვერ მიხვდა, რა მცენარე იყო. ერთი კვირის მერე, სხვა მასწავლებელმა შეამჩნია, ეს ხახვიაო. ბოლოს მაინც მიმატანინეს სხვა ყვავილი. 

– მშობლები მკაცრად გზრდიდნენ?

– არა და არც დიდაქტიკით გამოირჩეოდნენ. მახსოვს, ბავშვობაში რომ ამბობდნენ ხოლმე, კარგი ბავშვი იყო, მაგრამ ცუდ წრეში მოხვდა და იმან გააფუჭაო. მამაჩემი სულ ამბობდა, პიროვნებას წრე არ აფუჭებს, რადგან გადაწყვეტილებას შენ იღებ, მაგრამ როცა შენს მაგივრად სხვა წყვეტს რაიმეს, იქ უკვე სერიოზული პრობლემა ჩნდებაო. როცა არჩევანის წინაშე ვდგებოდი – მარჯვნივ წავსულიყავი თუ მარცხნივ, ყოველთვის მამაჩემის ეს სიტყვები მახსენდებოდა. შინაგანი კოდექსივით მქონდა ჩამოყალიბებული, რისი გაკეთების უფლება მქონდა როგორც პიროვნებას, რომ ჩემი ოჯახისთვის ჩრდილი არ მიმეყენებინა.

ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და მათ ფუნქციაში მხოლოდ საგნის სწავლება არ შედიოდა. პირდაპირ თუ ირიბად ვსწავლობდით ადამიანობას, ჰუმანურობას, ერთმანეთისა სიყვარულს, ცხოველების და მცენარეების სიყვარულს, უფროსის პატივისცემას.

მერვე კლასში ვიყავი და ბატონი ლევან ბერაძე გვასწავლიდა მათემატიკას. ძალიან მკაცრი, მაგრამ ამავე დროს მეგობრული მასწავლებელი იყო. მისი დიდი რიდი გვქონდა. მათემატიკას სკოლაში ბევრ დროს არ ვუთმობდი, რადგან სამედიცინოზე მინდოდა ჩამებარებინა და არ მჭირდებოდა ეს საგანი. ერთხელ, დაფაზე კუბი დახაზეს. კუბის შუა წერტილიდან ფუძეზე დაშვებული იყო მონაკვეთები და იქმნებოდა პირამიდა. პირამიდის ფართობი ვიცოდით და კუბის ფართობი უნდა გაგვეგო. რამდენიმე მოსწავლე გამოვიდა, მაგრამ საბოლოო შედეგამდე ვერ მივიდნენ. ამ დროს ავიწიე ხელი, ბატონმა ლევანმა მკითხა, გარეთ გინდა გასვლაო. არა, პასუხი მაქვს-მეთქი. გაკვირვებული დარჩა... ვუთხარი, კუბი 6 პირამიდისგან შედგება–მეთქი. ძალიან მარტივად დავინახე. მითხრა, დაჯექი ქაშიბაძე, 4-იანს გიწერო. იმის მერე სულ 4-იანებს მიწერდა.

– სწორ პასუხში დაგიწერათ 4?

– დიახ, მაგრამ მათემატიკაში 4-იანის ღირსიც არ ვიყავი ხოლმე. ამ მომენტის მერე ჩუმი შეთანხმებასავით მოხდა და სულ 4–ებს მიწერდა ისე, რომ აღარც მეკითხებოდა არაფერს. მერე კი ვისწავლე მათემატიკა, რადგან დაამატეს სამედიცინოს მისაღებ გამოცდებზე. ახლა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საგანია და ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა ბავშვმა გარკვეულ დონეზე იცოდეს მათემატიკა. ეს საგანი აუცილებელია მხატვრისთვისაც, მუსიკოსისთვისაც და ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენელისთვის. ყველა მხრივ გავითარებს.

სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე სამხედრო სწავლების მასწავლებელს, ბატონ გურამ სარალიძეს, რომელიც კოლორიტული და საოცარი პიროვნება იყო. ასევე, ბატონ შოთა აბაიშვილს, ფიზიკის მასწავლებელს, რომელმაც თაობები გაზარდა. ფიზიკა ძალიან მიყვარდა, დიანა შონიაც გვასწავლიდა ამ საგანს. რუსულიც მიყვარდა, რომელსაც სვეტლანა სერგეევნა ფანგანი მასწავლიდა. ის ახლაც ასწავლის ამ სკოლაში. ფანტასტიკური ქალბატონია გარეგნულადაც, მისი ხმა და  ტემბრი ხომ საერთოდ ცალკე საუბრის საგანია. საზეიმო განწყობას ქმნიდა გაკვეთილზე. მეც მქონია სტუდენტებთან ურთიერთობა და სწავლის პროცესი გვერდიდან ჩანს ადვილი. ზეიმისა და ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნა გაკვეთილზე, ურთულესია და ეს შეიძლება შემთხვევით გამოგივიდეს, მაგრამ ყველა გაკვეთილზე ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ ბავშვს სწავლაც მოანდომო და ეს ხალისით გააკეთოს, საოცრებაა. მასწავლებლის შრომა დაუფასებელია და უაღრესად პატივსაცემია ჩემთვის.

ჩემს ქცევებში იმდენი რამ დამიჭერია, რაც მასწავლებლებისგან ვისწავლე... სულ მიკვირდა იმ ბავშვების, რომლებსაც სკოლაში მოსვლა ეზარებოდათ. ვერთობოდი კარგად და თითოეული გაკვეთილიდან სიამოვნებას ვიღებდი. ასეთი უცნაური ბავშვი ვიყავი.

– ექიმობა მუდამ გინდოდათ?

– დიახ, მუდამ მინდოდა, თუმცა უამრავი გატაცება მქონდა. ფიზიკოსობა მინდოდა, ხატვაც მინდოდა და არქიტექტორობაც. ქვეცნობიერად კი სულ მქონდა სურვილი, სხვებს დავხმარებოდი. მინდოდა, ხანძარი თუ გაჩნდებოდა, პირველი მე დამერეკა სახანძროში და ადამიანები გადამერჩინა, ვიღაცისთვის სარგებელი მომეტანა. ამიტომაც ავირჩიე სპეციალობა, რომელიც მძიმე, რთული და აზარტულია.  არც ერთ ეტაპზე არ მინანია, რომ ექიმი გავხდი. მქონია წარუმატებლობაც, დაუმსახურებელი საყვედურიც მიმიღია, მაგრამ ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი საკუთარი არჩევანი სისწორეში. ყველა დღე მიყვარს, როცა ვმუშაობ. შაბათ-კვირაობით ორშაბათის გათნებას ველოდები. რაც უფრო უცნაურ და რთულ სიტუაციაში ვარ, უფრო ლაღად ვგრძნობ თავს და ვცდილობ, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ყველაფრისგან. ასე ცხოვრება ბევრად ადვილია.

– ახლაც ხატავთ?

–დიახ და პერიოდებად მაქვს ხოლმე ნახატები. ჩემი მეორე შვილი მხოლოდ 7 თვის არის. მისი დაბადების მერე კარიკატურების ხატვა დავიწყე. სამწუხაროა, რომ ეს დარგი მივიწყებულივითაა.

– ბავშვი რა შუაშია თქვენს ახალ გატაცებასთან?

– მინდოდა, მისთვის რაღაც დამეხატა, გამეფერადებინა... მერწმუნეთ, კარიკატურებს დიდი ინტერესით ათვალიერებს. მინდოდა, მისთვის ნახატი ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო და ამიტომაც დავიწყე კარიკატურების ხატვა.

ხატვის გარდა, პარაპლანით ფრენა მიყვარს, ალპინიზმითაც ვარ დაკავებული. ასევე, წყლის და მთის თხილამურებით. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო – არ ვეწევი, ალკოჰოლსაც იშვიათად ვიღებ. კვირაში სამი დღე ვვარჯიშობ – ლისის ტბაზე დავდივარ ველოსიპედით. 

ძალიან რთულ პერიოდში მომიწია ბავშვობის და სტუდენტობის გატარება. ჩემი თაობიდან ნახევარზე მეტი ცოცხალი აღარ არის და მეორე ნახევარიც მძიმე ყოფაშია. ვხედავდი, პროფესორი, განათლებული ადამიანები ქუჩაში წიგნებს ყიდდნენ, ოჯახიდან ნივთები გაჰქონდათ. ამ დროს კი ვიღაც ვიგინდარა და  გაუნათლებელი ქუჩაში ავტომატით დარბოდა, საუკეთესო ავტომანქანა ჰყავდა და საუკეთესოდ ეცვა. გოგონებსაც ასეთი ბიჭები მოსწონდათ მაშინ. ის თაობა ვერ მიხვდა, რა იყო კარგი და რა უნდა გაეკეთებინა თავისუფლების მოსაპოვებლად. ნარკომანები და ყაჩაღები საზოგადოების პრივილეგირებულ ფენად მოგვევლინნენ. ძალიან მწყინს, რომ ისეთ რაღაცაზე მიდის ლაპარაკი, დასაშვებია თუ არ არის დასაშვები, კარგია თუ ცუდი... რაზეც ნამდვილად ვიცით რომ კარგია, იმის პოპულარიზაცია არ ხდება და კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ ნივთიერებებზე ვამბობთ, მერე რა მოხდა, რომ ვიღაც სინჯავსო. ძალით ვიქმნით პრობლემებს და ეს ძალიან მიკვირს. მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ თაობა, რომელიც სპორტით არ არის დაკავებული და ჯანსაღი ცხოვრების წესით არ ცხოვრობს, დაკარგულია. მიხარია, რომ დღევანდელი თაობის გოგონებს ისეთი ბიჭები მოსწონთ, რომლებიც წიგნებს კითხულობენ , განათლებულები და ჭკვიანები არიან.  

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება