გეჯეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
15-04-2024
დაკოპირებულია
-
+
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობა და მისი ისტორია ნათლად გაიაზრონ.
ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლაში ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა, როგორც დედაენის დღეა. ამასთან დაკავშირებით, მე-7 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარიამ ბესიაშვილის ხელმძღვანელობით, თემატური აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეებმა დედაენის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ილაპარაკეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს თავად ამ თარიღზე, მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
„ო,ენავ ჩემო კურთხეულო და მადლიანო, ჯიშიანო და ძარღვიანო, ენავ სიცოცხლისა და სიხარულის მომნიჭებელო, ჩემო სისხლო და ხორცო, ენავ ფარნავაზიანო! შენ მსოფლიოს უდიდესი საოცრება ხარ, უანგარიშოა შენი საუნჯეთა სალარო!“- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა აქტივობას.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და პედაგოგის ქებაც დაიმსახურეს. „საუკეთესო ბავშვები ხართ! მადლობა თქვენ, მონდომებისთვის“,- წერს მასწავლებელი მარიამ ბესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.