სიახლეები
საინტერესო

TOP 5 ქართული ლექსი, რომლებიც მასწავლებლებს ეძღვნებათ
21-12-2018
-
+


პოეზიის ქვეყანაში რა იქნებოდა ქართული ლექსი მასწავლებლის სიყვარული, ზრუნვა და თავდადება რომ არ დაეფასებინა...

Etaloni.ge გთავაზობთ 5 გამორჩეულ ლექსს, რომლებიც პედაგოგებს ეძღვნებათ:

გალაკტიონ ტაბიძე - პირველი ენკენისთვე

დილის ნიავმა გაყვითლებულ მთებით დაჰბერა,

შემდეგ წყნარის ფრთით მდინარის პირს რაღაც ჩასწერა,

ნისლის, მთის კალთას შერჩენილის, წაშალა ბინა

და მინდვრის მკერდზე ყვავილებში გადიბიბინა.


სკოლის აივანს დაყრდნობილი მაღლით დავცქერი;

სოფელში ბნელა, წყვდიადია სინათლის მტერი.

იდუმალ ფიქრში და ნაღველში მოქანცულ სოფელს

იგი წყვდიადი თვის უშავესს ახვევს სამოსელს,

ხალხო ბედკრულო! მე მიჭირავს ხელში სანთელი,

არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!


იმ სანთლის პოვნას განუსჯელად სიცოცხლე მივე,

ვერას დამაკლებს უგნურთ მტრობა, შიმშილ-სიცივე!

მე ვიტყვი სიტყვას, მე გაგითბობთ შეცივებულ გულს -

დეე, თან მდევდეს მკაცრი ხვედრი თქვენს მარად ერთგულს!

თქვენ აღგამაღლებთ ჩემი ზრუნვა თბილი და წრფელი,

არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!


მე მკითხავს ბავშვი: მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი!

- მასწავლებელო, ეს რას ნიშნავს... ღელავხართ მწვრთნელი?!

- ჩამოჰკარ! - სწავლად თვისკენ იწვევს მასწავლებელი!


ვხედავ, აქ ჩემკენ მოაბიჯებს წიგნებით ბავშვი,

რა აღტაცებით შემოვიდა იგი სკოლაში!

წრფელი ღიმილი დასთამაშებს მხიარულ ბაგეს...

თქვენ ნუ დასცინით მომავალ გმირს და მოქალაქეს.


- მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა, - სწავლის დრო არი!

ნუგეშისათვის ჩემკენ მოდის მოხუცებული,

მშვიდ თავშესაფარს ითხოვს მისი გული ვნებული.

ავადმყოფობით, სიუძლურით სასომიხდილი...

დარაჯად კარს რომ მისდგომია სნება, სიკვდილი.

სავსე ოჯახი, უპატრონოდ მიტოვებული,

გაახსენდება... უფრო მეტად უღელავს გული.


- ჩემკენ, მოხუცო! მე ვიცი, ვინ რა მოაგვაროს,

მე შეგაბრძოლებ ისევ შენთან მტრად ხდილ სამყაროს!

- მასწავლებელო! მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი!

ვხედავ, აქ ნაბიჯს მოაშურებს გლეხი მაშვრალი,

რომ მესაუბროს და იმედი თან წაიყოლოს,

მასზე, რომ შავი მისი შრომა, შრომა მართალი,

არ დაინთქმება უნუგეშოდ ბოლოს და ბოლოს.


- მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი!

აგერა მოჩანს მკრთალი სევდა მიმქრალი სახის.

აჰა, ის მოდის!.. მოდის წყნარად, თავჩაქინდრული.


განადგურება წინ მეხატვის მისი ოჯახის,

გადუტრიალდა ბედის ჩარხი უკუღმართული.

უნდობმა ხელმა გუშინ ცეცხლი რომ გაუჩინა,

ნიშნის მოგებით მის თვალის წინ გადიხარხარა...

სახლი დაუწვეს და საბრალოს არა აქვს ბინა.

ჩემკენ, ბედშავო! მე მაქვს შენთვის ბინა პატარა.


- მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი!

ორნი მოდიან, რომ იპოვონ სიმართლე ჩემთან

და გადასწყვიტონ საბოლოოდ ამტყდარი დავა.

ერთია მათთვის ყველაფერი, - რაც სურთ, ისა თქვან,

სიბნელემ მათი მეზობლობა გაანიავა!


- მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი!

მოდის სკოლისკენ ახალგაზრდა ვაჟი - ვიღაცა.

იმას უთუოდ წიგნები სურს. იქ კიდევ - ქალი,

უუფლებობამ, ძალადობამ რომ მოიტაცა,

და შემდეგ ისევ გადისროლა უგზოდ საწყალი!

გზას მე გასწავლით, ბედკრულებო! სწავლით გამთბარი

ხელში მიჭირავს მე ლამპარი სიბნელის მქრობი.


- მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

- ო, კიდევ, კიდევ. ხედავ, გათბა ცისა ტატნობი!

მგზნებარე სხივი აიზიდა მხიარულ ცაზე,

ფრინველთა გუნდმა კამარაში გაინავარდა,

ერთი ღრუბელი, როგორც მგზავრი, სევდიან გზაზე

რომ დასცურავდა, მოსწყდა მწვერვალს და ძირს დავარდა!


მე კი ძალას ვგრძნობ, მსურს სიცოცხლე ავამოძრავო!

გავანადგურო დაყოლილთა შავ ფიქრთა გზნება.

მომეცი ძალა, ლურჯო ცაო, ლაჟვარდო ცაო!

რომ შევასრულო წმინდად ჩემი დანიშნულება.


და სიმაღლემდე ავიყვანო მუდმივ მხლებელი

წრფელი მიზანი, მოქმედებით უხვად გამთბარი.

არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი,

აბა, ჩამოჰკარ მოსაწვევი, ჩამოჰკარ ზარი!


ფრიდონ ხალვაში - გმადლობთ, მასწავლებელო!

შენ რომ წერა მასწავლე,

შენ რომ კითხვა მასწავლე,

ბედისწერა იმით სულ

ვამთელე და ვამძლავრე.


შენ რომ წიგნი მასწავლე,

შენ რომ სიბრძნე მასწავლე,

არავითარ სხვა განძში

იგი მე არ გავცვალე.


გენდობოდი, გისმენდი,

ჭკვიანსა და მიხვედრილს,

მშობელს თუ ვერ ვეტყოდი,

იმას შენ გაგიმხელდი.


შენ მირჩიე, ვეძებო,

შენ მითხარი, შეძლებო...

ახლაც მინდა მეფერო,

ჩემო მასწავლებელო!


ყველგან მხვდები ყოველდღე,

შენ მიმიკვლევ შორეთებს,

შენ მაკაცებ, მაღმერთებ,

მასაქმებ, მაპოეტებ.


ჟამთა აღმართ-დაღმართზე

ხოხავს ჩემი ურემიც,

ფიქრით, ცრემლით, სიმღერით

მამულს ვემსახურები.


და თუ ოდნავ კარგი ვარ,

თუ უკეთესს შევიძლებ,

ჩემი დღის ფერებიდან

მეფერება შენი მზეც.


ეს ცხოვრება მკაცრია,

სად არ გითხრის ორმოებს,

უსწავლელი გასწავლის

ყბედნი უკეთ ცხოვრობენ.


შენი ასე ლამაზი

შრომა და სიმყუდროვე,

არ ყოფილა არასდროს

მოჩალიჩე, მედროვე.


შენ რწმენით, წმინდანივით

გაჭირვების მზიდავი,

ხშირად თუმცა ღარიბი

ხარ ყველაზე მდიდარი.


შენ ხარ მასწავლებელი,

შენსას არა, არ დათმობ,

ზოგჯერ გული თუ გეწვის,

დაე, გული იწვოდეს, -

გულმა უნდა ანათოს.


იყავ მუდამ ალალი

ღიმილით თუ ტკივილით,

იყავ მუდამ მართალი

პირველ გაკვეთილივით.


გულიანად ბოლომდის

ცოდნის სახლი ააგე,

ქართულ სიტყვის ოქროთი

კვლავაც მომამარაგე.


დღემაღალო, დღეგრძელო,

ყველგან ჩემო მხლებელო,

ამ მადლიან მადლისთვის

გმადლობთ, მასწავლებელო!


იოსებ ნონეშვილი - მასწავლებელი


მასწავლებელი - მშობლის ალერსით

ამოქარგული ტკბილი ანბანი,

მასწავლებელი - ნორჩის თვალებში

ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.


მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში

განათებული, როგორც ოცნება,

მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,

მხოლოდ ხალასი პატიოსნება.


მასწავლებელი - დედის გულივით

მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.

მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:

მასწავლებელი გავხდე ნეტავი.


მასწავლებელი - გულისხმიერი,

ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.

მასწავლებელი - მასზე ძლიერი,

მასზე სწავლული არვინ გვეგონა.


მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე

სიტყვით ქებული, საქმით ქებული.

მასწავლებელი - დედაენაზე,

მშობელ ენაზე შეყვარებული.


მასწავლებელი - სიტყვა ფრთიანი,

მუდამ მამულზე ფიქრით გართული,

მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,

რაც კი კარგია, რაც კი ქართული.


მასწავლებელი - ღამე უძილო,

ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.

მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,

მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.


მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს,

ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.

ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,

მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,

იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,

მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,

მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,

კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,

ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,

მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


მასწავლებელი - გულს ჩახატული,

დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.

მასწავლებელი - მზე, გაზაფხული,

მთები, ყანები, ოქროცურვილი.


მასწავლებელი - ცოდნის ნათელით

უსწავლელობის დამმარცხებელი…

აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,

აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.


მასწავლებელი - ღამე უძილო,

ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.

მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,

მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.


შოთა ნიშნიანიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი


მარტში მამღვრევდა ფერისცვალება 

და ხეტიალის ჟინი მივლიდა, 

მზე საყელოში ხელს ჩამავლებდა 

და გამიყვანდა გაკვეთილიდან.


ლექსის და ნუშის ნაფერთალებით 

იფიფქებოდა ზეცა მიწამდე, 

ჩიტებს მიჰქონდათ ჩემი ბწკარები 

და ბუდეებად ხეზე იწნავდნენ.


თურმე იმ კაცსაც სენი ბურღავდა, 

მგოსნობის სენი - უიმედო რამ. 

თურმე თუშეთში მოყმე გულადი 

ვაჟა-ფშაველას ლექსს დაეტორა.


ისიც გვიხსნიდა ჯერ დამშვიდებით, 

მერე თრთოლვით და ხელების ქნევით... 

ხელში შვლის ნუკრით, მხარზე ჩიტებით 

მერხზე ჯდებოდა შაირის დევი.


თმაზე ეყარა ყვავილი ტყემლის, 

მტვერი ვარსვლავთა და მეტეორთა 

ცალი თვალიდან სდიოდა ცრემლი 

და ცრემლში, ღმერთო! - მზე ეტეოდა.


თურმე რამხელა ცრემლი ყოფილა 

და რა უძირო უსაშველოდა! - 

მთელი ქვეყნით და მზით გაჭოლვილი 

მზეს რომ უძლებდა და არ შრებოდა!!


არც ხათრი გვქონდა, აღარც დანდობა, 

არც მორიდება მოზრდილ ყმაწვილებს - 

მოვტაცეთ იმ კაცს ახალგაზრდობა 

და ერთმანეთში დავინაწილეთ.


და,როგორც ანდერძს, ხშირად ვისმენდით: 

„მხოლოდ ის არის სწავლის მიზანი, 

რომ დაიზარდოთ სწორეთ ისეთნი, 

როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!"


კეთილო კაცო, დამნაშავე ხარ- 

რად მომიწონე ლექსი პირველი? 

რად შემაჩეჩე ვაჟა ფშაველას, 

როგორც ქარიშხალს სუსტი ფრინველი.


ახლა მე მომდგა შაირის დევი, 

ბეჭებზე მირტყამს ტორივით სტრიქონს, 

ფშავ-ხევსურეთში ავყავარ ზევით 

და ქაჯთა სიბრძნეს ფიცისქვეშ მიყოფს...


დაე, იცოდნენ, ჩვენს საქართველოს 

ისევ სჭირდება შენისთანები, 

შენით ვამაყობ, ჩემო გამზრდელო, 

შენს ქართველობას ვეთაყვანები.


ირემო, ბარად ჩამოვარდნილო, 

თუ მოგეწევა ჟამთა ისარი, 

აყმუვლდებიან შენი დაზრდილნი, 

როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!..


ალექსანდრე ბეგაშვილი - მასწავლებელი


უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა,

გვერქვას მამულის რკინის კედელი,

სამშობლოსათვის თავის გაწირვა, -

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,

შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი,

დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს,

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


არ მოვუტანოთ მოყვასს ზიანი,

არ გავახაროთ მტერი მძებნელი,

ზრდილნი,

ქველნი და თავაზიანნი

ვიყვნეთ -

გვასწავლის მასწავლებელი!


შოთას სახელი არ იბინდება,

სულის და გულის გამხარებელი,

ის ჩვენი მზეა,

ჩვენი დიდება -

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


ქართველის სულში დიდი ილია -

მარადჟამ გულით სატარებელი -

ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია,

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


აკაკის სიტყვა გულს ჩაგვწვდენია,

მტრის გულში ისრის გამტარებელი,

კურთხეულ იყოს ვაჟას გენია -

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


არ გასცვლის შვილი საკუთარ მშობელს,

სინდის-ნამუსის გამტარებელი,

დედაენის და სამშობლოს მგმობელს

ვრისხავდეთ! -

ამბობს მასწავლებელი.


მიტომაც გულში გადაგვენასკვა,

სულ რომ გვასწავლის,

გვირჩევს,

გვახარებს.

ვით მშობელ დედას,

დედაენასაც

მასწავლებელი ისე გვაყვარებს!


მიტომაც გვიყვარს ასე ძალიან,

კვლავაც ბავშვივით გვინდა ვეფეროთ.

თმაში ჭაღარა შემოგვპარვია

და მაინც ვამბობთ:

მასწავლებელო!


უნდა გავშალოთ ფრთა, ვით არწივმა,

გვერქვას მამულის რკინის კედელი,

სამშობლოსათვის თავის გაწირვა! -

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,

შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი.

დედა გვიყვარდეს,

მამა გვიყვარდეს, -

ამას გვასწავლის მასწავლებელი!


კიდევ რომელ ლექსს გაიხსენებდით?

საკუთარი პოეზია კომენტარებში გაგვიზიარეთ.



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება