სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებელი თვალის დახამხამებაზე უნდა მიხვდეს, რაღაც რომ აწუხებს მის მოსწავლეს“ - ქართული ენის პედაგოგი, ეკატერინე ქუთათელაძე
02-12-2022
-
+


„მე ვიცინი იმაზე, რომ ჩემი ყურძენი მანდარინაზეა გასული სარი რომ არ აქვს. მამაჩემი კი ვენახის სადღეგრძელოს დიდი ყანწით ამბობს“, - დაწერა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მე-6 კლასის მოსწავლემ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, რომლის თემაც „იუმორი“ იყო.

მასწავლებელმა მოსწავლის ნაწერს მიაწერა - „მოვდივარ დიდი სარით!“. მოსწავლე არ დაიბნა და მასწავლებელს უპასუხა: „მას, ვენახიზა თუ მამაჩემიზა?“

ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს იუმორში აჰყვა, ეკატერინე ქუთათელაძეა.

პედაგოგი ამბობს, რომ გურულ იუმორს ბადალი არ აქვს. იუმორი კი მასწავლებელს მოსწავლეებთან ურთიერთობაში ეხმარება. 
ეკა ქუთათელაძე Etaloni.ge-სთან მოსწავლეებთან ურთიერთობასა და სწავლების მეთოდებზე მოუყვა.

ეკატერინე ქუთათელაძე: 23 წელია, რაც სკოლაში ვასწავლი. ეს არის ჩემი მშობლიური სკოლა. 21 წლის ვიყავი, ამ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა რომ დავიწყე. მას შემდეგ ხელიხელჩაკიდებული მოვდივარ ჩემს მოსწავლეებთან ერთად. 

- თქვენეული ხელწერა როგორია გაკვეთილების ჩატარებისას? 

- რამდენიმე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი გაკვეთილები არ უნდა ყოფილიყო ერთნაირი და ბავშვს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე სიამოვნება უნდა მიეღოთ. ეს იყო ჩემი მთავარი კრედო და დევიზი დასაწყისიდანვე. როგორ გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, ყველა გაკვეთილი იყოს განსაკუთრებული. ვგრძნობ, რომ ბავშვებს ვუყვარვარ და მეც სიგიჟემდე მიყვარს ისინი. ასე შევრჩი 23 წელი მასწავლებლობას და მოვდივარ ყველა იმ სტატუსით, რასაც გვთავაზობს თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები. ჩავაბარე გამოცდა და ამჟამად უკვე წამყვანის სტატუსი მაქვს.

- როგორ უნდა შეაყვარო ბავშვს თავი, რამე განსაკუთრებული მეთოდი გაქვთ?

- პირველ რიგში, ვფიქრობ, ლიტერატურის მასწავლებელი ყველაზე მეტად ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. ჩემს მასწავლებლებსაც ვაფასებ, ჩვენს ლიტერატურასაც, მაგრამ მაინც პანთეონი იყო ჩვენი ლიტერატურა. ანუ მივიღებდით სიამოვნებას გაკვეთილზე და ეს გაკვეთილზევე რჩებოდა. ახლა ჩემი მთავარი მიზანია ის, რომ ცხოვრებაში ვისწავლოთ ამ ნასწავლის გამოყენება და ბავშვს ყოველთვის ჰქონდეს სიტუაციურად ლიტერატურასთან ურთიერთობა.

თავისუფლება და თანასწორობაა ჩემი დევიზი. მინდა, ბავშვები ლიტერატურულ ღირებულებებს სწორად იაზრებდნენ და საკუთარ თავში გააცნობიერონ, გააღვივონ ეს ურთიერთობები და ზოგადად, ამ ღირებულებებით შეიტანონ საზოგადოებაში უნიკალური წვლილი. 

გამჭოლ კომპეტენციებზე ვმუშაობ სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და დავაკვირდი, რომ აუცილებელია, ლიტერატურაში შემოვიტანოთ სამოქალაქო კომპეტენციები. ლიტერატურა, რა თქმა უნდა, ჟანრობრივი და ეპოქალური მახასიათებლებით, მნიშვნელოვანია, მთავარი სიმძიმის ძალა ამაზე მოდის, მაგრამ თანამედროვე ბავშვმა რომ გაიგოს და იფიქროს, რას შეცვლიდა ამაში - მოსწონს თუ არა და ა.შ., ამ ღირებულებაზე უნდა დავაფიქროთ ბავშვები. 

მე-12 კლასის დამრიგებელი ვარ და დავიწყეთ ფიქრი მცირე ბიზნესზე. ჩავთვალეთ, გვინდა დეკორატიული ნაკეთობების პატარა ბიზნესი წამოვიწყოთ. რა თქმა უნდა, ამით უნდა გავიდეთ გარკვეულ ღირებულებებზე და მოგროვილი თანხით სკოლაში ჩავატაროთ ღონისძიებები, ივენთები მოვაწყოთ, ბოლო ზარი მოვაწყოთ და მშობელს კი არ ვთხოვოთ ფული, რომელიც არ არსებობს, მით უმეტეს სოფელში, არამედ ჩვენ თვითონ გამოვიმუშავოთ, რათა ჩვენი ნაჯაფის, ჩვენი შრომის ფასი გავიგოთ. 

- როგორც ჩანს, იუმორიც გეხმარებათ და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებთ... 

- იუმორი გურიაში ყოველი წუთისა და წამის ამბავია და ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ურთიერთობაში. ერთია, რომ ყოველდღიურად გვხვდება იუმორის ამბავი და მეორე, რამდენად ფრთხილად წამოვიღებთ ამას ბავშვისგან და რამდენად ლამაზად შევფუთავთ, რომ საზოგადოებისგან, ოჯახის წევრებისგან თუ ბავშვებისგან აგრესია არ წამოვიდეს. 

იუმორი გაკვეთილზე და მით უმეტეს, ლიტერატურის გაკვეთილზე აუცილებელია! როდესაც ვხედავ, ბავშვმა იუმორით საოცარი რამ დაწერა, იმ ნაწერს ფოტოს ვუღებ და ჩემს ოთახში კედელზე ვაკრავ. როდესაც ბავშვს იუმორში აჰყვები, მისთვის სანდო ხდები, მეგობარი ხდები, რაც აუცილებელიც არის. 

- მოგვიყევით იმ მოსწავლეზე და ამბავზე, ყურძენი სარის გარეშე მანდარინაზე რომ ადის...

- იუმორი სამიზნე ცნების ჟანრია და იმ დღეს სკოლაში ვიმუშავეთ თემაზე, „იუმორი“. ვისაუბრეთ, ანეკდოტში რას ვაქცევთ ყურადღებას, გამოკითხვა ჩაატარეს ბავშვებმა - რაზე ვიცინით, სხვადასხვა ვერსია დაასახელეს და ერთ-ერთმა ეგ დამიწერა. ახლა მამამისიც მშვენივრად ხალისობს ამ ამბავზე. მის მამასაც კარგად ვიცნობ, თუმცა შვილის და მამის ვინაობასაც ანონიმურად დავტოვებ. 

ასე დამიწერა მამამისზე და გამომიცურა, ლამის გადავყირავდი სიცილით. შევუბრუნდი და ვკითხე, რომელს უფრო სჭირდება-მეთქი და მიპასუხა, მანდარინასო. ბევრი ვიხარხარეთ მერე ერთად. ყველაზე დიდ საშველსა და სარგებელს ამით ნამდვილად მანდარინი ნახავდა, თუ სარით მივიდოდი. ასეთი საოცარია გურული იუმორი და ეს აქაური ბავშვებისთვის ჩვეული ამბავია. 
ჩემსა და ჩემს მოსწავლეებს შორის ხშირია ასეთი იუმორით სავსე დიალოგები. ბავშვები  ძალიან გულწრფელები არიან და მით უმეტეს მაშინ, თუ დაინახეს, რომ მასწავლებელი გულწრფელია და მასთან ერთად იზიარებს ჭირსაც და ლხინსაც. ბევრჯერ მითხოვია მათთვის რაღაც და მითქვამს, ჩემს თავს გაფიცებთ-მეთქი და მათი თავიც დამიფიცებია. ეს იმხელა რაღაცაა მათთვის, რომ გიყვარებენ, გენდობიან და სრულად ენდობი მათ ყველაფერში, ყველა საქმეში. 

ბავშვებს ძირითადად მსუბუქ დავალებებს ვაძლევ სახლში დასაწერად. ჩემი დავალებები ისეთ გარემოს ქმნის, მშობლებიც ხალისობენ სახლში შვილებთან ერთად. რომ წერენ ამ დავალებას, იმით ვხედავ მშობლების განწყობასაც, თუ როგორ ეხმარებიან საგაკვეთილო პროცესში და ჩანს კიდეც, რა სიტუაციაა სახლში ბავშვთან დამოკიდებულებაში, როგორ უდგებიან მას. მერე შემხვდება ბებია და მეტყვის, ვიხალისეთ იმ დავალებაზეო. თანასწორობა და თავისუფლებაა ჩემთვის მთავარი მოტივატორი. მერე ვუკეთებ კომენტარებს, რათა ოჯახის წევრებმაც დაინახონ, რომ ჩვენ უხილავი კავშირები გვაქვს ერთმანეთთან.

- პირად ამბებსაც გიყვებიან ალბათ, რასაც მაგალითად, მკაცრ მასწავლებელთან ვერაფრით გაბედავენ?

- ძალიან სათუთი თემაა ბავშვებთან პირადი დიალოგები. ვმეგობრობ მათთან და ყველა მიმჟღავნებს გულის ნადებს. როგორც საკუთარი დედა, ისე ვარიგებ. სიმკაცრეს მე ყოველთვის მეგობრობა მირჩევნია და სხვა ალტერნატივა ამას არც აქვს. ამ დროს გულწრფელებიც არიან, თავისუფლებიც და ზნეობრივადაც უფრო მყარები, ცხოვრებაშიც უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. სიმკაცრე კომპლექსია და სხვა არაფერი. 

სიმკაცრით საკუთარ შვილებსაც არ მოვპყრობივარ და გაუმართლათ კიდეც თავიანთ ცხოვრებასა და პროფესიაში. 

- მასწავლებელი უნდა მიხვდეს, რა უჭირს მის მოსწავლეს?

- რა თქმა უნდა?! ასე ვიცი ხოლმე თქმა, მასწავლებელი წამწამების დახამხამებაზე უნდა მიხვდეს, რაღაც რომ აწუხებს მის მოსწავლეს. რაღაცნაირად გიმუშავდება ეს მომენტი. მერე კი აკვირდები და მთელი ღამეები მასზე ფიქრობ. მასწავლებელს ამ თავისი დაკვირვებით შეუძლია, მოსწავლე ბევრი საფრთხისგან დაიცვას და ალბათ მეც  და სხვა მასწავლებლებსაც ბევრი გადაგვირჩენია კიდეც. ჩვენი პროფესია საზოგადოებისგან არ არის დაფასებული. ამ დროს კი ჩვენი შრომა სწორედ ამ თვალსაზრისით კოლოსალურია. მე არ მეგულება მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეზე არ ფიქრობდეს და მისი მდგომარეობა გულთან ახლოს არ მიიტანოს. ასეთი რამ წარმოუდგენელია!

ქალ-ვაჟის, გოგონების თუ ბიჭების დამოკიდებულებაში უმტკივნეულოდ შეიძლება ყურადღების მიქცევა და მერე რჩევა-დარიგების ისე მიცემა, რომ მდგომარეობა გამოასწორო. ვფიქრობ, მე პირადად, ამას კარგად ვახერხებ. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევა. ჩვენც გამოგვივლია ეს ასაკი და ვფიქრობ, სწორი მიმართულების მიცემას და მეგობრობას ალტერნატივა არ აქვს. იმდენად საჭიროა უფროსი, დედობრივი მეგობარი, რომ ისეთი შედეგებისგან დავიცვათ ბავშვები, რაც მათ დააზიანებს... ყველა ჩემს მოსწავლეს ვეუბნები, რომ არ არსებობს შეცდომა, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება და გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ჩემი დარიგებები არ სწყინთ. მთავარია, როგორ ტონს გამოიყენებ. ხშირად ცოტა ხმამაღლაც მითქვამს რაღაც, მაგრამ არ სწყენიათ ბავშვებს. 

მასწავლებელმა მხოლოდ საგანი კი არა, ცხოვრებაც უნდა ასწავლოს მოსწავლეებს. მასწავლებელს ნამდვილად აქვს ის გენიალური უნარი, რომ მისი რჩევა, მისი ნააზრევი, მთელი ცხოვრება გაჰყვეს მოსწავლეს. როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს, უაღრესად თანამედროვე უნდა იყოს მასწავლებელი და რაც დრო გადის, უფრო ვუღრმავდები ამ სიტყვებს და უფრო და უფრო მეტ აზრს ვხედავ ერთი შეხედვით უბრალო გამონათქვამში. მთელი ზაფხული, როცა უფრო შემიძლია ჩემს თავზე მუშაობა და საგაკვეთილო პროცესებით დატვირთული არ ვარ, ვზივარ და ნახევრად ძალით ვკითხულობ იმ ჟანრის ბესტსელერებს, რაც ამ თაობას მოსწონს, რომ რაიმე საკითხზე საუბრისას სახეზეც არ გამომეხატოს გაკვირვება - ეს რატომ ხდება ასე-მეთქი. ვუყურებ „მარველის“ და „ნეტფლიქსის“ ფილმებს, რასაც ბავშები უყურებენ და მათთვისაც პოპულარულია. მერე ვინიშნავ, რომელი საკითხის განხილვის პარალელურად შეიძლება ეს გამომადგეს. 

- თქვენი მოსწავლეების იუმორითა და სიყვარულით სავსე ნაწერები ჩვენს ვებ-გვერდსაც ხშირად გაუვრცელებია, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვება ხოლმე. როგორ უყურებთ საზოგადოების თქვენდამი დამოკიდებულებას? 

- უამრავი კომენტარი იყო ვენახის ამბავზე... ერთი ამოვბეჭდე და ჩემი კოლექციის კედელს მივაკარი - ვიღაც წერდა, ეს მასწავლებელი ვერაა დალაგებულიო. ნამდვილად არ ვარ დალაგებული. ისეთ საკითხებში გვაგდებენ ბავშვები და განვითარებული პროცესები, რომ რაიმე შაბლონი ჩემთვის მიუღებელია. ამიტომაც, ჩემებურად ვხსნი. ასე რომ, ლიტერატურის მასწავლებელი ნამდვილად არ უნდა იყოს მთლად დალაგებული. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების წლიური შეფასება - საბოლოო ვადები და ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარეთა და ცხოველთა სახეობები
წელს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად
მოსწავლეები გარემოს დაცვასა და მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ
 
სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია
 
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება