სიახლეები
ინტერვიუ

„ცოდნის ანაზღაურება უფრო შესაძლებელია, ვიდრე ურთიერთობების დანაკლისის“ - თბილისის N192 საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო გოჩალეიშვილი
03-09-2021
-
+


თბილისის N192  საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო გოჩალეიშვილი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია და  უნივერისტეტში მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება აქვს. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა სკოლაში ესწავლებინა, რათა მომავალი თაობისთვის სასიკეთოდ შეეცვალა ბევრი რამ. ნატო გოჩალეიშვილი ახალი სასწავლო წლის მოლოდინზე და არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.

ნატო გოჩალეიშვილი: იმედია დისტანციური სწავლება დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა გამოცდილება გვაქვს ამ ფორმატით მუშაობის და არ მგონია, სირთულეები შეიქმნას. ვერც იმას ვიტყვი, ამ გადაწყვეტილების გამო სტრესულ სიტუაციაში აღმოვჩნდით მეთქი, რადგან ეს ყველაფერი სიახლე წელიწად-ნახევრის წინ იყო, როცა ეს ყველაფერი დაიწყო - ახლა ვიცით რა, როგორ უნდა გავაკეთოთ. ჯერჯერობით ახალი რეკომენდაციები არ მიგვიღია და ალბათ, წელსაც ისე წარიმართება სასწავლო პროცესი, როგორც შარშან. უკვე დავიწყეთ მზადება ახალი სასწავლო წლისთვის და გვქონდა შეხვედრები კათედრებთან. მაქსიმალურად ვეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში, სწავლის მიმდინარეობისას მოსწავლემ და მასწავლებელმა კომფორტულად იგრძნონ თავი.

- ის პრობლემები, რაც გასულ სასწავლო წელს იყო, აღმოიფხვრა?

- გასულ წელს ყველაზე მეტად ტექნიკასთან და ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები იყო, თუმცა ეს საკითხი რეგიონებისგან განსხვავებით, დედაქალაქის სკოლებში მეტ-ნაკლებად აფერხებდა სასწავლო პროცესს. დისტანციური სწავლებისას ბავშვების უმეტესობა ერთვებოდა ტელეფონით, რაც კიდევ ცალკე პრობლემაა - ნაკლებად პროდუქტიულია მოსწავლე, კომპიუტერი მეტ შესაძლებლობას იძლევა. „ბუკების“ არსებობამ რიგი საკითხები გადაჭრა, მაგრამ ისიც უნდა აღნიშნოს, ეს ტექნიკა ზოგ შემთხვევაში მოძველებულია და მაღალ კლასებში ვეღარ იყენებენ ბავშვები. თუმცა, ამის მიზეზი ისიც არის, რომ ზოგი მათგანი საერთოდ არ უვლის სამინისტროს მიერ ნაჩუქარ ტექნიკას.

- პანდემიიდან გამომდინარე, „ბუკების“ გადაცემა წელს, როგორ მოხდება?

- ეს პროცესი არ შეფერხდება, ჩვენ უკვე გაქვს სია და ვიცით რა რაოდენობას გადაეცემა პირველ ეტაპზე. მოგვიანებით დაურიგდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც გვიან დარეგისტრირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია ივლისში დამთავრდა, პირადად 31 აგვისტოსაც დავარეგისტრირე მოსწავლე. ასეთ ბავშვებს, რა თქმა უნდა, დაუგვიანდებათ „ბუკი“. ეს ბუნებრივია, რეგისტრაცია მაისში დაიწყო, ბავშვი ბაზაში ასახული არ იყო და მისთვის რეზერვიდან უნდა გამოიყოს დამატებითი ტექნიკა. ეს არის მშობლის უყურადღებობის ამბავი. როცა მათ ვეკითხები, თუ რატომ ვერ დაარეგისტრირეს ბავშვი დროულად, ცოტა უცნაურ ისტორიებს ვისმენ... ამ დროს ბავშვი ზარალდება, რადგან მის გვერდით თანაკლასელს ჩუქნიან კომპიუტერს, ხოლო მას იმ მომენტში - არა. პირველკლასელი ვერ ხვდება ეს რატომ ხდება ასე და უსამართლობის განცდა უჩნდება, გული სწყდება. მშობელმა არ უნდა ჩააყენოს ბავშვი ამ მდგომაროებაში. მერე მარტივია სკოლისკენ და სამინისტროსკენ თითის გაშვერა. ჩვენ გვაკისრია მოვალეობები, რომელთა შესრულებასაც კარგია, რომ საზოგადოება ითხოვს და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მშობელმაც უნდა გააცნობიეროს საკუთარი ფუნქციები და ვალდებულებები.

- რეგისტრაციამ, როგორ ჩაიარა და რამდენი პირველ კლასს ხსნით წელს?

- დიდ დიღომში გაიხსნა ახალი სკოლა, რომელიც შემოგვეშველა ამ პროცესში - ნაკადი ყოველთვის დიდი იყო და გვიჭირდა მათი სრულად დაკმაყოფილება. რთულია, როცა მშობელი გთხოვს ბავშვის სკოლაში მიღებას, შენ კიდევ უარის თქმა გიწევს, რადგან ფიზიკურად არ გაქვს ადგილი. ცენტრალური უბნების სკოლებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ მივუთითებთ გვერდით სკოლაზე, რადგან  არ არსებობს. გვქონდა შემთხვევა, როცა 11 პარალელი გვქონია. წელს 8 პირველი გვეყოლება.

- რამდენად რთული იქნება დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურისთვის?

- სწავლების ამ ფორმატით ყველაზე მეტად ვინც ზარალდება პირველი კლასია, რადგან ბავშვებს სჭირდებათ გარემო, სოციუმი, ურთიერთობა. ძირითადად მესმის ხოლმე, ბავშვები უსწავლელი დარჩებიანო, მაგრამ ცოდნის ანაზღაურება უფრო შესაძლებელია, ვიდრე ურთიერთობების დანაკლისის. პატარა ბავშვებს ერთმანეთი სჭირდებათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველი კლასი მაინც მოვიყვანოთ სკოლაში, თუნდაც დღეში ერთი საათით.

- რამდენად იქნება ეს შესაძლებელი?

- ერთია ჩემი სურვილი და მეორე - ეპიდემიოლოგებისა და სპეციალისტების გადაწყვეტილება. ამ საკითხზე შემიძლია ვისაუბრო, როგორც პედაგოგმა, მაგრამ ვერ ვიქნები კომპეტენტური ეპიდვითარების მართვის მხრივ. როცა წინა პლანზე სიცოცხლის  საფრთხე დგას, სოციუმთან ურთიერთობა მეორეხარისხოვანი ხდება.

რაც შეეხება მაღალი კლასის მოსწავლეებს, მათ აქვთ გამოცდილება ამ ფორმატით სწავლების. პრობლემა არის ის, რომ მათთან ნაკლებად მიიღწევა კამერის ჩართვა. მასწავლებლებს გამუდმებით გვიწევს თხოვნა, რომ დაგვენახონ, ხმა გაგვცენ.  ნაწილი გვეუბნება, ისეთ გარემოშია არ უნდა კამერის ჩართვა, მაგრამ ესეც არ წარმოადგენს პრობლემას - „თმისის“ პროგრამას აქვს საშუალება ფონის შეცვლის, რაც არ შეუქმნის მას დისკომფორტს. აქ ისევ მშობელთან მივდივართ, ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ შვილებს. ზოგჯერ ბავშვი საწოლიდან ერთვება საგაკვეთილო პროცესში და ბუნებრივია, ის არ იქნება აქტიური გაკვეთილის მსვლელობისას. ეს უკვე მშობელმა უნდა გააკონტროლოს: დროულად ადგეს, ისაუზმოს, მოემზადოს გაკვეთილისთვის და დაჯდეს ელექტრონულ მოწყობილობასთან.

- ანუ, რეჟიმი ონლაინ-სწავლების დროსაც აუცილებელია...

- დიახ, რა თქმა უნდა, უფრო მობილიზებულია ბავშვია. მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვი ფიქსირდებოდა პროგრამაში, დავუძახე, მაგრამ არ ესმოდა, რადგან გასული იყო ოთახიდან - ვიდეო, რომ ჰქონოდა ჩართული ასე არ მოხდებოდა. გარდა ამისა, როცა მოსწავლეს უყურებ ხვდები ის გისმენს თუ არა, გაიგო თუ არა შენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ამიტომ კარგი იქნება, თუ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სავალდებულო გახდება კამერის ჩართვა, ასე უფრო მიუახლოვდება ეს ფორმატი საკლასო ოთახს.

- მოსწავლეები, როგორ სწავლობენ დისტანციური სწავლებისას?

- ის მოსწავეელბი, რომლებიც კარგად სწავლობდნენ დასწრებით რეჟიმში, უმეტესობა ასევე კარგად აგრძელებს სწავლას. თავად ვასწავლი ფიზიკას მე-10-მე-11 კლასში და აღნიშნავენ, რომ მოსწონთ ეს ფორმატი, რადგან მასწავლებელი არ კარგავენ დროს დისციპლინაზე, დაგვიანებულ მოსწავლეზე, ასევე, შესაძლებლობა აქვს ჩაწერილი გაკვეთილი რამოდენიმეჯერ მოისმინონ, რაც ეხმარებათ კონკრეტული საკითხის უკეთ გაგებაში. მასწავლებლებსაც უფრო მეტი დრო გვაქვს გამოგზავნილ დავალებებს საფუძვლიანად გადავხედოთ, თითოეული მათგანი შევამოწმოთ და შესაბამისი კომენტარიც დავუწეროთ - ამის საშუალება საკლასო ოთახში არ გვაქვს.

- მშობლების ჩართულობა, როგორია დისტანციური სწავლებისას?

- ჩვენთან მშობლებს ჰქონდათ სურვილი, რომ დასწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემდით - ეროვნულ სასწავლო გეგმაში პირდაპირ წერია, ერთმა მშობელმა მეორე მოსწავლის შეფასებაც კი არ უნდა იცოდეს, არა თუ ის, ვინ, როგორ ჰყვება ლექსს. შემდეგ გაჩნდა შეხედულება, თითქოს რაღაცას ვმალავდით. როცა დისტანციურად დაიწყო სწავლა, მშობელს შესაძლებლობა მიეცა დასწრებოდა გაკვეთილებს და უმრავლესობისგან მოვისმინეთ დადებითი შეფასებები, ზოგმა ისიც კი თქვა, წარმოდგენა არ გვქონდა, ასეთი კარგი მასწავლებლები თუ გვყავდა, ჩვენც სიამოვნებით გისმენდითო.

- მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულები ხართ?

- „ახალი სკოლის მოდელში“ ჩავერთეთ იანვრიდან და დიდი გამოცდილება არ გვაქვს. წინა წელს, ის სკოლები, რომლებიც ჩვენამდე ჩაერთნენ ამ მოდელში, სახელმწიფომ უზრუნველყო შესაბამისი ტექნიკით - უწყვეტი ინტერნეტით და მასწავლებლებს გადაეცათ კომპიუტერები. გარდა ამისა, მათ საშუალება ჰქონდათ დასწრებით რეჟიმში მოესმინათ ტრენინგები, მოკლედ ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ და ამ მხრივ, ცოტა დანაკლისის განცდა მაქვს. როცა რაღაცას გასწავლიან კარგია, ჩვენც მაქსიმალურად შევეცადეთ ყველაფერი კარგად გაგვეკეთებინა, მაგრამ, მაინც იყო რიგი პრობლემები.

ყველა მასწავლებელს ვერ მოვთხოვ ჰქონდეს ნოუთბუქი. სკოლაში გვაქვს რამდენიმე, თუმცა საკმარისი არაა. პერსონალური კომპიუტერიდან მხოლოდ 24 იძლევა მუშაობის შესაძლებლობას. ინტერნეტიც არ არის დაკავშირებული ყველა კომპიუტერთან. სკოლამ რაც შევძელით, ჩვენი სახსრებით სამი კომპიუტერი ვიყიდეთ და დავდგით სამასწავლებლოში, მაგრამ ეს არაა საკმარისი, როცა სწავლების ეს მეთოდი ინერგება, ტექნიკით უზრუნველყოფა გადამწყვეტია. კარგია ტრენინგები, ის, რომ თითოეულ საგნობრივ ჯგუფს ჰყავს კოორდინატორი, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკის გარეშე რთულია.

- თუ, ტექნიკის დეფიციტია, მაშინ ელექტრონულ ჟურნალზე რთული იქნება მუშაობა...

- აქ ცოტა უკეთ არის საქმე, რადგან ეს 3 კომპიუტერი სამასწავლებლოში დავდგით და მასწავლებლებს საქმეც შედარებით გაუმარტივდათ. კარგია იქნება, თუ პედაგოგს გაკვეთილზე ექნება საშუალება ელექტრონული ჟურნალი, რომ აწარმოოს, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გვაქვს. ზოგ მასწავლებელს დააქვს საკუთარი ლეპტოპი, მათ შორის მეც და ტელეფონიდან ვაკავშირებდი ინტერნეტს, რომ გაკვეთილზე გამომეყენებინა და თუნდაც მოსწავლეთა არყოფნა დამეფიქსირებინა.  ყველა მასწავლებელს არ აქვს ამის შესაძლებლობა, თან ნოუთბუქის ყოველდღიურად ტარებაც არაა  მარტივი - ყველა მანქანით ვერ დადის.

ელექტრონულ ჟურნალსაც ჰქონდა თავისი ხარვეზები და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წელს გამოსწორებული იქნება. ჩვენ ვიცოდით, რომ როცა მასწავლებლები ქულებს შეიტანდნენ, საბოლოო ნიშანს თავად ჟურნალი გამოიყვანდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სირთულეს წარმოადგენდა, ის, რომ ბავშვები ხან დასწრებით რეჟიმში ესწრებოდნენ გაკვეთილებს, ხან - ონლაინ. როცა ეს დასწრება იცვლებოდა მონაცემები იშლებოდა. შესაბამისად, რთული იყო საბოლოო ქულის გამოყვანა, ტექნიკური საგნის მასწავლებელი ვარ და დამეჯერება.

- მასწავლებლების გამოცდებისა და ტრენინგებზე რას ფიქრობთ?

- ზოგადად, არ მგონია ადამიანი, რომელსაც გამოცდები უხაროდეს, თუმცა ეს საჭირო და აუცილებელია ნებისმიერ სფეროში. როცა უკვე ჩაბარებული გაქვს, მერე სიამოვნების და კმაყოფილების განცდა გეუფლება. თუ არ იქნება გამოცდები, სხვაგვარად, როგორ გაიზომება ადამიანის კომპეტენცია? 40 წლის წინ რომ უნივერსიტეტს დაამთავრებ, მერე თუ არ ისწავლე და განვითარდი, მარტო ის ცოდნა არ გამოგადგება. ეს გამოცდები იმის მანიშნებელია, რომ კვლავ კონკურენტუნარიანი ხარ ან დაგანახებს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა გჭირდება. გამოცდები სასიამოვნო არაა, მაგრამ საჭიროა. მე „კატის გამოცდების“ მოხსნის მომხრეც არ ვიყავი -  შესაცვლელი იყო, მაგრამ სულ გასაუქმებელი არა. საერთოდ მომხრე ვარ უნივერსიტეტში სკოლის გამოცდებით აბარებდნენ აბიტურიენტები და არა ეროვნული გამოცდებით.

- მასწავლებლებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის არიან ისეთი მასწავლებელი, რომლებიც ეუფლებიან პროფესიას, მათ სჭირდებათ გამოცდა, ან ისეთები, რომლებსაც სტატუსის ამაღლება სურთ. მასწავლებლების ნაწილმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, თუმცა  ნაწილმა ვერ მოაგროვა ქულები. აქაც ბევრი რამეა გასამართი. მასწავლებელი, რომელიც პრაქტიკოსია მისთვის ერთი კრედიტიც საკმარისია და თუ ის, ახლა ეუფლება პროფესიას პირდაპირ ათი კრედიტი უნდა აიღოს. ვფიქრობ, ყველამ სამართლიანად უნდა იბრძოლოს სტატუსის ასამაღლებლად. 2015 წლამდე ვინც სკოლაში ასწავლიდა მას ყველანაირი შეღავათი ჰქონდეს და დანარჩენებს არაფერი, ასე არ შეიძლება.  

- ანუ, არათანაბარ პირობებში უწევთ გამოცდების ჩაბარება?

- დიახ, ნამდვილად არათანაბარ პირობებში არიან.  მასწავლებელი, რომელიც დღეს შემოვიდა სკოლაში და 10 კრედიტზე სთხოვ საგნის ჩაბარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლიდან წასვლა მოუწევს, არ მგონია სამართლიანი. თან იმის ფონზე, რომ გარკვეულ საგნებში პედაგოგების დეფიციტია, მაგალითად სპორტში. გაიზარდა საათები, თუმცა, სპეციალისტი ცოტაა. ალბათ ვისაც ეს საკითხი ეხებათ, ფიქრობენ ამ პრობლემაზე.

- რა გზა გაიარეთ დირექტორობამდე, ქალბატონო ნატო?

- დირექტორობამდე დიდი გზა მაქვს გავლილი, დავამთავრე კომაროვის სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და დავრჩი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვარ და უნივერსიტეტში 22 წელი ვიმუშავე. პარალელურად ვასწავლიდი სკოლაში. როცა დირექტორის გამოცდები გამოცხადდა, გადავწყვიტე გავსულიყავი, რადგან თუ ამ სფეროში უკეთესობისკენ მინდოდა შემეცვალა რამე, ეს საუკეთესო შესაძლებლობა იყო. წარმატებით ჩავაბარე გამოცდები და შედეგებით 20 პროცენტში მოვხვდი. მიუხედავად დირექტორობისა, ერთი წუთით არ შემიწყვიტავს პედაგოგობა და ამ მხრივ განვითარება. ჯერ იყო კატეგორიები - უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი ვიყავი. შემდეგ შემოვიდა პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი - მენტორის სტატუსი მაქვს.  პირველი ყოველთვის საკუთარ თავს ვთხოვ გამოცდაზე გასვლას. პირველ წელს არ იყო ფიზიკაში გამოცდა, ამიტომ ჩავაბარე მხოლოდ, პროფესიული უნარები. აუცილებად ვიტყვი იმასაც, რომ, როცა უკვე ფიზიკის გამოცდა დაინიშნა, ჩავთვალე საგანი კარგად ვიცოდი და მეცადინეობა არ მჭირდებოდა, სამწუხაროდ 10 კრედიტი ვერ ავიღე. მომდევნო წელს მოვემზადე და ისეთი ქულა დავაგროვე, რომ ათეულში მოვხვდი. ვისაც საუკეთესო ქულები გვქონდა, სამინისტრომ გაგვიშვა ჟენევაში, კონკრეტულად ცერნის ნომერ პირველ კვლევით ლაბორატორიაში. იქ მოხვედრა ყველა ფიზიკოსის ოცნებაა და ეს იყო დაუვიწყარი, საოცარი თავგადასავალი.

მინდა გითხრათ, ცერნის ლაბორატორიაში საკმაოდ ბევრი ქართველი ფიზიკოსი მუშაობს. ჩვენ დაგვხვდა 35 ქართველი ფიზიკოსი. მსოფლიოს პირველ ლაბორატორიაში ამდენი ქართველი ფიზიკოსი ძალიან საამაყოა. თუმცა, დასანანია, რადგან საქართველოში ფიზიკის კარგი მასწავლებელი სანთლით საძებნი გახდა...ეს იმის გამო, რომ ფიზიკის ფაკულტეტი ისეთი პრესტიჟული აღარაა, როგორიც ადრე იყო. იმედი მაქვს, ეს საკითხი მომავალში უკეთესობისკენ შეიცვლება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება