სიახლეები
პიროვნება

„ მასწავლებლებმა მუდმივად უნდა ვიზრუნოთ განვითარებაზე“ - მაია ჯაბაური, თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორი
13-06-2021
-
+


 „ადამიანებისგან უნდა მოითხოვო ის, რაც შესრულებადია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე არ გაკეთდება“ - ეს პათოსი გასდევს etaloni.ge- ინტერვიუს თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორთან, მაია ჯაბაურთან, რომლსაც თავის ერთგულ გუნდთან ერთად, არცთუ მარტივი პერიოდი უდგას - სკოლის შენობის რეაბილიტაციის გამო, ორ სკოლაში არიან განაწილებულები და შესაბამისად, პასუხისმგებლობა - ყველა გამოწვევის მიუხედავად, მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება - გაორმაგებულია. როგორ მოახერხეს, ყოფილიყვნენ წარმატებულები და რა მოთხოვნები აქვს პედაგოგებისა თუ მოსწავლეების მიმართ? – Etaloni.ge- თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ჯაბაური ესაუბრება.

- ქალბატონო მაია, საკმაოდ რთული იყო 2020-2021 სასწავლო წელი მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისთვის, თუმცა უფრო რთული - სკოლების ხელმძღვანელებისთვის. როგორ გაართვით თავი ამ მრავალუცნობიანკოვიდ-განტოლებას“?

- უდავოდ, რთული წელი გავიარეთ და გეტყვით, როგორი იყო ის ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის:  დირექტორის მთავარი უნარი ისაა, რომ უნდა იყოს კარგი მენეჯერი, მენჯემენტიც უნდა ჰქონდეს კარგი და მიუხედავად იმისა, ორ სკოლაში ვიყავით გადანაწილებულები, ისე დავალაგეთ სასწავლო პროცესი, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია - ბავშვებმაც მიიღეს სათანადო ცოდნა; პედაგოგების დამსახურებით, სასწავლო პროცესი წარიმართა ნორმალურად. იყო მინუსებიც, თუმცა ხმამაღლა ვიტყვი - სასწავლო პროცესი ჩვენს სკოლაში წარმატებით შედგა.

- სხვათა შორის, თავის დროზე ითქვა, დისტანციურმა სწავლებამ მშობლები უფრო აქტიურად ჩართო სასკოლო ცხოვრებაშიო. მართლა დაახლოვდნენ მშობლები მასწავლებლებთან?

- მათემატიკის პედაგოგიც ვარ და ამან ბევრ საკითხში შემიწყო ხელი... საკუთარი თვალით დავინახე პრობლემები და ისიც, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ან რა იყო შეუძლებელი. ონლაინ-გაკვეთილებს ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, მშობლები ნამდვილად ჩაერთნენ ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში; მე კი მხოლოდ კითხვარით არ შემოვიფარგლე, სემესტრის ბოლოს შევხვდი ყველა კლასის მშობლებს, მოვისმინე მათი შენიშვნები თუ მოსაზრებები და წარმოიდგინეთ, მათი 99 პროცენტი მადლიერი და გაოცებული იყო იმ შედგებით, რაზეც ჩვენი პედაგოგები გავიდნენ. არ არის მარტივი, ყველაფერი იყოს იდეალურად, როცა 45-წუთიანი გაკვეთილები 30 წუთზე, კვირაში 5-საათიანი საგნები კი 2-3 საათზე დავიდა, მაგრამ მასწავლებლებმა ისე ააგეს ყველაფერი, ნელ-ნელა და ხარისხიანად აშენებდნენ ცოდნას ბავშვებში.

- ესე იგი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა დაძლიეთ.

- პედაგოგზე იყო დამოკიდებული, დიდი რყევა არ გამოეწვია გაუთვალისწინებელ შეზღუდვებს, თუმცა მოქნილი დოკუმენტის წყალობით, ლავირების საშუალება გვქონდა.

- პროგრამული ნაწილი არ ზარალდება, ქალბატონო მაია??

- რა თქმა უნდა, პირისპირ სწავლებას ვერაფერი ჩაანაცვლებს, თუმცა ფაქტია, დავძლიეთ ყველა წინააღმდეგობა და იმ სტანდარტზე გავედით, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით იყო გათვალისწინებული. ამიტომ ვამბობ, რომ სასწავლო პროცესი შედგა.

- ამ დროს, თქვენ, როგორც დირექტორს, რა მოთხოვნები გაქვთ მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე?

- როგორც ვთქვი, პედაგოგი ვარ და საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა პრობლემა, რომლის წინაშეც პანდემიის გამო დავდექით; სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ადამიანს უნდა მოსთხოვო ის, რისი შესრულებაც შესაძლებელია; პედაგოგებს ვთხოვდი იმას, რაც შესრულებადია; ბავშვებს რაც შეეხება, გამოკითხვა ჩავატარეთ - ვის არ ჰქონდა ტექნოლოგიური რესურსები გაკვეთილებზე დასასწრებად და ვეცადეთ, ეს საკითხიც გამოგვესწორებინა.

- სხვათა შორის, ამ პერიოდში გახშირდა ე.წ. ინტერნეტშატალოებიც.

- ჩემი მოსწავლეები მე მიყურებენ როგორც მასწავლებელს... სიმართლე გითხრათ, მსგავსი შემთხვევები პირადად არ მქონია და არა იმიტომ, რომ დირექტორი ვარ... იცით, ბავშვი ყოველთვის მოიფიქრებს რამეს თავის დასაძვრომად, მაგრამ მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, ასე ხდება ჩვენთან და რა თქმა უნდა, მშობლებთან მაქსიმალური კომუნიკაციით, მინიმუმამდე დაგვყავს პრობლემები.

- თუმცა სხვა საკითხია მოსწავლის სტატუსის შეჩერება 45 დღის გაცდენის შემდეგ. მოგწონთ ეს სიახლე?

- ადრე, 90 დღის შემდეგ ჩერდებოდა სტატუსი და ეს იყო ხანგრძლივი პერიოდი... ცვლილებას რაც შეეხება, რთულია საუბარი, სანამ დრო არ გავა და არ ვნახავთ, პრაქტიკაში ეს ყველაფერი როგორ მუშაობს.

- გყავთ ასეთი მოსწავლეები?

- ძირითადად, ისეთები, ვინც საზღვარგარეთაა და მქონია შემთხვევა, როცა სტატუსი შემიჩერებია...

- ალბათ, არ არის ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება.

- რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია დირექტორისთვის, მაგრამ სკოლამ 90 დღემდე არც უნდა მიიყვანოს გაცდენები, სოცმუშაკების ინტეგრირება საჭიროა.

- შეძლებენ ისინი მოსწავლეების ნდობის მოპოვებას, ქალბატონო მაია?

- დრო სჭირდება ყველაფრს და შემდეგ, ნდობის საკითხი ეჭვქვეშ აღარ დადგება. მშობლის პასუხისმგებლობაც დიდია და კანონის ფარგლებში მოქმედებაც საჭიროა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, დრო უკეთ გვიჩვენებს ყველაფერს...ბავშვს კი თუ მიეცი საშუალება, აუცილებლად იზარმაცებს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

- სხვათა შორის, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო ხდება. ხართ ამისთვის მზად?

- წელს ორივე სახის ჟურნალს ვაწარმოებდით; მე გავერკვიე ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესში და ჩავატარე ტრენინგები მასწავლებლებისთვის. ჩვენმა პედაგოგებმა გადასარევად აუღეს ალღო და იმედია, მომავალი სასწავლო წლისთვის, ყველა არსებული ხარვეზი საბოლოოდ აღმოიფხვრება.

- ქალბატონო მაია, უფრო მეტად, დირექტორი ხართ თუ პედაგოგი?

- ...ორივე ერთად და ხშირად ვიჭერ თავს - 28 წელი მასწავლებლად ვიმუშავე, ამიტომ ბევრ რამეს პედაგოგებისა და ბავშვების გადმოსახედიდან ვუყურებ.

- და როგორც პედაგოგს, მოგწონთ მასწავლებლების კარიერული წინსვლის სქემა?

- მასწავლებლებმა მუდმივად უნდა ვიზრუნოთ განვითარებაზე; მომწონს, ხარისხის მართვის ჯგუფი რომ დებს დასკვნას და მასწავლებელმაც იცის, რა სახის ტრენინგებს უნდა დაესწროს. დიპლომი 35 წლის წინ ავიღე, მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა და ამიტომ, ჩვენც უნდა განვვითარდეთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება