სიახლეები
სამასწავლებლო

„ახალი სასწავლო წელი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ჯერ განვლილი მასალის მობილიზება მოვახდინოთ“ - თბილისის N59 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლელაშვილი
19-06-2020
-
+


30 წლის წინ, როდესაც თბილისის N59 სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მივიდა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბოლოოდ გადაწყვეტილი, რომ ამ პროფესიაში დარჩებოდა; მით უმეტეს, იმ პერიოდში სკოლის დირექტორობაზე არც უფიქრია, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, კარიერული წინსვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, გამოცდებიც ჩააბარა და დღეს მაია ლელაშვილი თბილისის N59 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციიდან აფასებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა აღმოჩნდა.

- მსოფლიო პანდემიამ ყველა და მათ შორის ჩვენც, ისეთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, რასაც არ ველოდით. იმედი მქონდა, სემესტრის ბოლოს, ცოტა ხნით მაინც შევხვდებოდით ბავშვებს, მაგრამ არ გამოვიდა.

დისტანციური სწავლებისას პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გაიზარდა. პირველი ტალღა, უდავოდ, რთული იყო, თუმცა ახალი სკოლის მოდელში ჩართულობა ძალიან დაგვეხმარა - შევქმენით ჯგუფები და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, რომლებიც მეტად იყვნენ გარკვეულები დისტანციური სწავლების ნიუანსებში, ეხმარებოდნენ ზედა საფეხურის პედაგოგებს... ამიტომ შედარებით იოლად გადავიტანეთ ეს პროცესი; თითქმის ყველა მოსწავლე ჩართული გახლდათ და არც ჩვენ ვიყავით კატეგორიულები გადაწყვეტაში, რადგან ვხვდებოდით, მათთვისაც არ იყო იოლი. გვყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ ერთვებოდნენ ონლაინ-გაკვეთილებში და მათთან მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდით კომუნიკაციას. შედეგად, მიმაჩნია, რომ, მეტ-ნაკლებად, გავართვით თავი ამ ყველაფერს და გარკვეულ შედეგებზეც გავედით.

- გასაგებია, რომ გამოწვევებს თავი გაართვით, თუმცა აქ დგას კიდევ ერთი საკითხი - რამდენად ხარისხიანი იყო ცოდნა, რასაც ამ პერიოდში იღებდნენ მოსწავლეები?

- საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩემი პედაგოგების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ჩართული ვიყავი ჯგუფებში და ადმინისტრაცია თვალ-ყურს ვადევნებდით, რა ხდებოდა საგაკვეთილო პროცესის დროს; გარდა ამისა, გეოგრაფიას ვასწავლი, მყავს ხუთი კლასი და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები მოსწავლეებიც - კომპლექსურ დავალებებს ასრულებდნენ, ვქმნიდით მრავალფეროვან რესურსს, პრეზენტაციებს ვაწყობდით, რათა ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება მოსაწყენი არ ყოფილიყო ... გარდა ამისა, როგორც ჩანს, დიდი იყო მონატრება ბავშვების მიმართ, ბავშვების მონატრება - ჩვენ მიმართ, მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და ასე, ერთობლივად, ვფიქრობ, გავედით შედეგზე.

რა თქმა უნდა, სწავლების ტრადიციულ ფორმას ვერაფერი შეედრება, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა - მთელი დღის განმავლობაში, არ წყდებოდა სატელეფონო ზარები, მიმოწერა, არ დარჩენილა არც ერთი დავალება უყურადღებოდ...

- თქვით, მოსწავლეთა მცირე ნაწილი ონლაინ-გაკვეთილებს ვერ ესწრებოდაო. რა ბედი ელის მათ, როცა გარკვეულწილად, ჩამორჩნენ პროგრამას?

- მართლაც, ბევრს ვფიქრობთ ამ ბავშვებზე და საბოლოოდ, ალბათ მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას - სასწავლო წელი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ჯერ განვლილი მასალის მობილიზება მოვახდინოთ - ეს იქნება ჯგუფური მუშაობა, კომპლექსური დავალებები... ეს საჭიროა, რათა ხარვეზები ერთად დავძლიოთ - სხვაგვარად არ გამოვა.

- ასე, პედაგოგებს გაორმაგებული შრომა მოუწევთ, ქალბატონო მაია.

- რა თქმა უნდა... თუმცა, ნამდვილად არ იტყვიან უარს - ბავშვების ისე დატოვება ნამდვილად არ შეიძლება და ამიტომ, ვეცდებით, ხარვეზები რაც მიმდინარე სასწავლო წელს თან ახლდა, ერთად აღმოვფხვრათ.

- მანამდე კი, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს, ახალი სასწავლო წლიდან - მათ შორის, ერთ-ერთი აქტუალური, სოციალური დისტანცირებაა. რამდენად მოახერხებს თქვენი სკოლა ამას?

- ყველა სკოლისთვის ერთნაირი ვერ იქნება რეკომენდაციები და მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვას,  მცირეკონტინგენტიანი სკოლები უფრო შეძლებენ; ჩვენ კი  მრავალრიცხოვანი კლასები გვყავს და დისტანციის დაცვა ალბათ გაგვიჭირდება. ერთადერთი, ზაფხულის პერიოდში, შესაძლოა, გამოვიყენოთ ეზო - არის გაკვეთილები, რომლებიც ღია ცისქვეშ მუშაობის საშუალებას გვაძლევს; ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობთ, ალბათ გაიწერება კონკრეტული რეკომენდაციებიც, ჩვენც დავაფიქსირებთ აზრს და ერთად აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის მოსწავლეებს ვზრდით, უნდა ვაღიარო - დისტანციური სწავლება, რაღაც დოზით, ზედა საფეხურზე ძალიან მომეწონა, მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და კარგი შედეგიც მივიღეთ, თუმცა მაინც იმედს ვიტოვებ, რომ სექტემბრისთვის ვირუსის გავრცელების საფრთხე გადავლილი იქნება და ბავშვებიც  დაუბრუნდებიან სასწავლო დაწესებულებებს.



- თქვენზეც ვისაუბროთ - პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა, ქალბატონო მაია?

- სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და მოვედი N59 სკოლაში. ძალიან მომწონდა ბავშვებთან ურთიერთობა და მინდოდა, თავი გამომეცადა, რამდენად შევძლებდი პედაგოგობას. მას შემდეგ, უკვე 30 წელია სკოლაში ვარ და ყველა ეტაპი გავიარე - რიგითი პედაგოგი, შემდეგ სასწავლო ნაწილი ვიყავი, დირექტორობის გამოცდებიც ჩავაბარე და კვლავ ჩემი სკოლა ავირჩიე, რადგან აქ გავიზარდე როგორც პროფესიონალი, როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი... ძალიან მიყვარს აქაურობა, მიყვარს მასწავლებლები, ბავშვები და ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, ყოფილი მოსწავლეების შვილები მოდიან ჩემთან სკოლაში. ძალიან თბილი და ოჯახური გარემო გვაქვს, თავადაც ვასწავლი გეოგრაფიას და ალბათ, აქედან გამომდინარეა ბევრი რამ. ყველა ნიუანსი, რა ხდება გაკვეთილზე ან როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია, ჩემთვის ძალიან ახლობელია და გუნდური პრინციპით გვარდება ყველა პრობლემა.

- სკოლაში პედაგოგად მოსული, იფიქრებდით, დირექტორი რომ გახდებოდით?

- არ მიფიქრია, თუმცა იყო ჩემ ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, რამაც მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება და გავხდი დირექტორი.

- და როგორი დირექტორი ხართ?

- თბილი და ოჯახური გარემოა ჩვენთან, ერთად ვიზრდებით მე და ჩემი ბავშვები... რთულია, იყო მკაცრი მათთან, რომლებიც ქულა წიწილებივით გეფერებიან... ამიტომ ვცდილობთ, ყველა პრობლემა დიალოგით მოვაგვაროთ და ისეთი ატმოსფერო შევქმნათ, სკოლაში მოსვლა უხაროდეთ როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება