სიახლეები
სიახლეები, საინტერესო , რჩევები

თამაში, რომელიც პრაქტიკოსებსა და მშობლებს დაეხმარებათ ბავშვებთან დრო სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარონ
17-04-2020
-
+


როგორ გავატაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დრო და რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში - ამ თემაზე პრაქტიკოსებს, მშობლებსა და მზრუნველებს ინფორმაციასა და რეკომენდაციებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აწვდის. 

მასწავლებლის სახლი მათ თამაშებსაც სთავაზობს, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებთან დრო სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარონ. 

სენსორული დაფა 

მიახლოებითი ასაკი : 3-7 წელი

მასალა:

· ლანგარი (შესაძლებელია დიდი ზომის ყუთის თავსახური, კონტეინერი);

· პატარა ფურცლები;

· სახატავი საშუალებები (მარკერი, ფანქარი, ფლომასტერი, პასტელი, პასტა);

· ფუნჯი;

· ფქვილი (ნებისმიერი სახის ბურღულეული);

· კამათელი.

თამაში მიმდინარეობა:

• ლანგარზე დავყაროთ ფქვილი ისე, რომ ზედაპირი დაიფაროს.

• A4 ზომის ფურცლები გავჭრათ ოთხ ტოლ ნაწილად. გამზადებულ ფურცლებზე დავხატოთ სხვადასხვა საგნები, გამოსახულებები, რიცხვები, ასოები, სიტყვები.

• მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, აირჩიოს სასურველი გამოსახულება. შემდეგ ფუნჯი ან თითი შემოავლოს მას. პირველ ჯერზე სასურველია ჯერ უფროსმა ვუჩვენოთ, თუ როგორ უნდა ამის გაკეთება.

• წავახალისოთ ბავშვი, რომ ზუსტად ასეთი მოძრაობით გამოსახოს ფქვილზე ეს გამოსახულება.

რეკომენდაცია მოთამაშეებს: შესაძლებელია ამ აქტივობას ბევრი დატვირთვა მივცეთ, მაგ: რაოდენობის სწავლა. გავაგოროთ კამათელი, დავითვლით მასზე არსებულ წრეების რაოდენობა და წავახალისოთ ბავშვი რომ გამოსახოს ფქვილზე იმავე რაოდენობის წრე/ყვავილი/მზეე და ა.შ. ამის შემდეგ ვუბიძგოთ, რომ ჩვენს მიერ წინასწარ მომზადებულ ფურცელზე იპოვოს შესაბამისი ციფრი და ისიც დახატოს/დაწეროს ფქვილზე.

შესაძლებელია ბავშვებმა ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე დამოუკიდებლად დახატონ რაიმე ფიგურა, სიუჟეტი და შემდეგ მოიგონონ რაიმე ისტორია ან ზღაპარი.

მას შემდეგ, რაც თქვენ და თქვენი ბავშვი მოსინჯავთ აღნიშნულ თამაშს, გთხოვთ გაგვიზიაროთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, თუ მოუნდა ბავშვს აღნიშნული თამაშის გამეორება დამოუკიდებლად ან თქვენთან ერთად, ან თუ გაამრავალფეროვნა იგი ახალი იდეებით.

მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის, ნატიფი მოტორიკის, წერის საბაზო უნარების, მათემატიკური წარმოდგენების, ფანტაზიის განვითარება.

• განვითარების სფერო - ფიზიკური და სენსორული განვითარება. შედეგი - ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს. კატეგორია - ნატიფი მოტორიკა.

• განვითარების სფერო - კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება. შედეგი - ბავშვი ავლენს წერისა და კითხვის საბაზისო უნარებს. კატეგორია - წერა. ინდიკატორები: ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს; თამაშისას იყენებს წარმოსახვით წერას, (ხატავს პატარა ზომის ფიგურებს, ვითომ წერს); ხატავს სიმბოლოებს, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.

• განვითარების სფერო - შემეცნებითი განვითარება. შედეგი - ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ, შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე. შედეგი - ბავშვი შემოქმედებითად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას და ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს.

• თემატური მიმართულება - მეცნიერების ელემენტები. შედეგი - ბავშვი იყენებს მათემატიკურ უნარებს.

• თემატური მიმართულება - ხელოვნება. შედეგი - ბავშვი ინტერესდება ვიზუალური ხელოვნებით და იყენებს მას თვითგამოხატვისთვის. კატეგორია - შემოქმედებითი თვითგამოხატვა.

· განვითარების სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო- ნატიფი მოტორიკა. შედეგი - ბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც ნატიფი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, „ფაზლების“ აწყობა, ხატვა და ა.შ.

· განვითარების სფერო - სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო - სასწავლო და სააზროვნო უნარები. მიმართულება - ყურადღების კონსცენტრაცია. შედეგი - ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც. მიმართულება - შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. შედეგი - შეუძლია მოიგონოს ახალი როლები, დიალოგები, ამბები და თამაშები. ძერწვისას და ხატვისას შექმნას ახალი ფორმები და შინაარსები.

· განვითარების სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო - მათემატიკური წარმოდგენები. მიმართულება - რიცხვები და ანგარიში.

· განვითარების სფერო - მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება. ქვესფერო -წიგნიერება. მიმართულება - წერა. შედეგი - ბავშვს შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა; ცდილობს ასოების გამოყვანას.

ახლა კი გაეცანით, ზოგადად, თამაშის მნიშვნელობას ბავშვებისთვის. 

„იძულებით ნასწავლი მასალა გონებაში არ რჩება ...

საშუალება მიეცით ბავშვებს თამაშის გზით ისწავლონ’’

                                                                          პლატონი


რატომ არის თამაში ბავშვისთვის მნიშვნელოვანი?


თანამედროვე კვლევებში ნაჩვენებია პირდაპირი კავშირი ადრეული ასაკში ბავშვების თამაშსა და მათი მეხსიერების, ენობრივი, სოციალური უნარების განვითარებას, ემოციებისა და ქცევის თვითრეგულაციას, სკოლასთან შეგუებას შორის. 

ადამიანის ტვინის შესწავლამ კიდევ უფრო გაამყარა ეს მიმართებები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვის ტვინი მაშინ ვითარდება, როდესაც ის გარემოსთან ურთიერთობს და გარემო ამ ურთიერთობაზე რეაგირებს. ბავშვს, რომელიც მრავალფეროვანი თამაშებით (მაგ., საგნებით თამაში, ფიზიკური თამაში, სოციალური ან შემეცნებითი თამაში) თამაშობს, თავის ტვინში მთელი რიგი მნიშვნელოვანი კავშირები უვითარდება.

თამაშის პროცესში სხვადასხვა ფსიქიკური ფუნქცია მონაწილეობს. მაგალითად, საგნებით თამაშისას ბავშვები მხედველობის, შეხების, ზოგჯერ სმენით შეგრძნებებს იყენებენ, ვინაიდან ამ დროს ისინი ობიექტებზე გარკვეულ მანიპულაციას ახდენენ, რითაც მათ ფიზიკურ თვისებებს ეცნობიან. კუბებით თამაშისას ბავშვები ფიქრობენ მათი განლაგების სხვადასხვა კომბინაციაზე, მიზეზ - შედეგობრივ კავშირებზე, ახალი მოდელების შექმნასა და მათ ფიზიკურ მასახიათებლებზე (მაგალითად, დაინგრევა თუ არა კუბებისგან აშენებული კოშკი?). სოციალური თამაშების დროს ხდება ენის, მეტყველების, სოციალური უნარების განვითარება. ისეთების, როგორებიცაა - გაზიარება და მოლაპარაკება. და რაც მთავარია, თამაში იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მაგრამ, უფროსების გარკვეული ნაწილი თამაშს ნაკლებ სერიოზულ საქმიანობად აღიქვამს და არსებული მეცნიერული გამოცდილების მიუხედავად, ბავშვებს მათი განვითარების მიზნით ადრეული ასაკიდანვე ტვირთავენ სხვადასხვა წრეებით, სადაც აქტივობები ძირითადად გაკვეთილების მსგავსად მიმდინარეობს. ქვემოთ მეტად დაწვრილებით შევეხებით ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლებს.

რა ახასიათებს თამაშს?

• დადებითი ემოცია - თამაში, ჩვეულებრივ, სახალისო და სასიამოვნოა; როგორც წესი, მას თან სდევს ღიმილი და სიცილი. მაშინაც კი, როდესაც თამაში შედარებით სერიოზულია, ბავშვებს ის მაინც უხარიათ. ზოგჯერ თამაში იწვევს მსუბუქ შიშს და შფოთვას, მაგალითად როდესაც ბავშვი დამრეცი სასრიალოდან ჩამოსრიალებას აპირებს. ამის მიუხედავად, ეს შიშიც მისთვის სასიამოვნოა, რადგანაც ბავშვი ამ მოქმედებას ისევ და ისევ იმეორებს.

• არარეალურობა - ბავშვები თამაშს რეალობას უპირისპირებენ, თამაშში „ვითომ “ სიტუაციებს ქმნიან, რაც საშუალებას აძლევთ გასცდნენ ახლანდელი დროის და ადგილის ფარგლებს და ახალი შესაძლებლობები გამოსცადონ. მაგალითად თამაშისას ბავშვი ისე უვლის თავის თოჯინას, ვითომ ის მართლაც მისი შვილი იყოს, ან ისე ეპყრობა თავის ჯოხს, ვითომ ის მართლაც ცხენი იყოს.

• შინაგანი მოტივაცია - თამაშისთვის არ არის საჭირო გარე მოტივაციის არსებობა, თამაში თავისთავად, მისი პროცესი არის კმაყოფილების გრძნობის მომნიჭებელი.

• პროცესზე ორიენტაცია - თამაშის დროს ბავშვების ყურადღება კონცენტრირებულია ქმედებებზე და არა მის მიზნებზე, ამიტომ მათთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროდუქტი.

• თავისუფალი არჩევანი - თავისუფალი არჩევანი ადრეული ასაკის ბავშვების მიერ თამაშის განმსაზღვრელი ელემენტია. მაგალითად, კუბებით შენობის აგებას ბავშვი თამაშად აღიქვამს, თუ ამას თავის ნებით აკეთებს, მაგრამ იგივე შეიძლება მუშაობად აღიქვას, თუ ამას მასწავლებელი დაავალებს.


როგორ თამაშებს თამაშობენ ბავშვები?

თამაშს, განვითარების თავისი ეტაპები აქვს, მაგრამ ყოველი ბავშვი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეც შეიძლება თამაშის გარკვეულ ტიპს ანიჭებდეს უპირატესობას. ეს დამოკიდებულია ბავშვის პიროვნებაზე, მანამდე მიღებულ გამოცდილებასა და იმ გარემოზე, რომელიც ხელმისაწვდომია ბავშვისთვის.

დღეს შევეხებით თამაშის პერიოდიზაციას, რომელიც ჟან პიაჟეს, შვეიცარიელ ფსიქოლოგს ეკუთვნის. ჟან პიაჟემ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შეიმუშავა რადიკალურად ახალი თეორია ბავშვის ინტელექტუალური განვითარების შესახებ.

თამაშის განვითარება პიაჟეს თეორიის მიხედვით

· სენსო-მოტორული. მასში მოიაზრება: საკუთარი სხეულის შესწავლა, ხელის ტაცება რაიმესთვის, ენის, ხელის რამეზე მოსვება, საჟღარუნებლის ჩხაკუნი, ქაღალდის დახევა, ნივთების ძირს დაყრა, საგნების გაგორება, ხოხვა, ბუქნვა, სირბილი, ქვიშაში თამაში და ა.შ.

· სიმბოლურ წარმოსახვითი. ილუზიის თამაში. მაგ, ,,ცხენობანა’’, როლების თამაში ,,დედობანა’’, ექიმობანა’’; კონსტრუქციის თამაში - კუბების აწყობა და ა.შ.

· თამაში წესებით. მოძრავი თამაშები, სპორტის სხვადასხვა სახეობები, სამაგიდე, კომპიუტერული და ვიდეოთამაშები.

თამაშის განვითარება

თამაშის ყოველი მომდევნო ეტაპი წინა ეტაპის თამაშის ელემენტებს აერთიანებს. მაგალითად, კონსტრუქციის თამაშში სენსომოტორული თამაშის უნარები მონაწილეობს. თამაშის სხვადასხვა ტიპს სხვადასხვა ასაკშიც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს თამაში სირთულით განსხვავებული იქნება. მაგალითად, იმ ბავშვის სიმბოლურ-წარმოსახვითი

თამაში, რომელმაც ეს ესაა სიარული დაიწყო, ბევრად უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ბაღის ასაკის ბავშვის თამაში. თამაშის ერთსა და იმავე ეპიზოდში შეიძლება თამაშის რამდენიმე ფორმა შეგვხვდეს. ბავშვების მოტორულ თამაშში სიმბოლოები და სოციალური ქცევა შეიძლება ერთდროულად იყოს წარმოდგენილი.

თამაშის კატეგორიების სისტემებში გამოიყოფა თამაშის არა მხოლოდ ტიპები, არამედ ქვეტიპებიც (რომელთა აღწერასაც მომდევნო სტატიებსა თუ ვებინარებში შემოგთავაზებთ).

#დარჩისახლში #ითამაშებავშვთანერთად!

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
ზგემ-ის 17 პრინციპი ცნობილია - საბოლოო დოკუმენტი მზადაა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ
საინტერესო აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა  - ასია ანტონიანმა და დალი ყავრელიშვილმა
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზაობა, რომ გარემოზე ყოველთვის იზრუნებენ
სკოლა ულოცავს მას ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება