სიახლეები
სამასწავლებლო

სატელეფონო ზარი თუ ონლაინ პლატფორმები - რა საშუალებას უფრო იყენებენ სკოლები
10-04-2020
-
+


საქართველოში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმში ჩაერთო. მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ და გაკვეთილების ჩასატარებლად სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას. ამასთან, მთავრობის დადგენილების მიხედვით, სასწავლო პროცესი რომ შეუფერხებლად წარიმართოს და ყველა მოსწავლემ შეძლოს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან.

etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად ხშირად ეკონტაქტებიან მშობლები მასწავლებლებს და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის რა საშუალებას მიმართავენ პედაგოგები, სატელეფონო კომუნიკაციას თუ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმას? - ეს კითხვები ჩვენ სკოლის დირეტორებთან დავსვით და გთავაზობთ, მათ პასუხებს:

ახმეტის მუნიციპალიტეტის ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე თურქიაშვილი:

„ჩვენი სკოლა მცირერიცხოვანია და მშობლები აქამდეც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული, კარგი გუნდი გვყავს მშობლების, მასწავლებლებისა და ბავშვების. ყველა კლასის მშობელი თანამშრომლობს ჩვენთან. სასწავლო პროცესს რაც შეეხება, ტელეფონს ნაწილობრივ ვიყენებთ, ბავშვების ნაწილი სასწავლო პროცესში ტელეფონის ინტერნეტით ერთვება და „თიმსის“ პროგრამას ვერ ხსნიან რომ გამოიყენონ. ხშირად „მესინჯერს“ ვიყენებთ. ვისაც საერთოდ არ აქვს ინტერნეტი, მათთან ვრეკავთ, ასეთი ბევრი არაა, 4 ბავშვი გვყავს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და ტელეფონით ვეკონტაქტებით“.

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი ლია შატაკიშვილი:

„თითქმის ყველა მშობელი აქტიურია, პირველიდან მეექვსე კლასამდე. საბაზო და საშუალოში საფეხურის მოსწავლეების მშობლები კი მეტ-ნაკლებად ერთვებიან. თვითონ ბავშვები ისეთ ასაკში გადადიან რომ აღარ უნდათ მშობლის ჩარევა და თავად  აქტიურობენ. გაკვეთილების ჩასატარებლად ჩვენი მასწავლებლები, ძირითადად, ტელეფონს იყენებენ, ინტერნეტი ძალიან ცუდად მუშაობს. აქედან გამომდინარე, მასწავლებლები ტელეფონებით ვეკონტაქტებით, სულ 136 მოსწავლე გვყავს“.

ვანის მუნიციპალიტეტის ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხურციძე:

„ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, 31 მოსწავლე გვყავს და დაახლოებით, 15-16 მშობელი გვყავს, ყველასთან ვკონტაქტობთ. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ინტერნეტი გვაქვს მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, 5 მასწავლებელი თავადაა მშობელი, დანარჩენებიც აქტიურად გვიკავშირდებიან. გაკვეთილებს „თიმსის“ საშუალებით ვატარებთ, სატელეფონო კომუნიკაცია არ გვიწევს მოსწავლეებთან“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მუკბანიანი:

„მშობლების მხრიდან არის მაქსიმალური ჩართულობა. ძალიან გვეხმარებიან ისინი მიმდინარე პროცესში. ჩვენ პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით გვყავს მოსწავლეები და ამ საფეხურის მოსწავლეების მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართულები. ინტერნეტ პლატფორმებით ვსარგებლობთ, თუმცა ხანდახან გვიწევს ტელეფონით დაკავშირებაც. ინტერნეტის ხარვეზის გამო გვიწევს ტელეფონის გამოყენება, ვრეკავთ მშობლებთან და მშობლები გვაკავშირებენ ბავშვებთან. მშობლების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ".

თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გიანაშვილი:

„სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის ერთადერთი საშუალება არის მშობლების აქტიურობა და ჩართულობა და შესაბამისად, ისინი ჩართულები არიან ამ პროცესში, ყველა. არის რამდენიმე ოჯახი, სადაც მათი გეოგრაფიული განთავსების არეალი ისეთია, რომ ინტერნეტი არ არის ან არის ძალიან დაბალი სიხშირით. ამ შემთხვევაში, მასწავლებლები იყენებენ ტელეფონს საკომუნიკაციოდ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. თუმცა ეს არის სკოლის მოსწავლეთა ოჯახების, დაახლოებით, 5-7%. ძირითადად კი „თიმსით“ ვხელმძღვანელობთ, სადაც ინტერნეტის გვაძლევს ამის საშუალებას“.

ხელვაჩაური მუნიციპალიტეტის კაპრეშუმის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე თურმანიძე:

„დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში. მაღალ კლასებში მეტ-ნაკლებად, თავად ბავშვებს ვეკონტაქტებით. არ გვყავს ისეთი მოსწავლე, რომელსაც ვერ ვუკავშირდებით, ყველასთან ვმუშაობთ დისტანციურად. გაკვეთილებს მხოლოდ 2 მოსწავლესთან ვხსნით ტელეფონით, დანარჩენებთან "თიმსის" პროგრამას და სოციალურ ქსელებს ვიყენებთ“.

გორის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ფატარიძე:

„დამრიგებლებს მუდმივი კავშირი აქვთ მშობლებთან, შემდეგ მე მაწვდიან ინფორმაციას, ვაკონტროლებ, ეს ჩემი მოვალეობაა. ყველა კლასის მშობელი აქტიურადაა ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში.შვილებს აქცევენ ყურადღებას და აკონტროლებენ, რომ ისინი ჩართული იყვნენ დისტანციურ გაკვეთილებში. ძირითადად, „მესინჯერით“ ვეკონტაქტებით მოსწავლეებს. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ბავშვთან დაკავშირება ვერ მოვახერხოთ ინტერნეტის საშუალებით, ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი უკავშირდება ტელეფონით, რათა ბავშვი არ ჩამორჩეს პროგრამას, ეს ძალიან იშვიათად ხდება“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ცისმარი სპანდერაშვილი:

„მშობლების უმრავლესობა ჩართულია დისტანციური სწავლების პროცესში, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მშობლები აქტიურობენ, შვილებს ძალიან ეხმარებიან. მასწავლებლებსაც ხშირად ეკონტაქტებიან. აქ ინტერნეტის და ტელევიზიის საშუალება არის, 200 ბავშვი გვყავს და ყველას ვუკავშირდებით. ინტერნეტის გამო ხარვეზი არ გვაქვს. სსსმ მოსწავლეებსაც ჩვეულებრივ ვუკავშირდებით. გაკვეთილებს „თიმსის“ და „მესინჯერის“ დახმარებით ვატარებთ. უმრავლესობა „თიმსშია“ ჩართული. ტელეფონითაც ტარდება გაკვეთილები, თუმცა ძირითადად ინტერნეტ ტექნოლოგიებს იყენებენ მასწავლებლები. ყველა პლატფორმას და საშუალებას ვიყენებთ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მუშაობისთვის“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ცინცაძე:

„ძალიან აქტიურები არიან მშობლებიც და მოსწავლეებიც. მშობლები სიახლეებს ეძებენ და ბავშვებთან ერთად ჩართულები არიან სასწავლო პროცესში. დისტანციური სწავლების რეჟიმში ვიყენებთ „თიმსს“ და ნაწილობრივ ტელეფონსაც, როდესაც ჭირს მოსწავლეებთან დაკავშირება. არის ბავშვების კატეგორია, რომლებთანაც „თიმსი“ არ იხსნება. ასეთი 5-6 ბავშვია სულ, დანარჩენები ამ პროგრამით ხელმძღვანელობენ“.

 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება