სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ჩემს სკოლას პატარა სამოთხეს ვეძახი“ - როგორ გახდა სალომე მაყაშვილი 22 წლის ასაკში სკოლის დირექტორი
15-10-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის საჯარო სკოლას ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი ჰყავს. სალომე მაყაშვილი 19 წლის იყო, როცა სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობა დაიწყო, 22 წლის ასაკში კი წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა და უკვე 5 წელია სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს.

როგორც წერაქვის საჯარო სკოლის ახალგაზრდა დირექტორი  etaloni.ge-სთან, თავისი კარიერის დასაწყისზე საუბრისას აღნიშნავს, თბილისში მცხოვრები 19 წლის სტუდენტისთვის უცხო გარემოში გადასვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა და არაერთ დაბრკოლებას გადააწყდა. თუმცა, დღეს სკოლასაც და იმ ადგილსაც, სადაც იმყოფება „პატარა სამოთხეს“ უწოდებს.

სალომე მაყაშვილი: 19 წლის მეორე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავი როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის საჯარო სკოლაში გამოჩნდა ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია და სწორედ მაშინ გადავდგი პირველი ნაბიჯები განათლების სფეროში. ხოლო  22 წლის ასაკში გავიარე გასაუბრება, რის შემდეგაც დავინიშნე დირექტორად.

- ზოგადად იშვიათი მოვლენაა, როცა სკოლის დირექტორად ასეთი ახალგაზრდა კადრი ინიშნება, როგორი იყო პირველი ნაბიჯები დირექტორის პოზიციაზე, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით და რამდენი ხანია რაც დირექტორი ხართ ?

- უკვე მეხუთე წელია რაც დირექტორად ვმუშაობ, ახლა 27 წლის ვარ. ვერ გეტყვით, რომ დაწყება მარტივი იყო. რეალურად ძალიან რთულია ასეთ პატარა ასაკში ამხელა პასუხისმგებლობა აიღო, გაამართლო მოლოდინები, რომელიც ჩემთან მიმართებაში ჰქონდათ. ნამდვილად არ იყო მარტივი მასწავლებლებთან ურთიერთობა, რადგან ჩემზე ასაკით უფროსი პედაგოგი იყვნენ სკოლაში და ძალიან ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდით, ეს გასაკვირიც არ არის. მე მათთან 3 წლიანი ურთიერთობის გამოცდილება მქონდა, როგორც კოლეგას და ამან შეამსუბუქა ახალგაზრდა დირექტორის მიმართ მათი დამოკიდებულება. თუმცა საბოლოდ მოვახერხეთ და დღეს ძალიან მშვიდ, წყნარ და კომფორტულ გარემოში ვმუშაობთ.

უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც მე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ძალიან დამეხმარა მაშინდელი დირექტორი ქალბატონი ლელა ახსაბაძე, პრაქტიკულად მან მასწავლა ეს საქმე. გვერდში დამიდგა მუნიციპალიტეტი და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

- რამდენად რთული იყო გარემოს შეცვლა და სრულიად უცხო ადგილზე გადასვლა?

- თბილისში ვცხოვრობ, მასწავლებლობის პერიოდში ყოველდღიურად დავდიოდი მარნეულში, თუმცა დირექტორად დანიშვნის შემდგომ გარკვეულწილად იქით ცხოვრებაც მომიწია. კვირის დღეებში წერაქვში დარჩენა მიწევს და შაბათ-კვირას თბილისში ვარ, ვინაიდან ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს. სკოლაში მუშაობენ მასწავლებლები, რომლებიც ასევე თბილისში ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტმა დაგვინიშნა ტრანსპორტი, რომელიც თბილისიდან დადის, თუმცა გვიწევს წერაქვში დარჩენა, ვინაიდან ყოველ დღე ფიზიკურად შეუძლებელია წერაქვში სიარული.

ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო თავიდან. ჩემს სკოლას პატარა სამოთხეს ვეძახი, იმდენად კარგი თბილი ოჯახური გარემოა ეს ყველაფერი მარტივად გადასალახი აღმოჩნდა.

- მაღალმთიანი რეგიონის სკოლის დირექტორი ხართ. ალბათ არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდით როდესაც დირექტორად დაიწყეთ მუშაობა. რა პრობლემები იყო, რა გაკეთდა და რისი გაკეთება გსურთ დღეისათვის სკოლაში?

- პრობლემები ნამდვილად იყო და არის. სოფელში შემოყვანილი არ არის გაზი, შესაბამისად გვიწევს შეშის ღუმელებით გათბობა. პრობლემა იყო ინტერნეტის არარსებობა, თუმცა დღეისათვის არაერთი გამაძლიერებელი დავაყენეთ და ეს საკითხი მოვაგვარეთ.  ასევე საკმაოდ მასშტაბური ტენდერი გამოვაცხადეთ და საფუძვლიანად გავარემონტეთ სკოლის შენობა. პატარ-პატარა ტექნიკური პრობლემები  დღემდე გვაქვს, მაგალითად, იმისთვის რომ წყალი გვქონდეს  შენობაში უწყვეტ რეჟიმში გვიწევს სხვადასხვა დანადგარებით მისი სკოლაში შემოყვანა.

- დირექტორობასთან ერთად თქვენ დღემდე აგრძელებთ პედაგოგობას, რას ურჩევდით როგორც დამწყებ პედაგოგებს ისე დირექტორებს, რა არის ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

- მე ყოველთვის ვიძახი, რომ თუ იღებ პასუხისმგებლობას  ბავშვს ასწავლო, შენ თვითონაც არასდროს უნდა შეწყვიტო სწავლა-განათლება. მასწავლებელი უნდა იყოს მუდმივად მოტივირებული, გქონდეს მრავალფეროვანი და საინტერესოდ დატვირთული საგაკვეთილო პროცესი და რაც მთავარია უყვარდეს და ესმოდეს ბავშვების. პირადად, მე ამ ხუთი წლის განმავლობაში დავამთავრე მაგისტრატურა და გახლავართ სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, გავხდი ტრენერი, გავიარე ძალიან ბევრი გადამზადების კურსი და ჩემს მასწავლებლებსაც ძალიან ვუწყობ ხელს. ისინი მუდმივად ცდილობენ და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, დადიან სხვადასხვა ტრენინგებზე და ამაში სკოლა მათ ხელს  უწყობს. ეს ყველაფერი კი აისახება მოსწავლეების განათლების ხარისხზე.

რაც შეეხება დირექტორებს, მე ვთვლი რომ მათ ძალიან ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებთან. მე ყოველ დილით ვცდილობ ბავშვებს ეზოში შევეგებო და ნამდვილად გაბრწყინებული თვალებით მოსულებს ღიმილით დავხვდე. ზოგადად დირექტორის ხასიათი და ემოცია ძალიან გადამდებია სკოლისთვის. ამიტომ ვურჩევდი იყვნენ დადებითები და პოზიტიურები, ორიენტირებულნი იმაზე, რომ მათი მოსწავლეები, მასწავლებლები და თანამშრომლები იყვნენ ბედნიერები და წარმატებულენი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგ-კურსს გაივლიან - „პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას“

ყველაზე წარმატებული ნიშანია... ცაგარელი განმარტავს, ვის გაუმართლებს 2026 წელს

სასულიერო პირები სწავლა - სწავლების თანამედროვე მეთოდებში გადამზადდებიან 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება