სიახლეები
სკოლები

„ეს იყო პირველკლასელი ნიჭიერი, პატარა ბიჭის გამოცხადებული ნდობა“ - ლანჩხუთის N1 სკოლის მასწავლებლის ემოციური ჩანახატი
19-09-2019
-
+


ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა ჩხაიძე etaloni.ge-ს მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს, სადაც ემოციურადაა გადმოცემული, თუ როგორ აბარებს მშობელი პედაგოგს ყველაზე ძვირფასს - საკუთარ შვილს და უცხადებს ნდობას, შემდეგ კი როგორ ცდილობს მასწავლებელი, ეს ნდობა გაამართლოს:

ნდობა

გრძელი დერეფნის ფანჯარასთან იდგა. მაღალ და ახმახ მამის ხელს მთელი ძალით ჩასჭიდებოდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მაღალი, თხელი ბიჭი იყო. კეფაზე ლამაზად აჭრილი თმა და მოზრდილი ყურები ძალიან უხდებოდა. ერთხელ შემომხედა და უკმაყოფილო სახით, დიდწამწამებიანი და გაზიდული თვალები ძირს დახარა. აშკარა იყო, რომ ჩემთან ურთიერთობას არ აპირებდა. ურთიერთობა კი არა, საერთოდ, აქაურობიდან გაცლა სურდა. ეტყობოდა, წინასწარ მიღებული დარიგებები იძულებულს ხდიდა ცოტა ხნით მაინც მოეცადა მისთვის არასასიამოვნო და უცხო გარემოში. დაკვირვებით უყურებდა ირგვლივ ყველაფერს. ჩანდა, აფასებდა, წონიდა თავისი პატარა და მოუმწიფებელი გონებით. როგორც კი ვინმეს ყურადღებას იგრძნობდა, თვალებს ძირს ხრიდა და მამის ძლიერ ხელს ამოეფარებოდა.
ბავშვების ხმაური იკლებდა არემარეს. მშობლები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ საკლასო ოთახს. ამაყად ჩაეკიდათ ხელი თავიანთი პირმშოსთვის, ყველა ცდილობდა საკუთარი შვილის საუკეთესო მხარე ეჩვენებინა, იუმორშეპარული ღიმილით მიყვებოდნენ შვილების წარმატებებს. თითქოს მეუბნებოდნენ: ჩემს სულსა და გულს განდობ და აბა, შენ, იციო!
თუმცა ყველაზე მეტად პატარები საუბრობდნენ საკუთარი თავის შესახებ: ერთმა გამიღიმა, მეორემ ლამაზი კაბა აიწია, ჩემი ყურადღება რომ მიექცია. მესამემ ჩემს კაბას შეავლო ხელი (არ ვიცი, რა მოეწონა), მეოთხემ არც კი გამომხედა, ისე აირჩია მერხი და თავის ნივთებიანად მოკალათდა, მეხუთემ მაგიდაზე არსებულ პატარა ზარს წაავლო ხელი და დედას მიურბენინა, მშობლის განაწყენებულ მზერას რომ შეავლო თვალი, უკანვე გაიქცა და მაგიდაზე ფაქიზად დადო. თეთრპერანგიანი გოგონა თავის ცისფერ თვალებს,შავტუხას ფეხსაცმლისაკენ შიგადაშიგ აპარებდა. აშკარად მოსწონდა წითელი ფეხსაცმელი, რომელსაც დიდი ღილები ამშვენებდა. უკანა რიგში მაღალი ბიჭი მეორეს ექაჩებოდა - აქ ჩემი ადგილია და ადექიო!
მაგიდაზე ყვავილების გროვა ელაგა, ულამაზესი ყვავილების. ახლა აქ, ამ წუთში, ჩვენი ახალი თავგადასავალი იწყებოდა. საკლასო ოთახში შემოსული ყველა პატარას განსხვავებულობა, ორიგინალურობა, ნიჭიერება უნდა შემემჩნია. მათ სულიერ სამყაროში ჩამეხედა და მათი ამოუწურავი შესაძლებლობები კიდევ უფრო ამოუწურავი გამეხადა. ჩემგან ეს დიდ ძალისხმევას, შრომასა და თავდადებას მოითხოვდა. მაგრამ...
დერეფანში ის პატარა ბიჭი ისევ მამასთან და დედასთან ერთად იდგა. ახლოს მივედი, თავზე ხელი გადავუსვი. თავის აქნევით უხეშად მოიცილა ჩემი ხელი.
- რა გქვია? - გავუღიმე
- საბა - მიპასუხა დედამ. თითქოს უხერხულობის გასაფანტად.
- მე მარიამი მქვია და შენი მასწავლებელი ვიქნები - გავეცანი მთელი მონდომებით.
- არ გაინტერესებს შენი საკლასო ოთახი? -ვეცადე, თუმცა ისე მყარად იდგა, მივხვდი მის დაინტერესებას ვერ მოვახერხებდი.
საბა ხმას არ მცემდა და სახის მიმიკით მაგრძნობინებდა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის გავეცლებოდი იქაურობას.
- კარგი, საბა, იყავი აქ და როცა მოგინდება, მაშინ შემოდი.
- იცით, ქალბატონო მარიამ, საბას ბაღში არ უვლია და გაუცხოების კომპლექსი აქვს -მოიბოდიშა დედამ
- არა უშავს, შეგვეჩვევა - დავამშვიდე და საკლასო ოთახში შევედი. კარი შეგნებულად დავტოვე ღია, რომ ჩემი ხმა საბასაც გაეგონა.
გაცნობის დღემ მშვენივრად ჩაიარა. ჩემი არც თუ ისე დიდი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე, არასდროს არ მახსოვს ამ პატარა საოცარი სამყაროდან მოსული ანგელოზების ნდობა არ მომეპოვებინოს. ამას ყოველთვის ჩემს ძლიერ მხარედ ვთვლიდი.
ახლა ისე ვიდექი, საბასაც რომ დავენახე. თვალს ვაპარებდი და ვხედავდი მის უარყოფით დამოკიდებულებას, რომელსაც სახის მიმიკით გამოხატავდა. შევამჩნიე ისიც, რომ მამას გასასვლელი კარისაკენ აღარ ექაჩებოდა. ამან იმედი მომცა. როცა მოსწავლეებს დავემშვიდობე, დერეფანში მდგომ საბას მივუახლოვდი, რომელიც ისევ მამის ძლიერ ხელს ჩასჭიდებოდა.
- ნახვამდის, საბა! - დავემშვიდობე. არაფერი მიპასუხა, არც კი შემომხედა. მამამ ნაწყენი თვალებით გადახედა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ დავასწარი:
- არა უშავს, ხვალ შემოგვიერთდება! - საბამ გაიწია და მამა აიძულა გაჰყოლოდა.
სამი დღე იდგა საბა დერეფანში. სამი დღე ვესალმებოდი და ვემშვიდობებოდი დერეფანში. სამი დღე ვსაუბრობდი ღია კარში ხმამაღლა. სამი დღე ესმოდა თანაკლასელების პასუხები შორიდან. არც დასვენებაზე უერთდებოდა მათ. მეოთხე დღეს მოსწავლეებთან ერთად სახალისო თამაშმა ისე გამიტაცა, ვერც კი შევამჩნიე საბა, როგორ შემოსულიყო და კართან ატუზულიყო. ჩანთა გულში ჩაეხუტებინა. დაკვირვებით გვიყურებდა და ცდილობდა ამოეცნო, რას ვთამაშობდით.
- მოდი ჩვენთან - შევძახე. უარის ნიშნად თავი გაიქნია.
დასვენებაზე ხელი მოვკიდე, გარეთ მდგომ დედ-მამას გახედა და გამომყვა. მერხთან მივიყვანე და სკამი გამოვწიე. საბამ მერხს შეხედა და შედგა.
- დაჯექი - ვუთხარი იმ იმედით, რომ დაბრკოლება უკვე გადალახული იყო, მაგრამ საბამ თავი გამიქნია და ადგილიდან არ დაძრულა.
- კარგი - ვუთხარი და ჩანთის დადება შევთავაზე. არც ეს ისურვა. ჩანთა ისე ჩაეხუტებინა, თითქოს ვინმე წართმევას უპირებსო.
მთელი გაკვეთილი ასე იდგა. იდგა, მაგრამ დიდი ინტერესით აკვირდებოდა ყველა სიტყვას, ყველა დეტალს. მაკვირდებოდა როგორ ვიქცეოდი, რას ვამბობდი, როგორ ვამბობდი. მხოლოდ დასვენებაზე გადიოდა დედასთან, ჩახუტებული ჩანთაც თან გაჰქონდა. ვხედავდი, დედას უყვებოდა ღიმილიანი სახით რაღაცას, უსვამდა კითხვებს. დედა პასუხობდა, უცინოდა და თავზე ხელს უსვამდა. აშკარა იყო, ყველაზე დიდი მესაიდუმლე დედა იყო მისთვის. შიგადაშიგ მამის პერანგის უბეს გამოქაჩავდა და ასე იპყრობდა მის ყურადღებას თუ ვინმე შეაწუხებდა, ისევ მამის ძლიერ ხელს ეკვროდა. იქ, დერეფანში, იმ სამეულთან ჰარმონია სუფევდა, რომელსაც საბა აშკარად დიდ ნდობას უცხადებდა.
ბიჭი დიდხანს ჯიუტობდა, იდგა ჩანთაჩახუტებული და არაფრით ჯდებოდა მისთვის განკუთვნილ მერხთან. მივმართე ყველა ნაცად ხერხს და მეთოდს. საბა ცივად, თავის გაქნევით, მისტუმრებდა. ვერაფრით მოვახერხე მისი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
დათა მობრუნდა და გიგას, რომელმაც თავის დროზე ზარი უკუთხავად აიღო, თმებში წვდა და მაგრად დაქაჩა. გიგა ატირდა.
- რა ხდება? - ხმაში სიმკაცრე შემეპარა
- გიგამ ფანქარი მომპარა! - აყვირდა დათა. სანამ სიტუაციის განმუხტვას დავაპირებდი, ჩემი ყურადღება საბას დაძაბულმა მზერამ მიიპყრო. პირი დაეღო და გამჭოლი მზერა მოემართა ჩემსკენ. მივხვდი, ჩემი, როგორც მსაჯულის როლი, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა საბაზე.
- გიგა, მოდი შევთანხმდეთ, სხვისი ნივთის უკითხავად აღება არ შეიძლება!
- დათა, ეცადე სიტყვით მოაგვარო პრობლემები! შევთანხმდით, ბიჭებო?
- დიახ - მიპასუხა, თუმცა რომელმა არ ვიცი, რადგან ჩემი ყურადრება საბასკენ იყო მიმართული. საბას პირი დაემუწა, ჩანთა სკამზე დაედო და თვითონაც დამჯდარიყო.
შვებით ამოვისუნთქე. გულში დათას და გიგას ვლოცავდი. რაღაც კმაყოფილების გრძნობამ ამიტანა და სიმშვიდე ვიგრძენი.
შემდეგ დღეს მეტი მონდომებით შევაღე სკოლის კარი. საკლასო ოთახში საბას გავხედე, რომელიც თავის მერხთან დიდი მონდომებით მოკალათებულიყო.
თემა სამშობლო იყო. მშვენივრად ამიხსნეს, რომ ქართველები იყვნენ. ისიც იცოდნენ, უძველესი ერის წარმომადგენლები რომ ვიყავით, საკუთარი ანბანი რომ გვქონდა.
პასუხებით გათამამებულმა ვიკითხე: სამშობლო რა არის-მეთქი?
- სამშობლო ჩვენი დედამიწაა - წამოიძახა ნანამ.
- არა, სამშობლო თბილისია - გამოეპასუხა ზაზა.
გამეღიმა. ნეტავ სადამდე მივიდოდა მათი მსჯელობის ხაზი!
ნოდარ დუმბაძე გამახსენდა...
,,- მეგობარო, გაჩერდი ერთი წუთით, რა არის სამშობლო? - ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
- მე მეკითხებით? - მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
- დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
- როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში...
- დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში..''
საბას, რომელიც ყურადღებით გვისმენდა, ორივე ხელი, მუშტებად შეკრული ნიკაპქვეშ ამოედო. ცალი ხელი გამოიღო, თვალებში შემომხედა და ორი თითი ასწია.
- საბა, მითხარი რა არის სამშობლო! - თითქმის აღტაცებული შევძახე საბას, თუმცა ამ წუთში მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მიპასუხებდა თუ არა და რამდენად სწორად მიპასუხებდა.
- ,,სამშობლო ის არის, სადაც დავიბადეთ. როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგვიძლია'' - სვენებ-სვენებით, მტკიცე ხმით მამცნო საბამ ნოდარისეული პატრიოტიზმი.
- შენი სამშობლო რომელია? - დაუფიქრებლად მომადგა ენის წვერზე შემდეგი კითხვა...
- ჩემი სამშობლო საქართველოა, მასწავლებელო, მე გურული ვარ, მაგრამ გურია საქართველოს ნაწილია ისე, როგორც ქართლი, კახეთი, იმერეთი...
გამეღიმა...
საბასაც გაეღიმა...
ეს ნდობა იყო... პირველკლასელი ნიჭიერი, პატარა ბიჭის მიერ გამოცხადებული ნდობა...


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება