სიახლეები
ინტერვიუ

რატომ აირჩია ოთარ რამიშვილის ხელოვანმა შვილმა ადვოკატის პროფესია
07-09-2019
-
+


ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი, რომელიც თბლისში გიტარის საუკეთესო  მასწავლებლად ითვლებოდა, ამ ინსტრუმენტზე დაკვრას შვილებსაც თავად ასწავლიდა. თბილისის კოლორიტად ცნობილი მუსიკოსი თავისი სამი ვაჟისთვის ერთდროულად მასწავლებელიც იყო და ძმაკაციც. 

ოთარ რამიშვილის ვაჟი, მიხეილ რამიშვილი თავადაც ხელოვანია - მამასავით ლექსებსაც წერს და მუსიკასაც, თუმცა პროფესიად იურისტობა აირჩია. ამბობს, რომ  ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას წააწყდა, რის გამოც გადაწყვიტა იმ ადამიანთა უფლებებზე ეზრუნა, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და თავს ვერ იცავდნენ.

მიხეილ რამიშვილი „ეტალონს“ მამაზე, ბავშვობასა და საკუთარ არჩევანზე ესაუბრა.

- ჩემი თავი 3 წლის ასაკიდან მახსოვს. მახსოვს, მამა როგორ მასწავლიდა გიტარაზე დაკვრას.

- 3 წლისას გასწავლიდათ?

- დიახ. სპეციალური, პატარა გიტარა გვქონდა და იმაზე ვუკრავდი. დიდ, ჩვეულებრივ გიტარაზე ვერც დავუკრავდი. 5 წლის ვიყავი, როცა ფილარმონიაში ჩატარდა გიტარისტების კონკურსი-ფესტივალი. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და სსრკ-ს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.  უფროსი თაობის გიტარისტები გამოდიოდნენ. მე ვიყავი ყველაზე პატარა, ვინც ამ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ამავდროულად, როგორც ამბობდნენ, - ძალიან ნიჭიერი. მაშინ დავუკარი კლასიკა და ახლაც მახსოვს საოცარი ოვაციები. ამის მერე მამაჩემის სიმღერა ვიმღერე. ასე დაიწყო ჩემი მუსიკალური ცხოვრება. მერე ნიჭიერთა ათწლედში ჩავაბარე და ვიოლინოზე ვუკრავდი. მაშინ შეიქმნა ანსამბლი „მართვე“ და მე ვარ ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელი. ასე მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული ხელოვნებასთან პატარა ასაკიდანვე.

- მამა მომთხოვნი მასწავლებელი იყო?

- ძალიან კარგი პედაგოგი იყო და ამავდროულად, ძალიან მომთხოვნი. მიუხედავად იმისა, რომ მამა იყო, მე უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი მის გაკვეთილებს. ნახევარ საქართველოს მამაჩემი ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას და სიმღერას და ასევე - ადამიანობას. ყველა დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, რომ ოთარისთვის გაკვეთილი კარგად ჩაებარებინა, რადგან ისეთი შექება და ღიმილი იცოდა, ყველას ახარებდა. სიმკაცრე ისე ჰქონდა გაჯერებული სიტკბოებასთან, იმდენად განსხვავებულ აურას ქმნიდა, შენ თვითონ გიჩნდებოდა სურვილი, რომ მომზადებული მისულიყავი. სულ დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი და მისი შექება ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. თუ კარგად არ მოვემზადებოდი, ისეთ რამეს მეტყოდა, მრცხვენოდა. ასე იყო ყველა სხვა მოწაფე. ეს ბავშვთან ურთიერთობის შესანიშნავი მეთოდი იყო, მკაცრი, თბილი და სამართლიანი პედაგოგი იყო.

- როგორც მამა, როგორი იყო, გემეგობრებოდათ?

- ის იყო ჩემი საუკეთესო ძმაკაცი. ხომ არიან მშობლები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა აჭამონ, რა ჩააცვან და რა დაახურონ შვილებს. ჩვენთვის კი მთავარი იყო ის ღირებულებები, რომლითაც უნდა გვეცხოვრა. თავისი ცხოვრებით გაძლევდა მაგალითს - მეგობრებთან ურთიერთობის,მშობლების პატივისცემის, დედმამიშვილობის, ქვეყნის სიყვარულის... სსრკ-ს დრო იყო, მაგრამ ოთარი პატრიოტი და ეროვნული ფესვების მქონე ადამიანი იყო, ამის გამო ბევრი პრობლემაც ექმნებოდა იმ პერიოდში, მაგრამ მაინც ვერ უბედავდნენ ვერაფერს.

 მამასთან ყველაფერზე ვლაპარაკობდი. ყმაწვილკაცობის  ასაკი რომ გაქვს, რაღაცებს მალავ. ისეთ გარემოს გიქმნიდა, დასამალი აღარაფერი გრჩებოდა. მასთან მივდიოდი, თუ რამე მაწუხებდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდები მამებთან კი არა, უფროს მეგობრებთან მიდიან დახმარების სათხოვნელად. ოთარი ისე აკეთებდა, ასეთ მომენტებში უფროს მეგობრად რომ მიგეჩნია. კი ვიცოდი, რომ მამაჩემი იყო, მაგრამ მაშინ მამასთან კი არა, როგორც ჩემს უფროს ძმაკაცთან, ისე  მივდიოდი მასთან. ძმაკაცურად მირჩევდა რამეს, მამასავით კი არ დამტუქსავდა და ყურს ამიწევდა ხოლმე... საყვედურს მეტყოდა, თუ რამე არასწორად მქონდა გაგებული, ჭკუას მარიგებდა და რჩევას მაძლევდა. როგორც მამა, ჩემთვის მაგალითი იყო.

- სკოლის ამბებში ერეოდა? რამდენად საქმის კურსში იყო, როგორ სწავლობდით?

- ერეოდა იმ მხრივ, რომ მუდამ ამბობდა, თუ გინდა, კარგი მუსიკოსი გამოხვიდე, კარგი ინტელექტი უნდა გქონდეს, უნდა გიყვარდეს პოეზია, იცოდე გეოგრაფია და ისტორია. მაგალითად, დამიჯდებოდა და მეტყოდა, მოდი, ისტორიაზე ვილაპარაკოთო. რომ დავიწყებდი გაკვეთილის მოყოლას, განავრცობდა იმ თემას, მომიყვებოდა ისტორიულ ფაქტებს და უფრო დამაინტერესებდა. ის უკვე გაკვეთილი კი აღარ იყო, არამედ სასაუბრო  თემა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ დროს თავის სამეგობროში ატარებდა, საკმაო დროს მაინც ნახულობდა ჩვენთვის. სამი ძმა ვართ და სამივესთვის პოულობდა დროს და მიდგომის ფორმას, რაც ასაკის მიხედვით გვჭირდებოდა. უფროსი ძმა 10 წლით უფროსია ჩემზე. 20-ის იყო, მე რომ 10 წლის ვიყავი. თითოეულთან ურთიერთობა დალაგებული ჰქონდა.

- კარგად სწავლობდით სკოლაში?


- დიახ, კარგად ვსწავლობდი. პასუხისმგებლობის გრძნობა სამივე ძმას გვქონდა და ერთმანეთსაც კი ვეჯიბრებოდით კარგი გაგებით. უფროს-უმცროსობაც ყოველთვის იგრძნობოდა - უფროსი ძმა უმცროსებს დიდ ყურადღებას გვაქცევდა.

თავს არ ვიქებ, მაგრამ ნიჭიერთა ათწლედში ყველა ვერ ხვდებოდა. იქ საკმაოდ კარგ ზოგად განათლებასაც ვიღებდით. ხელოვნებასთან ჰარმონიაში იყო ინტელექტი, რაც დიდი ბედნიერებაა.

- დედა რამდენად ერეოდა თქვენი განათლებისა თუ აღზრდის საკითხებში?

- ოჯახის ბურჯი ქალია! დედა ჩვენი ოჯახის გემის კაპიტანი იყო და არის. საითაც გადაუხვევს კაპიტანი, გემს იქეთ წაიყვანს. მამაჩემის შემოქმედების 100% დედაჩემის დამსახურებაა. ნიჭიერი ადამიანები ხომ უცნაურები არიან. მამაჩემი ზეპირად წერდა სიმღერებს. ალბათ მისი არცერთი სიმღერა აღარ იქნებოდა დღეს, რომ არა დედაჩემის მონდომება. შუაღამე იყო თუ გათენების პირი, ოთარი რომ მელოდიას დაწერდა, დედაჩემი იწერდა და ინახავდა. ასე შემორჩა  370-მდე სიმღერა ოთარ რამიშვილის შემოქმედებას.

რაც შეეხება ჩვენს აღზრდას, დედა უფრო მომთხოვნი იყო. სიტყვის თქმაც არ სჭირდებოდა. ერთს რომ შემომხედავდა, უკვე ვიცოდი, რა შემეშალა და ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ხმამაღალი სიტყვა არც უთქვამს. შემომხედავდა და მის თვალებში ვკითხულობდი ყველაფერს. 

- ბატონო მიხეილ, მასწავლებლები როგორ გახსოვთ?

- ნიჭიერთა ათწლედში, სადაც მე-5 კლასიდან ვსწავლობდი, ერთმანეთზე უკეთესი მასწავლებლები მყავდა, მაგრამ  განსაკუთრებით მაინც ფიზიკის მასწავლებელი, ვახტანგ მაღლაკელიძე მახსოვს. არ გვიყვარდა ფიზიკა, ვერ ვსწავლობდი და სულ საშემოდგომოს მაყოლებდა მეც და სხვებსაც. ეს იყო ჩემთვის ტანჯვა. არდადეგებზე ფიზიკის სწავლა მიწევდა... სხვები  ერთმანეთზე უკეთესი პედაგოგები იყვნენ. სპეციალობას მასწავლიდა ქალბატონი ნათელა ჩხუბიანაშვილი, საუკეთესო მუსიკოსი, რომელიც ახლა გერმანიაში მოღვაწეობს. ალგებრას მასწავლიდა ნათელა ჯაფარიძე... საკმაოდ კარგი განათლება მაქვს მიღებული. იცით, როგორი მასწავლებლები მყავდა? მათთვის სკოლა ოჯახი იყო და ჩვენ ყველას როგორც შვილებს, ისე გვექცეოდნენ, საყვედურსაც გვეუბნებოდნენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობითაც ვუდგებოდით ყველაფერს. ეს იყო იდეალური დამოკიდებულება პედაგოგებსა და მოწაფეებს შორის. სასწაული ის იყო, რომ ბოლო წელს სპორტული, 35-ე სკოლა დავამთავრე.  ამის პარალელურად კი ასევე დავამთავრე პირველი ექსპერიმენტალური მუსიკალური სასწავლებელი.

მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე, ვიყავი მევიოლინე. კონსერვატორია რომ დავამთავრე, გარკვეული პერიოდი პედაგოგიც ვიყავი. ამის მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე,  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე და 25 წელია ადვოკატი ვარ, თუმცა ხელოვნებასთან ისევ მჭიდრო კავშირი მაქვს. არ გავა დღე, რომ არ ავიღო ჩემი ინსტრუმენტი და არ დავუკრა ბახი, მოცარტი თუ სხვა რამ.სიმღერებსაც ვწერ, ლექსებსაც ვწერ და ჩემი ოჯახის ყველა წევრიც მუსიკოსია. ძირითადად ოთარის ლექსებზე ვწერ სიმღერებს. ოთარის ძალიან ბევრი ლექსი აქვს, რომელთა ამღერებაც ვერ მოასწრო, ახლა მე ვამღერებ.

ჩემი მეუღლეც მუსიკოსია. ჩემი გოგონა, ლიზა რამიშვილი, უკვე ცნობილი მუსიკოსია... ბიჭი სპორტსმენია, მაგრამ მუსიკასთან მასაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

- სპორტული სკოლა დაგიმთავრებიათ. სპორტითაც აქტიურად იყავით დაკავებული?

- დიახ, მთელი ბავშვობა სპორტსმენი ვიყავი. მძლეოსნობაში მეორე თან რიგოსანი გახლდით. ძალიან კარგად დავრბოდი. კალათბურთსაც ვთამაშობდი და ძალიან მიყვარდა. ჩემი ბიჭი კალათბურთელია, საკალათბურთო კლუბ „ჰიუნდაიში“ თამაშობს და საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს... ჩემი მოწაფეობის დროს 10 წლიანი სკოლები იყო, ნიჭიერთა ათწლედი კი 11 წლიანი იყო. დრო, ერთი წელი, რომ მომეგო, სპორტულ სკოლაში გადავედი და, შესაბამისად, ადრე დავამთავრე საშუალო განათლების მიღება. თუმცა, მერე 1 წელი მაინც დამჭირდა, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა.

- ამ ხელოვან კაცს იურისტობა რატომღა მოგინდათ?

- იმიტომ, რომ გარშემო ბევრ უსამართლობას ვხედავდი. ძალოვანი სტრუქტურები თუ ცალკეული პიროვნებები უსამართლოდ ექცეოდნენ ადამიანებს და სულ ვიბრძოდი, რომ სამართლიანობა დამეცვა და არ დასჯილიყო ის, ვინც უდანაშაულო იყო, მაგრამ რიგითი მოქალაქე ვიყავი და ამას ვერ ვახერხებდი. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ყველაფრის რეალიზაცია გამეკეთებინა.

- პირადად ხომ არ შეგეხოთ რაიმე უსამართლობა?

- პირადად იმდენად არ მეხებოდა, მაგრამ ჩემს გარემოცვაში ასეთი უამრავი იყო. საშუალებას არავის ვაძლევდი, რომ უსამართლოდ შემხებოდა. დაჩაგრულს რომ ვნახავდი - უსამართლოდ რომ ვიღაცას დაიჭერდნენ და ციხეში უშვებდნენ, ვბრაზდებოდი, მაგრამ როცა სტატუსი არ გაქვს, არაფერი შეგიძლია. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ადვოკატი გავმხდარიყავი.

- შვილების აღზრდის თქვენეული მეთოდი როგორია, მამის მაგალითს ითვალისწინებთ?

- დიახ, ზუსტად ანალოგიურია, რაც მამამ ჩემთვის დატოვა. მთავარი ღირებულებებია მეგობრობა, სუბორდინაცია, პატივისცემა... შვილმა მშობელზე მეტი როგორ უნდა იცოდეს, მაგრამ მამაჩემი მეკითხებოდა ხოლმე, შენ როგორ მოიქცეოდი ამა თუ იმ შემთხვევაშიო. მეც ასე ვეკითხები ჩემს შვილებს - 22 წლის გოგონას და 13 წლის ბიჭს. რამე რომ მოხდება, ბიჭს ვეკითხები, ლუკა, შენ როგორ მოიქცეოდი-მეთქი. ეს ურთიერთობის ფორმაა. შვილმა უნდა იცოდეს, რომ მეც შეიძლება მისგან რაღაც ვისწავლო და პიროვნებად მიიჩნიოს საკუთარი თავი.

- გოგონასთან და ბიჭთან ურთიერთობა და აღზრდის მეთოდი განსხვავდება?

- განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ ლიზი ჩემთვის პირველი შვილია და თან გოგო სათუთი არსებაა. მას ცივი ნიავი არ უნდა მიეკაროს! ბიჭი მაინც მამაკაცია და ხშირად ვეუბნები ხოლმე, ღვთის ნებით, როცა მე აღარ ვიქნები, შენ გახდები ოჯახის უფროსი - დედაშენის, შენი დის და შენი შვილების დამცველი უნდა იყო-მეთქი. ქალი ყოველთვის უნდა იყოს დაცული და ხელის გულზე უნდა ვატაროთ. კაცობრიობის ისტორიაში თითქმის ყველა ომი ქალის გამო მოხდა, ყველა მუზა ქალს მოუტანია...  რაც შექმნილა, თუ დანგრეულა, მხოლოდ ქალის გამო. მანდილოსანს რომ ძალა გააჩნია, ასეთი არცერთ მამაკაცს აქვს  და სწორედ ამ ძალას სჭირდება გაფრთხილება, თორემ თუ გაბრაზდა ქალი,  მტრისას! ვერაფერი მოერევა, „ყველა ქალი ხომ ლამაზი არის, ლამაზი არის თავისებურად“!

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება