სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

„არ ვაპირებ, რომ ჩემი შვილი სახლში დავსვა“ - დიანა ანფიმიადის რჩევები მშობლებს
07-09-2018
-
+


რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ქართველი მშობლის სტატუსი გავრცელდა, რომელიც შვილთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, მაგრამ თვითმფრინავში არ აუშვეს. მშობელი წერდა, რომ ამის მიზეზი მისი შვილის დიაგნოზი - აუტისტური სპექტრის აშლილობა იყო. სტატუსს ბევრი გამოხმაურება და უკუკავშირი ჰქონდა, რომლის შედეგადაც დედა-შვილის მგზავრობა ავიაკომპანიამ დააფინანსა. 

ამ ფაქტს გამოეხმაურა ქართველი მწერალი და პოეტი დიანა ანფიმიადი, რომელმაც ჯერ ვრცელი პოსტი და შემდეგ ბლოგი მიუძღვნა ამ ამბავს. 

მწერლის შვილიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა და ამიტომ მომხდარი ფაქტი მისთვის ორმაგად სენსიტიური იყო. 

etaloni.ge-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დიანა ანფიმიადი მშობლებს რჩევებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. 

- პირველ რიგში, ამ ფაქტზე და თქვენს გამოხმაურებაზე რომ ვისაუბროთ ცოტა ვრცლად... 

ეს იყო ძალიან „გაბრაზებული პოსტი“, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა იმ პრობლემისა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ჩვენ, სამწუხაროდ, ბავშვები არ გვიყვარს, მით უმეტეს - საჯარო სივრცეში. აუტიზმის დროს, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი წინასწარ გეგმავ ყველაფერს და ცდილობ ყველა გართულება გაითვალისწინო, მაინც არ იცი, რა შეიძლება იქცეს გაღიზიანების მიზეზად. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. იმის გააზრება, რომ შენი ინტერესები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვის განვითარება, აუცილებელი რამაა. სადმე გინახავთ ბავშვები ან მუზეუმში, ან კაფეში? არაფერს ვამბობ მათთვის ადაპტირებულ გარემოზე. ჩვენ გვიყვარს ისინი მხოლოდ ფოტოებზე, სოციალურ ქსელში.  
 
ამ თემაზე მეორე გამოხმაურებაც დავწერე, რომელიც უკვე რჩევებს ეხებოდა - როგორ ვიმგზავროთ ბავშვთან ერთად? მაგალითად, მე როცა პირველად მივდიოდი შვილთან ერთად საზღვარგარეთ, არ მიფიქრია, რომ პრობლემა იქნებოდა კონტროლის გავლა. მას სათამაშო ლეპტოპი მოჰქონდა და როცა ის მოძრავ ბილიკზე დადო შესამოწმებლად, ინერვიულა იმაზე, რომ შეიძლებოდა დაეკარგა. შემდეგში უკვე მეცოდინება და წინასწარ ვეტყვი და ავუხსნი ამ ყველაფერს. 

- თქვენც ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემები და როგორ აგვარებთ ამას? 

მე ეს პრობლემა არ მქონია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. კი, ყოფილა შემთხვევები, როცა დაუსვამთ ზედმეტი კითხვები, მაგრამ ამას უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას. მე ვცდილობ, რომ სხვებს დისკომფორტი არ შევუქმნა, მაგრამ თუ არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ჩემი შვილის განვითარებასა და თუნდაც 1000 ადამიანის დამოკიდებულებას შორის, რა თქმა უნდა, შვილს ვარჩევ. 

ჩვენ წელს პირველად ვიმგზავრეთ თვითმფრინავით, შარშან კი მატარებლით. ზოგადად, ჩემი ცხოვრება არის მისი თერაპიის ნაწილი. როცა მის ცხოვრებაში რამე სიახლეა ან სხვა ნებისმიერ აქტივობას ვგეგმავ, სულ ვცდილობ, რომ ამაზე წინასწარ ვესაუბრო. ესაა თავიდან ბოლომდე გათვლილი პროცესი. სანამ მატარებლით ვიმგზავრებდით, მას მოვუყევი მატარებლების შესახებ და ამ საოცარ სამყაროში ჩემთან ერთად ვამოგზაურე. ეს უფროსებისთვის ცოტა გაუგებარი შეიძლება იყოს, მაგრამ პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ გავთვალე, მაინც მოხდა ისე, რომ ბილეთები ონლაინ შევიძინე და ფანჯარასთან ვერ მოვხვდით. ზოგადად, მე არ ვარ მომთხოვნი მშობელი, რომ მივიდე და ვიღაცას რამე ვთხოვო, მაგრამ ხმამღლა მაინც ვამბობდი, რომ იქნებ ვინმემ ინამუსოს-მეთქი. ადგილი არავინ დაგვითმო და მერე როცა ამ ამბავზე სოციალურ ქსელში ცოტა წავიწუწუნე, ბევრმა დამიწერა, რომ თვითონაც ანალოგიურად მოიქცეოდნენ და მე წინასწარ უნდა გამეთვალისწინებინა ყველაფერი. სამწუხაროდ ასეა, როცა საუბარია ბავშვის ინტერესებსა და საკუთარ კომფორტს შორის, ჩვენსას ვირჩევთ. 

- ამ კუთხით რა მდგომარეობაა ევროპაში, იმ საზოგადოებაში როგორ ექცევიან ბავშვებს? 

როცა ევროპაში მივდივარ, მერთვება შურის ორი ღილაკი. პირველი - მწვანე სივრცე და იქ მოთამაშე, მოსეირნე ბავშვები და მეორე - ბავშვები მუზეუმებში. როცა ამ სიტუაციას ვხედავ, ძალიან მშურს ხოლმე. წარმოიდგინეთ, კედელზე რაფაელის შედევრი და იქვე იატაკზე ბავშვი თამაშობს, დახოხავს, ჭამს. იქ იციან, რომ ჩემს კომფორტზე მეტად ბავშვის განვითარებაა მნიშვნელოვანი, ამიტომაცაა, რომ ისინი ჩვენზე წინ არიან. 

ჩვენ გვეშინია საჯარო სივრცეში ბავშვების გაყვანის, არ აქვს მნიშვნელობა ის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა თუ არა. ეს არის ერთიანი პრობლემა და ჩემთვის ცალ-ცალკე არ არსებობს. 

- როგორ უნდა დაძლიოს მშობელმა საზოგადოების ბარიერი? 

საზოგადოება უნდა გახდეს ლოიალური და ბავშვები უნდა იყვნენ ყველგან. მესმის, რომ მშობლებს ეშინიათ ბავშვების გარეთ გამოყვანის, იმ აზრების, რაც საზოგადოებაში მუსირებს, მეზობლების, რაღაცეებისთვის სახელი დარქმევის, მაგრამ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ამის შეცვლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. ხშირად ჩვენც, ჩვენდა უნებლიედ ვაძლიერებთ სტიგმას და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. საჭიროა, აუტიზმზე ხმამაღლა საუბარი და ბევრი ინფორმაციის მიღება. 

მე არ ვაპირებ, რომ ჩემი შვილი სახლში დავსვა. გიორგი შვიდი წლისაა, სკოლაში დადის, საკმაოდ განათლებული და ინტელექტუალია, მას ძალიან უყვარს ხატვა და ამის შედეგად შეიქმნა წიგნი „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“. წიგნში მისი ილუსტრაციები და ჩემი ტექსტებია, რომლითაც ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობდით. ამ წიგნის მიზანი იყო ის, რომ ხმამაღლა გველაპარაკა აუტისტური აშლილობის სპექტრზე. 

მინდა, რომ ჩემი შვილი წარმატებული იყოს და მისი რესურსი ქვეყანამ გამოიყენოს. 

- რას ურჩევდით მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილები? 


პირველ რიგში, ეს უნდა აღიქვა ისე, როგორც დღის გეგმაში ჩაწერილი ერთი პუნქტი. ეს არის ჩვეულებრივი. მშობლის ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა. საზოგადოება ბავშვს იღებს ისე, როგორც მას მშობელი „აწოდებს“. ვურჩევ მათ, რომ არავის აზრს არ მიაქციონ ყურადღება და მხოლოდ საკუთარი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელონ. შვილი უნდა იყოს პრიორიტეტი. 

მათ უნდა მოიხსნან შიში და ამაზე ილაპარაკონ ხმამაღლა. მეტი წაიკითხონ, მეტი გაიგონ. საბედნიეროდ, ამ კუთხით დღეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წლების წინ, არსებობს თერაპიის კურსები, გაიდლაინები, სერვისები. ოჯახი ცალკე თერაპიაა. 

ამის გარდა, საუკეთესო საშუალება არის წიგნის ერთად კითხვა. ხშირად შეიძლება გვეგონოს, რომ ისინი არ უსმენენ ჩვენს წაკითხულს, მაგრამ მათ ყველაფერი ესმით და იგებენ. წიგნებით თამაში, მუსიკის მოსმენა და ზოგადად სამყარო უნდა გამოიყენოს მშობელმა საკუთარი შვილის განვითარებისთვის.   

და ბოლოს, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა. ეს აუტიზმის თერაპიისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლია. თუ ხედავ, რომ მას აქვს კონტაქტის პრობლემა, მარტო ყოფნა ურჩევნია, არ გიყურებს, არ უნდა ელოდო ორი წლის შესრულებას, უნდა ადგე და წაიყვანო. ამისთვის კი საჭიროა შენს შვილს იცნობდე და მასთან აქტიური კონტაქტი გქონდეს. დიაგნოზის გაგების მერე კი იწყება რთული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პროცესი, სადაც მშობელი ყველაზე საჭირო რგოლია. და სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება არ დაგავიწყდეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები


სკოლები
სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ სკოლების აქტიურობაც თვალნათლივ ჩანს - ყოველდღიურად ათეულობით სკოლის ამბებს გაცნობთ Etaloni.ge-ზე.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი
ერთსულოვნად ვუერთდები მსოფლიოს მთავარ გზავნილს და საკუთარი ლექსით მოგიწოდებთ ,,დარჩი სახლში!’’
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება მაღალი აქტივობით მიმდინარეობს
სიახლეები
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია
სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ სკოლების აქტიურობაც თვალნათლივ ჩანს - ყოველდღიურად ათეულობით სკოლის ამბებს გაცნობთ Etaloni.ge-ზე.
ამ რეისით ამერიკიდან გამოვიყვანთ სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, ასევე სკოლის მოსწავლეებს
საინტერესო
სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ სკოლების აქტიურობაც თვალნათლივ ჩანს - ყოველდღიურად ათეულობით სკოლის ამბებს გაცნობთ Etaloni.ge-ზე.
Etaloni.ge სრულ შემოქმედებით თავისუფლებას განიჭებთ
რა უნდა ქნან მასწავლებლებმა მაშინ, როდესაც მოსწავლეებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონი?
Covid-19-ის პანდემია სეზონური დაავადებების პერიოდს დაემთხვა
პიროვნება
„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ისე მარტივად და სწრაფად დაძლია  ჩემმა კოლექტივმა ახალი გამოწვევა“
გიორგი ედილაშვილი ონლაინ-სწავლების ავკარგიანობასა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზეც საუბრობს
სპორტი ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა კონკრეტულად ჭიდაობის სიყვარული ოჯახიდან მოდისო
ექიმებისადმი მადლობის ტაში, მართალია, პირადად არ მეკუთვნოდა, მაგრამ მოხარული ვარ
ეტალონი
Etaloni.ge-ს ცნობადობის და ეფექტიანობის კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩატარდა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფი-მა (PRCG) განახორციელა
28 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში  ჩატარდა.
საზოგადოება