სიახლეები
სიახლეები

„კანცლერისგან მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ“-სტუდენტები მერკელთან შეხვედრას ETALONI.GE-სთან აფასებენ
28-08-2018
-
+


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. კანცლერმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. ახალგაზრდების ინტერესი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც შეეხებოდა. 

Etaloni.ge დაინტერესდა, თუ როგორ შეაფასეს ეს აქტივობა იმ სტუდენტებმა, რომლებიც მერკელთან შეხვედრას დაესწრნენ და ასევე, სტუდენტებმა, რომლებმაც ამ შეხვედრას „გარედან ადევნეს თვალი“:

ელენე ლომსაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მესამე კურსის სტუდენტი (მიმართულება - ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია): ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია სტუდენტთა წრის პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად. რაც შეეხება შეკითხვას, რისი დასმაც  ანგელა მერკელთან მინდოდა - ეს შეეხებოდა რუსეთის გაზსადენს და აღსანიშნავია, რომ  კითხვა გაჟღერდა კიდეც, თუმცაღა გერმანიის კანცლერისგან მკაფიოდ გამოხატული პასუხი ვერ მივიღეთ.  

ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახლდათ კონსტანტინე შუბითიძის შეკითხვა, რომელმაც კანცლერს სიტყვა „ოკუპაცია“  ათქმევინა (კონსტანტინე შუბითიძემ მერკელს შეხვედრაზე, რომელიც თსუ-ში იმართებოდა, რამდენჯერმე დაუსვა ერთიდაიგივე შეკითხვა, თუ რატომ არ იყენებს კანცლერი საქართველოსთან მიმართებაში სიტყვას - „ოკუპაცია“. ბოლოს, ანგელა მერკელმა ქართველ სტუდენტს უპასუხა: „დიახ, ეს არის ოკუპაცია!“. რედ.). მიუხედავად იმისა, რომ მერკელი ხშირად საუბრობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე უსამართლო პროცესების შესახებ, „ოკუპაცია“ მის საუბრებში არ ფიგურირებს. მიხარია, რომ კონსტანტინეს დამაზუსტებელმა შეკითხვამ ეს მოახერხა.

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი, თსუ: თითქმის მთლიანად ვნახე „ლაივი“. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. სტუდენტებმა კარგი და კრიტიკული კითხვები დაუსვეს. ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაზეც პრეტენზია იყო, გვაინტერესებდა დამსწრე სტუდენტთა შერჩევა როგორ მოხდა. ამან გამოიწვია უკმაყოფილება სხვა სტუდენტებში, რაც, ჩემი აზრით, სამართლიანიცაა.

გიორგი სარალიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულების მაგისტრანტი: საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ყველაზე კარგი მესიჯი, რაც ქალბატონი კანცლერის ქმედებებში აისახა, ის იყო, რომ ახალგაზრდების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. შეკითხვები საკმაოდ საინტერესო იყო და პასუხებიც. ზოგადად, როცა ამ დონის პოლიტიკოსი თავად იჩენს ინიციატივას შეხვდეს მასპინძელი ქვეყნის სტუდენტებს, საინტერესო შემთხვევაა და ეს ჩვენი პოლიტიკური წრეებისთვისაც ერთგვარი მაგალითი უნდა იყოს.

ზურა გამთენაძე, თსუ შპაიერის სამაგისტრო პროგრამა, საჯარო მმართველობა, იურიდიული ფაკულტეტი: შეხვედრა იყო ისეთი, როგორსაც ველოდი ქალბატონი კანცლერისგან. დარწმუნებული ვიყავი მეც და ალბათ ყველა, რომ ძირითადი აქცენტი იქნებოდა ოკუპაციისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე, კანცლერი კი ზომიერ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა.  სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკური განცხადებები ნაწილობრივ რუსული ენერგოპოლიტიკითაა განპირობებული, რაც ჩვენდამი „დაპირებებზეც“  აისახება. კითხვა მქონდა, თუ რა იქნებოდა საქართველოს წვლილი ევროკავშირის განვითარებისთვის ინტეგრაციის შემდეგ, რადგანაც წევრობა არ ნიშნავს მხოლოდ სარგებლის მიღებას, არამედ წვლილის შეტანასაც. სამწუხაროდ, კითხვის დასმა ვერ მოვახერხე.

ტატიანა სიჭინავა, თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტი):  ჩემი კითხვა შეეხებოდა პატარა ქვეყნებს. კერძოდ, რა მიაჩნია კანცლერს მთავარ გამოწვევად ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. მე პირადად გეოგრაფი ვარ და ვიკვლევ პატარა სახელმწიფოებს და მათ წინ მდგარ ამოცანებს. პასუხი იყო ჩემთვის მოსალოდნელი, რეალური და ჩემ მიერ დასმულ კითხვას კონკრეტულად ესადაგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ქვეყნების წინაშე უამრავი გამოწვევა არსებობს, კანცლერმა ყველაზე მთავარ საკითხად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება დაასახელა. მოხარული ვარ  რომ დავესწარი შეხვედრას. სტუდენტებისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ მიეღოთ პასუხები კითხვებზე ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს მმართველისგან. 

ტატო ირემაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრანტი:
შეხვედრა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იყო. ის ჟესტი, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი მისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრა, ბევრ კარგ რამეზე მიანიშნებს და ეს ნამდვილად დასაფასებელია. რაც შეეხება ჩემს კითხვას, შეხვედრის დროს  კანცლერს ვკითხე თუ რას ფიქრობს იგი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და გერმანიის პოზიციის მეტად გამოსაკვეთად მოვუყვანე მაგალითი საერთაშორისო ორგანიზაცია "Heritage Foundation"-ს ამერიკელი წარმომადგენლის, ლუკ კოფის გეგმაზე, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია საქართველოს ნატოში სწრაფ წევრობაზე და შესაბამისად, ხაზგასმულია ფაქტი, რომ საქართველოს წევრობისთვის MAP არ სჭირდება.  

მერკელისგან ამ კითხვაზე, ჩემი აზრით, ზედმეტად მკაცრი პასუხი მივიღეთ. მან, მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ნატოში სწრაფ ინტეგრაციას ვერ ხედავს იმ კონსტელაციაში, სადაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

ჩემი შეფასებით, საერთო ჯამში, ანგელა მერკელის ვიზიტი შეგვიძლია მივიჩნიოთ პოზიტიურად და ქვეყნისთვის სასარგებლოდ, რადგან  მან ბევრ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემაზე სწორი და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისობაში მოყვანილი განცხადებები გააკეთა.

კომენტარები


ეტალონი
20 კითხვის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ხულოს სტუმრობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა
ღონისძიებას ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
სიახლეები
20 კითხვის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პედაგოგების საყურადღებოდ - მომხმარებლის სახელის დამახსოვრების ფუნქცია ჩართულია ელექტრონულ ჟურნალში
„შეგიძლიათ ჩააბაროთ მთლიანი ტესტი ან მისი ცალკეული ნაწილები“ - NAEC
თუ დაუშვით  მექანიკური შეცდომა ამოხსნის ბოლო ეტაპზე, შესაძლოა ქულა არც დაგაკლდეთ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ხულოს სტუმრობს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობს შესაბამისად მორული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მათ სკოლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
„წარმატებები, ჩვენს ყოჩაღ მოსწავლეებს და შრომისმოყვარე დოდო მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება