სიახლეები
სამასწავლებლო

„კითხვა სიამოვნებაა და არა მოსაწყენი აუცილებლობა“ - როგორ აღვზარდოთ კარგი მკითხველი
22-08-2018
-
+


ამბობენ, „მობილური“ თაობა იზრდება, წიგნი დაივიწყეს და ინტერნეტს არიან მიჯაჭვულნიო. იმასაც ამბობენ, ეს თანამედროვეობის პრობლემაა და იმისათვის, რომ ნაწარმოების გმირები დავიწყებას არ მიეცნენ და მომავალმა თაობამაც შეძლოს წიგნის ჯადოსნური სამყაროთი ტკბობა, კარგი მკითხველების აღზრდას უფრო აქტიურად უნდა შევუდგეთო.

ვის მივმართავდით, თუ არა ყველაზე გამოცდილ და კომპეტენტურ პირებს ამ სფეროში?! როგორ აღვზარდოთ კარგი მკითხველები -  Etaloni.ge სკოლის წარმატებული დირექტორების გამოცდილებას გიზიარებთ:

თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე:


„კითხვა რომ სიამოვნება და არა მოსაწყენი აუცილებლობაა, ბავშვს მშობლებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად უნდა შეამეცნონ. ლიტერატურის გაცნობისა და შეყვარების გზაზე მოსწავლე წიგნიერ მშობელსა და პედაგოგს მიჰყავს, მან ინტერესი უნდა გაუღვივოს ბავშვს და სწორი ნაწარმოებების შერჩევით, არაფორმალურ გარემოში ჩატარებული ლიტერატურული საღამოებითა და სხვადასხვა წახალისებით კარგ მკითხველად ჩამოაყალიბოს. ჩვენს სკოლაში გემოვნებიანი მკითხველისთვის შესაბამისი გარემო გვაქვს შექმნილი, ბიბლიოთეკა, მკითხველთა კლუბი, მშობლების მონაწილეობით, ხშირად გვსტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები, მოსწავლეებთან ერთად განვიხილათ ნაწარმოებებს, ვაწყობთ სპექტაკლებს, დებატებს და მოტივაციის ამაღლების მიზნით, წარმატებულ მოსწავლეებს ვასაჩუქრებთ. გვჯერა, რომ წიგნიერება განსაზღვრავს მომავლის ბედნიერებას.“

თბილისის N177 საჯარო სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძე:

„თავდაპირველად, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის და რამდენად ლიტერატურული ღირებულების ნაწარმოებს წაიკითხავს ბავშვი. მთავარია, აინტერესებდეს წიგნი და მასთან ურთიერთობის უნარები გამოიმუშაოს. 10 წლის შვილი მყავს, წიგნების მაღაზიაში ერთად ვარჩევთ ხოლმე მისთვის სასურველ ნაწარმოებს, ჯერ ნაკლებად ღირებული მოთხობებით დაიწყო, ახლა კი, კითხვა რომ შეიყვარა, „ბიძია თომას ქოხით“ დაინტერესდა.“

ქვაბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა მაისურაძე:

„ბავშვი, პირველ რიგში, მშობლის მაგალითზე სწავლობს. რაც უფრო მეტად იქნება დედ-მამა წიგნის კითხვით დაინტერესებული, ბავშვსაც გაუჩნდება ინტერესი ლიტერატურის მიმართ. რა თქმა უნდა, სკოლა დიდ როლს ასრულებს მოზარდის მკითხველად ჩამოყალიბებაში. სხვადასხვა აქტივობითა და საღამოებით მათში ინეტერსის დანერგვაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია წიგნის ვიზუალური მხარე და ილუსტრაციები მოსწავლის თავდაპირველი დაინტერესებისთვის.“

მოლითის საჯარო სკოლის დირექტორი ალბერტ არუთუნიან:


„ლიტერატურული საღამოების მოწყობა, ერთობლივი კითხვა და წიგნის განხილვა, ნაწარმოების გმირების როლის მორგება და სპექტაკლების დადგმა - ეს ის საინტერესო და აუცილებელი აქტივობებია, რომლებიც ბავშვებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის როლი, ასაკის შესაბამისი და მოსწავლისთვის საინტერესო ნაწარმოების შერჩევისას.“ 

კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბეგლარ არჯევანიძე:


„მოსწავლეს წიგნის სიყვარული ბავშვობიდან უნდა ასწავლოს მშობელმა. ამ მხრივ, ზრაპრების ადრეული ასაკიდან კითხვა და წიგნთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. აუცილებელია ასაკის შესაბამისი ხარისხიანი ნაწარმოებების შერჩევა, რადგან მოზარდს კარგი ლიტერატურული გემოვნება ჩამოუყალიბდეს.“

ჩიხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოშაძე:

„პედაგოგი დიდ როლს ასრულებს ბავშვისთვის ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებასა და წიგნისადმი სიყვარულის დანერგვაში. მასწავლებელი საინტერესო ისტორიებს უნდა უყვებოდეს მოსწავლეს მწერლებსა და ნაწარმოებებზე და მისთვის შესაფერის კლასგარეშე ლიტერატურას სწორად უნდა ურჩევდეს. თანაც, სკოლის ბიბლიოთეკაში არსებობს მრავალფეროვანი წიგნების რესურსი.“

თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი:

„ამ თემით თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემას შეეხეთ და სკოლაშიც სხვადასხვა აქტივობით მუდმივად ვცდილობთ მოსწავლეების წიგნებით დაინტერესებას. აღსანიშნია, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევისა და ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მიხედვით, ლიტერატურით ის ბავშვები ინტერესდებიან, რომლებსაც მშობლები პატარაობაში ზღაპრებს უკითხავდნენ. არსებითად მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში მოსწავლეთა ლიტარატურული ცნობიერების ამაღლება. მრავალ აქტივობას ვგეგმავთ, იქნება ეს პერსონაჟების გათამაშება თუ ნაწარმოების მიხედვით შექმნილი მათივე ნახატების გამოფენა. მოსწავლეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ილუსტრირებულ და კარგი ხარისხის წიგნებს. ახალგაზრდების წახალსიების მიზნით, აქტიურად ვაწყობთ შეჯიბრებებს და იმ ბავშვებს ვაჯილდოვებთ, რომლებმაც მიცემული მასალიდან ყველაზე მეტი წიგნი წაიკითხეს.“
 
რველის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ლილუაშვილი:

„მახსენდება აკაკი წერეთლის დედის მიდგომა, რომელსაც თავადაც ვიყენებდი შვილისთვის წიგნის შესაყვარებლად, კარგად თუ იქცეოდნენ ზღაპრებს ვუკითხავდი, თუ რამეს დააშავებდნენ საინტერესო ისტორიების გარეშე რჩებოდნენ. დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ და სკოლაშიც ამავე პრინციპით ვხელმძღვანელობ, ეტაპობრივად, ილუსტრაციებით, შემდეგ მცირედი ტექსტებით ვაჩვევ მოსწავლეებს წიგნთან ურთიერთობას. მართალია, კომპიუტერის თაობა მოდის, მაგრამ მაინც ვახერხებთ ლიტერატურით მათ დაინტერესებას.“

ლიკანის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა გვიმრაძე-გელაშვილი:


„დაწყებითი კლასის პედაგოგები მოსწავლეებს კითხვას ბიბლიოთეკის ცხოვრების გაცნობით ვაყვარებთ. მათ მოსწონთ სკოლაში სასწავლო წლის გეგმაში გაწერილი საექსკურსიო ბიბლიოთეკების დათვალიერება, წიგნების გამოწერის პრინციპის შეცნობა. განსაკუთრებით ენციკლოპედიები იტაცებს ბავშვებს, ილუსტრირებული მასალა.“

ტეზრის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ჭადაშვილი:

„მნიშვნელოვანია, წიგნამდე ბავშვის სახალისო და საინტერესო აქტივობებით მიყვანა. სკოლაში ხშირად ვაცოცხლებთ ნაწარმოების გმირებს სპექტაკლების სახით, ვაწყობთ ლიტერატურულ საღამოებს და შეხვედრებს სხვადასხვა მწერალთან. ბავშვებს უყვართ წიგნის განხილვა და შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა. ბიბლიოთეკაც განვაახლეთ და უფრო მეტი კარგი მკითხველის აღზრდის იმედი გვაქვს.“

კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ გელაშვილი:

„მოსწავლეებისთვის მხატვრული კითხვის საღამოების მოწყობა და წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვაა მნიშვნელოვანი. სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით 3-4-ჯერ მაინც ვაწყობთ ასეთი სახის ღონისძიებებს და წარმატებულ მოსწავლეებს ვაჯილდოვებთ. მასწავლებელმა ასაკის შესაბამისი ნაწარმოები უნდა შეურჩიოს ბავშვს და ლიტერატურული გემოვნება ჩამოუყალიბოს.“

საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე:

„ბავშვისთვის წიგნის შესაყვარებლად არაერთი გზა არსებობს, მნიშვნელოვანია ლიტერატურული საღამოების მოწყობა, ვიქტორინის გამართვა, ლიტერატურის გაცნობის შემდეგ მის მოტივებზე შექმნილი ფილმის ჩვენება და შემდეგ დისკუსია, ნაწარმოების შესავლის გაცნობა და მოსწავლსთვის დავალების მიცემა, რომ თავად დაასრულოს წიგნი, შემდეგ კი ავტორისეულ ვერსიას გაეცნოს. შემოქმედებითი უნარების განვითარება და წიგნთან ადრეულ ასაკშივე ურთიერთობა მნიშვნელოვანია.“

ჭობისხევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან არდაზიშვილი:

„თავდაპირველად, მოსწავლეს წიგნით ილუსტრირებული მასალითა და ნაწარმოებიდან ამონარიდებით უნდა დააინტერესო. ასევე შეიძლება მულტფილმების ჩვენების მოწყობა, ლიტერატურული საღამოების გამართვა და პერსონაჟების განსახიერება თეატრალური დადგმების მეშვეობით. მშობელსა და მასწავლებელზე ამ მხრივ ბევრია დამოკიდებული.“

იაღუფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ვაგიფ მუსაევი:

„მნიშვნელოვანია წიგნებით ბავშვის ადრეული ასაკიდან დაინტერესება. მშობლებმა აქტიურად უნდა უკითხონ ზღაპრები პატარებს, სკოლამ კი შემდგომი ლიტარატურული გემოვნების ჩამოყალიბებაზე იზრუნოს. მასწავლებელმა საინტერესო ნაწარმოებების გაცნობითა და მწერლებზე საუბრით ბავშვს კითხვის სურვილი უნდა გაუჩინოს.“ 

დვირის საჯარო სკოლს დირექტორი დარეჯან კევლიშვილი: 


„ბავშვები წიგნის ვიზუალს დიდ ყურადღებას აქცევენ, მათი დაინტერესებისთვის ილუსტრაციები და კარგი შრიფტი მნიშვნელოვანია, სწორედ ამის შემდეგ იტაცებთ ნაწარმოების შინაარსი. ასევე მნიშვნელოვანია ლიტერატურის ასაკობრივად სწორად შერჩევა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება. შესაძლოა, საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვა, როლური თამაშების მიცემა პერსონაჟების მიხედვით და სხვა შემოქმედებითი აქტივობები.“

ზანის საჯარო სკოლის დირექტორი რომანი კვაშილავა:

„ენციკლოპედიური სახის მასალა განსაკუთრებით აინტერესებთ ბავშვებს, ბევრი ვიზუალური გაფორმებითა და მცირე ტექსტებით. გაზარმაცებულია თაობა. თუმცა სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობითა და როლური თამაშებით წიგნის მიმართ მათი ინტერესის გაღრმავებაზე ვმუშაობთ.“

თბილისის N113 საჯარო სკოლის დირექტორი ლია გაბინაშვილი:

„კითხვის დაძალება არ შეიძლება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიყვანოთ ბავშვი წიგნამდე. დაწყებით კალსებში ხომ ვატარებთ კითხვის გაკვეთილებს, მასწავლებელმა შეუმჩნევლად, ვითომ ვერ მოასწრო, ზარის დარეკვამდე კითხვა კულმინაციურ მომენტზე უნდა შეაჩეროს და ბავშვს ნაწარმოების თავად დასრულების სურვილი გაუჩინოს. ჩვენს მოსწავლეებს შესაბამის ლიტერატურას ვურჩევთ, შემდეგ ვადგენთ კითხვებს და ვაწყობთ ინტელექტ შეჯიბრსა და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვებას.“

თბილისის N174 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კვანტალიანი:

„წიგნიერი მომავლის აღზრდაში მარტო სკოლა ვერაფერს გახდება. ბავშვები მიბაძვით სწავლობენ და მათ მაგალითი მკითხველი მშობლებისგან უნდა აიღონ. შემდეგ მოდის საკლასო აქტივობები, ხშირად ვაწყობთ წაკითხული ნაწარმოებების განხილვასა და წარმატებულ მოსწავლეებს ვახალისებთ, რათა დანარჩენებსაც გაუჩნდეთ მოტივაცია.“

ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოჭორიშვილი:

„დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის ასაკის შესაფერისი ლიტერატურის შერჩევასა და ნაწარმოების სწორი ინტონაციით კითხვას. ის არსის სწორად გაგებასა და დამახსოვრებაში გვეხმარება. მოსწავლეს, უპირველესად, ინტერესი უნდა გავუჩინოთ, პედაგოგმა ჯერ თავად უნდა გააცნოს წიგნები ბავშვებს, შემდეგ კი მათ გააგრძელებინოს კითხვა.“ 

თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე:

„ბავშვის კარგ მკითხველად ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი ხელშეწყობით იწყება. უპირველესად, უნდა შეირჩეს ასაკის შესაბამისი, თანამედროვე, მისთვის ახლობელი და საინტერესო მოთხრობა თუ ნაწარმოები. დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნის ვიზუალურ მხარეს, ილუსტრაციებსა და სიდიდეს, ბავშვებს მალევე სჭირდებათ ამბის დასასრულის გაგება და არ უყვარს დაუსრულებელი ისტორიები. სკოლაში გვაქვს თავისუფალი კითხვის გაკვეთილები, როლური თამაშები და სპექტაკლები.“

კუშის საჯარო სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი:

„მნიშვნელოვანია, სკოლაში მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის ქონა, მოსწავლეთათვის ასაკობრივად შესაფერისი ლიტერატურის შერჩევა, ერთობლივი კითხვის მოწყობა და წიგნის განხილვა. ნაცადი მეთოდია, როლური თამაშები და სპექტაკლები. მრავალი აქტივობით შეიძლება ბავშვების წიგნით დაინტერესება.“

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება