| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის მასობრივმა დანერგვამ პარადოქსული და ამავდროულად შემაშფოთებელი შედეგი გამოავლინა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოსწავლეები და სტუდენტები საშინაო დავალებებში გაცილებით მაღალ შეფასებებს იღებენ, მათ შესრულებაზე კი ნაკლებ დროს ხარჯავენ. თუმცაღა, როგორც კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა აღარ აქვთ, მათი აკადემიური შედეგები მკვეთრად უარესდება.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გონებრივი სამუშაოს ჩატბოტებისთვის ბრმად გადაბარება მხოლოდ ცოდნის ხარისხზე არ აისახება - მას შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს ბავშვის ტვინის განვითარებაზეც.
ამ ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ სტრომბერგმა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა - ვიქტორ ლეიმ და ვუ იანჰუეიმ ჩაატარეს.
ისინი 2,5 წლის განმავლობაში თითქმის 27 000, 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეს აკვირდებოდნენ. კვლევა ჩინეთში ჩატარდა, სადაც ისეთი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა - Doubao და DeepSeek, უკვე ფართოდ არის გავრცელებული. მკვლევრებმა შეადარეს მოსწავლეების ყოველდღიური საშინაო დავალებების შესრულების ხარისხი ყოველთვიური გამოცდებისა და ტესტების შედეგებს, რომლებიც ინტერნეტზე წვდომის გარეშე ტარდება. მიღებულმა შედეგებმა საინტერესო პარადოქსი გამოავლინა.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გენერაციული AI-ის გამოყენება დაიწყეს, საშინაო დავალებების შეფასებები 18%-ით გაიზარდა, დავალებების შესრულებისთვის საჭირო საშუალო დრო კი 30%-ით (64 წუთიდან 45 წუთამდე) შემცირდა. ხოლო ექვსი თვის შემდეგ, იმავე მოსწავლეებმა წერით ტესტებში, სადაც არც წიგნებზე და არც ინტერნეტზე ჰქონდათ წვდომა, 20%-ით დაბალი შედეგები აჩვენეს, ვიდრე მათმა თანატოლებმა, რომლებიც დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებდნენ.
გავლენა ჩვენს ტვინსა და შემეცნების უნარზე
ნეირომეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ AI-ის დახმარებით სწავლის გამარტივება ადამიანის ფიზიოლოგიაზეც აისახება. ტასმანიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების უფროსმა ლექტორმა, დოქტორმა მეტ კირკალდიმ, ABC News Australia-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღრმა აზროვნება და რთული ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრა ფიზიკურად ცვლის ტვინს და მასში ახალ ნეირონულ კავშირებს ქმნის. ამ პროცესს ტვინის პლასტიკურობას უწოდებენ. პროფესორ ჯეიმს ვიკერსის თქმით, სწორედ ადრეული ასაკიდან შესრულებული რთული გონებრივი ამოცანები აყალიბებს ე.წ. „კოგნიტურ რეზერვს“.
ზრდასრულ ასაკში ეს რეზერვი ადამიანს ინსულტის, ტრავმისა და დემენციის წინააღმდეგ გარკვეული დაცვითი რესურსის შენარჩუნებაში ეხმარება. თუ ბავშვი კითხულობს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ტექსტს და ესმის მისი შინაარსი, მაგრამ თავად რთული იდეის გააზრებას თავს არიდებს, კოგნიტური რეზერვი შესაძლოა სათანადოდ არ განვითარდეს. დრაგან გაშევიჩის კვლევაში გონებრივი პასიურობის ამ პროცესს „მეტაკოგნიტური სიზარმაცე“ ეწოდა.

როგორ იყენებენ მოსწავლეები AI-ს
პრობლემა თავად ალგორითმში არ მდგომარეობს - მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იყენებენ მას მოსწავლეები სწავლის პროცესში. საერთაშორისო გამოკითხვების მონაცემებით, ბავშვების უმრავლესობა ყველაზე მარტივ გზას ირჩევს. მაგალითად, ავსტრალიაში, eSafety Commission-ის ანგარიშის მიხედვით, ბავშვების 78% AI-ასისტენტებს იყენებს. მათგან 91% ხელოვნურ ინტელექტს სწავლისა და თარგმნისთვის მიმართავს, 70% კი - ტექსტების დასაწერად და დასარედაქტირებლად.
ევროპაში Vodafone Foundation-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ 12-17 წლის 7 000 მოზარდის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 56% AI-ის დახმარებით ინფორმაციას ეძებს, კიდევ 45% მას ტერმინების ახსნას სთხოვს, ხოლო 31% ხელოვნურ ინტელექტში დავალებებს ტვირთავს, რათა სრულად გამზადებული პასუხები მიიღოს. მხოლოდ 20-29% იყენებს ამ ტექნოლოგიას პერსონალიზებულ, ინტერაქტიულ სასწავლო ინსტრუმენტად.
როგორ გამოვიყენოთ AI სასარგებლოდ
მიდლბერის კოლეჯის მკვლევრებმა - ზარა კონტრაქტორმა და ჰერმან რეიესმა დაადგინეს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი მოსწავლეებსა და სტუდენტებზე განსხვავებულად მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც სტუდენტები ჩატბოტს არა მზა პასუხების გადასაწერად, არამედ ერთგვარ რეპეტიტორად იყენებენ - მაგალითად, სთხოვენ რთული საკითხების ახსნას ან კონკრეტულ თემაზე დისკუსიას - მათი აკადემიური შედეგები უმჯობესდება და ეს ეფექტი ერთი კვირის შემდეგაც ნარჩუნდება.
ამიტომ პედაგოგები და მეცნიერები, ძირითადად, ტექნოლოგიასთან ბრძოლისა და მისი აკრძალვის ნაცვლად, სწავლებისა და შეფასების მიდგომების შეცვლას გვთავაზობენ.
ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ქეთი მილსი აღნიშნავს, რომ საჭიროა წერითი „საშინაო დავალებების“ არსებული ფორმატის გადახედვა.
პროფესორ ვიკერსის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ბავშვს ფიქრისკენ უბიძგებდეს და პასუხის დამოუკიდებლად მოძიებაში ეხმარებოდეს, ნაცვლად იმისა, რომ მოთხოვნისთანავე მზა ამოხსნა მიაწოდოს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში