სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ინტერვიუ

„სკოლაში მიღებული ცოდნა ეროვნულების ჩასაბარებლად საკმარისი უნდა იყოს“- მარეხ გიორგაშვილი, ღოუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
27-09-2024
-
+


„მოსწავლემ, რომელიც სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებს, ჩვენი იმედები უნდა გაამართლოს“,- ამბობს მარეხ გიორგაშვილი, რომელიც საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებას - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლას უძღვება. 

სასკოლო საზოგადოება საკუთარ საქმეს როგორი პასუხისმგებლობითაც ეკიდება, მისი ამ სიტყვებიდან ჩანს. თავად დირექტორი კი ქართულს ასწავლის და როგორც აღნიშნავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვანაირად მოსწავლეების ახლოს გაცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თავის დროზე, პროფესია სწორედ ბავშვებისა და საგნის სიყვარულის გამო აირჩია.

საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეებიდან ერთ-ერთია ის, რომ  სავალდებულო განათლება 10-წლიანი გახდა. საკითხთან დაკავშირებით, მარეხ გიორგაშვილის აზრის მოსმენა, რასაკვირველია, ძალიან საინტერესოა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის სწორედ საბაზო საფეხურის სკოლას ხელმძღვანელობს.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორმა etaloni.ge-სთან ვრცლად ისაუბრა. 

- მეორე კვირაა, რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო, როგორი განწყობაა სკოლაში და რა გეგმები გაქვთ?

- 2024-2025 სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დავიწყეთ, მაღალი მოტივაცია გვაქვს. გეგმა ბევრია, თუმცა, პირველ რიგში, ახალი სკოლა უნდა აგვიშენდეს - ველოდებით, რომ გადასვლა მალე შევძლოთ. ახლა სხვა სკოლის ბაზაზე ვართ და მეორე ცვლაში ვმუშაობთ. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ოქტომბერში უნდა დაიწყოს.

ჩვენი სკოლა საბაზოა, სულ 50 მოსწავლე გვყავს. მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე, კურიკულუმებში, სხვადასხვა პროექტი გაწერეს.

- საბაზო სკოლას განსხვავებული სპეციფიკა აქვს?

- არა, ჩემი აზრით, საშუალო საფეხურის სკოლებისგან არაფრით განსხვავდება. საქმე იმაშია, რომ ბავშვები სავალდებულო განათლების მიღმა არ უნდა დარჩნენ. შეიძლება, ჩვენ უფრო მეტად მობილიზებულები ვართ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ჩვენი ბავშვები და სკოლა კონკურენტუნარიანი იყოს. მოსწავლემ, რომელიც სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებს, ჩვენი იმედები უნდა გაამართლოს.

- საბაზო განათლება მე-9 კლასის ნაცვლად მე-10 კლასის ჩათვლით განისაზღვრა, როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი, რომ სავალდებულო განათლება ერთი წლით გახანგრძლივებულიყო?

- ამ გადაწყვეტილებას სრულიად სასკოლო საზოგადოება მივესალმებით, ძალიან მოგვწონს. აქ მთავარი ისაა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს არ სურს, სწავლა საშუალო საფეხურზე გააგრძელოს. ჩემი აზრით, ამისთვის - საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, დასაქმებისთვის, მეცხრეკლასელი მზად არ არის, პატარაა. მე-10 კლასის შემდეგ კი, უფრო დამოუკიდებლები იქნებიან და შრომით ბაზარზე თავისუფლად გასვლა შეეძლებათ. 10-წლიანი საბაზო განათლება კარგია მათთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება არ ენდომება და მათთვისაც, ვისაც სკოლის გამოცვლა უწევს. გარდა ამისა, მასწავლებლებს საათობრივი დატვირთვა გაეზრდებათ და სხვა პედაგოგებიც დასაქმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები ძალიან მოხარულები არიან. ჩემი ახლანდელი მე-9 კლასის მოსწავლეები მე-10 კლასშიც ჩვენთან ისწავლიან და არა სხვა სკოლაში.  

- გამოდის, მოსწავლეებს ისიც ახარებთ, რომ სხვა სკოლაში გადასვლა კიდევ ერთი წელი არ მოუწევთ?

- დიახ, განშორება ძალიან უჭირთ. ამას ისიც მოწმობს, რომ სხვა სკოლაში გადასული მოსწავლეები, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, მეორე ცვლაში, ჩვენთან მოვიდნენ და ღონისძიებას დაესწრნენ. მშობლიური სკოლა ყველას უყვარს, აქაურობასთან სასიამოვნო გრძნობები და მოგონებები აკავშირებთ.


- მოსწავლეთა ამგვარ განწყობას მასწავლებლებიც  განაპირობებენ. როგორი გუნდი გყავთ?

- ჩემი სკოლის ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია, ყველა თავისი საგნის სპეციალისტია. ერთადერთი ინფორმატიკაში არ მყავს სერტიფიცირებული მასწავლებელი და ამ საგანს მათემატიკის პედაგოგი ასწავლის. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და თავის საქმეს ღირსეულად ასრულებენ.

- თქვენი აზრით მასწავლებლების კომპეტენცია და გამოცდილება გამოცდებით უნდა ფასდებოდეს?

- რატომაც არა, შესაძლებელია გამოცდით შეფასდეს. თანაც ეს პერიოდულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს. შეიძლება ამას გამოცდა არ დაერქვას, უბრალოდ კომპეტენცია უნდა მოწმდებოდეს. თუ მასწავლებელმა თავისი საგანი მაღალ დონეზე იცის, ყველაფერს გააკეთებს, რომ ცოდნა ბავშვამდე მიიტანოს. ვფიქრობ, პედაგოგისთვის მთავარია თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

- ცოტა თქვენზეც გვიამბეთ, რამდენი წელია, რაც სკოლის დირექტორი ბრძანდებით?

-15 წელია დირექტორი ვარ. ამდენივე წელია, რაც ამ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. სერტიფიცირებული ვარ, გამოცდა 10 კრედიტზე ჩავაბარე. ახლა მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს ვასწავლი.

- რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლის დირექტორი რაიმე საგანსაც ასწავლიდეს?

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ბევრს ნიშნავს. ამ დროს, დირექტორს მათი უკეთ ესმის და სკოლის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებს. მიმაჩნია, რომ დირექტორი ვერ იქნები, თუ ბავშვები არ გიყვარს. მით უფრო, ისეთ პატარა სკოლაში, სადაც ყველაფერი ხელისგულივით ჩანს, შენს ყველა მოსწავლეს უნდა იცნობდე. ზოგადად, მასწავლებლობა ბავშვებისა და ჩემი საგნის სიყვარულის გამო დავიწყე. ამდენი წლის გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- რას გინდათ, რომ თითოეულ მოსწავლესთან მიაღწიოთ?

- ჩემი მიზანი მათთვის ღრმა ცოდნის მიცემაა. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, განათლების ხარისხი მაინტერესებს.

თითოეულმა დირექტორმა უნდა იზრუნოს, რომ კვალიფიციური მასწავლებელი ჰყავდეს, ხარისხიანი გაკვეთილები ჩატარდეს და მოსწავლეებმა სიღრმისეული ცოდნა მიიღონ. ჩემი აზრით, რეპეტიტორი ნაკლებად უნდა სჭირდებოდეთ. მოსწავლეებს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ჩვენს შვილებს მოვექცეოდით.

- რეპეტიტორები ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, რატომ დგას მათი საჭიროება?

- ალბათ, განათლების ხარისხია ნაკლები, მოსწავლეები სრულყოფილ განათლებას ვერ იღებენ. მიმაჩნია, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად საკმარისი უნდა იყოს. ჩვენ გვყავს სერტიფიცირებული მასწავლებლები, მოწადინებული მოსწავლეები და რაღა უშლით ხელს?! ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ თანამედროვე გამოწვევებს ფეხი აუწყოს. ინფორმატიკა, კომპიუტერის გამოყენება ბავშვებმაც და მოსწავლეებმაც უნდა იცოდნენ.

- და ბოლოს, წლებია ახალგაზრდებს ასწავლით, მათგან თუ გისწავლიათ რამე?

- ჩვენ ერთმანეთს მეგობრობა, ადამიანური ურთიერთობები ვასწავლეთ. ჩემი აზრით, მათ მეგობრობა ძალიან კარგად იციან, ერთმანეთს არ დასცინიან და მხარდაჭერას გამოხატავენ. ზოგადად, ძალიან მეგობრული კოლექტივი და სკოლა გვაქვს. ბავშვთან თუ არ მეგობრობ, ვერაფერს გახდები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

რა აქტივობები გელით 5 და 6 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე - პროგრამის დეტალური განრიგი

ის თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება