სიახლეები
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„სკოლაში დავბერდი და სიტყვა „მომისმინე“ მოსწავლისთვის არასდროს მითქვამს“ - ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეების უპირობო სიყვარულზე საუბრობს
22-04-2024
-
+


ნახევარ საუკუნეზე მეტია განათლების სადარაჯოზე დგას - ლასურიაშის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნუნუ ჩაკვეტაძე წარსულში მეთოდისტი, სკოლის ხელმძღვანელიც და განათლების სისტემაში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზეა ნამუშევარი, თუმცა მაინც, ერთი სოფლის სკოლის პედაგოგად რჩება - დიახ, ასე უწოდებს საკუთარ თავს არაერთი თაობის საყვარელი ნუნუ მასწავლებელი.

52 წელია პროფესიის ერთგულ, მომავალი თაობების წიგნიერების სადარაჯოზე რიგით „ჯარისკაცად“ დგას, საკუთარი მოსწავლეების ხარობს და იმასაც სიამაყით გვეუბნება, რომ მთელი ცხოვრება ქიმიას - ჯერ შესწავლას, შემდეგ კი სწავლებას მიუძღვნა. 

ქართულ განათლებაზე, სოფლის მასწავლებლების გამოწვევებზე, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონესა და პედაგოგის როლზე განსაკუთრებული თავმდაბლობით გვესაუბრება, ინტერვიუს ბოლოს კი, გულითად მადლობას გვიხდის იმისთვის, რომ ვიპოვეთ „სადღაც, სოფელში“, ქიმიის მასწავლებელი, რომელიც უამრავ საინტერესო საკითხზე გვიზიარებს მოსაზრებებს.

- ქალბატონო ნუნუ, 52 წელია განათლების სადარაჯოზე დგახართ... ხომ არ დაიღალეთ? 

- ცაგერში, მოსამსახურის ოჯახში დავიბადე, დედას და მამას საშუალო განათლება ჰქონდათ, მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, ყველანი კარგად ვსწავლობდით და წარჩინებით დავამთავრე ცაგერის საშუალო სკოლა, თუმცა მასწავლებლობაზე თავიდან არ მიფიქრია.

ისტორიის მასწავლებელი გვყავდა, შალვა ცვარიანი, რომელიც ბევრს გვესაუბრებოდა უნივერსიტეტზე და სწორედ მან მიბიძგა, სწავლა უმაღლესში გამეგრძელებინა. ქიმიის ფაკულტეტიც, წარჩინებით დავამთავრე და მხოლოდ ცაგერში დაბრუნებისას მივხვდი, რომ შალვა მასწავლებელმა მხოლოდ სწავლა კი არა, პედაგოგის პროფესია შემაყვარა... ბავშვობაში, არ ვსწავლობდი იმისთვის, რომ გამოვსულიყავი მასწავლებელი, ვსწავლობდი, რათა გამოვსულიყავი „ვიღაც“...

რაიონში დაბრუნების შემდეგ, გამანაწილეს სოფლის სკოლაში, რომელიც ცაგერიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იყო; დავდიოდი ფეხით, რადგან ავტობუსი არ იყო და მთელ გზას ფიქრში ვატარებდი... წარმოიდგინეთ, შორი არ მეჩვენებოდა ეს მანძილი, პირიქით, ალბათ საჭიროც იყო, მქონოდა დრო ფიქრისთვის სკოლაში მისვლამდე და შემეფასებინა დღე იქიდან გამოსულს.

- რას ფიქრობდით, ნუნუ მასწავლებელო?

- რამე ხომ არ შემეშალა, თუნდაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას... რა უნდა გამეკეთებინა, რომ ბავშვებს სწავლის სურვილი ჰქონოდათ, რა უნდა გამომესწორებინა...

- თქვენმა ასეთმა მიდგომებმა განაპირობა შემდეგ კარიერული წინსვლა? როგორც ვიცი, განათლების განყოფილების მეთოდისტიც იყავით და სკოლის დირექტორიც...

- ცაგერის საშუალო სკოლაში გადმოსვლის შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობდნენ და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, გადამიყვანეს განათლების განყოფილების მეთოდისტად, ამასთანავე ვიყავი რაიონის პედაგოგიური საზოგადოების თავმჯდომარე; ერევანშიც მიმიწვიეს - ყველაზე ახალგაზრდა და თანაც ქიმიის პედაგოგს უნდა დამეცვა ჩემი ნაშრომი; ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და მეორე ხარისხის დიპლომით დამაჯილდოვეს, მოგვიანებით კი, კოლეგებთან ერთად გადამიღეს ფილმში „ქიმიის მასწავლებლის გამოცდილება“, ესეც დიდი გამოცდილება და წარმატება იყო ჩემთვის. შემდეგ უკვე გადავედი სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილედ. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ცაგერში გაიხსნა მაშინდელი „გეპეის“ (ტექნიკური უნივერსიტეტის), მოსამზადებელი განყოფილებები, რომელსაც წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი. მოგვიანებით, ცაგერის საშუალო, შემდეგ კი, საჯარო სკოლის დირექტორი გავხდი, 65 წლის ასაკში პენსიაზე უნდა გავსულიყავი, როცა მივედი განათლების განყოფილებაში, ხელმძღვანელი ჩემი ყოფილი მოსწავლე იყო და ვკითხე, რა ისმოდა ახალ დირექტორზე. მან ღიმილით მიპასუხა, რომ ჩემს გათავისუფლებაზე დასტური არ მიუღიათ...  2013 წელს კი დავტოვე ეს თანამდებობა, იმის მიუხედავად, რომ არ მიშვებდნენ. ვაღიაროთ, დრო იყო თაობის შეცვლის... ამ საკმაოდ საინტერესო, გამოწვევებით სავსე, თუმცა სასიამოვნო გამოცდილების ბოლოს, დავრჩი ცაგერისა და ლასურიაშის სკოლების პედაგოგად. მე მაინც, ჩემს თავს ყოველთვის სოფლის სკოლის მასწავლებლად ვთვლიდი... 

- ამ პროფესიული გამოცდილების ფონზე, თავს მაინც სოფლის სკოლის პედაგოგად მიიჩნევთ... რას ნიშნავს ეს პროფესია თქვენთვის? 

- ექიმს უნდა უყვარდეს პაციენტი, რომ იყოს კარგი ექიმი... რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმთან ერთად, ასევეა პედაგოგობაც. მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვები და პატივს სცემდეს მათ, უნდა იყოს მიმტევებელი და რაც მთავარია პროფესიონალი, უნდა უყვარდეს ის გარემო, სადაც არის და სადაც პროფესიულ საქმიანობას ეწევა, უყვარდეს კოლეგები, ადამიანები, ცხოველები... ჰქონდეს თანაგრძნობის უნარი და შეეძლოს ადეკვატური რეაგირება ნებისმიერი გამოწვევის დროს, იყოს გაწონასწორებული - მინდა, რომ ამ თვისებებითა თუ უნარებით შემკული ვიყო, თუმცა როგორ გამომდის, ეს ჩემი მოსწავლეების შესაფასებელია. მოსწავლეების ჩემდამი სიყვარული მარტოობას მიმსუბუქებს და მილამაზებს, ეს საქმე ჩემთვის ყველაფერია. 

- როგორც ნონეშვილი ამბობდა, მასწავლებელი მართლაც ათასი ბავშვის მშობელია? 

- ნამდვილად ასეა, ყველა ჩემი მოსწავლე როგორც ღვიძლი შვილი, ისეა ჩემთვის, ზოგჯერ ვეტყვი ხოლმე - შვილები რომ მყოლოდა, თქვენზე მეტად ალბათ ვერ მეყვარებოდა-მეთქი. კარგად სწავლობს თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათთან ურთიერთობა საოცარ სიამოვნებას მგვრის. 

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს მასწავლებელს მოსწავლეზე?

- ძალიან დიდი როლი აქვს მასწავლებელს, მის იდეალზე გარკვეულწილად ვისაუბრეთ, ჩემი გამოცდილებით კი გეტყვით, რომ საუკეთესო ქიმიკოსები აღვზარდე, ჩემს ყოფილ მოსწავლეებს უთქვამთ -  თქვენი წყალობით გავხდით ისინი, ვინც ვართო... ჩემთვის ძალიან ემოციურია - აღზარდო თაობები და მათ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანო. 

- თქვენს თვალწინ არაერთი თაობა შეიცვალა - არის რადიკალური სხვაობა? 

- იყო შემთხვევა, როცა ერთი ოჯახის სამმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში - ჩემი მოსწავლეების შვილიშვილებს ვასწავლი ახლა, 52 წელი საკმაოდ დიდი დროა... თაობათა ცვლა მნიშვნელოვანი და უცვლელი პროცესია, თუმცა განსხვავებაც ბევრია - ადრე მეგობრობაც, მეზობლობაც სხვანაირი იყო, მეტად თბილები იყვნენ ბავშვები, ახალა თითქოს დაშორდნენ ერთმანეთს და ამის გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა მგონია რომ მთავარ განსხვავებას სხვა რამ განაპირობებს - ძველ თაობებს ტრადიციების დაკარგვის შიში ჰქონდათ და ახლანდელებს ნაკლებად აქვთ ეს განცდა. 

- არადა სასწავლო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბავშვებში ეროვნული ღირებულებების გაღვივების საკითხს...

- მე ძალიან მომწონს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები... ვინ მომცა შეფასების უფლება, თუმცა ეს ცვლილებები და ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირება ვფიქრობ, ძალიან კარგია. სკოლა ხომ ის ორგანოა, რომელსაც სახელმწიფომ და საზოგადოებამ დაავალა აღზარდოს პატრიოტები; ეს მთავარი დოკუმენტია, რომელსაც არ უნდა მოვშორდეთ -  მასწავლებელი მოსწავლეს უბრალო რჩევასაც, რომ აძლევდეს ეს რჩევაც გაწონასწორებული, გააზრებული და მიმანიშნებელი უნდა იყოს იმისა, როგორი თაობების აღზრდაც გვსურს.

პროგრესული ახალგაზრდობა მოდის, ტექნოლოგიებში გარკვეულები და მეტად ინოვაციურები, თუმცა გონიერება არის უმთავრესი, ბნელი გონება არ უნდა ჰქონდეთ და ჭეშმარიტებისკენ ისწრაფოდნენ, მასწავლებლები კი ამისკენ უძღვებიან მოსწავლეებს. ჩვენი ვალია სამშობლოს მოყვარე მოსწავლეები აღვზარდოთ და სწორ გზაზე დავაყენოთ... გულგრილად არ უნდა მივუდგეთ არც ერთ საკითხს, რომელიც ყოფიერებას განსაზღვრავს. 

- თუმცა მხოლოდ აღზრდა საკმარისია? 

- ბუნებამაც უნდა უშველოს, რა თქმა უნდა - ეს ჭკვიანური ნათქვამია და ზოგადად, ისეთი გამონათქვამები არსებობს, რომლებსაც ყველა ახალგაზრდა გულში უნდა იდებდეს! პატრიოტიზმი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაა და ეს შენში უნდა იყოს, შესისხლხორცებული უნდა გვქონდეს სიყვარული მოყვასის, სამშობლოსა და მშობლისა. 

- დავუბრუნდეთ სოფლის სკოლის მასწავლებლობას.... ქალბატონო ნუნუ, რა გამოწვევების წინაშე დგახართ სოფლის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები? 

- ყველაზე მთავარი პრობლემა მიგრაციაა, სოფლებში მცირე რაოდენობის მოსწავლეები გვყავს. ქალაქის სკოლებში გაკვეთილზე 20 მოსწავლეა, სოფლის სკოლებში 2-3, ყველაზე დიდი განსხვავებაც ალბათ განწყობაშია, სად სავსე სკოლა და ბავშვების ჟრიამული და სად ცარიელი კლასები. სხვა კუთხით განსაკუთრებული და დაუძლეველი პრობლემების წინაშე არ ვდგავართ. ერთადერთი ისაა, რომ სოფელში მე ვერ წარმომიდგენია მასწავლებელს მოსწავლეებისთვის სიტყვის - „მომისმინე“, თქმა უწევდეს, სკოლაში დავბერდი და ეს სიტყვა არასდროს მითქვამს. 

- ქიმიის პედაგოგი ბრძანდებით, საბუნებისმეტყველო საგნები მოსწავლეების უმეტესობისთვის რთულია - ეს ალბათ ცალკე გამოწვევაა თქვენთვის... 

- დიახ, რთულია და ამას ისიც ემატება, რომ სრულფასოვნად სწავლების შესაძლებლობა არ გვაქს. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, რომ სათანადო სიმაღლეზე იყოს, პირველ რიგში სკოლები უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ტექნიკით, იყოს ლაბორატორიები და კაბინეტები. ეს ის საგანია, რომელსაც პრაქტიკული სწავლება აუცილებლად სჭირდება - მოსმენილს თვალით ნანახი ჯობია. გამომდინარე იქიდან, რომ ლაბორატორიების ფუფუნება არ გვაქვს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ საშინაო ცდებს, მათ სამზარეულოში ყოველთვის მოიძებნება ის ნივთიერებები, რომლითაც კონკრეტულ თეორიას დაამტკიცებენ. 

- ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ფონზე, შეგვიფასეთ, სად ვართ განათლების დონით და ზოგადად, როგორია ქართულ განათლება? 

- თუ კვლევების შედეგებით ვიმსჯელებთ, არასახარბიელოა, მაგრამ მე სადაც ვარ იმ სკოლაში, ნაკლები პრობლემაა ამ კუთხით და ამას ისიც განაპირობებს, რომ ცოტა მოსწავლე გვყავს. ქალაქში მასწავლებლებს ბევრი მოსწავლე უზის გაკვეთილზე, ჩვენთან კი, როცა სკოლაში სულ 15-20 მოსწავლე გყავს „წელებზე ფეხი უნდა დაიდგა“. თავის სად გამოვყო, როცა კლასში 1 მოსწავლე მყავს და კარგად არ ვასწავლე ქიმია.

- ფიქრობთ, კლასში მოსწავლეთა სიმცირე სწავლების მაღალ დონეს განაპირობებს? 

- კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება უკეთესია, მასწავლებელი ყველა მოსწავლემდე მივა, მოსწავლე ისე არ გავა კლასიდან, რომ ერთ კითხვაზე მაინც არ მოუწიოს პასუხის გაცემა. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს მასწავლებელი 45 წუთიანი გაკვეთილი ყველა მოსწავლის იყოს, გაკვეთილი ხომ ყველასია? თუ ვერ რთავ ყველას, აუცილებელია, რომ რაოდენობა შემცირდეს. 

ერთი რამ მაწუხებს დიდი ხანია, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ერთი სახურავის ქვეშ მოაქციეს, მასწავლებლები, რომლებიც მაგალითად, ქიმიის სპეციალისტები არიან, აქვთ შესაძლებლობა ბიოლოგია ასწავლონ. მე ბიოლოგიასთან შეხება მქონდა, მაგრამ ქიმიით, როცა ბიოლოგიის სწავლება შემომთავაზეს უარი ვთქვი, მე მთელი ცხოვრება ქიმიის შესწავლას შევალიე, როგორ ვათქმევინებ ბავშვს, რომ ქიმია კარგად ვიცი და ბიოლოგია არ მცოდნია, ან სათანადოდ არ მცოდნია. ვფიქრობ, რომ ყველა საბუნებისმეტყველო საგანს თავისი სპეციალისტი სჭირდება. მე არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს. მგონია, რომ ამას ყურადღების მიქცევა სჭირდება, ვწუხვარ ამის გამო... მასწავლებელს განაკვეთსაც თუ შეუმცირებენ ამას არა უშავს პირიქით, ისეთი პირობები უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარ საქმეზე იმუშაოს. 

- ქალბატონო ნუნუ, რომ გქონდეთ შესაძლებლობა რა 3 მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანდით საგანმანათლებლო სისტემაში?

 - კლასებში მოსწავლეების რაოდენობას შევამცირებდი; პურის მცხობელმა პური უნდა აცხოს, ამიტომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, მასწავლებელმა ის საგანი უნდა ასწავლოს რისი სპეციალისტიც არის, კათედრების გაერთიანება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ გეოგრაფმა ისტორია ასწავლოს, ქიმიკოსმა ბიოლოგია და ა.შ. არ მინდა მასწავლებლები გამინაწყენდნენ, თუმცა ეს ჩემი შეხედულებაა, მე პატივს ვცემ ჩემს საგანს და იმ წლებს, რაც ამ საგნის შესწავლას მივუძღვენი; პროფესიულ სწავლებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი, სოფელში დურგალი, რომ დამჭირდეს ქუთაისიდან უნდა ჩამოვიყვანო, დაბერდა ის ხალხი, რომლებიც სოფელში ხელსაქმეს აკეთებდნენ და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მეტი ინტერესი გაუჩნდეთ, ეს მათ მიგრაციასაც შეაჩერებს. 

- და ბოლოს, რა არის თქვენი, როგორც თავად უწოდებთ საკუთარ თავს, ერთი სოფლის პედაგოგის მთავარი პროფესიული დევიზი?

- „ქვეყანას მივცე გონიერი და სწორად აღზრდილი თაობა“, - ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება, სოფელი ღონიერია, როცა იქ არიან გონიერი ადამიანები და გონიერ ადამიანებს ჩვენ, მასწავლებლები უნდა ვზრდიდეთ


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება