სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სწავლებისას წვრილმანი არ არსებობს, ყველაფერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები“ - ცირა ბოცვაძე, გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2024
-
+


40 წლის წინ თავი მომავალი თაობების განათლებას მიუძღვნა - სკოლაში „რიგით ჯარისკაცად“ - მასწავლებლად მივიდა და ახლა უკვე თავად ხელმძღვანელობს ცოდნის ტაძარს, რომელსაც წლები შეალია. გელა ბელაუსოვის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორმა ცირა ბოცვაძემ ოჯახური ტრადიცია გააგრძელა და თავის დროზე, როდესაც პროფესიას ირჩევდა, გადაწყვიტა, რომ თავი მასწავლებლობისა და ახალი თაობების აღზრდისთვის მიეძღვნა. როგორც ამბობს, ის ოჯახში მესამე თაობის პედაგოგია და წინაპრების გზასაც ღირსეულად აგრძელებს. 

დირექტორობის პარალელურად, მუსიკას ასწავლის, თუმცა ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ სკოლის ხელმძღვანელები მხოლოდ ამ საქმიანობით იქნებიან დაკავებული და საგაკვეთილო საათები არ ექნებათ. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბრიდან გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა რემონტდება, ამიტომაც მოსწავლეები და მასწავლებლები სხვა სკოლის შენობაში დადიან. მათ ყოველდღე ავტობუსით 5 კილომეტრის გავლა უწევთ. ამან კი, თავის მხრივ, როგორც ცირა ბოცვაძე ამბობს, მოსწავლეთა გადინება გამოიწვია, რაც ისედაც მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის მტკივნეული საკითხია. თანაც, სკოლა საბაზო საფეხურისაა და მოსწავლეები მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სწავლას სხვაგან აგრძელებენ. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ის 2024 წლის სექტემბრისთვის დასრულდება, ეს კი სასკოლო საზოგადოებას ნამდვილად ახარებს. 

ცირა ბოცვაძე etaloni.ge-ს სკოლის, არსებული გამოწვევების, საკუთარი თავის, პედაგოგებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ესაუბრა. 

- ქალბატონო ცირა, დირექტორობის პარალელურად, მასწავლებელიც ხართ, ამ ორ საქმიანობას ერთმანეთს როგორ უთავსებთ? 

- ჩემი აზრით, დირექტორს გაკვეთილები საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადი ყოფილა. ძალიან ბევრი საქმეა - სხვადასხვა ინფორმაცია, მიმდინარე საკითხები. ამ ყველაფერს, ძირითადად, გაკვეთილების შემდეგ ვაკეთებ, მაგრამ ხომ არის რაღაც სასწრაფო საქმეებიც. სკოლის ხელმძღვანელობა, გაკვეთილების ჩატარების პარალელურად, ურთულესი საქმეა. შესაძლოა, ეს იქიდან გამომდინარეც ხდება, რომ მე შედარებით ახალბედა ვარ.

- ამ ორი წლის განმავლობაში, რა სახის გამოწვევებთან გამკლავება მოგიწიათ?

- ვფიქრობ, ნებისმიერი საქმე და დავალება უკვე გამოწვევაა. სწავლებისას წვრილმანი არ არსებობს, ამიტომაც ყველაფერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. სწორედ ამის გამო, ვერაფერს გამოვყოფ.

- თავად თქვენს საგანს - მუსიკას რაც შეეხება, რამდენად ინტერესდებიან მოსწავლეები ამ დისციპლინით?

- ეს საკითხი ნამდვილად ინდივიდუალურია. მაგალითად, მე-4 კლასში უფრო აინტერესებთ, მე-8 კლასში - ნაკლებად. ფაქტია, რომ მუსიკა, როგორც საგანი დაწყებით საფეხურზე უფრო აინტერესებთ და ხიბლავთ. მე, ჩემი მხრივ, ყველანაირად ვცდილობ, რომ შევაყვარო. 

- როგორც ვიცი, თქვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ახლა რამდენი მოსწავლე გყავთ? 

- დიახ, მცირეკონტინგენტიანი ვართ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. თანაც, ახლა ჩვენს სკოლაში რემონტია და სხვა სკოლაში გადავედით, ყოველ დღე ავტობუსით 5 კილომეტრს გავდივართ, მეორე ცვლაში ვართ. ამ ყველაფერმა კი კონტინგენტის გადინება გამოიწვია. ამ მხრივ, ძალიან „გავღარიბდით“, ახლა სკოლაში 30-მდე მოსწავლე გვყავს.

- რა სირთულეები ახლავს მოსწავლეთა მცირე რაოდენობას და რა გესახებათ გამოსავლად? 

- ძალიან ბევრი სირთულე ახლავს. მათ შორის, მასწავლებლების დემოტივირება. ვცდილობთ, ბავშვებს ყველანაირად ხელი შევუწყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სკოლიდან არ გადავიდნენ.

ნეტავ, რამე გაჭრიდეს, ყველაფერს ვცდილობთ. ეს პრობლემა წლებია, რაც სკოლაშია. ყოველთვის იმაზე ვფიქრობთ, რისი გაკეთა შეიძლება. ჩვენი სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლოსა, ამან სირთულეებიც გამოიწვია, ბავშვები იქ გადადიან. რაც შეეხება გამოსავლის გზებს, ჩვენი სკოლის წინ გამგეობის შენობაა, ჩვენ მასწავლებელი დავიქირავეთ და ცეკვის წრე გავხსენით. გაკვეთილები შაბათ-კვირას ტარდება. მშობლებსაც უხარიათ, ძალიან კმაყოფილები არიან. ამ წრეზე არამხოლოდ ჩვენი მოსწავლეები, არამედ სხვა ბავშვებიც დადიან. ამან შეიძლება მოსწავლეები მოიზიდოს. 

- როგორც დირექტორისთვის, მოსწავლეებთან ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია?

- ვფიქრობ, ეს უმთავრესი ასპექტია. ჩვენ ყველა მათგანი საკუთარი შვილებივით გვყავს. განსაკუთრებულ სითბოს ვიჩენთ. თანაც სოფელია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ყველა ბავშვს დიდი ყურადღებითა და სითბოთი ვეპყრობით. ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა, ეს ყველაზე დიდი ხელოვნებაა, რაც ცხოვრებაში ყველგან გამოგვადგება. ამას ადამიანები ერთმანეთისგან ვსწავლობთ და ჩვენც ვასწავლით მოსწავლეებს.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, თითოეული პედაგოგისთვის რთულია, როდესაც მოსწავლეები მე-9 კლასიდან სხვა სკოლაში გადადიან...

- დიახ, მართლაც ძალიან რთულია. ბავშვებიც წუწუნებენ, რა მოხდებოდა ჩვენს სკოლას რამდენიმე ოთახიც რომ მიაშენონ, მაშინ აქ ვიქნებოდით თორმეტივე კლასიო. გადასვლა არ უნდათ, ძალიან განიცდიან, უცხო გარემოზე ფიქრობენ. ამ მხრივ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ, ხშირად ვესაუბრებით, ვუხსნით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გადასული ბავშვები მერე ხშირად გვსტუმრობენ და ახალი სკოლიდან მადლობებსაც ვიღებთ. ამის მოსმენა კი ძალიან სასიამოვნოა.

- რამდენი მასწავლებელი გყავთ და არიან თუ არა სერტიფიცირებულნი? 

- მთლიანად, მთელი პერსონალი 20-ნი ვართ. რა თქმა უნდა, სერტიფიცირებულები არიან. მხოლოდ ერთია უსტატუსო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია. ალბათ, დირექტორისგან ასეთი რაღაც იშვიათად მოგისმენიათ, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, სტატუსის მინიჭება გამოცდებზე უნდა იყოს დამოკიდებული?

- არა, არ უნდა იყოს... მე რომ მაგალითი მოგიყვანეთ, ის პედაგოგი, ჩემი აზრით, მენტორის დონისაც არის, თუმცა მის შემთხვევაში გამოცდებმა არ გაამართლა, თუმცა არის ისეთი კატეგორია, რომლებთანაც გამოცდებმა გაამართლა... შესაბამისად, ეს საკითხი მაინც ინდივიდუალურია.

- ამ ეტაპზე, რას გინდათ, რომ თითოეულ მოსწავლესთან მიაღწიოთ?

- დღეის მდგომარეობით, სკოლებში შედარებით პრობლემური საკითხი დისციპლინაა. რომ გადახედავ სასკოლო საზოგადოებას, ვერ გაარჩევ, რომელია მოსწავლე და მასწავლებელი. მეც ვერ გამომარჩევთ ჩემი მოსწავლეებისგან. აი, ეს, ალბათ, იმის გამოცაა, რომ დირექტორი ვარ და თან საგანს ვასწავლი. გაკვეთილზე როდესაც ვარ, იმათი ტოლი ვარ, იმათ დონეზე ვარ. ამასთან, როდესაც გაკვეთილიდან გამოვედი და დირექტორობა, უფრო მეტად აკადემიურობა დამჭირდა, ცოტა გამიჭირდა. ეს იმის გამო, რომ ერთ ოთახში მასწავლებელი და მათი ტოლი და მეორეგან - დირექტორი ვერ ვიქნები. სხვადასხვა ადამიანი ვერ გავხდები. დისციპლინაში რამის გამკაცრებას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ამ საკითხზე ცოტა სამუშაოა. 

- საინტერესოა, ცხოვრება მასწავლებლის პროფესიას რატომ მიუძღვენით...

- ეს ჩემი ოჯახის დიდი ტრადიციაა. მე ჩემი ოჯახის მესამე თაობის მასწავლებელი ვარ. სხვა პროფესია ვერც წარმომედგინა - პატარაობიდან, რაც ფეხი ავიდგი, ყოველთვის მასწავლებლობანას ვთამაშობდი. მეტიც, დედაჩემი და თავისი დები, ექვსივე მასწავლებლები იყვნენ. ბაბუაჩემი - მათი მამაც პედაგოგი იყო, მან ისე განაწყო შვილები, რომ ყველამ ეს პროფესია აირჩია. 

- ეს ტრადიცია თქვენს ოჯახში ახლაც გრძელდება? 

- არა, სამწუხაროდ, არა. ერთი შვილი მყავს და ამ პროფესიას არ გაჰყვა. მეტიც, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ არც ახალ თაობაშია ეს პროფესია დიდად პოპულარული. 

- ბოლოს, რადგან პროფესიაზე ვსაუბრობთ, ზოგადად, რას ურჩევდით თქვენს მოსწავლეებს, რის მიხედვით აირჩიონ რას დაუკავშირებენ თავის მომავალ საქმიანობას ? 

- რამდენიმე წელია, რაც ჩვენს სოფელში კოლეჯი გაიხსნა. მრავალი საინტერესო და გამოსადეგი მიმართულება აქვს, სწავლება ორი სმენაა. თანდათან, ვფიქრობ, ამ მხრივ, ბავშვების ცნობიერებაც ამაღლდა, ადრე ვერც უხსენებდი. ახლა გვიჯერებენ, ღია კარის დღეზე მივდივართ. რამდენიმეს უნდა, რომ სწავლა სწორედ ამ კოლეჯში გააგრძელოს და პროფესიის დაეუფლოს. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგია. ვფიქრობ, პროფესიის არჩევისას, პროფესიულ კოლეჯებსა და მათ მიმართულებებსაც უნდა გადახედონ. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
სადაურობის სახელთა წარმოება -ეთ და -ის სუფიქსების შემცველი გეოგრაფიული სახელებისგან
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
დამსწრე საზოგადოება გაეცნო ბიბლიოთეკის მკითხველების - გივი ძველაიასა და გოგუცა გვაზავას შემოქმედებას.
ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე მესხია გახლდათ
„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა მთელ სკოლაში სუფევდა
მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს პედაგოგის - მარინა მიქელაძის ხელმძღვანელობით, აქტივობები განახორციელეს
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება