სიახლეები
ეტალონი

„დიდი სურვილი მაქვს, „ეტალონი“ დაწყებით კლასებშიც ტარდებოდეს“-  თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში I ეტაპი გაიმართა
28-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

26 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 28 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორებმა ისაუბრეს. 


ნათელა არაბული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი:


გვინდოდა, რომ უფრო მეტი მოსწავლე დაგვერეგისტრირებინა, თუმცა ელექტროენერგია არ გვქონდა და ამან ხელი შეგვიშალა. თორემ დარწმუნებული ვარ, რომ უკეთეს შედეგებს მივიღებდით. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, არანაირი შეფერხება არ ყოფილა, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად, ლეპტოპებით იმუშავეს. მადლობას ვუხდი „ეტალონს“ ასეთი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი ნამდვილად საჭიროა, რადგან მოსწავლეებს მოტივაცია უმაღლდებათ და სწავლის სურვილი მეტად უჩნდებათ. თანაც, ისიც არის, რომ საბაზო სკოლები თითქოს ვიჩაგრებით, რადგან ნაკლები ოლიმპიადები და კონკურსები გვეხება. ისინი ძირითადად მე-10 -მე 12 კლასების მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ამის ფონზე, ძალიან კარგია, რომ ბავშვები ასეთ აქტივობებში ერთვებიან.

თეა მეტრეველი, ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

კონკურსში საშუალო საფეხურის 7 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 6 მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ძალიან სასიხარულო და საამაყოა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ „ეტალონის“ პრაქტიკა მომწონს, რადგან ბავშვებს მოტივაციასა და საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეები ტესტირების პროცესში დიდი სიამოვნებით, საკუთარი სურვილით, ჩაერთნენ. შარშან „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ გვყავდა. ზოგადად, ჩვენ ინტელექტ-ჩემპიონატში ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ. ამით მოსწავლეებს თვითშეფასება უმაღლდებათ. წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“, მივესალმები ამ აქტივობას, რაც ბავშვების ასე დაინტერესებასა და მოტივირებას იწვევს.


ნინო ამბროლაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობითა და მიღებული შედეგებით ჩემი სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მთელ ხეობაში შუქი წავიდა და 3-მა მოსწავლემ ვერ მიიღო მონაწილეობა. დანარჩენები კომპიუტერების ოთახში შევიყვანეთ და დამოუკიდებლად იმუშავეს. ჩვენ ამ კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება გვაქვს, შარშან ჩვენი მოსწავლე მუნიციპალური მასშტაბით, მესამე ადგილზე გავიდა.

ნუკრი კობახიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მსგავს კონკურსებს ყოველთვის მივესალმები. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ, ერთ-ერთი მათგანი დედას აცილებდა უცხოეთში და ტესტები გზაში შეასრულა. დანარჩენები სკოლიდან ჩაერთნენ, საკმარისად გვაქვს კომპიუტერები, რადგან ახალი სკოლა ვართ და ყველანაირი საშუალება გვაქვს. მეორე ეტაპზეც ანალოგიურად ვაპირებთ. სულ 6 მოსწავლე ჩაერთო, პროცესმა ნორმალურად, ორგანიზებულად ჩაიარა.

ია კვატაია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ ჩემი სკოლიდან 27 მოსწავლე მონაწილეობდა. იქედან გამომდინარე, რომ კომპიუტერული ლაბორატორია გამართული არ გვაქვს, სამწუხაროდ, სკოლაში მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილმა შეასრულა ტესტები, დანარჩენება, ძირითადად, სახლიდან იმუშავეს. მეორე ეტაპისთვის ვგეგმავთ, რომ სკოლიდან იმუშაონ. მოსწავლეები ამ დღეს ელოდნენ და უკვე მომავალი წლისთვისაც გამოთქვამენ მზაობას. ახლა უკვე გამოცდილება მიიღეს და წინასწარ ემზადებიან. მე მაქვს, წლების წინ, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ნაჩუქარი „ეტალონის“ წიგნი. ის ხელიდან ხელში გადადის. ტესტირებისას თუ რაიმე კითხვა ჰქონდათ „ეტალონში“ რეკავდნენ და არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა უყურადღებოდ, ყველა მათგან მაქსიმალურად დაეხმარნენ. 5 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა. თავიდან, როდესაც თერჯოლაში „ეტალონი“ დაიწყო გამარჯვებული ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ეს პატარებისთვის უფრო დიდი სტიმულია, რადგან ფიქრობენ, მაშინ თუ გაიმარჯვა, ჩვენც შევძლებთო.

ზვიად გაბრიჭიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ტესტირების პროცესმა ორგანიზებულად ჩაიარა, მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. მართალია, მეორე ეტაპზე ვერ გავიდნენ, თუმცა გამოცდილება მიიღეს და „ეტალონის“ მადლობელი ვართ. ჩემი სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში გასულ წლებშიც მონაწილეობდნენ. რაღაც პერიოდი პანდემიამ შეგვიშალა ხელი. პროექტი რომ საინტერესოა, ამაზე მოსწავლეთა აქტიურობაც მეტყველებს. ვფიქრობ, მსგავს პროექტებში მონაწილეობა აუცილებელია.

ინგა ცირეკიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული იყვნენ, ტესტირებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ემზადებიან. დიდი სურვილი მაქვს, რომ „ეტალონი“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაც ტარდებოდეს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ჩემპიონატია, ბავშვები მოტივირებულები არიან. სხვათა შორის, გვყავს ერთი მოსწავლე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილებზე ცოტას ზარმაცობს, თანაც ცელქია. ახლა კი მითხრა, რომ მე მეორე ეტაპზე გადავედიო, ძალიან გახარებული და იმდენად მოტივირებული იყო, რომ დღეს გაკვეთილებიდან საერთოდ არ გამოსულა, კომპლექსური დავალებები მომეცითო, ითხოვდა. მითხრა, რასაც ვისმენ გაკვეთილზე, იქედან მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგაო. აქედან გამომდინარეც, ვამბობ, რომ „ეტალონი“ ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება.


დავით ყიფშიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი კონკურსია, მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ, ცდილობდნენ, რომ სწრაფად ეპასუხათ. შედეგებით ჩვენც კმაყოფილები ვართ და ბავშვებიც. მათ აქვთ მოტივაცია და ცდილობენ, რომ წარმატებას მიაღწიონ. თქვენი „ეტალონიც“ მთლიანად მოსწავლეთა ინტერესებზეა მორგებული და სწორედ ამიტომ მოგვწონს.

თამაზ ცუცქირიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენთან „ეტალონი“ ისეთი მასშტაბური აღარ იყო, როგორც წინა წლებში, რადგან იმდენი მოსწავლე აღარ გვყავს. ახლა ვინც ჩაერთნენ, დაინტერესებულები იყვნენ, თუმცა ასევე იყო ნერვიულობისა და ღელვის ფაქტორიც. ვფიქრობ, „ეტალონი“ საინტერესო კონკურსია, რომელშიც კითხვები სხვადასხვა საგნიდან ერთიანდება. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მიყვარს.

დოდო მოდებაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩემი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობით ძალიან დაინტერესებულები არიან. ყველა გამოწვევას დიდი შემართებით ხვდებიან. რაც შეეხება „ეტალონს“, მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ამიტომ ტესტირებაში დარეგისტრირებული მოსწავლეთა რაოდენობაც შესაბამისი იყო. 3 მათგანი მონაწილეობდა, სამწუხაროდ, მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ, თუმცა გამოცდილება მიიღეს. ვფიქრობ აღნიშნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია, რადგან მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას ხელს უწყობს. მადლობელი ვარ „ეტალონის“.


ნანა გაგნიძე, ხაშურის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები სახლიდან ჩაერთნენ, რადგან ჩვენი სკოლის დემონტაჟი მიმდინარეობს და ახლა სხვა სკოლაში ვართ. მოსწავლეები მონაწილეობით ძალიან დაინტერესებულები იყვნენ. ვფიქრობ, ეს კონკურსი საუკეთესოა, რადგან ბავშვების მოტივაციასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

ასმათ ბერიძე-კოპაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლის დირექტორი: 

კონკურსის პირველი ეტაპი სკოლაში, კომპიუტერულ ლაბორატორიაში ჩატარდა, გამოყოფილი იყო მეთვალყურე, რომელიც ტესტირების პროცესს აკვირდებოდა. პირადად მე საკითხები არ მინახავს. ბავშვები რომ გამოდიოდნენ, ამბობდნენ, რომ საშუალო სირთულის, საინტერესო კითხვები იყო. თქვეს, რომ სამომავლოდ ცოტა მეტს წაიმეცადინებდნენ, რომ უფრო მზად იყვნენ. ვფიქრობ, როდესაც „ეტალონის“ ტური მოახლოვდება ხოლმე, გამოვყო მასწავლებელი, რომელიც მათ დამატებით ამეცადინებს. გვინდა, შედეგები გავაუმჯობესოთ. ახლა მეორე ეტაპს ველოდებით. 

ლიანა ლომიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, სამწუხაროდ, მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ, თუმცა გამოცდილება მიიღეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ, ძალიან კარგი ბავშვები არიან. ეს შედეგი შეიძლება ჩვენი ბრალიცაა, რადგან სარეაბილიტაციო პროექტში ვართ ჩართული და ცოტა არეულები ვართ. შეიძლება ამ ფაქტორმაც იმოქმედა. თავად კონკურსი ძალიან საინტერესოა. ვინც პროცესს კურირებდა, იმ პედაგოგმაც აღნიშნა, რომ ტესტირებამ შეფერხებების გარეშე ჩაიარა.


ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - თერჯოლა, ჭიათურა, ხაშური, ლაგოდეხი და ტყიბული

თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება