სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„კლასელებმა ერთმანეთის ნიშნები არ უნდა იცოდნენ“ - სკოლის დირექტორები მოსწავლეთა შეფასების კონფიდენციალურობაზე
16-11-2021
-
+


სასკოლო საზოგადოებაში ნიშნების კონფიდენციალობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კონკრეტული მოსწავლის ნიშანი მთელმა კლასმა და მშობლებმაც უნდა იცოდნენ. მათი აზრით, ეს სხვებისთვის, შესაძლოა, მაგალითი და მოტივაცია იყოს. მეორე ნაწილის აზრით,  არავის აქვს მოსწავლის ნიშნის ცოდნის უფლება, რადგან ამით ადამიანის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა ირღვევა და ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეებისთვის ეს გარკვეულ სტრესთანაცაა დაკავშირებული. Etaloni.ge აღნიშნულ საკითხზე სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

ავთანდილ მახარაძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლის ნიშანი აუცილებლად კონფიდენციალური უნდა იყოს. როდესაც მოსწავლე დაბალ ნიშანზე სწავლობს, სხვამ მას შეიძლება დასცინოს და დისკომფორტი შეუქმნას. ამით კი, თავისთავად, ბავშვის უფლებების დაირღვევა; ამიტომ სჯობს, კონფიდენციალური იყოს. ამ შემთხვევაში, შეჯიბრებითობის პრინციპიც ამოვარდება და მოსწავლე არა ნიშნისთვის, არამედ ცოდნისთვის ისწავლის. მით უმეტეს, სხვების მშობლებმა არ უნდა იცოდნენ კონკრეტული მოსწავლის ნიშანი, რადგან ისინი უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამიტომაც ჯობია, რომ მხოლოდ თავისი შვილის ნიშანი იცოდეს მშობელმა. რაც ელექტრონული ჟურნალი შემოვიდა, ბავშვებს ნიშანთან წვდომაც აღარ აქვთ. იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებელს ჟურნალი კლასში შეჰქონდა, იქ უკვე ნებსით თუ უნებლიეთ, მოსწავლე სხვის ნიშანსაც ხედავდა. ელექტრონულმა ჟურნალმა კი ეს პრაქტიკა შეაჩერა.

აქბარ ველიევი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, სხვა მოსწავლეებმა იმ შემთხვევაში უნდა იცოდნენ კონკრეტული მოსწავლის ნიშანი, თუ იგი ფრიადოსანია. ამით სტიმული მიეცემათ, მათაც მოუნდებათ კარგი ნიშნები. ვფიქრობ, თუ მოსწავლეს სწავლა უჭირს და დაბალი ნიშნები ჰყავს, სჯობს, ეს სხვამ არ იცოდეს.

ტარიელ ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დიდი უბედურება არ არის იმაში, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთის ნიშნები იცოდნენ. წლები განმავლობაში ამ პრაქტიკას ვიყენებდით და არ მგონია, ამას რაიმე ცუდი გავლენა ჰქონოდა. დამალვით ეგ ფაქტი მაინც არ დაიმალება და ამ საკითხს ასეთი დიდი ყურადღება რატომ უნდა დავუთმოთ, მაინც ვერ გავიგე. შეიძლება ნიშნების კონფიდენციალურობამაც გამოიღოს რაიმე დადებითი შედეგი. შესაძლოა ამ პრაქტიკამაც გაამართლოს, ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგი არ ვარ.

გიორგი რამიშვილი, ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სხვა მოსწავლეებმა თავიანთი კლასელის ნიშანი არ უნდა იცოდნენ. ნიშნების კონფიდენციალურობას დადებითი მხარეები აქვს. მოსწავლეზე ის ფაქტი მოქმედებს, რომ ვიღაცას მაღალი ნიშანი აქვს და ეს არაა მიზანშეწონილი. ჩემი აზრით, მოსწავლის მოტივაცია ნიშანზე არაა დამოკიდებული, მოტივაციას მოსწავლე გაკვეთილზე იღებს. ნიშანი აქ არაფერ შუაშია. როდესაც მშობლებმა ყველა მოსწავლის ნიშანი იციან, მერე მოდიან, გსაყვედურობენ, ჩემს შვილს დაბალი ნიშანი უწერიაო, ვიღაცას მაღალი ჰყავსო. ამიტომ ჯობია, რომ ნიშნები კონფიდენციალური იყოს.

ლია ხაჩიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ნიშანი, რა თქმა უნდა, კონფიდენციალური უნდა იყოს, რადგან არაა მიზანშეწონილი, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთის ნიშნები იცოდნენ. ამან შეიძლება დაცინვა ან გაღიზიანება გამოიწვიოს. ჩვენ სკოლაში ასეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ საერთო თვალსაზრისით ვამბობ, რომ უმჯობესია კონფიდენციალურობა დაცული იყოს. თითოეულ მშობელს პედაგოგმა ინდივიდუალურად უნდა აცნობოს თავისი შვილის ნიშანი.

მანანა მათეშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, აქ ბავშვებმა ერთმანეთის ცოდნა იციან. ზოგადად, კი მივესალმები, რომ იყოს კონფიდენციალური, მაგრამ ჩვენს სკოლაში რადგან ცოტა მოსწავლეა, ერთმანეთის ნიშნები და შესაძლებლობები ისედაც იციან. როდესაც მოსწავლე მე-9 კლასს ამთავრებს, ათოსანს კომპიუტერი გადაეცემა, რაც უდიდესი ჯილდო და სიხარულია... რატომაც არა, იცოდნენ სხვებმაც - ისეთი კარგი მოსწავლეა, რომ ჯილდო გადაეცა. ამით, შესაძლოა, მოტივაცია მის კლასელებსაც მიეცეთ. ეს ჯანსაღ კონკურენციასაც წარმოშობს - სხვებისთვის სტიმულია, მოსწავლე კარგად სწავლისთვის რომ იღებს ჯილდოს. ნიშანი უფრო სტიმულია, ვიდრე კონკურენცია.


ნუგზარ მუმლაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, მოსწავლის ნიშანი კონფიდენციალური უნდა იყოს. ის არც სხვა მოსწავლეებმა და არც სხვისმა მშობლებმა უნდა იცოდნენ. მოსწავლე, ზოგჯერ მაღალი ნიშნის გამო სხვებს თავს ამეტებს და ამის გამო შეიძლება სხვა ბავშვები დაიჩაგრონ. ნიშნების კონფიდენციალურობით ბავშვთა უფლებები უფრო დაცულია.


კომენტარები


სიახლეები
დირექტორის სტანდარტი წლის ბოლოს შემუშავდება - სამინისტრო სკოლის ლიდერობის კონცეფციაზე მუშაობს
ისრაელში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და მათი ნახევარი 11 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში ფიქსირდება
ელექტრონული ჟურნალი თანამედროვეობას მორგებული ოფიციალური დოკუმენტია
შეიძლება თუ არ რომ გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს შეზღუდული ჰქონდეთ ზარის წამოწყება
საჯარო მოხელეს საჩუქრის აღება შეუძლია, თუმცა ეს არ გულისხმობს მასწავლებლებისთვის, ოქროს ბეჭდის ჩუქებას
სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება