სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ, ყველანი ერთად, დავრეკავთ „კოვიდზე“ გამარჯვების ხანგრძლივ ზარს“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის დირექტორმა სასწავლო წელი შეაჯამა
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ლაბაძემ 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა. დირექტორი საქართველოში ეპიდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო სკოლაში განხორციელებულ ცვლილებებზე მოგვითხრობს:

ჩვენ ეს შევძელით ! - გუნდურობის ძალა

„30 წელზე მეტია სკოლაში ვმოღვაწეობ. საბჭოთა სკოლიდან მოყოლებული დღემდე მრავალი გამოწვევის წინაშე მდგარა სკოლის საზოგადოება, მაგრამ ამდენი ხნით მოსწავლისა და მასწავლებლისათვის  სკოლის კარები არ დაკეტილა.

„კოვიდ-19-მა“ სულ სხვა, უჩვეულო გამოწვევის წინაშე დაგვაყენა - ჩაწყნარდა, გაირინდა, გაქვავდა ყველაფერი... შიში, დაბნეულობა, გამოუცდელობა, დაძაბულობა,  ერთმანეთში აირია... და აი პირველი რეკომენდაციაც - „თუ ასე გაგრძელდა, მოგვიწევს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა“- უამრავი ფიქრი მომეძალა,  ეს ხომ უტოპიაა, ნუთუ ეს შესაძლებელია?! როგორ უნდა მოვახერხო  1250  ბავშვი და 70 მასწავლებელი ჩავრთო ამ პროცესში...სოციალური ფონი,  გამოუცდელობა, ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ნაკლებობა ... ჩვენი სამინისტროს მიერ შემოთავაზებული Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობაც  ხომ ამ პირობებში აბსურდულად მიმაჩნდა და საბოლოო დასკვნა - არა, ეს შეუძლებელია!

ტელეფონის ზარმა  გამომაფხიზლა,  ჩემი  პედაგოგი რეკავს და მეკითხება: - რა  უნდა ვქნათ, ქალბატონო ნანა, დისტანციურად უნდა ვასწავლოთ?  - პაუზა... კი, რა თქმა უნდა,  დაელოდეთ ჩემს რეკომენდაციებს. მივხვდი, რომ მოქმედებების დრო დადგა. პირველი, რაც გავაკეთე, ჩემი მასწავლებლების  დახურული ჯგუფი შევქმენი სოციალურ ქსელში, გავამხნევე პედაგოგები და ყველას აქტიური და ოპერატიული მოქმედებებისაკენ მოვუწოდე.  ორ დღეში სოციალურ ქსელში ყველა კლასს დახურული ჯგუფი ჰქონდა გახსნილი  და ახალი განრიგით შეუდგნენ მუშაობას. სკოლის დირექცია, საინფორმაციო მენეჯერი, საქმისმწარმოებელი და რამდენიმე ახალგაზრდა პედაგოგის დახმარებით აქტიურად შევუდექით მოსწავლეებისა და მასწავლებლების ელექტრონული მისამართების   გააქტიურებას.  ძალიან მოკლე დროში teams-ს პორტალი გავმართეთ, დაიწყო ონლაინ გაკვეთილები, დაიწყო და დღემდე  არ გაჩერებულა ... საოცარი რამ მოხდა: შეიკრა, გაერთიანდა, ერთ ძალად, ერთ ორგანიზმად  იქცა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. ის პედაგოგიც კი, სიტუაციით შეშინებული,  ცოტა ხნის წინ განცხადების დაწერას და სკოლიდან წასვლას რომ აპირებდა, „რა ვქნა, მე ამას ვერ შევძლებ ...“  კოლეგების ხელშეწყობით დღეს აქტიურად არის ჩართული ფერხულში.

მარტო გაკვეთილები კი არა, მთელი არქივი შეიქმნა სკოლის ისტორიაში,  ,,კოვიდის“ არქივი:  საინტერესო აქტივობებით, პრეზენტაციებით,  პროექტებით, საგანმანათლებლო რესურსებით, ვიდეორგოლებით, სპექტაკლებით, გამოფენებით... დატვირთული. შევძელით, რომ დისტანციურად გაგვეხსენებინა 9 აპრილს დაღუპული გმირები, გვეზეიმა დედაენის, საქართველოს დამოუკიდებლობის, დედამიწის, ბავშვთა დაცვის  დღე,  არც თურქი მეგობრები გამოგვრჩენია, ვიდეო კლიპით, მივულოცეთ  თურქეთის სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის დღე - 23 აპრილი.   შევძელით, რომ დისტანციურად დავმშვიდობებოდით და მოვფერებოდით ჩვენს მე-12 კლასელებს, ანბანთან  დამშვიდობება ეზეიმა პირველკლასელებს, მე-4 კლასელებისთვის დაგველოცა გზა მეხუთე კლასისკენ და მათთან ერთად მადლობა გადაგვეხადა პირველი მასწავლებლებისთვის, დისტანციურად ჩავრთულიყავით სასკოლო თუ სკოლის გარეთ საგანმანათლებლო პროექტებში, ტრენინგებსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  უკვე იმდენი რამ არის გასახსენებელი, რომ დაუსრულებლად    შეიძლება  ამაზე საუბარი.

მადლობა თქვენ, ჩვენო მონატრებულო ბავშვებო! მადლობა, რომ მამაცურად გაუძელით ამ ყველაფერს, მადლობა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, იმ ჯადოსნური სხივისთვის, რომელსაც ასხივებდით ეკრანებიდან  და ძალას და გამძლეობას გვმატებდით. თქვენ ძალიან ძლიერი თაობა ხართ,  დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ  დაბრკოლებას  გაუმკლავდებით, ღირსეულად ჩადგებით ქვეყნის სამსახურში და წარბშეუხრელად ჩაიბარებთ ჩვენი სამშობლოს მომავალს. გილოცავთ ამ უჩვეულო სასწავლო წლის დასრულებას!    ნაყოფიერ  და საინტერესო დასვენებას გისურვებთ.

მადლობა ჩემს პედაგოგებს, მადლობა იმ თავდადების, თანადგომის, გამძლეობისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ, გუნდი, სადაც ერთის წარმატება ყველას წარმატებაა და ყველას წარმატება - ერთის, არ არსებობს არანაირი ბარიერი, რომლის გადალახვასაც თქვენ ვერ შეძლებთ. პედაგოგებო, თქვენ, საქართველოს ყველა პედაგოგთან ერთად,  კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ქვეყნისათვის ძალიან ძლიერი ძალა ხართ. დისტანციურმა სწავლებამ  ნათლად  დაანახა  საზოგადოებას თქვენი შრომის ფასი და მაღლა ასწია თითქოსდა მივიწყებული თქვენი ავტორიტეტი.

მადლობა ჩვენს მშობლებს, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. თუ არა თქვენ,  ჩვენ მარტო ამას ვერ შევძლებდით, მადლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისათვის, აქტიურობისა  და ერთგულებისთვის. ძალიან ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი ფურცელი შექმენით, თქვენს შვილებთან ერთად, ჩვენი სკოლის ისტორიაში. არასოდეს დამავიწყდება, თუნდაც ერთი... მე-2 კლასელის პრეზენტაციის დროს, ექსპრომტად, შვილისა და დედიკოს  მიერ შესრულებული მთიულური ცეკვა...ადრესატი ალბად,  თავის თავს გამოიცნობს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის ყველა თანამშრომელს, რომლებიც  ექსტრემალურ პირობებშიც კი პირნათლად ასრულებდნენ    თავიანთ  მოვალეობებს, განსაკუთრებული მადლობა სკოლის დარაჯებს, მათ ხომ  ამ ხნის მანძილზე ერთი წუთითაც არ მიუტოვებიათ სკოლა.

მადლობა ჩვენს განათლების,  მეცნიერების,  კულტურის და სპორტის სამინისტროს  დაუღალავი შრომისათვის, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. მათ ნამდვილად ყველაფერი გააკეთეს  იმისათვის, რომ სასწავლო წელი არ ჩაშლილიყო; მადლობა ტელესკოლისთვის და  იმ რესურსებისთვის, რომლებსაც ოპერატიულად  ვიღებდით, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩენილიყო სასწავლო პროცესის მიღმა.

მადლობა ჩვენს, ისანი-სამგორის რესურსცენტრს, ქალბატონ მეგი როსტიაშვილ-წიკლაურს, თავის საოცარ გუნდთან ერთად იმ თანადგომის, მხარდაჭერის, სითბოსა  და სიყვარულისთვის, რომელსაც  არასდროს  იშურებენ,   ნებისმიერი  სკოლის მიმართ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მინდა ამაყად ვთქვა - ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ ეს გამოგვივიდა!  და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,  თუ რა ძალა აქვს  გუნდურობას.

დარწმუნებული ვარ თითოეულმა  სკოლამ ჩვენი გზა განვლო და ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის,  რომ სასწავლო წელი მშვიდობით დასრულებულიყო.    მთელი საქართველოს მასშტაბით მინდა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს მივულოცო 2019-2020  სასწავლო წლის დასრულება და წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში.

დავდივარ სკოლის ცარიელ დერეფნებში და ყურში ბავშვების ხმები ჩამესმის, დაგვიანებული, მაღალი კლასის მოსწავლის ზურგს უკან მოსალმება „გამარჯობა, ნანა მას..“, საოცარი პატარები, კედელს  რომ აეკვრებიან და გაბრწყინებული თვალებით გეტყვიან „გამარჯობა, დირექტორო!“,  ეს სულ სხვაა...  ბავშვებო, თქვენი ჟრიამული მოენატრა სკოლას, გპირდებით, რომ სექტემბერში ჩვენ, ყველანი ერთად, დავრეკავთ ,,კოვიდზე“  გამარჯვების ხანგრძლივ ზარს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება