სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლალი ფეტელავამ მუშაობის წლიური ანგარიში წარმოადგინა
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგმა და პირველკლასელთა დამრიგებელმა - ლალი ფეტელავამ მუშაობის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

„27 მაისს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველკლასელებმა ჩვეულებრივისგან განსხვავებულ ვითარებაში დაასრულეს მიმდინარე სასწავლო წელი.

ონლაინ-რეჟიმში ჩატარებულ პედსაბჭოზე სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგმა და პირველკლასელთა დამრიგებელმა - ლალი ფეტელავამ წარმოადგინა მუშაობის წლიური ანგარიში.

პედსაბჭოს შემდეგ სურვილი გაგვიჩნდა დამატებით გავსაუბრებოდით წარმატებულ პედაგოგს - აფხაზეთში - გალში დაბადებულ დაწყებითი კლასების წამყვან მასწავლებელ - ლალი ფეტელავას...

-ქალბატონო ლალი, გილოცავთ უცნაური სასწავლო წლის დასრულებას. როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ იმ მიზანს, რასაც სასწავლო წლის დასაწყისში ისახავდით?

-ნამდვილად უცნაური სასწავლო წელი გამოვიდა. როგორც იცით,  საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ - პანდემიის გამო, სასწავლო პროცესმა ფორმა და ადგილი შეიცვალა. სწავლა-სწავლების პროცესი  გავაგრძელეთ დისტანციურად TEAMS-ის პლათფორმაზე. ეს იყო უმთავრესი გამოწვევა, რის წინაშეც აღმოვჩნდით.  სწავლების პროცესის ცვლილებებთან ერთად დამჭირდა დისტანციური სწავლების სტრატეგიების გამოყენება, აქტივობების შეცვლა და მათი მორგება ვირტუალურ სივრცეზე.  ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა, რადგან მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული დისტანციურ სწავლებაში, რაც განაპირობა მშობლების მიერ ინტერნეტით უზრუნველყოფამ. სიახლეს კარგად აუწყვეს ფეხი ბავშვებმა, სწრაფად აითვისეს სიახლეები  და ნაყოფიერად იმუშავეს. მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული  სასწავლო პროცესში. ისინი გაეცნენ სწავლების მეთოდებს და აქტივობებს, უწევდნენ დახმარებას თავიანთ შვილებს. მოსწავლეებთან ერთად შევძელით ქართულში, მათემატიკასა და ბუნებაში გავსულიყავით სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე. პირველი  კლასი  ყველა  მოსწავლემ  წარმატებით  დაამთავრა.  მინდა აღვნიშნო, რომ პირველკლასელებმა  კარგად აითვისეს კომპიუტერებზე  მუშაობა: ასრულებდნენ  სხვადასხვა სახის  სავარჯიშოებს,  ტესტებს. გარკვეულ დონეზე მათ უკვე შეუძლიათ მუშაობა შემდეგ პროგრამებში:  Word, Power point, Paint, Teams, Forms.  მიხარია, რომ მათ დავეხმარე  საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭის, უნარების, ინტერესების გამოვლენასა და რეალიზებაში.
-როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დაამახსოვრდეთ მათ პანდემიამდე და პანდემიის დაწყების პერიოდიდან?

-2019-2020 სასწავლო  წლის  დასაწყისში  პატარებს სკოლაში დახვდათ მოწესრიგებული საკლასო ოთახი. მოსწავლეებმა  მიიღეს ახალი   სახელმძღვანელოები და   კომპიუტერები. შეუძლებელია ეს მათ დაავიწყდეთ. პირველივე სადამრიგებლო საათზე საკლასო საზოგადოების  ჩამოსაყალიბებლად  პირველკლასელებისთვის  ჩავატარე  აქტივობები  ერთმანეთის  გასაცნობად,  სკოლასთან  შესაგუებლად.  ავუხსენი  ცნება  ,,თანაკლასელის“ მნიშვნელობა.  

მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ  კლასში  ქცევის  წესები.  ჩავატარე  საუბარი  სოციალურად  ღირებულ  ქცევებზე,  როგორიცაა  ეთიკა,  ზრდილობა  საკლასო  გარემოში.  ვასწავლე  ,,ჯადოსნური“  სიტყვები:  ,,გმადლობთ“,  ..ბოდიში“,  ..თუ  შეიძლება“.    თამაშებით  ვასწავლე,  როგორ  უნდა  მოიქცნენ  სხვადასხვა  სიტუაციაში,  მაგალითად,  ტრანსპორტში,  ქუჩაში,  დაბადების  დღეზე.

-ყოჩაღ, რამდენი რამის სწავლა მოუსწრიათ! თქვენ კი აუხსენით ეს ყველაფერი, მაგრამ პატარები არიან მაინც... - ქცევის პრობლემები არ ჰქონიათ?!

-ნამდვილად, ძალიან ყოჩაღები არიან! რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ერთ და ორ დღეში ვერ გაითავისებენ, მაგრამ პირველი ეტაპისთვის მართლაც კარგი ქცევით გამოირჩეოდნენ. გავაცანი  მოსწავლის  ვალდებულებები,  ვასწავლე  სწორი  და  არასწორი  საქციელის  შეფასება.  მათ  იციან,  რომ  არავის  აქვს  დაჩაგვრის,  ძალადობის, დაცინვის  და  გარიყვის  უფლება.   ვისაუბრეთ  ადამიანთა  შორის  მსგავსებასა  და  განსხვავებაზე,  ემოციებზე,  ადამიანურ  თვისებებზე. ვფიქრობ, თითოეული  მოსწავლე დავარწმუნე   საკუთარ შესაძლებლობებში.  იციან, - თუ  ძალიან  მოინდომებენ  და  იშრომებენ,  მაშინ აუცილებლად  მიაღწევენ  დასახულ  მიზანს.

-ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზეც გაამახვილებდით ალბათ ყურადღებას...

-რა თქმა უნდა... ცხოვრების  ჯანსაღი  წესის  დასამკვიდრებლად  მოსწავლეებთან  ერთად  შევიმუშავეთ  დღის  რეჟიმი,  ვისაუბრეთ  პირად  ჰიგიენაზე,  თავის  მოვლაზე,  აგრეთვე  სასარგებლო  პროდუქტებზე  და  ჯანსაღ  კვებაზე.  ყველა  მოსწავლემ  იცის  საკუთარი  მისამართი,  ზოგიერთმა  კი  ოჯახის  წევრების  ტელეფონის  ნომრები, ცნობენ  საგზაო  ნიშნებს,  შუქნიშნის  ფერებს.  იციან  ქუჩაში   მოძრაობის  წესები. 

-ზედმეტად ხომ არ დაიტვირთნენ ბავშვები. ხომ არ დაიღალნენ?

-ჩემს გაკვეთილებზე განტვირთვისთვის მათ შესაბამის გარემოს ვუქმნიდი. ამავე დროს მათ მუსიკის, ფიზიკური აღზრდისა და ხელოვნების პედაგოგებთან საკმაოდ სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ჰქონდათ. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს სასკოლო საახალწლო კონცერტში. რამდენიმე დასახული აქტივობა ჩაგვეშალა, მაგრამ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. სიმართლე გითხრათ, პანდემიის დაწყებისას პესიმიზმი დამეუფლა თითქოს. მეგონა, რომ ტექნიკურად გამიჭირდებოდა მოსწავლეებთან დაკავშირება, მათი სწავლება, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა... ჩემი მოსწავლეები უკვე მეორეკლასელები არიან!

-მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩემი სკოლის დირექციას, რომელიც დროულად რეაგირებდა და საქმის კურსში გვაყენებდა სიახლეებთან მიმართებაში... ასევე მადლობა ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს და მათ საოცარ მშობლებს, რომელთა ძალისხმევით ოცდაორივე მოსწავლე მესწრებოდა ონლაინ-გაკვეთილებზე და მაქსიმალურად შეუწყვეს სწავლაში ხელი საკუთარ შვილებს ამ ურთულეს პერიოდში...

-ქალბატონო ლალი, ურთულესი პერიოდი ახსენეთ... იმედი ვიქონიოთ, რომ პანდემია უკან დარჩება, მაგრამ რას იტყოდით თქვენს მშობლიურ აფხაზეთზე?

-აფხაზეთი - ჩემი ტკივილია... დედის საფლავია იქ და როცა დიდი რისკისა და ძალისხმევის ფასად ჩავდივარ - ვფიქრობ - რატომ ასე?! ჩვენ ხომ 20 წუთში, ნახევარ საათში უპრობლემოდ გავდიოდით ამ მანძილს?! სიმბოლურია, რომ ოთხი მოსწავლეა ჩემს სადამრიგებლო კლასში აფხაზეთიდან - გიორგი კვირტია (გულრიფში), ბექა ციკოლია (გალი),  დავითი ჯგერენაია (ოჩამჩირე),  სალომე ჯეჯეია (ტყვარჩელი). რა თქმა უნდა - ეს ბავშვები არსად გასაშვებად არ მემეტება, მაგრამ  ვისურვებდი, რომ მათ თავიანთ რაიონებში დაამთავრონ სკოლები! მალე გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება