სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მარადიულ სიყვარულში დავრჩები...“ - ქიმიის პედაგოგის ჩანახატი პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებზე
19-05-2020
-
+


მარადიულ სიყვარულში დავრჩები... - ასე, ნოდარ დუმბაძისგან ნაკარნაახევი სიტყვებით ასათაურებს და მისივე ციტატით იწყებს საკუთარ ჩანახატს ფოთის N8 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი რუსუდან არზიანი. მასწავლებელი კორონავირუსის პანდემიაზე საკუთარ განცდებს გვიზიარებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 
 

                                                                           მარადიულ სიყვარულში დავრჩები......

                             „მე ხუთჯერ გარდავიცვალე უკვე და ხუთჯერ მოვბრუნდი ამ ქვეყანაზე: პირველად გარდავიცვალე შიშით და აღვსდექი სიმარტოვეში; მეორედ გარდავიცვალე სიმარტოვეში და აღვსდექი თვალთმაქცობაში; მესამედ გარდავიცვალე თვალთმაქცობაში და აღვსდექი უდარდელობაში; მეოთხედ გარდავიცვალე უდარდელობაში და აღვსდექი სიძულვილში; მეხუთედ გარდავიცვალე სიძულვილით და აღვსდექი სიყვარულში. მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება, მე არაფერში აღარ აღვსდგები. მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში, ამიტომ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა როდის მოვკვდები...მე აღარ მეშინია სიკვდილის!“ - ნოდარ დუმბაძე 


ნაადრევად დაწყებული და შემდგომ იძულებით გახანგრძლივებული არდადეგები ნამდვილად არ არის და ვერ იქნება გატაცება მუდმივად მოძრაობაში მყოფი ადამიანისათვის, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა გარკვეულ მიზეზთა გამო. ჩემს შემთხვევაში ეს კორონავირუსის პანდემია აღმოჩნდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების რიცხვს კარგა ხანია ასაკით აღარ მივეკუთვნები, მუდამ მზადყოფნაში ვარ მაქსიმალურად დავიხარჯო თაობებისთვის, ყოველი წუთი და ყოველი ამოსუნთქვა ღირებული იყოს. ზოგადად კი, ახალგაზრდობა - ეს წელიწადების რაოდენობის განმსაზღვრელი ცნება სულაც არაა. იმდენად ახალგაზრდანი ვართ რამდენადაც ახალგაზრდულად ვიხარჯებით ჩვენი ცხოვრების თითოეულ ნაბიჯში. 

ადამიანისათვის, რომელსაც ყოველი წუთი გათვლილი აქვს იმისათვის, რათა ბოლომდე დაიხარჯოს და ბევრი კეთილი საქმის კეთება მოასწროს, უპასუხოს განათლების სისტემის ახალ-ახალ გამოწვევებს, დაესწროს უამრავ კონფერენციებს, მოისმინოს და ჩაატაროს ტრენინგები და ზარდოს თაობები და თვითონაც გაიზარდოს, მოწოდება - „დარჩი სახლში“ - არც მოსასმენადაა ადვილი და არც შესასრულებლად. თუმცა მიმაჩნია, რომ რომ არა ჩვენი მთავრობის მიერ მყისიერად და სწორად გადადგმული ნაბიჯები, შეიძლება ჩემი ქვეყანაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩენილიყო. 

გაზაფხული არასოდეს ყოფილა ასეთი ცივი და შიშისმომგვრელი... არასდროს ყოფილა, ასეთი ცარიელი... გაზაფხულზე ხომ ყველაფერი იღვიძებს!!! ამ გაზაფხულზე კი უცაბედად დაიძინა ყველაფერმა განუსაზღვრელი დროით და გაურკვეველი შედეგებით... დადუმდა დედამიწა... ცამ ფერი იცვალა... ნისლი ჩამოწვა ადამიანების გულებში... იზოლაცია , სტრესი, მოულოდნელი აკრძალვები, გაურკვევლობა... დასაწყისში, მთელი კვირის მანძილზე შიშით ვიღვიძებდი, თავი სიზმარში მეგონა. შემდეგ უცებ წარმოვიდგენდი, რომ ყოველი სიბნელის, ყოველი გვირაბის ბოლოს არის სინათლე და გული იმედით მევსებოდა... 

ბუნებაში არასოდეს არაფერი ხდება ტყუილად! იმდენად დავკავდით ყოველწუთიერი საზრუნავით, მხოლოდ საკუთარ ეგოზე ზრუნვით, თითქოს პირუტყვებივით მხოლოდ საზრდო-საკვებზე ზრუნვა გახდა უმთავრესი და ამ ამაო ორომტრიალში მთავარი დაგვავიწყდა - ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი... დავკარგეთ რწმენა, ამპარტავნები გავხდით, უკვე დარწმუნებულები ვართ, რომ ეს უფალი კი არ გვაძლევს რამეს, ყველაფერს ჩვენვე ვქმნით... 

გადავეშვით ცოდვის მორევში, შემოქმედს ვუღალატეთ, დამძიმდა დედამიწა ამდენი უგულობით, ბოროტებით, სიბილწით, უგუნურებით... არ გავუფრთხილდით და შეგვატორტმანეს, გულში და სულში ჩაგვახედეს... არა მარტო საკუთარში, სხვისი სატკივარისთვისაც მოვიცალეთ... ბევრი რამ გავაცნობიერეთ... ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრ რამეზე დავფიქრდით... მეც ბევრი რამ აღმოვაჩინე ახალი. გაგიკვირდებათ და ჩემს მოსწავლეებშიც კი - თურმე უფრო მეტად საყვარლები ყოფილან, ვიდრე მეგონა, ბევრად მეტი კარგი თვისება აღმოვაჩინე მათში. დასაწყისში რომ ვინმეს ეკითხა ამ პერიოდს რას დაარქმევდითო, ალბათ დაუფიქრებლად ვეტყოდი - სიკვდილისფერ, შიშით გაჟღენთილ დღეებს თქო. ახლა კი ზუსტად ვიცი რომ ეს ერთმანეთის ძლიერ შეყვარების და ზოგადად სიყვარულის დროა. 

რა გავაცნობიერე ამ დროის განმავლობაში? ადამიანებს და მათ შორის მეც უფრო მეტი დრო მოგვეცა გაგვეანალიზებინა ჩვენი ცხოვრება, დავფიქრებულიყავით და გაგვეხსენებინა, რამდენ ადამიანს ვატკინეთ გული ნებით თუ უნებურად... რამდენმა მოგვაყენა ტკივილი უბრალო და არასაღირალ მიზეზთა გამო... დავასკვენი, რომ ცხოვრება არ ღირს იმად, თუნდაც ერთი ადამიანი დავკარგოთ, რომ საჭიროა ერთმანეთს სიყვარული ვაჩუქოთ, ხშირად ვუთხრათ ერთმანეთს სიტყვები: „მე შენ მიყვარხარ“. როცა გიყვარს, ყველაფერი ფერად ფერებში გეჩვენება, სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას. მე არასოდეს მიფიქრია მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე, მინდა ყველა წარმატებული, გახარებული, და ბედნიერი იყოს. ამით ხომ არავის არაფერი დაგვაკლდება, პირიქით რაც მეტი ადამიანი იქნება ბედნიერი, მით მეტად გამარტივდება ცხოვრება. 

რა მენატრება? მენატრება აქტიური ცხოვრება, სასკოლო ჟრიამული, მოსწავლეები, კოლეგები, მეგობრები... იმედია ეს მონატრებაც მალე გაივლის და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, კვლავ გავიცინებთ, უფრო თბილად ჩავიხუტებთ ერთმანეთს, სხვის ტკივილსაც მეტად გავიზიარებთ, კვლავ დადგება გაზაფხული, არასოდეს დაიძინებს ბუნება და გვირაბის ბოლოში კვლავ დავინახავთ სინათლეს,რომელიც არასოდეს ჩაქრება. 

მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ბედნიერი ვიქნები, თუ შევძლებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვაჩუქო სითბო, სიყვარული, ბედნიერება და რამდენჯერაც არ უნდა გამთელოს ცხოვრებამ, რამდენჯერაც არ უნდა გარდავიცვალო, დუმბაძისეულად სწორედ სიყვარულით გარდავიცვლები და სიყვარულივე აღმადგენს... 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება