სიახლეები
სკოლები

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ქრისტინე ზუბცოვა, რომელიც ამერიკიდან პანდემიის გამო იძულებით დაბრუნდა, ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს
15-05-2020
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ქრისტინე  ზუბცოვამ ამერიკული ცხოვრება პანდემიის გამო მიატოვა. ქრისტინე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის - FLEX გამარჯვებულია და ოჰაიოს შტატის ქალაქ  ლიმაში, Lima Senior  High  School- ში სწავლობდა.

მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ მსოფლიო პანდემიამ ქრისტინეს ცხოვრების განრიგიც შეცვალა და მას ნაადრევად მოუწია აშშ-ის დატოვება, რის შესახებაც ქრისტინე თავად გვიამბობს:

COVID-19-ის  შესახებ წლის დასაწყისიდანვე  ვიცოდით და  მცირე ინფორმაციას ვფლობდით. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არავის გაუმახვილებია, ვინაიდან ვიცოდით, რომ მხოლოდ ჩინეთში იყო ეს ვირუსი წარმოდგენილი და შესაბამისად, ჩვენთვის ის არსებით საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ყველაფერი დაიწყო 2020 წლის მარტიდან, როდესაც COVID-19  მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა. ამ ყველაფრის სერიოზულობას ვერ ვიაზრებდი  მანამ,  სანამ არ შევიტყვე, რომ გერმანელი გაცვლითი სტუდენტები ვალდებულნი იყვნენ სახლებში დაბრუნებულიყვნენ. მახსოვს, ამ დროს მე და ჩემი მეგობარი გაცვლითი სტუდენტები პანიკამ მოგვიცვა, ვინაიდან არავის გვინდოდა სახლებში ნაადრევად დაბრუნება. როდესაც ორშაბათს ყველაფერი ნორმალურად იყო და არანაირი საფრთხე არ გვემუქრებოდა, ხუთშაბათს უკვე მთელი მსოფლიო პანიკამ მოიცვა. მახსოვს, ყველა, მასწავლებელი თუ მოსწავლე პანდემიასა და მის სავარაუდო შედეგებზე საუბრობდა.  უკვე ხუთშაბათ საღამოს ჩემი მასპინძელი შტატის, ოჰაიოს გუბერნატორმა, ბატონმა მაიკ დევაინმა გასცა ბრძანება, რომ ორშაბათიდან ოჰაიოს ყველა სკოლა დახურულიყო  3 კვირით და გადავსულიყავით ონლაინ სწავლების რეჟიმზე, თუმცა  ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეს ყველაფერი სამ კვირაზე ბევრად მეტს გასტანდა. მალევე,  ჩემი მეგობრებისგან  შევიტყვე, რომ მათ შტატებშიც იგივე სიტუაცია იყო. ის აზრი, რომ  შეიძლება პარასკევი ჩემი ბოლო დღე  ყოფილიყო ამერიკულ სკოლაში ძალიან მთრგუნავდა და მთელი დღე ძალიან ემოციურად გავატარე. ბევრ  მეგობართან გადავიღე ფოტო, მასწავლებლებს დავემშვიდობე, მინდოდა რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელებულიყო პარასკევი, მინდოდა კარგად შემეთვალიერებინა ყველა და ყველაფერი, რომ სამუდამოდ დამმახსოვრებოდა ყველაფერი ისეთი, როგორიც იყო. სკოლის მერე, ჩემს მასპინძელ ოჯახთანაც ბევრად უფრო მეტ დროს ვატარებდი, ჩვენს საყვარელ ადგილებში დავდიოდით. ისინიც კარგად ხვდებოდნენ, რომ ჩემი წასვლა დროის საკითხი იყო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყოველი ერთად გატარებული დღე ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

რამდენიმე დღის შემდეგ ყველა საჯარო დაწესებულება დაიხურა, მაგრამ ამ ფაქტმა დიდი გავლენა არ იქონია ჩემი და ჩემი მასპინძელი ოჯახის ურთიერთობაზე და პირიქით, მე ვთვლი, რომ სახლში გატარებულმა ბოლო რამდენიმე კვირამ ბევრად უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ახალი ჰობები გავიჩინე, აღმოვაჩინე რომ ძალიან მიყვარს ქართული კერძების მომზადების პროცესი და მათი ჩემს ოჯახთან გაზიარება. სკოლა  ონლაინ რეჟიმში გრძელდებოდა აპლიკაცია „Google Classroom-ისა“ და სხვა დამხმარე აპლიკაციებისა თუ ვებ-გვერდების  დახმარებით. ძალიან სტრესული მდგომარეობა შეიქმნა მთელ მსოფლიოში და ჩემს გონებაში ათასი რამ ტრიალებდა, მაგრამ  მასწავლებლები მაქსიმალურად გვიწყობდნენ ხელს.  

პარალელურად, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ყველა აშშ-ში მყოფ ქართველ მოსწავლესთან. ვინაიდან ავია-რეისები გაუქმებულიყო, აუცილებელი იყო  ჩვენთვის  სპეციალური რეისი დაენიშნათ, რისი გაკეთებაც, საბედნიეროდ, მალევე მოხერხდა. აპრილის დასაწყისში გვაცნობეს, რომ 9 აპრილს 79 ქართველი მოსწავლე დატოვებდა აშშ-ს. თითოეულ ჩვენგანს დიდი გზა აქვს გამოვლილი და ჩვენი დაუღალავი შრომისა და ენერგიის შედეგია ჩვენი აშშ-ში ყოფნა და იქ განათლების მიღება.  

ყველა  ჩვენგანს  დიდი გეგმები ჰქონდა დაკავშირებული  აკადემიური წლის დასასრულთან. ექსკურსიები, ამერიკული Prom (ე.წ. ბანკეტი) და ის ფაქტი, რომ ასე მოულოდნელად და  სწრაფად დასრულდა ჩვენი ბავშვობის ოცნება, ჩვენთვის დიდი სტრესი იყო. საბოლოოდ დავემშვიდობე ჩემს რამდენიმე მეგობარს შექმნილი სიტუაციის გამო, ცალ-ცალკე, ემოციებით დატვირთული ბოლო დღეები გავატარე ამერიკაში. დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, წლის სრულყოფილად დასრულების გარეშე საქართველოში ჩამოსვლა. ბევრი ჩემი გეგმა ვერ ვაქციე რეალობად, მაგრამ ამავდროულად ვიაზრებდი, რომ აქ არაფერი სრულდება. რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის მოგვარების შემდეგ, როგორიცაა ამერიკული აკადემიური ტრასკრიპტი, შტატის გამოცდის ნიშნები და ა.შ.

9 აპრილს,  მე და ჩემი 78 მეგობარი, კურსდამთავრებულების სტატუსით გავემგზავრეთ  საქართველოში ვაშინგტონი-დოჰა-თბილისის რეისით. 17 საათი ვიმგზავრეთ. საკმაოდ დამღლელი, მაგრამ ამავდროულად კომფორტული აღმოჩნდა აეროპორტებსა და თვითმფრინავებში გატარებული თითქმის  2 დღე. ვაშინგტონსა და დოჰაში ჩვენი პროგრამის წარმომადგენლები იყვნენ, ასე რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავით, რაც ბევრად უფრო უსაფრთხოდ მაგრძნობინებდა თავს. საქართველოს თვითმფრინავში ქართული წარწერების  ხილვამ ძალიან გამაბედნიერა. ვხვდებოდი, რომ უკვე სახლში ვიყავი. დაშვების პროცესში, თვალს ვერ ვაცილებდი თვითმფრინავის ფანჯარას და ვერ ვძღებოდი ღამის თბილისის ცქერით, ალბათ არ მჯეროდა, რომ ამდენი ხნის  მერე  სამშობლოს  ვუბრუნდებოდი. როდესაც  თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა და მშობლიური მიწა ვიგრძენი, შვებით ამოვისუნთქე.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სათანადო კვლევები ჩაგვიტარდა, როგორიცაა თერმო-სკრინინგი, შემდეგ  საკარანტინე  ზონებში  გადაგვანაწილეს.   მე პირადად, თბილისის სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში განმათავსეს. ძალიან უცნაური გრძნობაა, როცა  ფანჯრიდან იხედები და ყველაფერი ისეთი ნაცნობი და ახლოა, მაგრამ ამავდროულად ძალიან უცხო და უჩვეულო. ძალიან კარგ პირობებში ვიმყოფებოდით. 2 კვირის განმავლობაში მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავით. ყველას გვყავდა ჩვენი ექიმი, რომელიც ხშირად გვირეკავდა და ჩვენს ჯანმრთელობას ადევნებდა თვალ-ყურს. ყველა ჩვენი საჭიროება გათვალისწინებული იყო. დღეში  3-ჯერ  გვიმოწმებდნენ ტემპერატურას და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში უმალვე იღებდნენ საჭირო ზომებს. ბოლო დღეს აგვიღეს ტესტი და მხოლოდ მაშინ გაგვიშვეს, როცა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიყავით. ვინაიდან, ტრანსპორტი შეზღუდული იყო, საკარანტინე ზონებმა თავადვე გამოყვეს სატრანსპორტო საშუალებები ჩვენს სახლებში დასაბრუნებლად. მთელი გზის მანძილზე ფანჯარას ვერ ვაცილებდი თვალს და ვერ ვიჯერებდი, რომ საქართველოში ვიყავი. ვერც იმ აზრს ვეგუებოდი, რომ სულ რამდენიმე საათში ჩემს ოჯახს შევხვდებოდი. ჩემ ქალაქს დიდი სიყვარულით და აღფრთოვანებით ვუცქეროდი ავტობუსის ფანჯრიდან და საბოლოოდ ჩამოვედი... დიდ ხანს ველოდი ამ მომენტს და როცა საბოლოოდ გულში ჩავიკარი დედა, დიდი ლოდი გადმომივარდა გულიდან და სულიერად შევივსე. მალევე შევუერთდი ჩემი ქართული სკოლის ონლაინ გაკვეთილებს.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო  ჩემი სკოლის დირექციას და თითოეულ მასწავლებელს, ვინაიდან ყველამ მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ გადამხდებოდა თავს. მეექსვე კლასიდან ამერიკულ სკოლაში სწავლა ჩემი უდიდესი ოცნება იყო და საბოლოოდ, ჩემი დიდი შრომის ხარჯზე ავიხდინე... და ასე მოულოდნელად დასრულდა ყველაფერი. 10 ივნისს უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში, მაგრამ 10 აპრილს ჩამოვედი. მთელი წელი ველოდებოდი ივნისს, როგორ დამხვდებოდა ჩემი ოჯახი და მეგობრები აეროპორტში, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. აეროპორტში არავინ დაგვხვედრია ჩვენი ოჯახის წევრებიდან, საქართველოში ვიყავით და სახლს მაინც ვერ ვხედავდით, ამერიკაშიც სათანადოდ ვერავის დავემშვიდობეთ. როგორც უკვე ვთქვი, დიდი დარტყმა იყო შექმნილი ვითარება ჩვენთვის, მაგრამ სწორედ ამ ფაქტმა გაგვზარდა პიროვნულად და მე ვთვლი, რომ დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილიც გვასწავლა. არავინ იცის მომავალში რა მოხდება და ამის   ნათელი მაგალითი ვართ ჩვენ, 2019-2020 წლის გაცვლითი სტუდენტები.  

მადლიერი ვარ, რომ ასეთი მხარდაჭერა მივიღე ჩემი ამერიკული და ქართული სკოლებისგან, მშობლებისგან, მასპინძელი ოჯახისგან, მეგობრებისგან. მადლიერი ვარ, რომ სახლში მშვიდობით დავბრუნდი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება