სიახლეები
სკოლები

„მგონი დროა ყველამ გადავშალოთ საკუთარი ადამიანობის წიგნაკები“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
01-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან კაკალაძე თემის - „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ ფარგლებში ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორი ხმაურიანი სიჩუმე გვაჩუქა ამ წელს გაზაფხულმა და როგორ ჩამდგარან რიგში წელიწადის სხვა დრონი...
როგორ ურცხვად დაუკავებიათ რიგი და ნიშნის მოგებით გვიმზერენ ჩვენ, ადამიანებს. ჰო, გვიმზერენ და თითქოს ვერც გვამჩნევენ, აგრძელებენ თავიანთ გზას და ელოდებიან დროის, თარიღების ცვლას მათ სასარგებლოდ. თითქოს ბუნების ყველა კანონზომიერება ერთად შეკრებილა, პირი შეუკრავთ და რაღაცას ჩურჩულებენ, რაღაცას ლამობენ, რაღაცას გვიქადიან.
ახლა გაზაფხულია. როგორც წესი, ის არც ერთი მერცხლის ჭიკჭიკს მოუყვანია და არც ერთი ალუბლის აყვავებას, მაგრამ ფაქტია რომ გაზაფხულდა...

როცა მეკითხებიან, წელიწადის რომელ დროს გამოარჩევდი და რატომო, უმალვე გაზაფხულისკენ მიისწრაფვის ყველა ჩემში არსებული გრძნობა და ამას იმით ვამართლებ, რომ გაზაფხულის მიწურულს მოვევლინე ამ ქვეყნად, რომ გაზაფხული ახალი შანსია ცხოვრების დასაწყისის, რომ გაზაფხული ყოველივე ახალს და ნორჩს გვთავაზობს, რომ ეს ის დროა, როცა ყველა და ყველაფერი გიწყობს ხელს, დაიწყო თავიდან, რომ აყვავდე კვლავ, რადგან როგორც ნაყოფს, ყვავილი მოსავლიანობისთვის და როგორც ფუტკარს, ამ ყვავილის ნექტარი თავისი სამუშაოს უკეთ შესრულებისთვის, შენც სჭირდები სამყაროს, სჭირდები საკუთარ თავს და სჭირდები ადამიანებს, რომლებისთვისაც შეიძლება ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული არ მოჰყავდეს, მაგრამ შენი არსებობა იყოს მისთვის გაზაფხული.

და მაინც, როგორი ხმაურიანი სიჩუმე გვაჩუქა ამ წელს გაზაფხულმა...

ხმაურიანი სიჩუმე - დიდხანს ვიფიქრე რა ერქვა გრძნობას, რომელსაც ჩემს, და არა მარტო ჩემს გულში დაესადგურებინა ამ გაზაფხულს ბინა და მე მას ასე დავარქვი.

უამრავი კითხვა მიტრიალებს თავს და ჯერ კიდევ პასუხების ძიებაში ვარ.

ის, რაც დღეს საკაცობრიო პრობლემად ქცეულა და ის, რამაც შეაჩერა გარშემო ყველაფერი, მე უფრო ბუმერანგის პრინციპის სულიერი ამოძახილი მგონია, ადამიანების მისამართით აღმოთქმული და მე მას გოდებას შევადარებდი, რომელიც ნიშანია, რომ უნდა შევჩერდეთ, რომ დროა დავამთავროთ ცხოვრება და დავიწყოთ სიცოცხლე.

სიმბოლურია, ეს ყველაფერი გაზაფხულს რომ ხდება.

ხშირად მიფიქრია, რომ კაცობრიობის ამდენი უსიყვარულობა ერთმანეთის მიმართ, ამდენი ცოდვა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი, ყველას ყოველდღიურობად ქცეულა, ამდენი შუღლი, ბოროტება, შეუძლებელი იყო ერთიანად და უკვალოდ შთანთქმულიყო. მეშინოდა სწორედ იმ ბუმერანგის პრინციპის, რომელზე საუბარსაც ხშირად მოვკრავდი ხოლმე ყურს და მით უფრო მეტად სიტყვებზე, რომ ცხოვრება არ არსებობს ამ პრინციპის გარეშე, რომ მის წინაშე, როგორც სიკვდილის, ყველა თანასწორია და რომ ადრე თუ გვიან, ეს პრინციპი იწყებს ფუნქციონირებას და ამ დროს ყველაზე სუსტნი ვართ ჩვენ, ადამიანები.

მე ამ ყველაფრის მეშინოდა, ეშინოდა სხვებსაც, მაგრამ იცით ადამიანების მთავარი პრობლემა რაშია? ჩვენ მხოლოდ გვეშინია, ჩვენ მხოლოდ გვაფორიაქებს, მხოლოდ ვფიქრობთ და ნაკლებად ვმოქმედებთ ან ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არაფერს ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას, და არა სიცოცხლეს.  

ვეგუებით ასეთ უბადრუკ, სიყალბითა და სისასტიკით სავსე ყოველდღიურობას და არ ვაძლევთ შანსს ახალ დღეს, ახალი შესაძლებლობებით სავსეს.

- რა მასწავლა დღევანდელმა რეალობამ?

- არც არაფერი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მინდა გითხრათ, რომ ის ყოველივე, რაც თურმე არსებულმა გლობალურმა საფრთხემ, როგორც უხილავმა მტერმა, გვასწავლა და დაგვანახა, მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის შედეგია და მინდა გითხრათ, რომ თუკი წამით მაინც ჩაუღრმავდებით ამ საკითხს, აღმოაჩენ, რომ ის რაც გგონია, რომ ჯერ კიდევ ახლახან ისწავლე, საკმაოდ დიდი ხანია არსებობს შენში, ჰო, საკმაოდ დიდი ხანი.განა რა? აქამდე არავის უსწავლებია შენთვის, რომ უნდა დააფასო თითოეული წამი? რომ უნდა დააფასო და გიყვარდეს ადამიანები? რომ უნდა გამოიყენო ყველა შანსი, რასაც ცხოვრება გაძლევს? რომ ყველა დეტალში შეიძლება ჰპოვო ბედნიერება და სიცოცხლის არსი თუკი ამას მოინდომებ? რა, ეს ასეთი უცნობი იყო ადამიანებისთვის? და თუ ვინმე ამ საკითხზე შემედავება, მე ვურჩევდი, რომ დილით ძილს კი ნუ მისცემ საშუალებას დაგაკარგვინოს უმშვენიერესი წუთები, არამედ ადექი, მიუახლოვდი ფანჯარას და მოუსმინე სიჩუმეს, თუ როგორ ხმაურობს, თუ რაოდენ მშვენიერია ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი, წვიმის წვეთების ხმა, და თუ ამ ყველაფერს მართლა გულით გააკეთებ, აღმოაჩენ, რომ არ არის აუცილებელი სიყვარული, მონატრება ან სხვა დანარჩენი კარგი რამ, რაც ადამიანს სიცოცხლისთვის სჭირდება, მაინცდამაინც ადამიანს მოეტანა შენამდე, ეს ყველაფერი ისევე საოცრად მოაქვს შენთვის ბუნებას, სამყაროს, რომელსაც შენ სჭირდები და რომელიც გჭირდება შენ.
 ამგვარად, დღევანდელობას ჩემთვის არ უსწავლებია ეს  ყოველივე, მაგრამ ამ გრძნობებს რომლებიც ყველაში ღრმად არის დაფარული და რაღაც მხოლოდ გარკვეული დოზით ვიყენებთ თითოეულ ჩვენგანი, დღეს უფრო მეტად ვგრძნობ, მეტად ვაფასებ და მეტად ჩემეულია, მეტად ჩემიანი გახდა.

იმდენად ღრმად შემომიძვრნენ ეს გრძნობები სულში, რომ მოსვენებას აღარ მაძლევენ, მაწიოკებენ, მაფორიაქებენ.
ჰო დღეს მე მენატრება ადამიანები, ჩემი ადამიანები. მენატრება ქუჩები, სიტუაციები. 

მენატრებიან ჩემი მასწავლებლები, მენატრებიან და მედარდებიან. მენატრება მათი ხმა, მათი თვალები, განსაკუთრებით კი მათი რჩევები.

მენატრება ჩემი ნათესავები, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე.

მენატრებიან ჩემი მეგობრები და მეფიქრებიან სულ.

მენანებიან, დაკარგული წუთები მენანებიან, დაკარგული მეთორმეტე კლასის ყველაზე გასაოცარი დღეები მენანებიან.

მეფიქრებიან, ჩემი მომავალი იმედები მეფიქრებიან.

მიყვარდებიან, იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე.

ეს მხოლოდ იმ სიის მცირე ჩამონათვალია, რაც მეტად, მკვეთრად აღმომაჩენინა დღევანდელმა რეალობამ, და არა მასწავლა.
ნეტა მართლაც ესწავლებინა, ახლა ხომ როგორც უდანაშაულო თავს გავიმართლებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო იყო, უცხო იყო სხვებისთვისაც და ამით დავაღწევდით თავს იმას, რაზეც დღეს კაცობრიობა პასუხს ვაგებთ, მაგრამ ვაი თუ ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება.

ასე რომ მეგობრებო, არაფერი ხდება შემთხვევით და მგონი დროა ყველამ გადავშალოთ საკუთარი ადამიანობის წიგნაკები, გადავხაზოთ იქ, პირველ ფურცლებზე უაზროდ დაწერილი სიბოროტე, შური, უსიყვარულობა და მოვძებნოთ ის, რაც აქამდე არასდროს ამოგვიკითხავს საკუთარ თავში სათაურით - „გიყვარდეს და უყვარდე“.

მე მაინც მჯერა, რომ კაცობრიობა გადალახავს ამ პრობლემას და ძალიან, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ, სიყვარულისკენ.

ერთადერთი გადარჩენის გზას მე ამაში ვხედავ, და თქვენ?

და მაინც, როგორი ხმაურიანი სიჩუმე გვაჩუქა ამ წელს გაზაფხულმა“.

                                                                 ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან კაკალაძე.


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება