სიახლეები
პიროვნება

ია სურმანიძე: „მასწავლებელი რომ გქვია, არ უნდა გაგიჭირდეს საგამოცდო ბარიერის გადალახვა“
14-02-2020
-
+


ია სურმანიძე ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში წლებია ისტორიას ასწავლის, თუმცა მანამდე, თავადაც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და უმაღლესის დასრულების შემდეგ, მშობლიურ კედლებს დაუბრუნდა მასწავლებლის სტატუსით და უკვე მეოცე წელია, თავის ბავშვებთან ერთად ამთავრებს სკოლას... რაც ქალბატონი იასთვის საკმაოდ ემოციური მომენტია, თუმცა მოხარულია, რომ  ბავშვების წარმატებული მომავლის შექმნაში თითო აგურს თავადაც დებს.

რამ განაპირობა პროფესიის არჩევა, რატომ არჩია ჟურნალისტობას ისტორიკოსობა, რატომ არასოდეს უფიქრია დედაქალაქში ცხოვრება - Etaloni.ge- ქობულეთის N3 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, ია სურმანიძე ესაუბრება, რომელმაც სკოლის ბაზაზე რამდენიმე კლუბი შექმნა და ჩვენთან ინტერვიუც, სწორედ ამ თემით დაიწყო:

- პირველი კლუბი, რომელიც სკოლაში ჩამოვაყალიბე, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის დამსახურებაა. როდესაც „ეტალონი“ გავიდა ტელეეკრანებზე, მაშინვე მოვიხიბლე და გადავწყვიტე,  ჩემს მოსწავლეებსაც მიეღოთ მონაწილეობა; მოგვიანებით კი, მომინდა, მსგავსი ინტელექტუალური ჩემპიონატები სკოლაშიც მოგვეწყო და ჩამოვაყალიბეთ კლუბი „ნიუბი“ - ნორჩ ინტელექტუალთა უკომპრომისო ბრძოლა. კლუბი უკვე 14 წელია აქტიურად მუშაობს, გვაქვს სხვადასხვა ტიპის თამაშები ყველა ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით და ხელს ვუწყობთ, ბავშვები მაქსიმალურად მიუბრუნდნენ წიგნს.

მაქვს ასევე კინომოყვარულთა კლუბი „სინემა“... ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან გამომყვა და ვცდილობ, ბავშვები მაქსიმალურად ჩავრთო.

- რას ნიშნავს არაფორმალური განათლება თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის?

- არაფორმალური განათლება მეტად მნიშვნელოვანია... მოსწავლე თავდაჯერებული ხდება, დამოუკიდებლად ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას მრავალფეროვან საზოგადოებაში, ახდენს შესაძლებლობების რეალიზებას და მე ამაში მაქსიმალურად ვუწყობ ხელს.

- განათლების რეფორმას როგორ აფასებთ?

- სიახლეების მომხრე ყოველთვის ვიქნები, ვფიქრობ, მასწავლებელი რომ გქვია და  გაქვს უმაღლესი განათლება, არ უნდა გაგიჭირდეს საგამოცდო ბარიერის გადალახვა. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ია სურმანიძეს ჩაბარებული აქვს  და რა ენაღვლებაო, მაგრამ ვფიქრობ, მასწავლებელმა კომპეტენცია უნდა დაადასტუროს და მას პროფესიული ზრდის საშუალება უნდა მიეცეს.



- თქვენი პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა, ქალბატონო ია?

- სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 2000 წლის აპრილში დავიწყე მუშაობა ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად... სიმართლე გითხრათ,  ჩემი არჩევანი სკოლის, ბავშვების, პროფესიისა და ისტორიის უსაზღვრო სიყვარულმა განაპირობა, თუმცა იმანაც მოახდინა გავლენა, რომ პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. დედა ისტორიკოსია და მან განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია. სურვილს - წარმატებული სკოლის წარმატებული პედაგოგი გავმხდარიყავი, უდიდესი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი ერთგულება დაემატა და უკვე მეოცე წელია, მშობლიურ სკოლაში პედაგოგი ვარ.

მიმაჩნია, რომ სკოლა მოსწავლისთვის წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორია ამიტომ ვცდილობ, პროფესიულად გავიზარდო და ყველა მოსწავლეს, მიუხედავად ოჯახური გარემოსი თუ პიროვნული მახასიათებლებისა, საკუთარი შესაძლებლობის ბოლომდე გამოვლენის საშუალება მივცე.

- არ გაგიჭირდათ ახალბედა პედაგოგს მაღალ კლასებში გაკვეთილის ჩატარება?

- ჩემთვის ნაცნობი გარემო იყო და შესაბამისად, თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია - ყველა გულთბილად შემხვდა, გამოცდილებას უშურველად მიზიარებდნენ. რაც შეეხება დამოუკიდებლად გაკვეთილის ჩატარებას, არც ეს გამჭირვებია იმიტომ, რომ ვცდილობდი, ვყოფილიყავი უშუალო და  მართალი ბავშვებთან. ოცი წელია სკოლაში ვმუშაობ და დაგროვილი ცოდნა, კოლეგების გამოცდილების გაზიარება, პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა მეხმარება მუშაობის პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად განვსაზღვრო მთავარი მიზანი -  მოსწავლეებს შევძინო  ისტორიისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების ცოდნა და დავეხმარო მათ სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში.



- პედაგოგების ოჯახში გავიზარდეო, მითხარით... რთულია მასწავლებლის შვილობა?

- ძალიან რთულია... საერთოდ არ ვაპირებდი მასწავლებლობას -  ჟურნალისტობა მიზიდავდა ბავშვობაში, მაგრამ არეული პერიოდი დაემთხვა, შოთა რუსთაველის ბათუმის უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა და ბოლოს,  ისე შევცურე ისტორიის ზღვაში, რომ უკან გამოსვლა აღარ მომინდა - სკოლის მტვერი რომ გადავყლაპე, პროფესიის შეცვლა აღარც მიფიქრია.

- თქვენი მთავარი კრიტიკოსი დედაა?

- დედაც ისტორიკოსია, ჩემი ძმაც, მართალია, მამა ხელოვანია, მაგრამ ისიც გავაისტორიკოსეთ... ზოგადად,  ჩვენს ოჯახში არ ვერიდებით სიმართლის თქმას, ყოველთვის ვუზიარებთ  ერთმანეთს აზრებს, ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე...

- არასოდეს გიფიქრიათ დედაქალაქში გადასვლა?

- არა, არასოდეს... ცხოვრება წინ მიიწევს, მუნიციპალიტეტი ვითარდება, მაქვს სხვადასხვა სკოლების პედაგოგებთან  კონტაქტი და ვიცი, მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვებს გაულამაზონ ცხოვრება არასაგაკვეთილო პროცესში.

ადგილობრივი თვითმმართველობა ყველანაირად გვიწყობს ხელს. გვქონდა პროექტი  - „ახალგაზრდა ინტელექტუალები“, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაგვიფინანსა; გარდა ამისა,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი მაქვს, საკლუბო ცხოვრების ხელშეწყობის პროგრამა არსებობს და გამიმარჯვია კიდეც... ასე რომ, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად გვეხმარება.

- თავად როგორი ბავშვი იყავით?

- მამა ქორეოგრაფია, დედა ისტორიკოსი, მეხუთე კლასამდე მოძრავი ბავშვი ვიყავი... მერე კი საკმაოდ დინჯი გავხდი და კარგადაც ვსწავლობდი. დავდიოდი ცეკვაზე, თუმცა მამას დღემდე ვაყვედრი, სოლოს რომ არ მაძლევდა... ასევე დავდიოდი მუსიკაზე დედის დაჟინებული მოთხოვნით, თორემ მე არ მიყვარდა და როდესც მასწავლებელი მშობელს იბარებდა, ბებია მომყვებოდა ხოლმე.

სკოლაში ცუდი მოსწავლე არ ვიყავი, თუმცა დედა ჩემივე კლასის დამრიგებელი იყო და ღონისძიებებზე, იმის გამო, ვინმეს ცუდად არ გაეგო, არასოდეს წარმომაჩენდა ხოლმე. მეათე კლასიდან კი პარალელურ კლასში გადავედი.

- ამ გადმოსახედიდან, მსგავსი მიდგომა სწორი იყო?

- ალბათ, არა, თუმცა მაშინ სხვაგვარად არ შეიძლებოდა მოქცევა.


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეები წლის ბოლომდე სკოლაში სხვადასხვა სტუმარს მიიწვევენ
სკოლის დირექციამ მასწავლებლებს წინსვლა მცირე ღონისძიებით მიულოცა
სიახლეები
სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას დირექტორმა მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა
სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება
შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად ადევნოთ თვალი ჩვენი მომხმარებლების აქტიურობას
საინტერესო
საქართველოში არსებობს პროფესიულ დაავადებათა ნუსხა, სადაც 123  დაავადებაა გაწერილი და მათ შორის არის სახმო აპარატის დაავადებები
პიროვნება
ეტალონი
„ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, აჟარის მოსახლეობისთვის თბილისის N106 საჯარო სკოლაში ჩატარდა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება  18 თებერვალს ლენტეხის მოსწავლეთათვის ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში გაიმართება. მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ადგილზე 14:30  საათზე უნდა მობრძანდნენ. 
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, თბილისის N106 საჯარო სკოლაში იმართება
„ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება  15 თებერვალს აჟარის მოსწავლეთათვის თბილისის 106-ე საჯარო სკოლაში გაიმართება. მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ადგილზე 11:30  საათზე უნდა მობრძანდნენ. 
საზოგადოება