სიახლეები
ინტერვიუ

„გვინდა, ოჩამჩირის სკოლებში დავნერგოთ ქართული სწავლება“
06-02-2020
-
+


Etaloni.ge- სტუმარი აფხაზეთის ა/განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძეა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების გზებზე საუბრობს და იმასაც იხსენებს, თავად გუდაუთის მკვიდრს, მშვიდობის ბატალიონში ყოფნისას არაერთი ოჯახი რომ ჰყავს გადარჩენილი. თუმცა ეს პერიოდი ბატონი როლანდისთვის არაა იოლი მოსაგონარი და ამიტომ თემას მალევე ცვლის... ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ საუბრობს, არაერთ საინტერესო კითხვასაც პასუხობს, ინტერვიუს კი სოხუმის თეატრზე საუბრით იწყებს, რომლისთვისაც შენობის გადაცემა-არგადაცემის საკითხი წლების განმავლობაში გვარდებოდა.

- კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი ძალიან კარგად მუშაობს, ჰყავს გამოცდილი სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით საყვარელიძე, დაკომპლექტებულია ძალიან კარგი მსახიობებით და თეატრი ინარჩუნებს იმ ტრადიციებს, რომლებიც სოხუმიდან მოჰყვება. გვაქვს დაახლოებით სამასკაციანი დარბაზი, ნორმალური შენობაა და მოხარულები ვართ, რომ წლების განმავლობაში დევნილობაში მყოფ თეატრს დღეს ჭერი აქვს. შეუძლებელია, არ აღვნიშნო ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმატებებიც... თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზური კულტურა დევნილობაში ბევრად წარმატებულია, ვიდრე საკუთრივ აფხაზეთში - სოხუმში, გაგრასა და გუდაუთაში.

- რას გულისხმობთ?

- მე გუდაუთაში დავიბადე, ნათესავები, მეგობრები სოხუმში მყავს და კარგად ვიცი, რა მდგომარეობაა - ჩვენი წამოსვლის შემდეგ ვერა და ვერ დალაგდნენ. მოგეხსენებათ, სოხუმის თეატრს ყოველთვის პატრონობდა თბილისი, მსახიობებსაც თბილისი უზრდიდა, დღეს კი ეს ფუფუნება აღარ აქვთ, რის გამოც ძალიან წუხან და აფხაზეთის ახალგაზრდობა, ასევე ადგილობრივი ინტელიგენცია დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობით.

დღეს აფხაზი მოსახლეობის რაოდენობა 227 ათასია და აქედან ეთნიკური აფხაზი უფრო ნაკლებია; ამიტომ თეატრიც შესუსტებულია და მზად არიან, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან. საუბარიც გვქონდა, ოღონდ არა სახალხოდ და ჩვენც შევუწყობთ ხელს, ყოველწლიურად, იქიდან რამდენიმე ახალგაზრდა მივიღოთ თეატრალურ უნივერსიტეტში და აქ დაეუფლონ სამსახიობო ოსტატობას.

- ფიქრობთ, მსგავსი ნაბიჯები ურთიერთობებს დაათბობს?

- ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს... ისინი ბევრ რამეს ნანობენ და ხვდებიან, ჩვენ გარეშე მათი არსებობა ხანმოკლეა. სიტყვიერი კავშირი და შეთანხმებები გვაქვს, ჩამოდიან ფარულად, ვურთიერთობთ, თუმცა სამწუხაროა, რომ სეპარატისტები მომავალ თაობას ცოტა მტრულად ზრდიან. აბიტურიენტებს კი აქ სწავლის სურვილი იმიტომ აქვთ, რომ რუსეთში უმაღლესი განათლების მიღება ძალიან ძვირია, ხოლო ჩვენ გალიდან ჩამოსულებს ვეხმარებით და მთლიანად სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას მათ განათლებასა და ჯანდაცვაზე.

- მაინც ვერ მოვიპოვეთ აფხაზების კეთილგანწყობა, ბატონო როლანდ...

- მადლიერნი არიან, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ გამოხატავენ; სულითა და გულით ჩვენკენ იყურებიან - აქაა მათი სანათესაო, არის შერეული ოჯახები და აგრესიაც ნაკლებია. გუდაუთაში უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ქართველია... ასე რომ, ურთიერთობები არ დაკარგულა, მართალია, ჩვენ სახელმწიფოს მათი განათლება და სამედიცინო მომსახურება ძვირი უჯდება, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის, რადგან ერთად ვცხოვრობდით, ერთად მივიწევდით წინ, ერთად ვაშენებდით ეკლესია-მონასტრებს...

- რომლებსაც ახლა ვერც კი ვაკონტროლებთ იმის გამო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

- ასე იყო, თუმცა ახლა აფხაზმა სტუდენტებმა ხმა ამოიღეს და მიხვდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება მათი ისტორიის დაკარგვაა. ჩვენ აფხაზეთში გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ ძეგლებს ყურადღებას აქცევენ; ებრძვიან შავ არქეოლოგიას და აფხაზეთის ისტორიის კათედრას ამ დიდ საქმეში ლომის წილი მიუძღვის. ისინი პატრიოტები არიან და ამაყობენ, რომ საკუთარ სიძველეებს იცავენ. ყველამ კარგად იცის, რომ ანტიკურ ხანაში და თუნდაც მეცხრამეტე საუკუნეში რაც აფხაზეთში გაკეთებულა, ქართველი კაცის მიერაა შექმნილი... თუმცა ადრე მსგავსი ინფორმაციებიც ნაკლებად ჰქონდათ, მაგალითად, სკოლის პერიოდში საერთოდ არ ვიცოდით, რა იყო მოჰაჯირობა, რადგან საქართველოს ისტორიას არ გვასწავლიდნენ. აფხაზებსაც არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია... ახლა კი ვაპირებთ, გამოვცეთ წიგნი „კავკასიის ტრაგედია - აფხაზეთის მოჰაჯირობა“. წიგნი ქართულად დაიწერება, თუმცა ითარგმნება რუსულ ენაზე, რადგან აფხაზი მხოლოდ რუსულად კითხულობს

- აფხაზურად არ კითხულობენ?

- მთავარია, აფხაზმა ენა და დამწერლობა არ დაკარგოს, მაგრამ ქიმიას ან ბიოლოგიას ხომ ვერ ისწავლის აფხაზურად... სად უნდა გამოიყენოს ეს ცოდნა? ამიტომ, ან უნდა ისწავლონ ქართულად, ან რუსულად.

- ისე რუსი ბევრია დღეს აფხაზეთში?

- მხოლოდ 29 ათასი, თუმცა ისინი სამხედროები არიან, რომლებიც პენსიაზე გავლენ, იქვე დარჩებიან, დაოჯახდებიან და უეცრად, მათი რაოდენობა, შესაძლოა, 100 ათასი გახდეს.

- ამაში საფრთხეს თუ ხედავენ აფხაზები?

- თუ ასე მოხდა, არჩევნებზე აფხაზები უმცირესობაში აღმოჩნდებიან და ეს იციან. გალი უკვე სამხედრო ქალაქია, ცენტრში შენდება სამხედრო დასახლებები, ადგილობრივ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს - წელს თუ 400-ზე მეტი ბავშვი იყო, გაისად 300 იქნება; მოსახლეობას დიდი პრობლემები აქვს, უმუშევრობაა, აგრესია მოდის რუსებისგან...

- როგორც ვიცი, ქართულად სწავლებაც აღარ არის, ბატონო როლანდ.

- დღეს, გალის ყველა სკოლაში ისწავლება ქართული, როგორც უცხო ენა და კვირაში დაახლოებით ორი საათი ეთმობა; უბედურება ისაა, რომ მოსწავლეები რუსულად საუბრობენ, რუსულად თამაშობენ...

- გამოდის, ენა იკარგება, კულტურაც და ჩვენ რისი იმედი გვაქვს?

- მაქვს იმედი, რადგან აფხაზებს ვიცნობ; ისინი არ დამორჩილდებიან რუსს - შეიძლება თავიც შეაკლან. მჯერა, ერთ მშვენიერ დღეს ისინი ხმას აღიმაღლებენ.

- თავად თუ ჩადიხართ ხოლმე აფხაზეთში?

- 2007 წლის მერე არ ვყოფილვაარ. იქ შეიძლება ჩახვიდე, მაგრამ არავინ გეტყვის, დარჩი გარკვეული პერიოდიო... არადა, ჩემი სახლი, ახლობლების საფლავები იქაა, თითოეული ჩვენგანი განიცდის ამას და ვფიქრობ, ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება - შუაკაცი არაფერში გვჭირდება.

- ფიქრობთ, იმ მომავალი თაობისთვის, რომელიც სხვა ღირებულებებსა და ნარატივზე იზრდება, ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია?

- მე ვიცი განწყობა... გარდა ამისა, გალის ტერიტორიაზე შედის ქართული სახელმძღვანელოები, მუშაობს დისტანციური სწავლებაც და პედაგოგებიც მონდომებულები არიან, მაქსიმალური ცოდნა მისცენ ბავშვებს.

- მაგრამ ეს მხოლოდ გალში ხდება...

- ჯერჯერობით ასეა, თუმცა გვინდა რესურსცენტრი გალს გასცდეს. დღეს დიდი პრობლემა აქვს ოჩამჩირეს, რომელიც მთლიანად აოხრებულია, ნასახლარს ჰგავს, თუმცა რამდენიმე სკოლა მაინც ფუნქციონირებს და ვაპირებთ, იქ ქართული სწავლება დავნერგოთ. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ვფრთხილობთ, ზედმეტი ინფორმაციების გავრცელებამ ორივე მხარის ინტერესები არ დააზარალოს.

- შიშის ფაქტორი არსებობს, ხომ?

- რა თქმა უნდა, თუმცა აფხაზეთს ჰყავს პატრიოტი შვილები, რომლებიც მათი ეთონოსის, კულტურის გადარჩენას ხედავენ მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობით.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„დაგვიმატეთ 2 ქულა - კითხვები არასწორია, შეცდომაა თარგმანში... აღიარეთ შეცდომა!“ - აბიტურიენტების ნაწილი NAEC-ს მიმართავს  

განათლების სამინისტროს კიდევ ერთი სსიპ-ი, რომელიც შესაძლოა გაუქმდეს, „ემისია“(?)

„მე-3 ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... საშინელი 35 ქულიანი იყო“ - ისტორიის გამოცდის მე-3 სესიიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებები

პედაგოგების 20 პროცენტზე მეტი მათემატიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 4-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა

მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული კიდევ ერთი საგნის ტესტი გამოქვეყნდა

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება