სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ, რჩევები

„შეიძლება ბავშვობაში დეპრესიამ თავისით გაიაროს, თუმცა ზრდასრულობაში ძალიან ცუდი სახით გაიღვიძოს“- როგორ გავარჩიოთ ბავშვებში მოწყენილობა დეპრესიისგან? 
20-10-2019
-
+


მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა ყველასთვის უდარდელ პერიოდთან ასოცირდება, ემოციური სირთულეები მოზარდებში არცთუ ისე იშვიათია. ხშირად ეს სირთულეები ძალიან თვალშისაცემი ხდება და საქმე გვაქვს დეპრესიასთან. როგორც ექსპერტები ამბობენ, არასრულწლოვნებში დეპრესიის ამოცნობა უფრო რთულია, ვიდრე ზრდასრულებში, რადგან ხშირად მათი შეცვლილი ქცევები ბავშვურ ჭირვეულობას ან უბრალოდ უგუნებობას მიეწერება.

როგორ უნდა დავეხმაროთ მოზარდს დეპრესიასთან გამკლავებაში, - etaloni.ge ბავშვთა ფსიქოლოგს, ქეთი დევაძეს, ესაუბრა.

- პირველ რიგში, როგორ უნდა ამოვიცნოთ დეპრესია ბავშვებში?

- დეპრესია ყველაზე თვალშისაცემია ოჯახსა და სკოლაში, სადაც ბავშვი ყველაზე მეტ დროს ატარებს. მოზარდს ასეთ დროს ეცვლება მადა და ძილის რეჟიმი, უქვეითდება ენერგია, აქვს დანაშაულის განცდა, უმეტესად არის მოწყენილი და ახასიათებს უიმედობა. ხშირად არის გაბრაზებული, უსარგებლოდ თვლის თავს, ფიქრობს სიკვდილზე, შეიძლება ჰქონდეს სუიციდის მცდელობა, ხშირად ტირის, გულჩვილია, არის გამხდარი, შესაძლოა, ფიზიკური ჩივილებიც ჰქონდეს. ჩვეულებრივ, რაც ადრე აინტერესებდა, ახლა სიამოვნებას არ გვრის. რაც მთავარია, ეს სიმპტომები მხოლოდ კონკრეტულ ვითარებაში კი არ ვლინდება, არამედ მისი ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას.

- ხშირად გარშემომყოფები ბავშვურ ჭირვეულობას ან უბრალოდ მოწყენილობას მიაწერენ ხოლმე დეპრესიულ ქცევებს, როგორ უნდა განვასხვავოთ ეს ორი ერთმანეთისგან?

- ხანდახან ეს მართლაც რთულია, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში, თუმცა, როცა საქმე გვაქვს დეპრესიასთან, ეს არის დროში უწყვეტი პროცესი და ეს უგუნებობა თუ უიმედობა ბავშვის ურთიერთობების ყველა სფეროს მოიცავს. როდესაც ბავშვს აღარ უნდა აკეთოს ის, რაც მანამდე მოსწონდა, აღარ აქვს რაიმე გეგმა, ასეთ დროს უკვე დეპრესიასთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ მოწყენილობასთან. ეს სიმპტომები უნდა იყოს დროში განფენილი და განგრძობადი.

- მოზარდობის ხანას ადამიანები, ძირითადად, ხალისთან და უდარდელობასთან აკავშირებენ, რა შეიძლება იწვევდეს დეპრესიას ამ პერიოდში?

- ეს შეიძლება გამომდინარეობდეს ჩვენი გენეტიკური მოწყვლადობიდან, როგორია ოჯახში გამოცდილება დეპრესიასა და სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებაზე. ასევე, რისკი, რომ არასრულწლოვანში განვითარდეს დეპრესია, იზრდება, როცა ოჯახში არის ძალადობა ან ოჯახის გარეთ არის ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, როცა მის სოციუმში ალკოჰოლს მოიხმარენ, ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი ან სოციალურ მედიაზე დამოკიდებული. მარტივად რომ ვთქვათ, როცა მის გარშემო რაღაც ისე ვერ მიდის. რა თქმა უნდა, თავად მოზარდების მიერ ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაც ზრდის დეპრესიის რისკებს.

- სასკოლო გარემო რამდენად შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი და რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ,  მასწავლებელმა, როცა ამჩნევს, რომ ბავშვს დეპრესია აქვს?

- ბულინგი სკოლაში ერთ-ერთი რისკფაქტორია. ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ყველაზე მოწყვლადები არიან, რომ განუვითარდეთ დეპრესია. როცა დეპრესიაზე ვსაუბრობთ, ასეთ დროს მასწავლებლის როლი ძალიან დიდია ორი მიმართულებით: ერთი როლი მდგომარეობს ამოცნობაში და მეორე - დახმარებაში. მასწავლებელი დიდ დროს ატარებს ბავშვთან, მის განვითარებას ადევნებს თვალყურს და ადვილად შეუძლია, შეამჩნიოს ის ცვლილებები, რომლებიც ბავშვი ხდება. როცა აღმოაჩენს, რომ ბავშვს აქვს დეპრესია, პირველ რიგში, უნდა აცნობოს მშობელს, რომ ეს ცვლილებები შეამჩნია და განიხილოს მშობელთან ერთად, მიმართოს სპეციალისტს დახმარებისთვის.

მასწავლებლის როლი მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს ბავშვს, მოაგვაროს სკოლაში არსებული ურთიერთობები, დაეხმაროს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და დაიცვას სხვადასხვა სახის ძალადობისგან, რაც შეიძლება მოხდეს სასკოლო გარემოში. ასევე, დეპრესიის დროს ბავშვებს ხშირად აქვთ დაქვეითებული დროის მენეჯმენტის უნარი და ზოგადად, ორგანიზების უნარი, სასოწარკვეთილები არიან და ვერ ხედავენ პროგრესს თავიანთ ცხოვრებაში, ასეთ დროს მასწავლებელი უნდა დაეხმაროს ბავშვს, რომ დაინახოს საკუთარი პროგრესი და განიხილოს მიღწევები მასთან ერთად. დაეხმაროს დროის მენეჯმენტში, სოციალური ურთიერთობების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში.

- რა ეტაპზე უნდა მივხვდეთ, რომ  მხოლოდ მშობელი და მასწავლებელი უძლურია და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო?

- როცა ბავშვის გუნება-განწყობა უბრალოდ კი არ არის შეცვლილი, დიდი ხნის განმავლობაში ბავშვს არ აქვს არანაირი ინტერესი, ვეღარ იღებს სიამოვნებას ვერაფრით, კომუნიკაცია აღარ უნდა არავისთან, ხშირად ტირის, ხშირად ფიქრობს სიკვდილზე, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რადგან შეიძლება ბავშვობაში დეპრესიამ თავისით გაიაროს, თუმცა თავისით გავლილმა დეპრესიამ ზრდასრულობაში ძალიან ცუდი სახით გაიღვიძოს.

- რა არის მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ დეპრესიულ ბავშვებთან ურთიერთობისას?

- უმთავრესი არის ემპათია და გაგება, მათთან ურთიერთობა არ უნდა შევწყვიტოთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მხარდამჭერები, გამოვხატოთ ემპათია სახლშიც და სკოლაში. ეს არის ამოსავალი წერტილი - მათთან ურთიერთობა და მხარდაჭერა.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე
 
 
 
ბრწყინვალეა საყდრიონის საჯარო სკოლის გუნდის შედეგებიც
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება