სიახლეები
ინტერვიუ

„დედას ჰქონდა ტელეფონი, ბებიას - არა და ამით ვსარგებლობდი“ - ნუგზარ ერგემლიძე
28-09-2019
-
+


როცა ბებია სიჯიუტის გამო სჯიდა, ბაბუის შინ დაბრუნებას ელოდა, რათა მას „სასჯელიდან მოეხსნა“. უნდოდა ისეთი სიმღერები ეწერა, როგორსაც პოლ მაკარტნი წერდა, თინეიჯერობის ასაკში „აურია“ და როცა სახლიდან იპარებოდა, ზღვისპირა პატარა ქალაქში დამალვაც უჭირდა. მეოთხე კლასში „ჰამლეტი“ წაიკითხა და ამისთვის ჯილდოც დაიმსახურა. მასწავლებლის რჩევა, რომ „თეატრალურში“ ჩაებარებინა, არ გაითვალისწინა, მაგრამ არც ნანობს.

მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე etaloni.ge-სთან თავისი ბავშვობის წლებს იხსენებს:

- მთლად დამჯერი ბავშვი არ ვიყავი და ხშირად კუთხეშიც მაყენებდნენ სიჯიუტისთვის. უმეტესწილად, ბებიასთან და ბაბუასთან ვიზრდებოდი. როცა ბებია დამსჯიდა და კუთხეში დამაყენებდა, ბაბუის მოსვლას ველოდი. ბაბუა, დედაჩემის მამა, მოვიდოდა თუ არა, ვაშლს, ან კანფეტს მომიტანდა და სასჯელიდანაც მაშინვე მომხსნიდა. როცა სკოლაში შევედი, შევიცვალე, აღარ ვიყავი ასეთი, თუმცა თინეიჯერობის პერიოდში, როგორც ყველამ, მეც ავურიე - ვაცდენდი სკოლას, დავდიოდი შატალოზე, აღარც ბებიას ვუჯერებდი. მერვე კლასიდან ისევ ფორმაში ჩავდექი.

- შატალოზე წასვლის გამო, ალბათ, სკოლაში გსჯიდნენ?

- მართალია, კუთხეში აღარ მაყენებდნენ, რადგან უკვე დიდი ვიყავი და არც როზგს მირტყამდნენ, როგორც აკაკის, მაგრამ დასჯა სხვადასხვა ფორმით აისახებოდა. მაგალითად, მკაცრი საუბრებით, მუქარით, რომ ნიშანს არ გვაღირსებდნენ, რომ მშობელს დაიბარებდნენ და ა.შ.

ერთხელ, ჩემგან უჩუმრად, დედაჩემი დაუბარებიათ სკოლაში. დედა თვითონ ასწავლიდა მაშინდელ ე.წ. უპატრონო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში და საბჭოთა კავშირის უამრავი გზასაცდენილი ბავშვის პედაგოგი იყო. მთელი ცხოვრება წერილებს წერდნენ დედას თავისი მოსწავლეები, მოიკითხავდნენ, ესიყვარულებოდნენ... ერთხელაც, დაიბარეს თურმე დედა სკოლაში, ისე, რომ მე არ ვიცოდი. მეორე დღეს კი, როცა სკოლაში მივედი, ყველა მასწავლებელმა მითხრა, დედაშენი აქ მეტად აღარ მოვიდესო. თურმე უთქვამს, მე „ბანდიტ“ ბავშვებს ვზრდი და კაცად ვაქცევ, სახელმწიფოს წესიერ ადამიანებს ვაბარებ, ჩემი შვილი კი წესიერი ჩაგაბარეთ და თუ გამიფუჭდა, ყველას პასუხს მოგთხოვთო...

მამა ადრე გარდამეცვალა და რადგან დედა ძალიან დაკავებული იყო, ხან მასთან ვიყავი, ხანაც ბებიასთან. დედას ჰქონდა ტელეფონი, ბებიას - არა და ამით ვსარგებლობდი, დედას ბებიასთან ვეგონე, ბებიას - დედასთან, მაგრამ პატარა ქალაქია ბათუმი, მაშინ კიდევ უფრო პატარა იყო და სად დაიმალებოდი?! შორს ვერსად მივდიოდი.

- სიმღერით ალბათ ბავშვობიდან იყავით გატაცებული? 

- მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ სამუსიკო სკოლაში არ დავდიოდი, უფრო მხატვრობისკენ მიწევდა გული და შესაბამისად, სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. მუსიკის შესწავლა ცოტა გვიან, 12-13 წლიდან დავიწყე, დედა და ბებია კარგად უკრავდნენ გიტარაზე, დედა ფორტეპიანიოზეც უკრავდა. მერე ისე მოხდა, რომ უცებ შემოიჭრა „ბითლზი“ ჩემს ცხოვრებაში და ძალიან გამიტაცა. ბევრი ჩემი მეგობარი, მეზობელი უკრავდა და მღეროდა მათ სიმღერებს და ნელ-ნელა ჩავები ამ ფერხულში. უფრო ინტენსიურად დავიწყე გიტარის სწავლა, თუმცა მასწავლებლის გარეშე. პირველი აკორდები ბებიამ მასწავლა, შემდეგ ვიყიდე თვითმასწავლებელი სახელმძღვანელო და იმით ვისწავლე ნოტები, რამდენადაც შეიძლებოდა, ვარჩევდი სიმღერებს. ძალიან მინდოდა დამეწერა სიმღერები ისე, როგორც პოლ მაკარტნი წერდა, ვყიდულობდი ნოტებს, სადაც მათი სიმღერები იყო და ვღიღინებდი ახალ-ახალ მელოდიებს, ხანაც ვუკრავდი. ჟურნალებში იბეჭდებოდა მაშინ პოპულარული სიმღერები და ჩემი მეთოდი მქონდა მათ შესასწავლად. მეათე კლასში ვიყავი, როცა ჯგუფი შევიკრიბეთ ბათუმში პროფკავშირების კულტურის სახლში და ერთად ვუკრავდით.

უკვე მეცხრე კლასიდან ყურადღება მომაქცია ჩემმა მეზობელმა, ახლა სახელოვანმა კომპოზიოტორმა ისრაელში და საქართველოში, სოსო ბარდანაშვილმა და დიდი თანადგომა გამიწია. როდესაც სკოლა დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, მანვე ურჩია რობერტ ბარძიმაშვილს, რომ პირველი ქართული როკ-ოპერისთვის ლექსები მე დამეწერა.  

- რადგან ბავშვობიდან ლექსებს წერდით, ალბათ კითხვაც გიყვარდათ სკოლის პერიოდში?

- კითხვა ძალიან მიყვარდა, პოეზია - განსაკუთრებით. ვკითხულობდი  გალაკტიონს, ლადო ასათიანს, შემდეგ ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ამერიკული პოეზიის თარგმანები, რაც თითქმის ზეპირად ვიცოდი. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა შექსპირის „ჰამლეტი“ წავიკითხე. მამაჩემს ეგონა, რომ ვერ გავიგებდი და დაწვრილებით გამომკითხა მთელი ნაწარმოები. როცა ავუხსენი, ვინ ვის უყვარდა, ვინ ღალატობდა ქმარს და ა.შ. ადგა და ოქროს კალმიანი კალმისტარი მაჩუქა. მაშინ ძალიან რთულად მოსახმარი მელნის კალმისტრები იყო, უნდა ჩაგესხა მელანი, მერე ჩაგეწო შიგ კალამი, ითხუპნებოდი და არ იყო მთლად კომფორტული. ამიტომ ავდექი, მამას კალმისტარი დავუბრუნე და ბურთულიანი კალამი მოვთხოვე... იმის შემდეგ არც წამიკითხავს „ჰამლეტი“.

- განსაკუთრებით რომელი მასწავლებელი დაგამახსოვრდათ?

- მყავდა რამდენიმე გამორჩეული მასწავლებელი, რომლებმაც თავი დამამახსოვრეს, მათ შორის იყვნენ ქართულის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი და ჩემი პირველი მასწავლებელი ვენერა სიხარულიძე. ახლახან კლასელები შევხვდით ერთმანეთს ბათუმში, ზღვის პირას. ჩვენ ერთ-ერთი კლასელი ჯემალ ჯინჭარაძე ჩამოვიდა უცხოეთიდან, ამდენი წელი არ გვენახა და შევიკრიბეთ... ბავშვობის მეგობარი ძალიან ძვირფასია ყოველთვის.

საკმაოდ პოპულარული ბიჭი ვიყავი სკოლაში და გაკვეთილებზე ხშირად ოხუნჯობით გამოვირჩეოდი. ერთხელაც, მეათე კლასში, მორიგი ოხუნჯობის დროს, ფრანგულის მასწავლებელმა ცისანა მიქაუტაძემ ამაყენა და მითხრა, - ერგემლიძე, დაანებე თავი შენ მაგ სამხატვრო აკადემიას და თეატრალურში წადი, მაგარი არტისტი გამოხვალო! არ დავუჯერე, მაგრამ არც ვნანობ!

- მართლაც, მიუხედავად მსახიობური თუ მუსიკალური მონაცემებისა, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეთ... პროფესია თქვენი სურვილით აირჩიეთ, თუ ოჯახის წევრების თხოვნა გაითვალისწინეთ?

- ჩემი სურვილით ავირჩიე, რა თქმა უნდა, ჩემს არჩევანში არავინ ჩარეულა. სამხატვრო აკადემია დავამთავრე დიზაინის დარგში, მაგრამ მერე ფერმწერი გავხდი, იმიტომ, რომ  საბჭოთა კავშირში დიზაინი ისეთივე „პოპულარული“ იყო, როგორიც ახლა მარსზე სკოლის გაშენება იქნება. ფანტასტიკა იყო, არ არსებობდა, ფაქტობრივად.

- ბატონო ნუგზარ, იმ პერიოდის საგანმანათლებლო სისტემაში რა მოგწონდათ, ან არ მოგწონდათ ყველაზე მეტად?

- ჩემი დროის სკოლა რუსეთის იმპერიის სკოლებისგან, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა. ის კი არა, 50-იანი წლების სკოლებისგანაც განსხვავდებოდა... ჩვენი დრო გაცილებით თავისუფალი იყო, უკვე ჯინსებითაც შეგვეძლო სკოლაში სიარული, სხვა თაობებს კი არ შეეძლოთ. ადრე ძალიან მკაცრი მოთხოვნა ჰქონდათ ფორმით სიარულზე, მაგრამ არის ამაში რაღაც დასაფიქრებელი. რატომ უნდა იაროს ერთმა ბავშვმა გამორჩეულად, 500-დოლარიანი ფეხსაცმლით, მოდაზე ჩაცმულმა და მეორე, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, დაჩაგრულად გამოიყურებოდეს. უცხოეთის ბევრ სკოლაში ყველას ერთნაირად აცვია და ძალიანაც მომწონს. ჩაცმა-დახურვით არ უნდა მოიწონოს ადამიანმა თავი, განსაკუთრებით, სკოლის პერიოდში.

- ასეთ პოპულარულ ბიჭს, ალბათ სკოლაში თაყვანისმცემელი გოგონებიც გეყოლებოდათ, თავად თუ იყავით შეყვარებული ბავშვობაში?

- გოგოს რომ დაინახავ და გული აგიჩქარდება, ასეთი შემთხვევები მრავლად იყო, მაგრამ სიყვარულით ბავშვობაში არავინ მყვარებია. ვიღაცას ეპრანჭები, თავს აწონებ, ვიღაც გეპრანჭება, სულ ეს იყო... ეს იყო რეპეტიცია ჩემი მომავალი სიყვარულისთვის. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულები ცნობილია

რამდენი ქულა უნდა აიღოთ თითოეულ საგანში, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ - ინფორმაცია მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

პროგრამების ჩამონათვალი, რომელთაც შესაძლოა აკრედიტაცია შეუჩერდეს

ქულის სკალირების და გათანაბრების გამოთვლის მეთოდები

პირველკლასელთა რეგისტრაცია და სკოლაში დოკუმენტების წარდგენა 2 მაისიდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ II ეტაპის შესახებ

პიროვნება

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ხუხუნი

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნონა ელკანიშვილი

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ ვიქტორინაში საპრიზო ადგილი დაგიკავა
 
კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები
 გავაზის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებიპროფესიულ კოლეჯში იმყოფებოდნენ, სადაც საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება