სიახლეები
ინტერვიუ

ნოდიკო ტატიშვილი: „გოგონამ, რომელიც მიყვარდა, სამიანი მიიღო და მთელი გრძნობები გამიქრა“
20-07-2019
-
+


მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. დღემდე მწარედ ახსოვს, როგორ გამოაყოლა შრომის მასწავლებელმა 4-იანი და როგორ გაუმწარა მთელი ზაფხული... შრომა უყვარს და ბევრიც იშრომა, რომ თავის საქმეში პროფესიონალი  ყოფილიყო, მაგრამ, მაგალითად, ლურსმანი შეიძლება ისე ვერ მიაჭედოს, როგორც საჭიროა.

ნოდიკო 6 წლიდან სცენაზე დგას. სიმღერა ყველაფერს ურჩევნია და თავიდანვე იცოდა, რომ მხოლოდ ამ გზას გაჰყვებოდა, თუმცა მშობლებს ხათრი ვერ გაუტეხა და მისი დედა ახლა უნივერსიტეტის დიპლომსაც ინახავს, რომლის თანახმადაც, ნოდიკო სახელმწიფო მართვის მოხელეა.

- რვათვიანი დავიბადე ერთ ძალიან თბილ და კარგ ოჯახში. უაღრესად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თუმცა, როცა 4-5 წლის ვიყავი სწორედ მაშინ მოხდა დიდი არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და უბედურება თბილისში და მომდევნო წლებში შუქი არ იყო, გაზი არ იყო, არაფერი არ იყო... ამ ყველაფრის მიუხედავად, სითბო და ყურადღება არასოდეს მომკლებია. დავდიოდი ბაღში, იქ ვცეკვავდი და ვმღეროდი. ბავშვი რომ ხარ, ყველაფერს პოზიტიურად ხედავ და შუქის არყოფნასაც ვერ ამჩნევ. უშუქობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ მოდიოდა, გვიკვირდა კიდეც. ეს ყველაფერი მახსოვს, მაგრამ მძაფრად არ აღმიქვამს, რადგან პატარა ვიყავი. 

- თავად როგორი ბავშვი იყავით, ცელქი თუ მშვიდი?

- ჩემზე ამბობენ, რომ ცელქი და მხიარული ბავშვი ვიყავი, სულ რაღაცას ვაფუჭებდი. ერთი შეხედვით კი ვჩანდი ზრდილობიანი და კარგი, მაგრამ სულ რაღაცას ვტეხავდი სახლში. რომ გაინტერესებს რაღაცის ნახვა და ამ დროს გეუბნებიან, ხელი არ მოკიდოო, შენ კი არ უჯერებ და მაინც კიდებ ხელს, ეს მომენტები მქონდა. ამ დროს კი გივარდება ხელიდან და გიტყდება. ცნობისმოყვარე ბავშვი ვყოფილვარ. ძალიან მრუდე ხელი მქონდა და სადაც მივდიოდი სტუმრად, ყველგან რაღაცას ვამტვრევდი. ძალით კი არ ვაკეთებდი, ასე გამოდიოდა. ჩემები რომ მიხვდნენ, ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად ხდებოდა, კონტროლზე ამიყვანეს და სტუმრად რომ მივდიოდი სადმე, დედაჩემის თუ მამაჩემის გვერდით უნდა ვმჯდარიყავი და ფეხი არ უნდა მომეცვალა იქიდან. სამაგიეროდ, საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც სულ სოლისტი ვიყავი და ყველა ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას. 

- ანუ ბაღის ასაკიდან მღერით?

- დიახ, დედა რომ მიხვდა, მუსიკალური ნიჭი მქონდა, ვოკალის პედაგოგთან, ნანა დაუშვილთან მიმიყვანა. 5 წლის ვიყავი მაშინ. ჩემი დებიუტი კი 6 წლის ასაკში, ფილარმონიაში შედგა. იმ დღიდან შემიყვარდა სცენა, მიკროფონი, ხალხი... მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო სცენასთან, მუსიკასთან და პუბლიკასთან. ასეც გამოვიდა.

- რომელ სკოლაში სწავლობდით?

- თბილისის 39-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. ხუთოსანი ვიყავი და ჩემთვის სწავლა მეორეხარისხოვანი არასოდეს ყოფილა. დედაჩემი პედაგოგია. იმავე სკოლაში, დაწყებით კლასებში ასწავლიდა და მინდოდა თუ არ მინდოდა და მეზარებოდა თუ არა, ვცდილობდი, მაინც მესწავლა, რომ დედასთვის ვინმეს საყვედური არ ეთქვა.

- დედა მოითხოვდა თუ სწავლა გიყვარდათ?

- დედა ძალიან მომთხოვნი იყო, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მეც მქონდა როგორც დედის, ისე საკუთარი თავის წინაშე და არ მინდოდა, დედაჩემისთვის ვინმეს ეთქვა, შენი შვილი ზარმაცია, ან ცუდად სწავლობსო. თუმცა, ერთ-ერთი პირველი მივდიოდი შატალოზეც. აზრიანი გაპარვები კი გვქონდა, ცუდ რაღაცებს არ ვაკეთებდით, შემეცნებითი შატალოები გვქონდა ხოლმე - კინოში დავდიოდით, მთაწმინდაზე ავდიოდით და იქიდან წამოსულები რესტორანში ვსადილობდით...

- მასწავლებლები როგორ გახსოვთ?

- ყველგან ძალიან საყვარელი მასწავლებელი მყავდა. თბილისის მე-100 ბაღში დავდიოდი და იქ მარინა ბეჟიტაშვილი და იზა კუდუხაშვილი მასწავლიდნენ. მათთან დღემდე ვურთიერთობ. სკოლაში ჩემი პირველი მასწავლებელი ლამზირა ტუღუში იყო, მე-5 კლასიდან კი ჩვენი დამრიგებელი ლალი ქაფიანიძე გახლდათ. ფანტასტიური ქალბატონია, მათემატიკას გვასწავლიდა და მასთანაც დღემდე ვურთიერთობ, ვმეგობრობ და ძალიან მიყვარს. ის ბოლომდე ჩვენი დამრიგებელი იყო. ქართულ ენას ასევე ძალიან კარგი პედაგოგი, ლალი ნასყიდაშვილი მასწავლიდა, ფიზიკას - არაჩვეულებრივი მარინა კეტენაძე... გარდა იმისა, რომ კარგი პედაგოგები იყვნენ, საოცარი ადამიანები გახლდნენ. თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, მინდა, ყველა დიდი სიყვარულით მოვიკითხო.

- როგორი მასწავლებელია გამორჩეული, რა თვისებას უნდა ჰქონდეს, რომ მოსწავლეებს უყვარდეთ?

- მასწავლებელი არ უნდა იყოს დიქტატორი და მოძალადე. სასწავლო მასალა ისე უნდა მოგაწოდოს, რომ ის შენთვის სირთულეს არ წარმოადგენდეს და მოგანდომოს მისი სწავლა. ჩემი ყველა მასწავლებელი ასეთი იყო. დედაჩემიც ხომ პედაგოგია და თავიდან მან შემაყვარა მეცადინეობა. სხვაგვარი მიდგომა აქვს. ისე გაწვდის სასწავლო მასალას, პროტესტი არ გიჩნდება. მამაჩემი გეოგრაფიაში, ალგებრაში, გეომეტრიაში მამეცადინებდა, დედა - სხვა ყველაფერში. ისე გამიჯდა მეცადინეობის აუცილებლობა,  სკოლიდან რომ მივდიოდი სახლში, ვსადილობდი და სამეცადინოდ ვჯდებოდი. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაწვდის მშობელი, როგორ გეუბნება, რომ უნდა იმეცადინო და მერე - პედაგოგი  სკოლაში.

- როგორია დედას მეთოდი, რომლითაც სწავლა შეგაყვარათ? 

- დედა ძალიან ნაკითხი, განათლებულია და ყველაფერს, რასაც მიხსნიდა, მიხსნიდა ძალიან საინტერესოდ და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ტექსტით, რაც წიგნში ეწერა. ბევრ ინფორმაციას მაწვდიდა და საინტერესო ამბები კი, ყველა დროს ყველას გვაინტერესებს. ამბებად მიყვებოდა, თვალსაჩინოებებით თუ ლიტერატურის მოშველიებით და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო, რომ შეუძლებელი იყო, არ დაინტერესებულიყავი. 

- კლასელებთან ისევ მეგობრობთ?
 
- რა თქმა უნდა! ყველა ძალიან მიყვარს და რამდენიმე ჩემი კლასელის მეჯვარე ვარ და ზოგის - ბავშვის ნათლია. ზოგ მათგანთან ახლაც ყოველდღიურად ვკონტაქტობ. მთლიანობაში, ძალიან კარგი კლასი გვქონდა და ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და იუბილეს აღვნიშნავთ. ახლა 15 წლის იუბილე გვიწევს და ვაპირებთ, სექტემბერში აღვნიშნოთ.

37 თუ 38 მოსწავლე ვიყავით კლასში და ყველა კარგად სწავლობდა. სკოლაში ყველამ იცოდა, რომ ჩვენი კლასი ძლიერი მოსწავლეებისგან შედგებოდა და, შესაბამისად, შატალოს თუ სხვა რამეს, შედარებით იოლად გვპატიობდნენ. შენიშვნას კი გვაძლევდნენ, მაგრამ მკაცრად არა. გვინდოდა შატალოზე წასვლა და მივდიოდით. ახლა ვაცნობიერებ, რამდენად რთულია მასწავლებლისთვის, როცა მოსწავლე იპარება სკოლიდან... პედაგოგს დიდი პასუხისმგებლობა აქვს და მართლა რამე რომ მოხდეს იმ დროს, ეს პასუხისმგებლობა ძლიერდება, მაგრამ კიდევ კარგი, ცუდს არაფერს ვაკეთებდით და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ჩხუბობდით კიდეც?

-კი, ერთი-ორჯერ გვიჩხუბია. ჩვენი კლასელის და შეუყვარდა მაღალკლასელ ბიჭს და ამის გამო მაგრად ვიჩხუბეთ. სხვა სისულელეების გამოც გვიჩხუბია.

- პირველი სიყვარულიც სკოლაში მოვიდა?

- არა, საბავშვო ბაღში. მზიკო ერქვა იმ გოგოს, ძალიან საყვარელი იყო... მერე სკოლაშიც მყავდა შეყვარებული მეორე თუ მესამე კლასში. ერთ დღეს იმ გოგომ სამიანი მიიღო და გადამიყვარდა. დღემდე ყველა ვიცინით ამაზე. ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო 4-იანის მიღებაც კი, 3-იანზე მთელი გრძნობები გამიქრა.

- თავად არ მიგიღიათ 2-იანი ან 3-იანი?

- არა, არც 2-იანი მიმიღია და არც 3-იანი. 4-იანებს ხანდახან ვიღებდი. მე-6 კლასში ყველამ 5-იანი გამომაყოლა და შრომის მასწავლებელმა დამიწერა 4. ნიშნები გამიფუჭა. მთელი ზაფხული ნაწყენი ვიყავი - ერთმა ოთხიანმა როგორ გამიფუჭა ნიშნები-მეთქი. 3-იანი რომ მიმეღო ოდესმე, ალბათ გავგიჟდებოდი.

- რა ვერ გააკეთეთ შრომის გაკვეთილზე?

- რავიცი, რაღაცებს ვხერხავდით, ვღებავდით და ჩემი 4-იანის მიზეზი რა იყო, აღარ მახსოვს.

- არ გეხერხებათ ღებვა, ხერხვა თუ სხვა საქმე?

- როცა ადამიანს უჭირს და სჭირდება რაღაც, ყველაფერი გამოსდის მეტნაკლებად. მე რაღაცები გამომდის და რაღაცები - არა. მაგალითად,  დენთან შეხება მქონდა ერთადერთხელ და ისე დამარტყა, ძლივს გადავრჩი. ამიტომ, დღემდე ვერიდები. ლურსმანსაც ხან როგორ ვაჭედებ და ხან - როგორ.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- მე-2 მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და  ჩემების თხოვნით, - უნივერსიტეტიც. პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელე გახლავართ. ორივე სასწავლებელი ფრიადებზე დავამთავრე. იმ პერიოდში კონკურსებზე ვიყავი გადართული - ვმღეროდი, ვიგებდი და ვფიქრობდი, ვერ ჩავაბარებდი უმაღლესში, მაგრამ ვცადე და ჩავაბარე პირველივე წელს, მაგრამ მხოლოდ მუსიკალური ცოდნა გამომადგა და მადგება ყოველდღე, უნივერსიტეტის დიპლომი კი დედაჩემს აქვს შენახული.

ყველა ბავშვს, ვინც ამ ჩემს ინტერვიუს წაიკითხავს, მინდა ვუთხრა, რომ სწავლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ყველა ბავშვმა და ახალგაზრდამ ეს წლები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ცოდნის გარეშე ცხოვრება და არსებობა წარმოუდგენელია. ჩემები მართლები იყვნენ, როდესაც მიჩიჩინებდნენ, რომ მუსიკის გარდა, კარგი განათლებაც უნდა მიმეღო. ლონდონშიც კი დავამთავრე რაღაც კურსები...კარგად შეფუთულად ჩადეს ჩემს ტვინში ცოდნა და სწავლის მოთხოვნილება ჩემმა მშობლებმა.  ყველას ვურჩევ, ბევრი ისწავლონ, რადგან ამის გარეშე შემდგომში წარმოუდგენელია კარგი სამსახური, კარგი ხელფასი... ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პროფესიონალები ვიყოთ იმ საქმისა, რასაც ხელს მოვკიდებთ. ყველა ვამჩნევთ და ეტყობა, როცა არაპროფესიონალთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ექიმი თუ მომღერალი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს.

- რომელია თქვენი ბავშვობის საყვარელი წიგნი?

- ყურბან საიდის „ალი და ნინო“ მაშინ გამოვიდა, როცა ძალიან შეყვარებული ვიყავი. ჩემმა კლასელმა იყიდა ეს წიგნი, ორ დღეში წაიკითხა და მესამე დღეს მე მომცა. მეც ორ დღეში წავიკითხე - ეს საოცარი ისტორიაა სიყვარულისა... უფრო ადრე „უფლისწული და მათხოვარი“ შემიყვარდა, ასევე, მარკ ტვენი... როდესაც „ალქიმიკოსი“ გამოვიდა და ბუმი იყო ამ წიგნზე, მაშინ ვერ წავიკითხე, მაგრამ ახლა ვიყიდე და ნელ-ნელა ვკითხულობ. ერთი სიტყვით, როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვკითხულობ.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება