TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ელენე თევდორაძე - „არავითარ შემთხვევაში არ ვაძლევდი მასწავლებლებს უფლებას, ბავშვები დაემცირებინათ, მათზე ფიზიკურად ეძალადათ
31-03-2019
-
+


სამი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ელენე თევდორაძე, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობდა, მანამ, სანამ პოლიტიკაში ჩაებმებოდა, სკოლის დირექტორი იყო. ამბობს, რომ სკოლაში მუშაობისას სიმკაცრით გამოირჩეოდა, თუმცა მოსწავლეებს საოცარ სიურპრიზებსაც უწყობდა.

ელენე თევდორაძე ახლა 80 წლისაა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, სკოლაში რომ დაიწყო სწავლა. ბავშვობის რთული წლები ახლაც სუსხივით ახსოვს – მხოლოდ სკოლის ფორმა ჰქონდა, სხვა ჩასაცმელი მისთვის არ არსებობდა... ქალბატონი ელენე „ეტალონს“ მძიმე ბავშვობაზე, სკოლაში დირექტორობის წლებზე და შვილთაშვილებზე მოუყვა.

– ქალბატონო ელენე, მრავალი წელი სკოლის დირექტორად მუშაობდით. როგორ გახსოვთ ის პერიოდი და თავად როგორი დირექტორი იყავით?

– მე სსრკ–ს პერიოდში ვიმუშავე სკოლის დირექტორად და მაშინდელი განათლების სისტემა სულ სხვა იყო. მაშინ შეფასების ხუთბალიანი სისტემა გვქონდა, ასევე –  სულ სხვაგვარი საკლასო ჟურნალები... მე საკმაოდ მკაცრი დირექტორი ვიყავი და „გესტაპოსაც“ კი მეძახდნენ. ვცდილობდი, გაკვეთილებზე დისციპლინა ყოფილიყო, ვაკონტროლებდი ბიჭების ტუალეტებს. სიგარეტი რომ არ მოეწიათ, პირდაპირ შევდიოდი ხოლმე საპირფარეშოებში. ამის პარალელურად, მოსწავლეებთან ვმეგობრობდი კიდეც და თუ რაიმე ღონისძიება ტარდებოდა სკოლაში, ყველაფრის ავტორი და მოქმედი გმირიც მე ვიყავი. ბავშვებს ცეკვებსაც ვასწავლიდი, „კავეენების“ ტექსტებსაც თავად ვადგენდი... ჩემი სიმკაცრე ბავშვებს ხელს არ უშლიდა, რომ ჩემთან გულახდილები ყოფილიყვნენ და ჩემთან ემეგობრათ. მიყვარდა, მოსწავლეებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა. პიკნიკებს ვაწყობდით, კარვები მიგვქონდა და ბუნებაში ვატარებდით დროს. 

ჩემი იდეა იყო, რომ ბავშვებს თავად გამოემუშავებინათ ფული და იმ ფულით, ისინი  სხვადასხვა ქალაქებში მიმყავდა. ქალაქ რუსთავში ქარხნის დირექტორთან დავდე ხელშეკრულება, ბავშვები მიდიოდნენ იმ ქარხანაში და შესაძლებლობის ფარგლებში მუშაობდნენ და ეხმარებოდნენ. ამ გამომუშავებული ფულით ბავშვები წამიყვანია მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში... 

ჯერ კიდევ მაშინ, არავითარ შემთხვევაში არ ვაძლევდი მასწავლებლებს უფლებას, ბავშვები დაემცირებინათ, მათზე ფიზიკურად ეძალადათ. ყველაფერს ვაკონტროლებდი. 

თავიდან, რუსთავში დავიწყე მუშაობა სკოლის დირექტორის მოადგილედ, ანუ სასწავლო ნაწილის გამგედ. მერე თბილისში გადმოვედი და ერთ სკოლაში ისევ სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი, რის შემდეგაც, განათლების სამინისტროში გადამიყვანეს. სამინისტროდან კი 56–ე სკოლის დირექტორად დავინიშნე. იქ უსიამოვნო ფაქტი მოხდა და 64–ე სკოლაში გადავედი.

– რას ეხებოდა უსიამოვნება?

– 56–ე სკოლა ვაკეშია. იქ ჩვენი პოლიტიკური ელიტის შვილები სწავლობდნენ. ჩემი სიმკაცრე და მიდგომა, რომ ბავშვებს არ დაეგვიანათ სკოლაში, ნორმალურად მოქცეულიყვნენ და ა.შ., აღიზიანებდა მოსწავლეების მშობლებს და ამის გამო გადავედი 64–ე სკოლაში და იქიდან უკვე პოლიტიკაში წავედი. საერთო ჯამში, სკოლაში 25 წელი ვიმუშავე.

1995 წლის შემდეგ სკოლასთან შეხება აღარ მქონია, მაგრამ ახლა ჩემი შვილთაშვილები სწავლობენ სკოლაში და, რა თქმა უნდა, მათ თვალყურს ვადევნებ. უნდა აღვნიშნო, რომ სწავლების მეთოდიკა ახლა უფრო მომწონს. 

– მაგალითად, რა მოგწონთ?

– უფროს კლასებში რა ხდება, ჯერ არ ვიცი, რადგან ჩემები პატარები არიან. პირველ, მეორე და მესამე კლასში სულ თამაშით ასწავლიან. სასკოლო წიგნები არ მომწონს. ჩემი აზრით, მათემატიკაში ცოტა ადრე იწყება რთული მასალა. ქართული ენის წიგნებში არ მომწონს ტექსტები. ვთვლი, რომ ეს ტექსტები ბავშვებისთვის საინტერესო არ არის. ბავშვები დღეს ბევრად განათლებულები არიან, რადგან აქვთ ტელევიზორი, ინტერნეტი... წიგნებში კი მათთვის არასაინტერესო, არამიმზიდველი ტექსტებია. 

– რამდენი შვილთაშვილი გყავთ, ქალბატონო ელენე?

– ოთხი შვილთაშვილი მყავს, მათგან ერთი დადის სკოლაში და, ასევე, ჩემი პატარა შვილიშვილიც სკოლაში დადის. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს პატარებთან. რაც უნდათ, ყველაფერს ვუსრულებ. მე გერმანული ენის სპეციალისტი ვარ და ორივე სწავლობს ამ ენას. ძალიან მომწონს უცხო ენის დღევანდელი სწავლების მეთოდიკა. სულ თამაშით სწავლობენ უცხო ენას. 80 წლის ქალი ვარ და ჩემი პატარა ბიჭები ფეხბურთსაც კი მათამაშებენ. მე ყველაფერს მიჯერებენ. შეიძლება მშობლებს ან სხვა ბებიას არ დაუჯერონ, მაგრამ მე შემიძლია მათთან ისეთი საერთო ენა გამოვნახო, რომ დამიჯერონ. ეს ალბათ სკოლაში მუშაობის გამოცდილების შედეგია. 

–თქვენი სკოლაში სწავლის პერიოდი როგორ გახსოვთ?

– მე–8 კლასამდე ქალთა სკოლაში ვსწავლობდი. მერე ბიჭებთან გაგვაერთიანეს. დღესაც, ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები ისევ სკოლიდან მომყვებიან. სამწუხაროდ, ცოტანი არიან ცოცხლები. ნაკლებად მახსოვს, ჩვენს დროს ჩხუბი და ისეთი დაპირისპირება, რაც დღეს ხდება, როცა სასიკვდილოდ შეუძლიათ გასწირონ ერთმანეთი. როცა ვსწავლობდი, ასეთი რამ არც მაშინ ხდებოდა და არც მერე, როცა სკოლაში ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ჩხუბები იყო, მაგრამ კრიმინალში არასოდეს გადაზრდილა. 

მე სკოლაში 1945 წელს შევედი. ომი ახალი დამთავრებული იყო... როცა პოლიტიკაში წავედი და უფლებათდამცველი გავხდი, მაშინ მივხვდი, რამდენად შეზღუდულები ვიყავით ჩვენ ჩვენს უფლებებში. ეს თავისუფლება, რომელიც ახლა ახალგაზრდობას აქვს, ძალიან მომწონს, მაგრამ არ არის კარგი, როცა ამ ყველაფერს ბოროტად იყენებენ. 

– ომის გამო ალბათ რთული იყო თქვენი ბავშვობა...

– დიახ, ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. მამაჩემი ომში დაიღუპა, დედა კი ლენინგრადში დარჩა. მე ბაბუამ წამომიყვანა თბილისში. ბებია–ბაბუასთან ვიზრდებოდი. ძალიან გვიჭირდა. გვაკლდა საჭმელი, ტანსაცმელი და სხვა ყველაფერი. ისე დავამთავრე სკოლა, სკოლის ფორმის გარდა, სხვა ტანსაცმელი არ მქონია.  ბებია მიქსოვდა ხოლმე ხანდახან რაღაცებს. სკოლის ფორმას ჰქონდა ზედა და ქვედა სამოსი. თუ თეატრში ან დაბადების დღეზე მივდიოდი, ფორმის ზედას ვიხდიდი და ბებიას მოქსოვილ ჯემპრს ვიცვამდი. ასე დავამთავრე სკოლა.

– თქვენი შვილის მიმართ მკაცრი დედა იყავით?

– დიახ, ძალიან მკაცრი ვიყავი. მე სკოლის დირექტორი გახლდით და არც მიფიქრია, რომ ჩემს შვილს ჩემს სკოლაში ესწავლა. სხვაგან სწავლობდა და არც ბევრი დრო მქონდა, რომ მისთვის ყურადღება მიმექცია. დედაჩემი მეხმარებოდა ძალიან. როცა ომის შემდეგ ლენინგრადში ბლოკადა მოიხსნა, დედა თბილისში დაბრუნდა და მას შემდეგ ჩემთან ცხოვრობდა.  ჩემს შვილს ძალიან კარგი კლასი ჰყავდა და თავისივე კლასელი მოიყვანა ცოლად. ყველა დედას ვუსურვებდი, ჩემი შვილისნაირი შვილი ჰყავდეს. ძალიან ყურადღებიანია. ჩემი რძალი მეტყვის ხოლმე, ბედნიერი დედა ხარ, ჩვენს ირგვლივ იშვიათია ასეთი შვილიო. მე–4 თუ მე–5 კლასში იყო, მის მამას რომ დავშორდი, მაგრამ არასოდეს შემიშლია ხელი მათი ურთიერთობისთვის. ყოველ კვირას მოდიოდა და ნახულობდა შვილს, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩემს მხრებზე გადადიოდა. შვილმა ეს გარჯა დამიფასა და მართლაც ბედნიერი დედა ვარ.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

ღონისძიება სავსე იყო იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები ბადებს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება