სიახლეები
ინტერვიუ

მამა სერაფიმე: „როცა ბავშვს უჭირს, მოძღვარს უნდა მოუყვეს, სასულიერო პირმა კი ქვეყანა უნდა შეძრას, რომ ბავშვები საფრთხისაგან იხსნას“
17-03-2019
-
+


ასირიელი მამა სერაფიმე ბით ხარიბი, რომელიც ქრისტეს ენაზე გალობს და სოფელ ქანდაში მოღვაწეობს, ამბობს, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა იაროს ეკლესიაში, სადაც მას მესაიდუმლე მეგობარი ეყოლება მოძღვრის სახით. შესაბამისად, მოზარდს საშუალება ექნება, მეგობარ სასულიერო პირს ის დეტალებიც გაუმხილოს, რასაც ვერც მშობელს ეუბნება, ვერც მეგობარს და პრობლემების გადაწყვეტაც უჭირს.

რა ასაკიდან და როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვები მარხვას და აღსარების თქმას, რატომ არის თინეიჯერი ბავშვების ცხოვრება უფრო მძიმე და როგორ უნდა მოიქცეს მოძღვარი, თუ ბავშვი მას ძალადობის შესახებ უყვება? ამ კითხვებზე „ეტალონს“ მამა სერაფიმემ უპასუხა.

–  ბავშვმა 7 წლის ასაკიდან უკვე უნდა თქვას აღსარება. მაგალითად, თუ არ გაიხეხა კბილები, არ შეასრულა დავალება, მშობელი გააბრაზა... მშობელმა უნდა ასწავლოს, რომ თუ რამე ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭიროა, მამაოს უამბოს, რომელიც მუდამ გვერდით დაუდგება, არ წაეჩხუბება და აუხსნის, როგორ მოიქცეს. ამის შემდეგ ბავშვები სასულიერო პირების გულწრფელი მეგობრები ხდებიან..

ბავშვმა ოჯახში უნდა ისწავლოს ღმერთის შესახებ. პატარაობისას უნდა ვუკითხოთ ილუსტრირებული ბიბლია, მერე მივიყვანოთ ეკლესიაში. თავიდან ხან აქეთ გაიქცევა, ხან იქეთ გამოიქცევა და ჩვენ არ უნდა ვეჩხუბოთ ამის გამო. 5 წლისა თუ აქეთ–იქით დარბის, 7 წლის ასაკში უკვე დიდი კაცივით დადგება და მოუსმენს წირვას. შეიძლება, სულ არ ესმოდეს ბავშვს სიტყვები, მაგრამ ღვთისგან მადლი გადმოდის მასზე. ბავშვი უნდა მიეჩვიოს, რომ მოძღვარი არა მხოლოდ მღვდელთმსახურია, არამედ მისი მეგობარი და მესაიდუმლეა. როცა ის პირველ ნაბიჯებს დგამს ცხოვრებაში და დახმარება სჭირდება, რომ სწორი იყოს ეს ნაბიჯები, მოძღვარმა უნდა აუხსნას, რა და როგორ ჯობს. ბევრი შემთხვევა მქონდა, როცა სკოლის დირექტორმა გამომიძახა და მითხრა, მაგალითად, ეს ბავშვი, რომელიც თქვენი მრევლია, ასე იქცევა, ცოტა თამამობს და იქნებ რამე უთხრათო. ათასი რამე უნდა იღონო ამ დროს. მოძღვარი ბავშვის ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს.

– მამა სერაფიმე, არის შემთხვევები, როცა ბავშვები ბულინგის, ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან თანატოლებისგან. როგორია მოძღვრის როლი ასეთ დროს, თუ მშობელს ვერ ეუბნება, შეიძლება ბავშვი მოძღვარს ენდოს? ან როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი, თუ მოზარდისგან მსგავს ამბავს მოისმენს?

– ქალაქში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ მე სოფელში ვარ და აქ ოჯახური მდგომარეობა უფროა – ყველა ერთმანეთს იცნობს. მოსულან ჩემთან მოსწავლეები, რომლებსაც ერთმანეთში უჩხუბიათ. ხშირ შემთხვევაში, ისინი ერთი ბარძიმიდან ეზიარებიან. მიყვებიან, როგორ გააბრაზეს ერთმანეთი.

მე თავად არაერთხელ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი – ხან რა დამაბრალეს და ხან – რა. მე განმიცდია ეს ამბავი და ბავშვს რა დაემართება?! სკოლაში აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს სიტუაცია. მანდატურები შემოიყვანეს, ვიდეოთვალთვალი დააწესეს... ბავშვი, პირველ რიგში, გახსნილი უნდა იყოს თავის მშობლებთან. თუ მშობლებთან ამას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, მოძღვართან უნდა მივიდეს, რომელიც ამის შესახებ ან მშობელს ეტყვის, ან მასწავლებელს და ერთად გადაწყვეტენ პრობლემას. ბავშვის საუბარი მოძღვართან ამ დროს არ უნდა იყოს აღსარებითი ხასიათის, მამა–შვილურად უნდა დაელაპარაკო. აღსარება საიდუმლოა და არ უნდა გათქვა. ეს კი ისეთი თემაა, რომელზეც, ვალდებულები ვართ, ვილაპარაკოთ და ადექვატური რეაგირება მოვახდინოთ, ქვეყანა ფეხზე უნდა დავაყენოთ. მოძღვარი ვალდებულია, მაგალითად, სკოლის დირექტორთან მივიდეს და უთხრას, რომ ბავშვი იყო მასთან, რომელმაც ასეთი რამ უთხრა. თუ პრობლემა გაჩნდა, მოძღვარი ვალდებულია, სკოლასაც მიმართოს, ოჯახსაც... ამის დამალვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხმამაღლა უნდა ვთქვათ და ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ.

– მამა სერაფიმე, სხვებისგან განსხვავებულია სტიქაროსანი ბავშვების ცხოვრება?

– სტიქაროსნების ცხოვრება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვების, რადგან ეს ბავშვები სხვებისთვის სულიერი ცხოვრების ეტალონები უნდა იყვნენ. სკოლაში თუ იცუღლუტებს, ვიღაც აუცილებლად წამოაძახებს, შენ ის არ ხარ, სტიქარი რომ გაცვიაო... შესაბამისად, ბევრ რამეში ზღუდავს თავის თავს. ასეთი ბავშვი ვერ დადგება ქუჩაში და ნარდს ვერ ითამაშებს, არც სიგარეტს მოწევს. რთულია მათი ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს მათზე ღვთის მადლია, რადგან არაფერს აშავებენ, ღმერთს ემსახურებიან... სოციუმში პროგრესირებას განიცდიან, მათთან მიდიან, ეკითხებიან, ამიტომ, ცდილობენ, ბევრი რამ იცოდნენ, რასაც  თავმდაბლობით და სიყვარულით აუხსნიან სხვებს. სტიქაროსნები ინტელექტუალები არიან. ბევრი, ვისაც ვიცნობ, ფიზიკოსები, ექიმები, მათემატიკოსები გამოდიან... სამღვდელოება რომ განიცდის ბულინგს, სხვა ასე ვინ განიცდის – აი, „ჯიპით“ დადისო და ა.შ.

–  უნდა იაროს მამაომ „ჯიპით“ ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში? მამა ათანასეზე ატყდა დიდი ამბავი, „ბენტლით“ დადისო...

–  რამდენადაც ვიცი, მამა ათანასე მეგობრის მანქანაზე დაჯდა და უბრალოდ, გაიარა იმ „ბენტლით“. მამა ათანასეს ბავშვობიდან ვიცნობ და იცით რამდენი უპოვარი ჰყავს დაპურებული და რამდენი უსახლკაროსთვის მიუცია თავშესაფარი?! უამრავ ავადმყოფს დაეხმარა... მეგობრის მანქანით გაიარა და ატყდა ამბავი! რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი „ჯიპებით“ სიარული, მაგრამ ეგ ჩემი საქმე არ არის და ყველას ვურჩევ, სხვას ნუ განიკითხავენ.

– ახლა დიდი მარხვაა. ხშირად ხდება განსჯის საგანი, უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა, რადგან ის მოზარდია და ამ დროს ორგანიზმს ყველა სახის საკვები სჭირდება. რომელი წლიდან და როგორი წესით უნდა იმარხულონ ბავშვებმა, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს?

– ტრადიციის მიხედვით, 7 წლიდან აბარებენ ბავშვები აღსარებას. ამ დროს ბავშვი ხვდება, რა არის კარგი და რა – ცუდი. შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდეს საშუალებას, რომ იმარხულოს. რაც შეეხება ჯანმრთელებს, ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ მარხვას. მარხვა პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ბავშვი უკვე პიროვნებაა, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა შეისისხლხორცოს. თუ დიდ მარხვას ვერ დაიცავს, ოთხშაბათს და პარასკევს ხომ მაინც ყველას შეუძლია მარხვის დაცვა? დღეს სავსეა სწრაფი კვების ობიექტები ბავშვებით და ამის გამო რატომ არ წუხან მშობლები?! მარხვის დროს კი ორგანიზმის განწმენდა ხდება როგორც სულიერად, ისე ხორციელად – იწმინდება შლაკებისგან. ჰამბურგერების ჭამას არ ჯობს, ერთ დღეს მხოლოდ ბოსტნეული და ხილი მივცეთ ბავშვს? როდის უფრო მეტ ვიტამინს მიიღებს?! ლობიოში, სტაფილოში, კომბოსტოში, მწვანილში დიდი რაოდენობით ვიტამინია და რა, ეს აკნინებს ადამიანის ჯანმრთელობას?! ამ დროს ორგანიზმი ბუნებრივი სახით იღებს ვიტამინს და გაზაფხულზე აღარ გჭირდება ხელოვნური ვიტამინის მიცემა და არ გაწუხებს, რომ ბავშვს რკინა აკლია. ჩვენს ბავშვობაში მაკარონის, ბრინჯის სუფებს ვჭამდით. დღეს კი ოჯახების დიდ ნაწილში წვნიანი აღარ მზადდება, ურჩევნიათ ჰამბურგერით გამოკვებონ შვილები. რატომ არ აპროტესტებენ იგივე მშობლები, კეტჩუპი და კოკა–კოლა როგორ ვნებს ჯანმრთელობას და რას უშავებს ორგანიზმს?! არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ცუდი და მავნებელია. მარხვა კი არაფერს დაუშავებს მათ შვილებს. პირიქით, მარხვა ჯანსაღი კვებაა  და ამ დროს ორგანიზმის იმუნიტეტი და ჰემოგლობინი იზრდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მაინც სულიერი მდგომარეობაა, რომლის მერეც უნდა ვიფიქროთ მარხვასა და საკვებზე.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება