სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს წარმატება ტრადიციად ვაქციოთ“- დედოფლისწყარომ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
11-10-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით „ეტალონი მოსწავლეების“ შერჩევას აგრძელებს. ამჯერად პროექტის შემოქმედებითი გუნდი დედოფლისწყაროს ესტუმრა.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი და  განათლების კომისიის, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ბახუტაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული გულშემატკივრები და მოწვეული სტუმრები.

გამარჯვებულის ტიტული ამჯერად დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ - მადინა ღანიშაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს მადინას მეორე მცდელობა იყო „ეტალონში“ მონაწილეობის და მან ამჯერად ოცნება აისრულა. ის თავისი რაიონის გამორჩეული მოსწავლე გახდა. 

„არც მახსოვს იმ წამს რა გავაკეთე. სასწაული ემოცია მქონდა, ალბათ. თავიდან მეგონა ათეულშიც ვერ შევდიოდი და უცებ პირველი ადგილი. ბოლოს ორი მოსწავლე რომ დავრჩით, დრო ისე გაიწელა, ვიფიქრე აუცილებლად მეორე ადგილზე ვარ-თქო. ვერ ვხვდები რა სიტყვებით გადმოგცეთ ეს ემოცია, ეს ხომ ჩემთვის მეორე მცდელობა იყო.

პირველად ორი წლის წინ ვიყავი , მაგრამ მაშინ მეორე ტურშიც ვერ გადავედი. წელს გადავწყვიტე კიდევ გამომეცადა ჩემი თავი და  დღეს, პირველი ადგილის  მფლობელი ვარ. უბედნიერესი ვარ, მართლა...“ - აღნიშნა მადინა ღანიშაშვილმა. 

მადინას ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ განათლებაში აუხდენელი სურვილები არ არსებობს, მთავარია, მონდომება და კარგად სწავლა. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა - ეთერ ოთარაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი სკოლა მომავალ წლებში უკვე ტრადიციად დაამკვიდრებს „ეტალონი მოსწავლის“ გაზრდას და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს თავის გუნდთან ერთად:

„მისასალმებელია, რომ ეს პროექტი წლების განმავლობაში ასეთი აქტური და პოპულარულია. ბედნიერებაა, როდესაც ასეთი სიამაყით შეგიძლია თქვა, რომ „ეტალონი მოსწავლე“ სწორედ შენი სკოლის მოსწავლეა. მაგრამ მინდა აქვე ვთქვა უმნიშვნელოვანესი რაღაც. ეს გარკვეულწილად გამოცდილების გაზიარებაც იქნება ალბათ სხვა სკოლებისთვის. ჩვენს სკოლას შარშან არცერთი საპრიზო ადგილი არ მიუღია, მაგრამ წელს „ეტალონი მოსწავლე“ გვყავს. დღეს ეს ისეთი სიხარული იყო, მომავალ წელს ალბათ ყველა კლასში შევალ და ჩემს მოსწავლეებს მოტივაციას მივცემ მოემზადონ მომავალი წლის კონკურსისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს წარმატება ტრადიციად ვაქციოთ. ჩვენს სკოლაში ამის რესურსი კარგი მოსწავლეების სახით ნამდვილად არის და არ გავუშვებთ ასეთი წარმატებების შანსს ხელიდან.“

განათლების კომისიის, კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ბახუტაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე შემოსვლის წუთიდან ისიც მონაწილესავით ადევნებდა ეკრანს თვალს და ეძებდა პასუხებს კითხვებზე. 

„ეს პროექტი ბავშვებს აძლევს საშუალებას იყვნენ მეტად თავდაჯერებულნი და ჰქონდეთ მოტივაცია. მე პირადად უდიდესი გულშემატკივარი ვარ ამ პროექტის და ყოველთვის დიდი სიხარულით ვესწრები, როდესაც ჩემს რაიონში ხდება ეს მოვლენა - „ეტალონის“ ჩამობრძანება. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, დედაჩემი 70 წლის ასაკშიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია ამ პროექტის, როდესაც ტელევიზიით გადიოდა, ყოველთვის დიდი სიამოვნებით უყურებდა.

თქვენ ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა ბედნიერება, სიამოვნება და სიარული მიანიჭეთ არა მარტო ბავშვებს, არამედ ჩვენ, უფროსებსაც. მინდა, ბატონ გოჩას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს დიდი წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, ეს პროექტი რაც შეიძლება დიდხანს  გაგრძელდეს“. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა სამუკაშვილმა საგანმანათლებლო კონკურსების არსებობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეტალონი“ დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, სტიმული განვითარებისთვის და ცხოვრებაში წინსვლისთვის. აქტიურად ვადევნებ თვალყურს ამ პროექტს და ცხადია მსგავს წამოწყებებს მომავალშიც ყოველთვის მივესალმები. მნიშვნელოვანია ახალი თაობებისთვის ასეთი საგანმანათლებლო კონკურსების არსებობა. „ეტალონს“ წარმატებებს, ხოლო ჩვენს ახალგაზრდებს ამ კონკურსის დიდხანს არსებობას ვუსურვებ.“

რესურსცენტრის უფროსის ეთერ ზურიკაშვილის თქმით, „ეტალონისთვის“ წლიდან წლამდე ემზადებიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თხუთმეტივე სკოლაში.

„დღეს დედოფლისწყაროში ცოდნის ზეიმი იყო. მოგახსენებთ, რომ „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია ბავშვების მოტივაციისათვის, მათი ცოდნის გაღრმავებისათვის. წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი მოსწავლეების მომზადების დონე, იზრდება მონაწილეობის მსურველთა რიცხვი და ეს სავსებით ლოგიკურია. მინდა აქვე აღვნიშნო არა მხოლოდ კონკრეტული სკოლების, არამედ მთლიანად დედოფლისწყაროს ჩართულობა კონკურსში. ინფორმაციის მიღებისთანავე ყველა სკოლამ აქტიურად დაიწყო სამზადისი. ვგულისხმობ როგორც ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულს და ასევე ყველა მოსწავლეს, ვინც მონაწილეობდა, რადგან ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ წარმატებას“. 

ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი“ გრძელდება. „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება