სიახლეები
სამასწავლებლო

რაში სურთ გაზრდილი დაფინასების გამოყენება სკოლების დირექტორებს
21-09-2018
-
+


მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. კერძოდ, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რაც დაკავშირებულია ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურის საათობრივ ბადესთან, რომელიც  2018-2019 სასწავლო წლიდან იცვლება. 

მაგალითად, კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი, გასული სასწავლო წლის კვირეულ საათობრივ დატვირთვას აღემატება. შესაბამისად, იზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები. თუმცა, ზუსტი დეტალები, თუ როგორ გადანაწილდება სკოლებისთვის გაზრდილი დაფინანსება, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების დირექტორები და მათი ნება რომ იყოს, როგორ დახარჯავდნენ სკოლებისთვის გაზრდილ ბიუჯეტს. 

ახალსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ერგემლიძე:

დაფინანსება მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული-მათი განვითარებისთვის ხელშესაწყობი პირობების შექმნაზე, რაც ღონისძიებების ჩატარებასაც მოიცავს. მცირეკონტიგენტიანი სკოლები ამას მოკლებული ვართ. ღონისძიებებს წამახალისებელი საჩუქრები სჭირდება, ორგანიზება და ა.შ. ამით უფრო საინტერესო ხდება სწავლის პროცესი. 

ურბნისის საჯარო სკოლა, დირექტორი ლია ელიაშვილი:

ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ამიტომ გაზრდილი ბიუჯეტი არ შეგვეხო. ზოგადად კი, ვფიქრობ, რომ სასწავლო რესურსებისთვის, ლაბორატორიების აღჭურვისთვის, სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის არის საჭირო ამ გაზრდილი დაფინანსების გახარჯვა. მაგალითად, ჩვენთან ეზოც არ არის მოპირკეთებული. 

ზღუდერის საჯარო სკოლა, დირექტორი ალექსანდრე ავალიანი:

ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და სასწავლო გარემოს შექმნა-ეს სჭირდება სკოლას. ჩვენ სკოლას საკლასო ოთახებიც არ აქვს მოწყობილი-ჩამოგლეჯილია კედლები, კოსმეტიკური სამუშაოები სჭირდება. ასევე, საჭიროა ლაბორატორიების მოწყობა, რომ ბავშვს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა შეეძლოს. სკოლისთვის კრიტიკულია მასწავლებლების გადამზადებაც, რასაც ფინანსები სჭირდება, იმიტომ, რომ სკოლას შეუძლია ამისთვის სპეციალურად ტრენერები მოიწვიოს.
 
ქვაყუდის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი შანიძე:

პირველ რიგში მაინც კადრების გადამზადება დგას-პროფესიონალიზმში უნდა ჩაიდოს თანხები, რაც ტრენინგებს და სხვადახვა კურსს გულისხმობს. ასევე, ჩვენ სკოლაში ინფრასტრუქტურა სრულად მოწყობილი არ არის-დარბაზი, მოედანი არ გვაქვს და პრიორიტეტს ამას მივანიჭებდი. 

სამტრედიის N6 საჯარო სკოლა, დირექტორი ლეილა კუბლაშვილი:

ფინანსებს გამოვიყენებდი სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, სამეცნიერო ლიტერატურისა და კაბინეტ-ლაბორატორიებისთვის. მაგალითად, ჩვენთან საკლასო ოთახები მოწყობილი არ არის-ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკები გამოსაცვლელია და ა.შ. რაც შეეხება სამეცნიერო ლიტერატურას, ბიბლიოთეკისთვის შევიძენდი, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მასწავლებლები სასკოლო სახელმძღვანელოებით კმაყოფილები არ არიან. 

დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ხაზალია:

გაზრდილ დაფინანსებას მატერიალური ბაზის სრულყოფისთვის გამოვიყენებდი. კერძოდ,  სპორტული დარბაზი ფაქტობრივად არ გვაქვს, ასევე, სკოლაში ხის ფანჯრებია, რომელიც  ქარს ვერ უძლებს და ამიტომ, საერთოდ აჭედილი გვაქვს. ამას გარდა, ელექტრონული სწავლების გასაუმჯობესებლად, მოსწავლეთა წასახალისებლად, გაცვლითი თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, შიდა დისციპლინის დაცვისთვის გამოვიყენებდი. 

ნაბაკევის საჯარო სკოლა, დირექტორი ეკატერინე ჯამბურია:

ჩვენ სკოლას ინფრასტრუქტურულად იმდენად უჭირს, რომ აუცილებლად ამ მხრივ მივმართავდი ბიუჯეტს. ძალიან პრობლემური სახურავი გვაქვს-წყალი ჩამოდის და მისი შეკეთება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. წინ კი ზამთარია. დიდი ხანია განცხადებებს ვწერთ და ადგილობრივი გამგეობა დახმარებას გვპირდება. ამ ეტაპზე ხარჯთაღრიცხვას ვაკეთებთ. ნაწილს მაინც შევაკეთებთ ალბათ.  

რგანის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია მეგრელი:

ახლა  სკოლაც კი არ გვაქვს. ალტერნატიულ ფართში ვართ შესული, რომელიც სოფლის ადმინისტრაციული შენობაა და დიდი წავლების შედეგად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოგვიყო. იყო სრულიად გასარემონტებელი და 9 ოთახისთვის თანხა ჩვენ თვითონვე მოვიძიეთ. საკუთარი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს და ჯერ კიდევ არ გავსულვართ ბოლოში. 24 სექტემბერს უნდა გავიხსნათ. ერთი თეთრიც არ გვაქვს საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით რამე გავაკეთოთ. მინდა ბავშვებს უსაფრთხო და ისეთი გარემო მოვუწყო, სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. 

შუქრუთის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა ხვედელიძე:

მასწავლებლის ხელფასებში, რადგან მოტივაცია და სტიმული აუცილებელია. რასაც მასწავლებელი აკეთებს, ეს გმირობის ტოლფასია. ასევე, ფინანსებს გამოვიყენებდი ინფრასტრუქტურისთვის, ბავშებისთვის გარემოს გაუმჯობესებისთვის. ჩვენი სკოლა 1965 წლიდან არსებობს. რეაბილიტირებული იყო 2008 წელს. გარემონტდა და დასუფთავდა, მაგრამ, იატაკი უკვე მწყობრიდან გამოვიდა. სპორტული დარბაზებიც შესარემონტებელია.

ჭიათურის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი გურამ ლომიძე:

გაზრდილ დაფინანსებას აუცილებლად პედაგოგთა გადამზადებაში დავხარჯავდი, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის ხელშეწყობაში. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს ბავშვისადმი ინდივიდუალურ მიდგომას. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სპეციალური პროგრამებია საჭირო. ეს დამატებით სამუშაოებს მოითხოვს, რაც შესაბამის დაფინანსებას გულისხმობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჩვენ სკოლას სააქტო და სპორტული დარბაზები თავიდან ბოლომდე სარეაბილიტაციო აქვს, ასევე, ეზოს საფარი მთლიანად შესაკეთებელია. ამავდროულად, სკოლის უკანა მხრიდან, სადაც დამხმარე შენობა დგას, წყალი ჩამოედინება, რომელშიც ფეკალური მასებიც არის შერეული და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ეს მოწესრიგდეს. გაერთიანებულ წყალმომარაგებას მივწერეთ წერილი და მგონი, საშველი დაადგება ამ პრობლემას. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება