| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესს დიდი შემართებით დაუბრუნდნენ და უკვე აქტიურად მუშაობენ საინტერესო პროექტებსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივებზე.
სკოლის IV კლასში, ბუნებისმეტყველებისა და ქართული ენის ინტეგრირების ფარგლებში, მასწავლებელ რიტა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი -„მშვიდობა იწყება ჩვენით“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რომ მშვიდობა მხოლოდ დიდი სიტყვა ან შორეული მიზანი არ არის. მშვიდობა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ქცევიდან იწყება: ერთმანეთის პატივისცემით, მოსმენით, თანადგომით, კეთილი სიტყვით, განსხვავებული აზრის მიღებითა და უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებით.
ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე, მუშაობდნენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად, ქმნიდნენ თემატურ ნამუშევრებს, პოსტერებსა და გზავნილებს, ამზადებდნენ კედლის გაზეთს, მინი-მაკეტებს და საკუთარ ნააზრევს თანაკლასელებს უზიარებდნენ.
პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მხოლოდ შექმნილი ნამუშევრები არ ყოფილა. ბავშვებმა საკუთარი გამოცდილებით დაინახეს, რამდენად დიდი ძალა აქვს კეთილ სიტყვას, ერთმანეთის მოსმენას, დახმარებასა და პატივისცემას. მათ შეძლეს ემსჯელათ საკუთარ ქცევებზე, გამოეხატათ დამოკიდებულება მშვიდობისადმი და გაეაზრებინათ საკუთარი პასუხისმგებლობა კლასში მშვიდი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნაში.
„პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ღირებულებებზე სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როდესაც ბავშვი მხოლოდ არ ისმენს მათ შესახებ, არამედ თავად მოქმედებს, ქმნის, თანამშრომლობს, ფიქრობს და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის IV კლასის თითოეულ მოსწავლეს გულწრფელი ჩართულობისთვის, საინტერესო იდეებისთვის, მონდომებისა და ერთმანეთისადმი გამოჩენილი პატივისცემისთვის.
„მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, რიტა ოთარაშვილს, საინტერესო, ღირებულებებზე დაფუძნებული და ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილების შექმნისთვის.
მშვიდობა იწყება ჩვენით.
იწყება ერთი კეთილი სიტყვით, ერთი მოსმენილი მეგობრით, ერთი გაწვდილი ხელით და იმ არჩევანით, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ.
ვულოცავთ ჩვენს მეოთხეკლასელებს პროექტის წარმატებით განხორციელებას და ვუსურვებთ, რომ ამ პროექტის მთავარი გზავნილი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გაჰყვეთ: შექმნან მშვიდობა იქ, სადაც თავად არიან“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს
შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“