| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში გლოვა გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება - 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ისეთივე განსაკუთრებული იყო ილია მეორის ცხოვრება და მოღვაწეობა, როგორიც მისი ბავშობა. იგი გაიზარდა ოჯახში, სადაც სარწმუნოებას, ლოცვასა და ზნეობრივ ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ამ წლებმა იქონია მნიშვნელოვანი გავლენა მომავალში მისი პიროვნებისა და სულიერი გზის ფორმირებაზე. გთავაზობთ, რამდენიმე მნიშვნელოვან ცნობას მისი ბავშვობისა და ახალაგაზრდობის შესახებ.
ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა. უწმინდესი 3 დღისა მოუნათლავთ. უფლის სიყვარული მშობლებმა ასწავლეს. მამა, გიორგი ღუდუშაური დილაუთენია ლოცვად დგებოდა, მაშინ როცა ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ, ხოლო საღამოს შვილებთან ერთად 90-ე ფსალმუნს კითხულობდა. "90-ე ფსალმუნი ძალიან ძლიერია, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად ზეპირად უნდა გვცოდნოდა. მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს ზეპირად. ამთავრებდა ლოცვებს და გვასხურებდა ნაკურთხ წყალს. ჩვენ მივდიოდით დასაძინებლად და თვითონ აგრძელებდა ლოცვას".
ბავშვობაზე საუბრისას უწმინდესი ერთ ასეთ მოგონებას იხსენებს - „ბავშვობაში ავდიოდით ღრმად ციხეზე, დედაჩემი ქადებს აცხობდა და აგვქონდა იქ, სანთელს ვანთებდით და ვიხსენებდით ჩვენს წინაპრებს. ჩემს ბავშვობაში აქ ბევრი იყო ხალხი და ახლა დაცოტავდა. როცა იყო გიორგობა, მთელი სახლი სავსე იყო მათხოვრებით, მამაჩემი არ ეძახდა დიდ ადამიანებს, მის მეგობრებს, ეძახდა მათხოვრებს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, მუსლიმანი ქისტები. ისინი მოდიოდნენ და მათ ჩამოსვლაზე მთელი ზეიმი გვქონდა. ჩემი მშობლები საუკეთესო ოთახში შლიდნენ ხალიჩებს, რომ მათ თავისებურად ელოცათ და ჩვენ მეორე ოთახში ვლოცულობდით ხატების წინაშე. მერე ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან. ხმამაღალი საუბარი ოჯახში არასდროს გამიგია".
ღუდუშაურებმა 7 შვილი ასეთ გარემოში გაზარდეს. ომის პერიოდში, ვლადიკავკაზში, ფრონტის პირა ზოლში ცხოვრობდნენ, თუმცა მძიმე ყოფას ოჯახური სიმყუდროვე არ დაურღვევია.
პატრიარქი ამბობდა, რომ უნდოდა ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო და ზოოტექნიკოსი გამხდარიყო: „მინდოდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი. რიგითი ადამიანი, ეს იყო ჩემი ოცნება. მიყვარდა ბუნება, ამ შესანიშნავ გარემოში ვიზრდებოდი. მიყვარდა პირუტყვი და ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი რეცეპტებს, ხალხური მედიცინის დარგში“.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც ზაგორსკში მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.
„როცა სასულიერო სემინარიაში დავიწყე სწავლა, მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი ვყოფილიყავი. ვოცნებობდი, რომ მიწაზე მეშრომა, როგორც შრომობს ხალხი. სტუდენტებს გვქონდა ასეთი წესი, ყოველ დილას მივდიოდით ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ტაძარში და თაყვანს ვცემდით, ვღებულობდით ლოცვა-კურთხევას და ამანაც იმოქმედა, ბერული გზა ამერჩია“.
1957 წლის 16 აპრილს, 24 წლის ასაკში კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) შეასრულა და ბერს სახელად ილია უწოდა.
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
საგანმანატლებლო ვებ-პორტალი „ეტალონი“ მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სრულიად საქართველოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.
„მინდოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი“, - საინტერესო ისტორიები პატრიარქის ბავშვებისა და ოჯახის შესახებ
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...