სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„სხვისი გავლენით არჩეული პროფესია არასდროს იქნება გულთან ახლოს“ - სკოლის დირექტორები საკუთარ აბიტურიენტობას იხსენებენ 
24-06-2024
-
+


აბიტურიენტობა - პერიოდია, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგები, ირჩევ პროფესიას, რომელსაც სიღრმისეულად უნდა დაეუფლო, მომავლის გზას, რომლის ბოლოც კენწეროში გატკბილდების და რაც მათვარია უნდა გახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი თავისი პროფესიის მოვალეა, როგორც ეს ფრენსის ბეკონს უთქვამს ოდესღაც. 

საინტერესოა, როგორი აბიტურიენტობა ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც დღეს სკოლის ლიდერები არიან და კურსდამთავრებულებს მომავლის ცხოვრების ახალ ეტაპზე რჩევებს აძლევენ. სკოლის დირექტორები etaloni.ge-სთან აბიტურიენტობას იხსენებენ, გვიყვებიან ადამიანებზე, რომლებმაც პროფესიის არჩევანი განაპირობეს და იმასაც აღნიშნავენ, რომ გამოცდებზე რეპეტიტორების გარეშე, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით გადიოდნენ. რამდენად სწორად აირჩიეს პროფესია, რომელსაც უკვე წლებია ემსახურებიან? - გთავაზობთ დირექტორთა მოსაზრებებს და პასუხს აქტუალურ კითხვაზე. 

მარიამ რობაქიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცხრაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩემი ოჯახისა და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ მქონდა ფუფუნება მასწავლებლებთან მოვმზადებულიყავი, დამოუკიდებლად ვიმუშავე, ვიმეცადინე და მოვახერხე, რომ სასურველ უნივერსიტეტში, საოცნებო პროფესიას დავუფლებოდი... რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დაწყებითი კლასებიდანვე მინდოდა პედაგოგობა, ჩემი პირველი მასწავლებლისგან დატოვებულმა ემოციებმა და მისმა პროფესიონალიზმმა შემაყვარა ეს საქმე, დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი გულით ვემსახურები ჩემს პროფესიას და კმაყოფილი ვარ, რომ თავის დროზე სწორი არჩევანი გავაკეთე. აბიტურიენტებს ვურჩევ, მოუსმინონ თავიანთ გულს, პროფესია არ აირჩიონ იმისთვის, რომ მაღალანაზღაურებადია, არამედ არჩევანი გააკეთონ საქმეზე, რომელიც ეყვარებათ და რომელზეც გულით იმუშავებენ.

ხათუნა გოგიტიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი: 

90-იანების მემკვიდრე ვარ, რთულ დროს გვიწევდა აბიტურიენტობა, საკუთარი ძალებით და სკოლაში მიღებული ცოდნით ვაბარებდით. მახსოვს, როგორ მეხმარებოდა ჩემი უფროსი ძმა ისტორიის მომზადებაში, რეპეტიტორთან არ დავდიოდი, არც იყო იმ დროს ასეთი აქტუალური, ალბათ ერთეულები, თუ ემზადებოდნენ. ვიცოდით რა თემები გვქონდა დასამუშავებელი და ჩვენი ძალებით ვართმევდით თავს. პირველივე წელს ჩავირიცხე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არანაკლებ რთული იყო სტუდენტობა, იყო უშუქობა, გვაკლდა ბევრი რამ, ხშირად გზის თანხაც კი არ გვქონდა, მაგრამ მუდამ იმედიანად ვიყავით...

ჩემს შემთხვევაში, პროფესიის არჩევა ალბათ ჯერ დედამ განაპირობა, რომელიც პედაგოგი გახლდათ, შემდეგ კი, ჩემი კლასის ხელმძღვანელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა. მან საოცრად შემაყვარა მშობლიური ენა, სწორედ მათი გავლენით ავირჩიე პროფესია, მე-5 კლასიდან უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მასწავლებლობა მინდოდა.  

ენისე აბაშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სკვანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩემი აბიტურიენტობა ძალიან საინტერესო იყო, ხიხაძირის სკოლა დავასრულე და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ გავხდი აბიტურიენტი... მამა ბიოლოგიის პედაგოგი იყო და სწორედ ის გახდა ჩემი შთაგონების წყაროც, მეც პედაგოგობა ავირჩიე, სპეციალობა - ბიოლოგია, მიყვარს ჩემი საქმე და სიამოვნებით ვემსახურები მას. დღეს აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ მხოლოდ ჩაბარება არაფერს ნიშნავს, მთავარი ხარისხიანი სწავლაა, პროფესიას სიღრმისეულად უნდა დაეუფლონ, რადგან თავიანთი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. პროფესია კი, იმის მიხედვით აირჩიონ, საითაც გული მიუწევთ, საქმის სიყვარული უმთავრესია.

მაყვალა ჩხაიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის საჯარო სკოლის დირექტორი: 

აბიტურიენტობისას დამოუკიდებლად ვემზადებოდი, ჩავაბარე ქართული, გერმანული, უნარები და მათემატიკა. არ იყო მარტივი, მით უფრო, რომ თავად მიწევდა გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადება, თუმცა სწორედ ეს იყო საინტერესო... პროფესია საკუთარი გადაწყვეტილებით ავირჩიე, აბიტურიენტებსაც სწორედ ამას ვეტყოდი, არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ, რადგან პროფესია ჩვენი ცხოვრების მეგზური ხდება, უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ ჩვენს საქმეს. სხვისი გავლენით არჩეული პროფესია არასდროს იქნება გულთან ახლოს, ცხადია, რჩევა გასათვალისწინებელია, თუმცა არჩევანი მხოლოდ შენი გასაკეთებელია.

ბეჟანი შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი: 

1992 წელს ჩავირიცხე უნივერსიტეტში, მიყვარს ჩემი პროფესია და ვფიქრობ, არჩევანის გაკეთებისას არ შევმცდარვარ... აბიტურიენტობისას მე ან პედაგოგობა უნდა ამერჩია ან ექიმობა, მოხდა ისე, რომ მასწავლებლობა ვარჩიე და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით... ეს საკმაოდ რთული პერიოდია ახალგაზრდისთვის, არც ისე დიდ ასაკში გიწევს აირჩიო პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ემსახურო. ამ არჩევანის გაკეთებაში სკოლა და პედაგოგები დიდი როლს ასრულებენ. სწორედ სკოლაში უყალიბდება ბავშვებს ის მსოფლმხედველობა, რაც მათ სამომავლო გზას განაპირობებს. მასწავლებლები კი არიან ადამიანები, რომლებიც მათ აყვარებენ სხვადასხვა პროფესიას. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევისას თავიანთ ინტერესებს მიენდონ, მოუსმინონ გულს და მათთვის საყვარელ სპეციალობაზე შეაჩერონ არჩევანი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგამოცდო ტესტი ცნობილია - აბიტურიენტების საურადღებოდ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნდა

„უფასო ფაკლუტეტების“ სია დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

ფაქტი იყო, გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე, მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა



პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

ყარაჯალას საჯარო სკოლა ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება