სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

„დაკარგული ტერიტორიები არ უნდა დავივიწყოთ - ვეცდები, ბავშვებმა მეტი გაიგონ აფხაზეთის შესახებ“ - აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი ქრისტინა ავალიანი
31-08-2023
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მიზანდასახული, საქმეზე ორიენტირებული ქრისტინა ავალიანი აღნიშნულ პოზიციაზე სულ რაღაც 2 თვის წინ დაინიშნა, თუმცა ამ მცირე დროში სკოლაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე შეიტანა - მოაწყო ბიბლიოთეკა, რაც, როგორ თავად აღნიშნავს, ცოდნის მიღების მთავარი წყაროა და შეასრულა პედაგოგთა თხოვნა - შექმნა აფხაზეთის კუთხე, რაც სკოლის მნიშვნელობას, გამორჩეულობასა და განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს

მისთვის აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორობა ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა. ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსწავლეებმა აფხაზეთის შესახებ მეტი შეიტყონ. ამასთან დაკავშირებით კი უკვე დასახული აქვს მიზნები, რომელთა მიღწევასაც 1 წლის განმავლობაში გეგმავს.

ქალბატონი ქრისტინა დიდი ხანია, განათლების სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, დირექტორობა დაეხმარება სასწავლო პროცესი დადებითი მიმართულებით შეცვალოს.

თავად განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს მიღებული: სწავლობდა გარდაბნის რაიონში, შემდეგ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც დაასრულა ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტი; შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე - სახელმწიფო მართვა და საჯარო მმართველობა. ამ ეტაპზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გახლავთ და სწავლობს ბიზნეს-ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე.

etaloni.ge- საგანმანათლებლო სფეროს აქტუალურ საკითხებზე, დასახულ მიზნებზე, მოსწავლეებსა და სკოლაზე ქრისტინა ავალიანი ესაუბრება

- ქალბატონო ქრისტინა, როგორ დაინიშნეთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, რის მიხედვით შეირჩა თქვენი კანდიდატურა?

- ეკა ხოფერიას მინისტრობის პერიოდში, მინისტრის ბრძანებით დავინიშნე აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

- სკოლაში მოღვაწეობის გამოცდილება თუ გქონდათ?

- რამდენიმე წლის წინ ინგლისური ენის მასწავლებლად ვმუშაობდი, კერძო სკოლაში, ვასწავლიდი ბავშვებს, რომლებსაც არ ჰყავდათ ოჯახები. მაქვს საჯარო სექტორში მუშაობის დაახლოებით 4 - წლიანი გამოცდილება. კერძო სექტორში (როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ) - მათ შორის ევროპის უნივერსიტეტში ვმუშაობდი, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერად. სტუდენტებს ვუგეგმავდი სასწავლო პროცესს, ვადგენდი ინდივიდუალურ გეგმებს - მთლიან სასწავლო პროცესს ვმართავდი და ვუწევდი მონიტორინგს.

- როგორც ვიცი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მუშაობდით, როგორ ფიქრობთ, სკოლის სისტემის შეცვლა მაშინ უფრო შეგეძლოთ თუ ახლა, დირექტორის პოზიციაზე მყოფს?

- სამინისტროში, ძირითადად, მინისტრის მითითებით მიმდინარე საკითხებზე და საერთაშორისო პროექტებზე ვმუშაობდი. მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულ ჩარჩოებში გვიწევდა გენერირება, საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე. რაც შეეხება სკოლის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, ეს რადიკალურად განსხვავებული საქმიანობაა. ვარ გადაწყვეტილების მიმღები პირი, უფრო მეტი პასუხისმგებლობები მაქვს საკუთარ თავზე აღებული და შესაბამისად, უფრო მეტად მაქვს გააზრებული ჩემი საქმიანობის სფერო.

- დირექტორებს არ უწევთ მითითებების შესრულება?

- ჩვენ ვექვემდებარებით სამინისტროს და პასუხისმგებლები ვართ მათ წინაშე. მაგრამ გადაწყვეტილებებს შიდა სასკოლო დონეზე, კოლექტივთან ერთად ვიღებ. ამიტომ, ეს პოზიცია მაძლევს შესაძლებლობას, დასახულ მიზანს, რაც სკოლას უკავშირდება, მივაღწიო - შევცვალო სისტემა, დავნერგო სიახლეები. ერთი გამოსაცდელი წელი მივეცი საკუთარ თავს, რომ გარკვეული ცვლილებები შევიტანო სკოლის სისტემაში.

- სისტემის შეცვლას როგორ აპირებთ? რა პრობლემები დაინახეთ სკოლაში რეალურად? ხშირად გარედან სხვანაირად ჩანს, მაგრამ შიდა სამზარეულო სხვაგვარი შეიძლება აღმოჩნდეს...

- პირველად, როცა მოვედი, ცოტა გავოცდი, რადგან ჩემთვის საგანმანათლებლო სივრცე ყოველთვის ასოცირდებოდა ბიბლიოთეკასთან. საქართველოში სწავლის პარალელურად ვსწავლობდი ევროპის რამდენიმე უნივერისტეტში, როგორიცაა ერასმუსის როტერდამისა და ვალიადოლიდის უნივერისტეტი, ჩემთვის, ცოდნის მიღების ყველაზე კარგი საშუალება ბიბლიოთეკა იყო. შესაბამისად, სკოლაში შემოსვლისთანავე, პირველ რიგში, მოვიკითხე ბიბლიოთეკა. დამხვდა ერთი პატარა ოთახი, სადაც არ იყო სივრცე, წიგნები არ იყო სფეროების მიხედვით განლაგებული. ამიტომ, დავიწყე ბიბლიოთეკის სივრცის შექმნა. ის აღარაა ჩაკეტილი და ხელმიუწვდომელი. მინდა, ბავშვებმა მაქსიმალურად შეძლონ მისი გამოყენება. ჩვენთან ძირითადად დევნილი ბავშვები სწავლობენ, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მინდა, რომ მათ ეს ბიბლიოთეკა მათ მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდეს, რათა მეტად ორიენტირდნენ სწავლაზე.
ბიბლიოთეკასთან ერთად, მოვაწყვე სამასწავლებლო პატარა „ბუფეტით“ და საინფორმაციო ტექნოლოგიების ოთახი. რამდენიმე კვირის წინ დავასრულეთ შემოსასვლელის სარემონტო სამუშაოები. ახლა დასვენების პერიოდია და შესაბამისად, არ მქონია მასწავლებლებთან აქტიური კონტაქტი, მაგრამ პერიოდულად მოდიან და ვეკითხები, რის შეცვლა სურთ. 

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა აფხაზეთის სახელს უკავშირდება და მასწავლებლებმა მთხოვეს, გაგვეკეთებინა აფხაზეთის კუთხე - დიდი ტერიტორია არ გავქვს, ამიტომ გადავწყვიტე, შემოსასვლელი ოთახისთვის დამატებითი ფუნქცია შემემატებინა: გავარემონტე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დახმარებით, გამოვფინე ნახატები აფხაზეთიდან, მათ შორის ცნობილი ადამიანები აფხაზეთიდან და შევძინე ეს მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომლის პირველ ეფექტსაც ჩვენი სკოლა ახლა უკვე შემოსვლისთანავე იძლევა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მასწავლებლების ეს პატარა თხოვნა შევასრულე. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უნდა გამოვყოთ სივრცე, ამიტომ ამაზეც ვმუშაობ ახალ, კვალიფიციურ კადრთან ერთად, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შემოუერთდება ჩვენს სკოლას.

- რა ცვლილებებს გეგმავთ?                  

- შევეცდები, საჭიროებიდან გამომდინარე, საინტერესო ცვლილებები შევიტანო სასწავლო პროცესში. გავაციფრულო შიდა სისტემა. შევქმენი ელექტრონული ბაზები, სადაც ყველა დამრიგებელი თავის ინდივიდუალურ გეგმას დაამუშავებს და ჩემთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება, რომ შევამოწმო, როგორ მუშაობენ მასწავლებლები და ადმინისტრაცია. ამ დროისთვის კი მოვასწარი მაქსიმალურად მომეწესრიგებინა სკოლა და ისე დამეხვედრებინა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. როგორც დირექტორს, მეამაყება, რომ ყველა მასწავლებელი  სერტიფიცირებული გვყავს, რომელთა კომპეტენციაში ეჭვიც არ მეპარება. მათ გვერდით ბოლომდე დავუდგები, რათა მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ და საჭიროების შემთხვევაში განავითარონ.

- აფხაზეთის შესახებ იციან ბავშვებმა? როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- როგორც ერთი შეხედვით მივხვდი ბავშვებს არ აქვთ ბევრი ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ. დაახლოებით ორი თვეა რაც დავინიშნე სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე და აქამდე, რა აქტივობებს ახორციელებდნენ ამ მიმართულებით, არ ვიცი. თუმცა, პერიოდულად, ჩემთან მოდიან ბავშვები. მახსოვს, სკოლის კედელზე სურათებს რომ ვაკრავდით, ბავშვებს ვკითხე, რა იცოდნენ აფხაზეთის შესახებ და სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რაც არ მომეწონა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გვქონდა აპლიკაცია, Abkhazia Heritage, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პატარა კულტურულ თუ შემეცნებით ინფორმაციას აფხაზეთის შესახებ. თუ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებზე ისტორიას ჩვენს მომავალ თაობებს არ გადავცემთ და დავივიწყებთ მათ დაბრუნებას ასე ვერ შევძლებთ; ამიტომ  მაქსიმალურად ვეცდები, ბავშვებმა მეტი გაიგონ აფხაზეთის შესახებ. მაქვს ერთი იდეა, აპლიკაციასთან დაკავშირებით, მინდა სამინისტროს დახმარებით, პატარა პრეზენტაცია ჩავატაროთ. გავაცნოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს. შემდეგ, ბავშვებს შორის ჩატარდება ბლიც გამოკითხვები, შევამოწმებთ, რა ცოდნა მიიღეს და რა ინფორმაციას ფლობენ. პატარა წამახალისებელი პრიზებიც ექნებათ ბავშვებს. შესაძლოა სხვა ბავშვებს, ვისაც ჯერ არ შევხვედრილვარ აქვთ ინფორმაცია და არ მინდა, გადაჭრით ვთქვა, რომ ზოგადად არ იციან აფხაზეთის ისტორია, მაგრამ მე ჩემი მხრივ, ამ ერთ მაგალითზეც, მინდა ეს პატარა კურსი აფხაზეთის ისტორიის შესახებ ჩავატარო, რომელიც იქნება როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი და ინფორმაციული. უახლოეს მომავალში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, რომელიც სექტემბერშია, ჩავატარებთ ღონისძიებას. მასწავლებლებმა შემომთავაზეს რამდენიმე იდეა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის მნიშვნელოვანი სახელი, რომელსაც ჩვენი სკოლა ატარებს, რაც ძალიან საამაყოა ყველასთვის იყოს განსაკუთრებული, რადგან ჩვენი სკოლა სწორედ ასეთია.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დირექტორი?

- სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ბევრს ვფიქრობდი სკოლის მოსწავლეობიდან მოყოლებული. ყოველთვის მინდოდა, დირექტორი ყოფილიყო მოსწავლეებთან მეგობრული, ბავშვებთან ბავშვური, კოლეგებთან კოლეგიალური, კარგი დამოკიდებულებით. მინდა, დირექტორსა და მოსწავლეს შორის დისტანცია შევამცირო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლე. ამიტომ, დირექტორი მგონია, რომ ბავშვებთან უნდა იყოს მაქსიმალურად ახლოს, ბევრს  უნდა უსმენდეს მათ, გაიგოს რა უნდათ, რაში სჭირდებათ დახმარება. ჩემს პირველ სამუშაო დღეს ვითხოვე დაფა, სადაც დიდი წითელი ასოებით დავწერე: „რა უნდათ ბავშვებს“, სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, გავიგო მათი საჭიროებები და მაქსიმალურად შევუწყო ხელი მათ განვითარებას.  სკოლის მთავარმა მენეჯერმა მის კოლეგებთან ერთად უნდა შეძლოს სკოლის თანამედროვე სტანდარტებზე ეტაპობრივი გადაყვანა, სწავლის მეთოდების, მიდგომების პროცესების ცვლილება და განვითარებული ქვეყნების დონემდე მიახლოვება, რაც შეაძლებინებს სკოლას გახდეს ძლიერი და კონკურენტუნარიანი. დირექტორი უნდა ფლობდეს რაც შეიძლება ბევრ კარგ ინფორმაციას წარმატებული სკოლების შესახებ. უნდა ჰქონდეს ახლო კონტაქტი მშობლებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სკოლის გარეთ, ბავშვების განათლებაზე, ამიტომ მათი ინფორმირება ხელმძღვანელის მხრიდან აუცილებელია იცოდნენ სად არიან მათი შვილები. უნდა გაცვალონ მოსაზრებები და იდეები, ეს პროცესი უნდა იყოს აუცილებლად, გამჭვირვალე და საერთო ინტერესებზე მორგებული. უნდა ეძიოს სიახლეები და მოისმინოს ყველას მოსაზრება.

- ახალი სასწავლო წლისთვის როგორ ემზადებით, როგორ ხვდებით პირველკლასელებს, რაიმე ღონისძიებას გეგმავთ?

- ჩვენ გვქონდა პროექტი ბულგარეთის რესპუბლიკასთან. ველოდებით ბულგარელ სტუმრებს. მასწავლებლების შვებულებიდან გამოსვლისთანავე, მათთან ერთად დავაგეგმავ სკოლის სავიზიტო ღონისძიებას. ასევე, წელს გვეყოლება 2 პირველკლასელი. მათთვის გამზადებული გვაქვს პორტატული კომპიუტერები და დიდი ენთუზიაზმით ველოდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

- როგორც ახსენეთ, თქვენი სკოლის პედაგოგები სერტიფიცირებულები არიან, რას ფიქრობთ მასწავლებლების გამოცდებზე?

- მასწავლებლების გამოცდები მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მათი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, აჩვენებდეს თუ რა უნარები აქვთ სასწავლო პროცესში გამოყენებული. ამ შემთხვევაში, გამოცდები ძირითადად ორივე პუნქტს მოიცავს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თეორიის პრაქტიკული გამოყენება. თეორიაში შეიძლება კარგები იყვნენ და ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვაც უნდა შეძლონ. ამიტომ, მე, როგორც ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სასწავლო წლის დასაწყისიდან, ყველა ჩემს მასწავლებელს დავაკვირდები, იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი უკვე ამაღლებული აქვთ, ვნახავ ამ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში როგორ იყენებენ. მათთან ერთად მინდა მთლიანი საგაკვეთილო პროცესი გავიარო, მოვინიშნო შენიშვნები, შევჯერდეთ, რის შეცვლა შეიძლება და რის გაუმჯობესება. თუ საბოლოო შედეგმა არ აჩვენა მოსწავლეთა განათლების მაღალი დონე, სხვანაირად ამ სერტიფიცირებას მნიშვნელობა და აზრი ეკარგება.

- დირექტორების გამოცდებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- ეს გამოცდებიც, როგორც მასწავლებლების, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საბოლოო შედეგია, როგორ რეალიზდება მუშაობის პროცესში თეორია. თუ დირექტორმა სკოლის საწყის და მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, გამოცდებს და სერტიფიცირებას მნიშვნელობა ეკარგება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაბარებული გამოცდა მისი საქმეების შედეგები იქნება.

- სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვითხრათ...                                                          

- ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გეგმა მაქვს. არის სისტემა, რომელიც ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ჩაშენებული სასკოლო სისტემაში - ეს არის ელექტრონული ლაბორატორიები. მინდა, ამ პროექტზე ვიმუშაო და ჩვენს სკოლაში დავნერგო. ჩვენმა მოსწავლეებმა ახალ კომპიუტერებზე, ეს ახალი ლაბორატორიული სისტემა რომ შეისწავლონ. მისი ელექტრონულად მართვა ერთის მხრივ,  საინტერესო და მეორეს მხრივ, სკოლაზე მორგებულია. ჩემი პირველი მიზანი სწორედ ესაა, გრანტის მოპოვებით, თუ შიდა რესურსების გამოყენებით, შევძლო მისი განხორცილება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოვა. და ბოლოს, დიდი მადლობა თქვენ, ამ ინტერვიუსათვის და საჭირო კითხვებისთვის. გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო და ნაყოფიერ თანამშრომლობას აფხაზეთის N2 საჯარო სკოლასთან.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება