სიახლეები
სიახლეები

„3 საათში ტესტს ვერც ერთი აბიტურიენტი ვერ დაწერდა“ - მათემატიკის გამოცდას სკოლის პედაგოგი აფასებს
12-07-2023
-
+


„ფსიქოლოგიური ტერორი“ - ასე აფასებენ აბიტურიენტები, მათი მშობლები და მასწავლებლები მათემატიკის ტესტების შინაარსს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

მათემატიკის გამოცდა 7 ივლისს ორ სესიად ჩატარდა. Etaloni.ge მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს და არც ერთ მათგანს უთქვამს, რომ გამოცდაზე ყველა, 41-ვე საკითხი დაწერა, მათ შორის, იმ სკოლების წარმომადგენლებსაც, სადაც მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება.

მათემატიკის ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებელი, გია სიხარულიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, 3 საათი საკმარისი ყოფილიყო ტესტებში მოყვანილი 41 საკითხის სრულად გააზრებისა და სწორად ამოხსნისთვის, რადგან საკითხები საკმაოდ რთული ფორმით იყო გადმოცემული. მათემატიკოსი ამბობს, რომ აღნიშნული დრო სკოლის ბევრ მასწავლებელსაც კი არ ეყოფოდა მათ ამოსახსნელად.

გია სიხარულიძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ჩვენთან ერთად შეაფასა.

- ბატონო გია, ბევრი აბიტურიენტი უკმაყოფილო გამოვიდა მათემატიკის გამოცდიდან. ყველა ტესტის სირთულეზე საუბრობდა და იმაზე, რომ ბოლომდე ყველა საკითხის განხილვა ვერ მოასწრეს. უკვე გამოქვეყნდა ეს ტესტები. თქვენ, როგორც მათემატიკოსს, როგორი შეფასება გექნებოდათ?

- მთელი ტესტის ამოსახსნელად 2 საათი დამჭირდა და, ფაქტობრივად, დაუფიქრებლად ვმუშაობდი. როგორ შეიძლება, 3 საათი ეყოს მოსწავლეს? ეს დრო ძალიან ცოტაა ამ ტესტების შესასრულებლად. შეიძლება იცოდეს საკითხი, მაგრამ ისე რთულადაა მიწოდებული, დრო სჭირდება გააზრებას. ხომ უნდა დაფიქრდე, რა ფორმით აწოდებ ბავშვებს, სანამ გამოცდაზე შეიტან ტესტს? ზოგ ამოცანას, დარწმუნებული ვარ, ის მოსწავლეებიც ვერ ამოხსნიდნენ, რომლებიც გაძლიერებულ მათემატიკურ სკოლებში სწავლობდნენ.

ეს არ არის ნამუშევარი ტესტი. ეს არის მოგროვილი მასალა. ჩნდება ეჭვი, რომ ტესტები არც გამოუცდიათ, ისე შეიტანეს გამოცდებზე. ტესტს რომ ადგენ, გამოცდამდე უნდა დატესტო თუნდაც იმ სტუდენტებზე, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს და დრო გააკონტროლო. უნდა დაინახონ, რამდენი დრო სჭირდება ძლიერ მოსწავლეს, მასწავლებელს ან თუნდაც ცოტა სუსტ მოსწავლეს. უნდა იცოდე, რა შედეგს ელოდო. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, 3 საათში ამ ტესტს ბოლომდე ალბათ ვერც ერთი აბიტურიენტი დაწერდა.

მაგალითად, მეორე ვარიანტში მე-8 საკითხი ერთქულიანი ამოცანა არ არის. ორეტაპიანი ამოცანაა, რომლის მიცემაც გამოცდაზე ბავშვებისთვის არ შეიძლება! ისეთი ანალიტიკური ცოდნა უნდა გამოავლინოს ბავშვმა, ერთ ქულაზე ბევრად მეტი ეკუთვნის, ვინც ამოხსნის. ორიგინალური ამოცანაა, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება კომაროვის სკოლის მოსწავლეებსაც კი არ შეხვედრიათ. შეიძლება იციან, როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ... ნიძლავს დავდებ, ბევრი მასწავლებელი ვერ ამოხსნის ამ ტესტის მე-8 და 38-ე ამოცანებს.

პირველ ვარიანტში მე-40 ამოცანა ისეთია, რომლის ქართულსაც აბიტურიენტების 2% თუ გაიგებდა, დანარჩენი - ვერ. ანგარიში ხომ უნდა გაუწიო, რას ასწავლი სკოლაში და რას აძლევ გამოცდაზე? ყველაფერი ხომ ნიუანსებისგან შედგება?..

- გავრცელდა მათემატიკის მასწავლებლების მოსაზრებები, რომლებიც ამბობენ, რომ ამოცანების პირობები სწორად არ არის ჩამოყალიბებული, ნათარგმნი მასალაა და ქართველ ბავშვებს მისი გაგება ამიტომაც გაუჭირდათ...

- ამოცანის პირობები ნორმალურად არის ჩამოყალიბებული, ყველა სწორად არის ფორმულირებული და ყველა იხსნება, მაგრამ ერთქულიანი ამოცანები იმხელა დროს მოითხოვს, შეუძლებელია, დრო გეყოს. აქამდე მათემატიკის ტესტებში 40 საკითხი იყო და წელს 41 ამოცანაა. ითქვა, რომ გაამარტივეს, მაგრამ გამარტივებული კი არა, გართულებულია ტესტი. 41 ასეთი საკითხისთვის 4 საათი მაინც უნდა ჰქონოდათ.

- ზღვარის გადალახვა ბევრს გაუჭირდება?

- პირიქით, ზღვარს ბევრი გადალახავს. თავიდან ძალიან ადვილებია და სუსტი ბავშვისთვის ზღვარის გადალახვა ადვილია, მაგრამ კარგი შედეგების ჩვენება გართულებულია და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ასწრებს. რა მიზანი აქვს ამას, რთული სათქმელია. ძალიან საინტერესო იქნებოდა, პირდაპირ ეს ტესტი რომ შეეტანათ მასწავლებლების გამოცდაზე. შეიძლება, 3 საათში ბევრ მათგანს ვერ ამოეხსნა ბოლომდე.

მათემატიკის მასწავლებლების დიდი პრობლემა გვაქვს სკოლებში. ვინც მათემატიკა ვიცოდით, გამოცდები როგორც კი დაიწყო, იმავე წელს ჩავაბარეთ და ზოგი მათგანი 5 და მეტი წელი აბარებდა და ვერ ლახავდა ზღვარს. ასეთ პირობებში როდესაც იმყოფები, ყველაფერს სჭირდება გათვალისწინება. ჩემი თვალით მინახავს, უტოლობა ჯვარედინად როგორ გაამრავლა მასწავლებელმა. ეს ისეთი უვიცობაა, მეტი რომ არ შეიძლება. არადა, ეს პედაგოგი მე-12 კლასსაც ასწავლიდა.

- შესაბამისად, მომზადების, რეპეტიტორთან სიარულის გარეშე შეუძლებელია მსგავსი ტესტის ბოლომდე დაწერა და, ფაქტობრივად, შეუძლებელს სთხოვენ სკოლის კურსდამთავრებულებს?

- დიახ, ასეა. არ უნდათ იმის აღიარება, რომ სკოლებში სწავლების დონე ძალიან დაბალია. მთავარი ის არის, როგორი შესაბამისობაა სკოლის მასალასა და საგამოცდო ტესტებს შორის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ აუცილებელია პროფილურ სწავლებაზე გადასვლა, რადგან იმ მცირე კადრებმა, ვისაც მათემატიკოსები ჰქვიათ და ღრმად ერკვევიან ამ საგანში, იმ ბავშვებს ასწავლონ, ვისაც ტექნიკური აზროვნების ნიჭი აქვთ და შედეგი ამით დაიდება. არიან ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ მათემატიკის სწავლა და მათ ჰუმანიტარული საგნები უნდა ისწავლონ ჰუმანიტარებმა და ა.შ. ასეა ცივილიზებულ სამყაროში.

- რომელი იყო უფრო ძნელი, რომლის გამოცხადებას უნდა ელოდონ აბტურიენტები უფრო რთულ ვარიანტად?

- მეორე ვარიანტი ცალსახად უფრო რთულია. პირველ ვარიანტში იყო მე-40, რთული ტექსტური ამოცანა, მაგრამ მეორე ვარიანტში ერთქულიანებიც რთული იყო და ბევრი დრო მიჰქონდა. პირველ ვარიანტში კი ერთქულიანების ამოხსნა სწრაფად შეეძლო კარგ მოსწავლეს, მეორეში კი სწრაფად ვერ ამოხსნიდნენ. ჩემი აზრით, ყველა ვარიანტში მეორე გამოცხადდება რთულ ვარიანტად.

დრო რომ არ გყოფნის და ხვდები, ვერ ასწრებ, იწყებ ნერვიულობას. ნერვიულობას რომ იწყებ, გონება ისე კარგად ვეღარ მუშაობს და შეცდომებს უშვებ - ეს ლოგიკურია. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ტერორია, აბა რა არის?


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

სკოლის დირექტორები მუნით ინიფიცირების შემთხვევებს etaloni.ge-სთან ადასტურებენ

დირექტორის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც ორ სკოლაში დასაქმებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ - მასწავლებლებს ცნობის აღება ყოველ წელს დასჭირდებათ

საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების საქმეზე მინისტრის სახლი გაჩხრიკეს, მოადგილე დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება