სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლაშა შავიშვილი - წარმატებული კურსდამთავრებული ქედიდან, რომელიც ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში გრანტით სწავლობს
11-07-2023
-
+


ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ახალგაზრდა ლაშა შავიშვილია, ის უმაღლეს განათლებას ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში იღებს. ლაშამ კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე 60%-ანი დაფინანსება მოიპოვა. 

ამჟამად, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტური დასაქმების პროგრამით მუშაობს. ლაშა შავიშვილმა etaloni.ge-სთან უცხოეთში სწავლისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ იქ კარიერული განვითარების მეტი შანსია. ბულგარეთში მოტივირებული წავიდა, უნივერსიტეტში, მართალია, სწავლის განსხვავებული ფორმატი დახვდა, თუმცა მისი მოლოდინები მთლიანად გამართლდა. 

„საზღვარგარეთ სწავლის დამსახურებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი მეგობარი მყავს, რაც მეხმარება იმაში, რომ უკეთესად გავუგო სხვადასხვა კულტურას, ტრადიციას თუ შეხედულებებს.
უნივერსიტეტში სწავლის განსხვავებული ფორმატი დამხვდა, რაც სტუდენტებს პროფესორებთან თავისუფალი დისკუსიების შანსს აძლევს, რაც ჩემთვის ახალი იყო და ხშირად არ ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა უფრო რთული გამოწვევები დიდად არ ყოფილა. სტუდენტები მეგობრულები არიან, ქალაქიც პატარა და მყუდროა“,- ამბობს ლაშა შავიშვილი. 

ის საკუთარ წარმატებაში სკოლის როლზე ამახვილებს ყურადღებას, ამბობს, რომ პედაგოგებმა მისი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ბევრი იშრომეს. 

„პედაგოგები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ მიზნის მიღწევაში და ჩემს წარმატებას საკუთარ და სკოლის წარმატებადაც მიიჩნევდნენ, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და ვიმედოვნებ, ერთ დღესაც მექნება შანსი, რომ სკოლას და მასწავლებლებს ის ამაგი დავუბრუნო, რაც ჩემთვის გასწიეს“,- აღნიშნავს კურსდამთავრებული. 

სკოლის დირექტორი თამარ აბულაძე კი გვიამბობს, რომ ლაშა შავიშვილი ძალიან აქტიური და მოტივირებული მოსწავლე იყო, ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა თვითმმართველობასაც, მონაწილეობდა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში და სწავლის დასრულებისას ოქროს მედალიც დაიმსახურა. 

„კურსდამთავრებულების ასეთი წარმატება იმ მონდომებამ და იმ მოტივაციამ განაპირობა, რომელიც სკოლამ მოსწავლეებს მისცა. ჩემი, როგორც ხელმძღვანელის აზრით, მასწავლებელმა ნამდვილი მოქალაქის აღსაზრდელად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ჩვენს სკოლაში, ამ მხრივ, ყველაფერი კარგადაა. გვყავს პედაგოგები, რომლებიც ევროპაში საგანმანათლებლო ვიზიტით მიდიან ხოლმე. მოსწავლეები მათგან პირდაპირ მაგალითს იღებენ. მასწავლებელი რომ ბრუნდება, იქ მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებს“,- ამბობს დირექტორი თამარ აბულაძე. 

ლაშა შავიშვილის წარმატებაში სკოლის დამსახურებას მისი მშობელი - დურმიშხან შავიშვილიც ხედავს, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თავისი შვილის შემთხვევა ერთგვარი პრეცედენტი იყო, რადგან ის მუნიციპალიტეტში პირველი იყო, ვინც სკოლის დამთავრების შემდეგ, ბაკალავრიატზე პირდაპირ ევროპის უნივერსიტეტში, გრანტით, ჩააბარა.

„ბუნებრივია, მის წარმატებაში სკოლისა და პედაგოგების დამსახურება ძალიან დიდია. ბავშვობიდან უცხო ენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო დაინტერესებული. სწავლაც კომპიუტერულ მეცნიერებებზე გააგრძელა. სკოლის პერიოდშიც არაფორმალური განათლების მხრივ, აქტიური იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, პირდაპირ ჩააბარა, რაც ჩვენთან პრეცედენტი იყო, რადგან ჩვენი სკოლებიდან პირველი იყო, ვინც ბაკალავრიატზე უცხოეთში ჩააბარა. ეს სხვა მოსწავლეებისთვისაც მოტივაციაა. 
ლაშას მშობლებმა ყველანაირად ხელი შევუწყვეთ, არ გვინდოდა დაგვებრკოლებინა. მაგისტრატურის გაგრძელებას აპირებს. საბოლოო ჯამში, ჩემი სურვილია, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას გამოადგეს“,- ამბობს დურმიშხან შავიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება