სიახლეები
სიახლეები

კერძო ფონდის ინვესტიცია მომავალ პედაგოგებში
25-08-2022
-
+


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე ხუთი წელია, რაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ამ მცირე დროის მანძილზე არაერთი საინტერესო პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელი გამხდარა.

ფონდის ფილანტროპიული საქმიანობის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 25 პროექტზე მეტი და განათლებაში ჩადებული ინვესტიცია 3.5 მილიონ ლარს აღემატება. მთავარი მიზანი კი, რასაც გპფ ემსახურება ესაა: განათლების საერთო ხარისხის ამაღლება, განათლების სტანდარტების გაუმჯობესება და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.  სწორედ ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა ისეთი პროექტები როგორიცაა: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პროფესიული განათლების კონკურსი, დებატები უკეთესი განათლებისთვის და სხვა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება. უმაღლესი განათლების მიმართულებით, შედარებით ვიწრო კუთხით საქმიანობს და ორ პროექტს აფინანსებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 14 სტუდენტის აკადემიური სწავლების სრული დაფინანსება და მომავალი პედაგოგების სასტიპენდიო პროგრამა „მომავალი პედაგოგი“, რომლის მიზანია ისეთი წარმატებული სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.

ფონდის მიერ ინიცირებული სტუდენტთა წახალისების სასტიპენდიო პროგრამა სამი წლის წინ დაიწყო და დღეს  7 პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. თითოეული უნივერსიტეტიდან 10 წარმატებული სტუდენტი იღებს წამახალისებელ სტიპენდიას.  პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა შექმნას. ფონდი თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან: გორის, სოხუმის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის, სამცხე-ჯავახეთისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის.

„უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენი ფონდი ნაკლებადაა ჩართული, თუმცა ის მიმართულება, რომელსაც, უკვე მესამე წელია, ჩვენი ინიციატივით ვაფინანსებთ, უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო ფაკულტეტების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და ისევ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას უკავშირდება. გპფ-ს მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტიც სწორედ ამ მიზნის გარშემოა ფოკუსირებული, რომ მასწავლებლის საქმიანობა მეტად დაფასებული გახდეს, საზოგადოებამ იგრძნოს რამხელა მისია და პასუხისმგებლობა აკისრია მომავლის აღზრდაში პედაგოგს და სხვა ადამიანებსაც გავუჩინოთ მოტივაცია, ემსახურონ ამ ღირსეულ საქმეს,“ – განაცხადა ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ. სემესტრის ბოლოს ხდება სტუდენტების აკადემიური მოსწრების გადამოწმება – მათი აქტიურობის მონიტორინგი. სტიპენდიის თვიური ოდენობა 150 ლარს შეადგენს.

ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი, თავისი ფინანსური მასშტაბებით, შედარებით მცირებიუჯეტიანია, რესურსის დიდ ნაწილს სწორედ პედაგოგების წახალისებაში დებს. „სამომავლოდ ვგეგმავთ, გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობაც და, ასევე, გავაერთიანოთ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ერთიან ჭრილში დაეხმარებიან განათლების სისტემას მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებაში და უკეთესი პედაგოგების მოზიდვაში“ – ამბობს ფონდის დირექტორი.

იგი მნიშვნელოვანად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რამდენად შეძლებენ წარმატებული კურსდამთავრებულები, ბარიერების გარეშე, სკოლაში დასაქმებას. თუმცა, დასაქმებამდე მნიშვნელოვანია, ასევე, მომავალ პედაგოგებს, სტიპენდიანტებს, საშუალება მიეცეთ სკოლაში გაიარონ პედაგოგიური პრაქტიკა და სტუდენტობიდანვე ეზიარონ სასკოლო ცხოვრებას, რეალურად გაიგონ, რა მოთხოვნებს აყენებს ეს პროფესია მათ წინაშე, როცა უშუალოდ მოსწავლეებთან აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, სკოლის დირექტორების ამ ახალგაზრდებით მეტად დაინტერესება სასურველ შედეგებზე გაიყვანს მომავალ პედაგოგებს და ეტაპობრივად სისტემას საუკეთესო კადრებით გააჯანსაღებს. ფონდის დირექტორიც, დიდწილად, ამ ინიციატივის წარმატების ინდიკატორად სწორედ სტიპენდიანტების სკოლებში დასაქმებას განიხილავს. „სწავლის დასრულების შემდეგ რამდენი სტიპენდიატი შევა სკოლაში და რამდენად წარმატებული კარიერა ექნებათ მათ, სწორედ ეს იქნება ჩვენი ინიციატივის, "მომავალი პედაგოგი"-ს, წარმატების მაჩვენებელი. დიდწილად ეს განსაზღვრავს, გავაგრძელებთ თუ არა ამ მიმართულების მხარდაჭერას"  – ამბობს ზურაბ კერვალიშვილი.

სტიპენდიანტებთან ურთიერთობა მხოლოდ დაწესებული სტიპენდიების გაცემით არ შემოიფარგლება, არამედ საინტერესო და მრავალფეროვანი დამატებითი აქტივობების სახით გრძელდება. სტიპენდიანტები, საკუთარი ინიციატივითა და ფონდის ხელშეწყობით, ასევე გპფ-ს გრანტიორებისა და მხარდამჭერების დახმარებით, აქტიურად ატარებენ ან ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებსა და ვორქშოპებში როგორც საკუთარ, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტიპენდიანტებთან ერთად.

2021 წელს ახალგაზრდებმა დააფუძნეს „სტუდენტური კლუბი“. მისი წევრები მართავენ სტუდენტურ კვირეულებს, სემინარებს, შეხვედრებს, ცვლიან ინფორმაციას. მსგავსი ტიპის კოლაბორაცია, უკვე შემდგარ პროფესიონალებთან და თანატოლებთან, გამოცდილების გაზიარების ერთგვარ პლატფორმას ქმნის; ყოველთვიურ სტიპენდიებთან სინთეზში კი, ეს ყველაფერი ფონდის სტიპენდიანტ მომავალ პედაგოგებს უკეთ სწავლის, ხოლო მათ თანატოლებს პედაგოგის პროფესიის არჩევის მეტ მოტივაციას სძენს.

სამომავლოდ, ფონდი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისა და ამ პროფესიაში ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით წამოწყებული ინიციატივის მასშტაბის ზრდას გეგმავს და, ეტაპობრივად, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებთანაც აპირებს მემორანდუმის გაფორმებას, რაც, თავისთავად, გაზრდის სასტიპენდიო პროგრამაში ახალი სტუდენტების ჩართვასა და დამატებას. პირველ ეტაპზე, პროექტი მხოლოდ რეგიონულ უნივერსიტეტებს მოიცავდა, ამჟამად სტიპენდიანტების მასშტაბი გეოგრაფიულადაც გაზრდილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფონდის სტიპენდიანტები ეთნიკურად სომეხი და ქისტი ახალგაზრდებიც არიან, ასევე დევნილები და მრავალშვილიანები (რვაშვილიანი დედის, რომელმაც მასწავლების პროფესიის დაუფლება შედარებით მოგვიანებით გადაწყვიტა, წარმატება და პროფესიისადმი დიდი ინტერესი „მასწავლებლის პროფესიის ქომაგებსაც“ არ დარჩენიათ შეუმჩნეველი). სტიპენდიანტთა მოტივაციის მიზნით, ფონდი ძალიან საინტერესოდ შლის და აწვდის საზოგადოებას მათ ისტორიებს, აქედან გამომდინარე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტებზე სოციალურ მედიაშიც ხშირად შეხვდებით წერილებს და სხვადასხვა სატელევიზიო შოუებშიც ნახავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს და წარმატებული სტუდენტობის გამო, ფონდის თვალსაწიერშიც მოექცნენ. ახალგაზრდების – მომავალი მასწავლებლების – წარმოჩენას ემსახურება ჩვენი გამოცემის რუბრიკაც „მომავალი პედაგოგი“, რომლითაც ვცდილობთ, საზოგადოებას წარჩინებული, მოტივირებული ახალგაზრდები გავაცნოთ, რომლებიც რამდენიმე წელიწადში მაღალკვალიფიცურ კადრებად მოევლინებიან სისტემას და მოგეხსენებათ, კარგად მომზადებული პედაგოგების ცვლა როგორ სჭირდება ჩვენს სასკოლო განათლებას. და კიდევ, მათი არჩევანი და ამ არჩევნის ხელშეწყობა აუცილებლად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს სკოლის მოსწავლეების მიერ მომავალი პროფესიის შერჩევისას, რაც, ისევ და ისევ, მასწავლებლის პროფესიას წაადგება სასარგებლოდ. სწორედ ამიტომაა ძალიან საშური საქმე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ეს ინიციატივა ისევე, როგორც დანარჩენი პროექტები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება