სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„არ შეიძლება, სკოლა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ერთპირონულად მართოს“-დოდო დოლიძე, აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
10-05-2022
-
+


დოდო დოლიძემ სკოლის კარი პირველად 1984 წელს შეაღო და მას შემდეგ მომავალი თაობების განათლებისთვის თავდაუზოგავად შრომობს. აბაშის N1 საჯარო სკოლაში 1988 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო ამავე სკოლის დირექტორად 2007 წლიდან აირჩიეს. ენერგიული დირექტორი მოსწავლეებისთვის და კოლეგებისთვის მუდამ სამაგალითოა. იგი, წამყვანი სტატუსის მფლობელი პედაგოგია და საკუთარი პროფესიული წინსვლისთვის მუდამ იღწვის.

თავდაპირველად გერმანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ხოლო შემდგომ ინგლისურს, რომელსაც მოსწავლეებს დღემდე ასწავლის. საკუთარი პროფესიისთვის, მასწავლებლობისთვის არასოდეს უღალატია და თვლის, რომ წარმატებული დირექტორობისთვის პედაგოგობა აუცილებელია.

90-იანი წლების ქარტეხილს იგი ღირსეულად გაუმკლავდა და ერთი წამითაც არ უნანია ის მძიმე, თუმცა ღირსეული გზა, რომელსაც პედაგოგობა ჰქვია.

Etaloni.ge-სთან დოდო დოლიძემ, როგორც საკუთარ განვლილ პროფესიულ გზაზე ასევე, საგანმანათლებლო სისტემისა და სკოლის შესახებ ძალზე საინტერესოდ ისაუბრა:

საგანმანათლებლო სისტემაში 1984 წლიდან ვმუშაობ. 2007 წელს დირექტორების კონკურსში ვმონაწილეობდი; ჩავაბარე როგორც გამოცდა, ასევე გასაუბრების ეტაპიც წარმატებით გავიარე და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით აბაშის N1 საჯარო სკოლაში არჩეული დირექტორი ვარ. მანამდე, კი ამავე სკოლაში 1988 წლიდან ვმუშაობდი ვასწავლიდი, გერმანულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო შემდგომ ინგლისურს. ახლაც მოქმედი, წამყვანი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. კანონის შესაბამისად 10 საათი მაქვს აღებული.

- პედაგოგობა და დირექტორობა რთული ნამდვილად არის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა და პასუხისმგებლობაც შესაბამისია. ყველას: მშობელს, კოლეგებსა და მოსწავლეებს ჩემი გვერდში დგომა სჭირდებათ, განსაკუთრებით კი პანდემიის ფონზე. ვთვლი, რომ დირექტორი საკუთარი საქმის მცოდნე უნდა იყოს და ამავდროულად, მოქმედი მასწავლებელიც, რათა თითოეული პედაგოგის საქმიანობაში ერკვეოდეს ძალიან კარგად, იცოდეს მეთოდურად, როგორ მართოს... დირექტორის მოვალეობაში თავისთავად ცხადია შედის გაკვეთილებზე დასწრება, თანამშრომლობა და რეკომენდაციებისა თუ რჩევების მიცემა. შესაბამისად ამ კუთხით თუ არ გაქვს პრაქტიკა, არ იცი როგორ ჩატარდეს გაკვეთილი, არ ფლობ მეთოდოლოგიებს გაგიჭირდება... სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რომ დირექტორი გაკვეთილებით სრულად დატვირთული არ უნდა იყოს, ძალიან ძნელია, ჩაატარო 15-20 გაკვეთილი და პარალელურად სკოლა მართო, მაგრამ ის, რაც კანონით არის დადგენილი საათები მგონი ძალიან კარგია.

- ქალბატონო დოდო 90-იანი წლების ყველა ქარტეხილი გამოიარეთ, როგორ შეაფასებთ განვლილ გზას ამ გადმოსახედიდან? თაობებს შორის არის რადიკალური სხვაობა?

- სკოლაში საკმაოდ დიდი პერიოდი გავიარე. ძალიან ბევრი რეფორმის მონაწილე ვიყავი, ვარ და ალბათ კიდევ ვიქნები. საგანმანათლებლო სისტემა ცოცხალ ორგანიზმად მიმაჩნია, რომელსაც განახლება მუდამ სჭირდება და ეს რეფორმები, თუ სასურველ შედეგზე გაგვიყვანს იქნება ძალიან კარგი.

განსაკუთრებით მძიმე პერიოდი 90-იან წლებში იყო. ეს ის დროა, როდესაც ხელფასები თვეობით არ გვქონდა, მახსოვს, ასეთი შემთხვევა 6 თვესაც კი გაგრძელდა, შესაბამისად იყო ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ვცხოვრობდით, ბევრი სოფლის მეურნეობასაც კი მისდევდა, რომ არსებობის პრობლემა არ ჰქონოდათ, მაგრამ მე გამონაკლისებში ვიყავი, რადგან ვცხოვრობდი ბინაში და ურთულეს მდგომარეობაში ვიყავი. გავსულვართ გაფიცვაზეც, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს გვიფიქრია, რომ საქმისთვის, მოსწავლეებისთვის და პროფესიისთვის გვეღალატა. დღესაც, სკოლაში იმ თაობის წარმომადგენლები ბევრნი ვართ... თაობებს შორის სხვაობა ყველა მხრივ ძალიან დიდია და არც შეიძლება, რომ ასე არ იყოს. იცვლება დრო, გემოვნება, შეხედულებები და ღირებულებები. პედაგოგები ხშირად ვსაუბრობთ, რომ ამ ცვლას ძალიან უმტკივნეულოდ განვიცდით. შეიძლება ოჯახის წევრებს შვილების ამ ცვლილებებთან შეგუება გაუჭირდეთ, მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ და ვეგუებით იმას, რაც თანამედროვე ცხოვრებას, ცივილიზაციასა და ციფრულ სამყაროში ცხოვრებას მოაქვს. თაობებს შორის ცვლილებები კი უკეთესობისკენ არის მიმართული, რადგან არიან უფრო თავისუფლად მოაზროვნეები, არ არიან შებოჭილები, პირდაპირ შეუძლიათ გვითხრან სათქმელი და იმსჯელონ ჩვენთან ერთად. ამ ყველაფერს კი წინა თაობები მოკლებულები ვიყავით, რაც იმ იდეოლოგიის ბრალი იყო, რაში ცხოვრებაც გვიწევდა.

- როგორ ინარჩუნებთ მოსწავლეებთან და კოლეგებთან იმ მეგობრულ და მყარ ურთიერთობას, რომლითაც წლებია აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოღვაწეობთ?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ ჩემს მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობით. როგორც ვთქვი, ჩემი სკოლა ერთ-ერთი დიდი სკოლაა და ამიტომ, ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. არ არსებობს ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხი, რომლის გადასაჭრელად თვითმმართველობას არ მივმართო და მათთან ერთად არ ვიმსჯელო. ეს დამოკიდებულება კი ბავშვებში მოტივაციის ამაღლებას და სასკოლო ცხოვრებაში მეტ დაინტერესებას იწვევს. 2 წლის წინ თვითმმართველობა შეიკრიბა, გადაწყვიტა სკოლის ფორმა შეეცვალა და ჩვენი სკოლის დროშის, ლურჯ ფერებში გადაწყვეტილიყო. ყველაფერი თავად გააკეთეს გაავრცელეს ინფორმაცია, ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ მათი მხრიდან წამოსული არც ერთი ინიციატივა უგულებელყოფილი არ არის, მათ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავარ. კოლეგებთანაც ანალოგიური განწყობით ვარ, ჩვენს შორის დაფარული არაფერია. ყველა სიახლის შესახებ, რაც განათლების სისტემაში ინერგება, ერთად ვმსჯელობთ. ძალიან კარგი და ძლიერი გუნდი მყავს. არ შეიძლება სკოლა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ერთპირონულად მართოს. ყველა სიტუაციაში ანდაც სფეროში ჩემს კოლეგებთან ერთად ვმონაწილეობ და სკოლას, ერთად ვმართავთ. არ არსებობს რგოლი, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში ჩართული არ არის. ალბათ სწორედ ამის დამსახურებაა, რომ წელს არც ერთი დღით ონლაინ სწავლებაზე არ გავსულვართ. ეს კი ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით შევძელით. ენერგიას სწორედ ეს ერთსულოვნება და საქმისადმი, მოსწავლეებისადმი სიყვარული მაძლევს. მინდა, კარგი სკოლა გვქონდეს.

- პანდემია ახსენეთ... სკოლებში პირბადეების გამოყენება და რიგი რეგულაციები გაუქმდა, როგორ შაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

- ცუდად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ყველა რეგულაციას ძალიან მკაცრად ვიცავდით. ყოველ დილით მოსწავლეებს ვხვდები, რათა ვნახო ვინმეს რაიმე ხომ არ უჭირს, ან პრობლემა ხომ არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგულაციები მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მოიხსნა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც პირბადეებზე შეხსენება სჭირდებოდათ, ახლაც არ იხსნიან. ბავშვები და პედაგოგები თავისი სურვილით პირბადეებს კვლავ ატარებენ. რეგულაციების მოხსნის მიუხედავად ვფიქრობ, ცოტა შიში მაინც დარჩა.

- ქალბატონო დოდო, წამყვანი სტატუსის მასწავლებელი ხართ. აპირებთ სტატუსის ასამაღლებლად თქვენ და თქვენი კოლეგები გამოცდებზე კვლავ გასვლას?

- ზოგადად ვთვლი, რომ მასწავლებელი საკუთარ პროფესიულ დონეს ყოველთვის უნდა იმაღლებდეს. ჩემ სკოლაში სულ 40 მასწავლებელია, მათან 7 წამყვანის სტატუსის ვართ, ხოლო დანარჩენები უფროსი. ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა აპირებს მენტორისა და წამყვანის გამოცდებზე გასვლას. პირადად მე გამოცდაზე წელს განაცხადი არ გამიკეთებია, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ.

- 2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეფასებდით? და აქვე, გკითხავთ, პანდემიის ფონზე მეთორმეტეკლასელები სკოლას რა საფუძვლით ამთავრებენ?

- ძალიან კარგი მეთორმეტეკლასელები გვყავს წელს. ჩემი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ მოსწავლეებში ცოდნის მხრივ რაიმე შეფერხებები არ იგრძნობა. თუმცა, ერთი პატარა დეტალი ზოგადად არსებობს, როდესაც ზოგიერთ მოსწავლეს დისტანციური სწავლებიდან სკოლასთან ადაპტირება გაუჭირდა. ანუ სახლში დიდხანს ჯდომამ კლასსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე თავისი კვალი დატოვა. მასწავლებლები მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ ბავშვებს შორის გაუცხოება არ მოხდეს და ფიზიკურ გარემოს სრულყოფილად დაუბრუნდნენ. დისტანციურმა სწავლებამ ყველაზე არა, მაგრამ გარკვეულ ნაწილზე გავლენა მოახდინა - იყო სიზარმაცე, დილით ადრე გაღვიძების პრობლემა... მოსწავლეებში სახლიდან სწავლამ განათლების კულტურა დაწია. შეიძლება ბევრი იმუშავეს კიდეც, თუმცა ფიზიკურ გარემოს არაფერი შეედრება. ამიტომაც, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სკოლა არ დაგვეხურა და სკოლაში ჯანსაღი, კარგი ურთიერთობები ყოფილიყო.

- სკოლებში სადიაგნოსტიკო ტესტირება იგეგმება, რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

- ვერ გეტყვით რომ სადიაგნოსტიკო ტესტირებით ძალიან მოხარულები ვართ... არა იმ კუთხით, რომ მოსწავლეების ცოდნა შემოწმდება, რაც ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ აქ დგას ნამუშევრების შემოწმებისა და განმავითარებელი შეფასებების დადების საკითხი. მაგალითად, მე მყავს ერთი ხელოვნების მასწავლებელი, რომელიც I – IX კლასის ჩათვლით ასწავლის. წარმოიდგინეთ რა კოლოსალური შრომა უნდა გასწიოს ამ მასწავლებელმა, რომ შეაფასოს ნამუშევრები და თითოეულ მოსწავლეზე განმავითარებელი შეფასება დადოს. ეს ხომ არ არის 1, 2 ან 3 მოსწავლის შეფასება?! ეს მით უმეტეს თბილისის სკოლის მასწავლებლებისთვის იქნება რთული, ზოგან 2000 მოსწავლეც კი სწავლობს... კი გვეუბნებიან, რომ შეფასების სისტემა გამარტივებული იქნება, მაგრამ რა სიმარტივითაც უნდა ჩატარდეს მასწავლებლებს მაინც ძალიან დიდი შრომის ჩადება მოუწევს. ცუდი ნამდვილად არ არის და ბავშვებიც მოლოდინში არ არიან.

- ხომ არ ფიქრობთ რომ მოსწავლეების ფსიქიკაზე ეს ტესტირება გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს?

- ასე არ ვფიქრობ, რადგან განმარტების შემთხვევაში, როდესაც ბავშვებს ყველაფერს სწორად ავუხსნით, რომ ეს მათ შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს და მიზანი, მხოლოდ პანდემიის პერიოდში მიღებული ცოდნის დონის გაგებაა, მაშინ არაფერი პრობლემა არ შეიქმნება. ახლა, თუ შევაშინებთ, თავისთავად ცხადია დაისტრესებიან, მაგრამ თუ ისე მივუდგებით, როგორც საჭიროა და როგორც სახელმწიფოს აქვს დაგეგმილი, მაშინ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

- და ბოლოს, ქალბატონო დოდო რას იტყვით მომავალი თაობის შესახებ?

- ვფიქრობ, ძალიან ჯანსაღი, კონკურეტუნარიანი, თავისუფალი და სიმართლის მოყვარული თაობა იზრდება. მინდა, არამოძალადე მომავალი თაობა გვყავდეს. ძალიან ბევრ განმარტებას ვაძლევთ ბავშვებს, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, შესაძლოა ერთი მიმიკითაც კი გამოხატო ძალადობა... არ მინდა, მოძალადე თაობა გვყავდეს. მინდა იყვნენ ლაღები, თავისუფლები და წარმატებულები, რათა ჩვენი ლამაზი ქვეყანა და თავიანთი განათლებით კიდევ უფრო გაალამაზონ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება