მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში კერამიკის სახელოსნოა მოწყობილი, სადაც მოსწავლეებს კერამიკასთან ურთიერთობა და ხელოვნების დარგების - ფერწერის და გრაფიკის დაუფლება შეუძლიათ. სახელოსნოს სულისჩამდგმელი კი ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი, არტსტუდიის და სოციალური საწარმო „ანდამატის“ ხელმძღვანელი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და ამავე მუზეუმის კერამიკული სახელოსნოს ხელმძღვანელი - ლია კასპელაშვილი გახლავთ. სკოლაში არსებული სახელოსნოს შექმნისა და მომავლის გეგმების შესახებ პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრობს.
- როგორ გაჩნდა იდეა, რომ სკოლაში კერამიკის სახელოსნო შექმნილიყო?
- იდეა გაჩნდა ჩემი არტსტუდია „ანდამატიდან“ გამომდინარე. ბათუმის N2 საჯარო სკოლაში არტსტუდია 21 წლის წინ გავხსენი, სადაც სხვადასხვა განხრა ისწავლებოდა: ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია... ძირითადი მიმართულება კი კერამიკა იყო. პირველი ნაბიჯები რთული გახლდათ - ამ, ერთგვარ ინტელექტუალურ ბიზნესს არც შემოსავალი გააჩნდა და ცნობადობაც არ გვქონდა. სკოლას თანამშრომლობა შევთავაზე, დირექტორიც დამთანხმდა, სტუდია გამეხსნა, სანაცვლოდ კი სკოლისთვის ინოვაციური პროგრამები უნდა მომემზადებინა და ბათუმის N2 საჯარო სკოლა საქართველოში ერთადერთი იყო, სადაც შრომის გაკვეთილები ჩავანაცვლეთ გამოყენებითი ხელოვნების სწავლებით; პირველი ნაბიჯები რთული იყო, ფულს ვიხდიდი 1 ტომარა თიხასა და გამოწვაში, რადგან საკუთარი ღუმელი არ გვქონდა... მიუხედავად რთული პერიოდისა, ზემოთ ჩამოთვლილ წრეებს დავამატე თექა, ბატიკა, გობელენი და ბოლოს მინანქარი. ერთ პატარა სივრცეში ქართული ტრადიციული რეწვის მიმართულებით სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა, შედეგდ გაჩნდა სურვილი, სახელოსნო კეთილმომეწყო. 2007 წელს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის მოადგილეს, მაია მიმინოშვილს იდეა შევთავაზე, რომელმაც ჯერ უარყო, აქედან არაფერი გამოვაო, მაგრამ 2 თვეში მისი ხელმძღვანელობით გამოიცა საგრანტო პროექტი „სახელობო სწავლების ინტეგრირება სასკოლო სწავლებასთან“; ეს ზუსტად იგივე იდეა იყო, რაც შევთავაზე. ბევრი მქონდა ნაფიქრი, დავწერე პროექტი და დაფინანსებაც მოვიპოვე. 2007 წლიდან ჩვენ უკვე საკუთარი ღუმელი გვაქვს, კერამიკის სახელოსნოში მაღალი კლასების მოსწავლეები ხედავენ, რომ კერამიკაზე მუშაობა თიხაზე თამაში კი არა, საოცარი ცდები და ქიმიური მოვლენებია. ფაქტობრივად ბავშვებისთვის თავად ქიმიის საგანი უფრო ხელშესახები და საინტერესო ხდება.
- მოსწავლეები კერამიკის სახელოსნოთი რამდენად არიან დაინტერესებულნი?
- ვინაიდან, კერამიკის სახელოსნო სკოლის ბაზაზეა და პარალელურად, ჩემს არტსტუდია „ანდამატს“ ვფლობ, ეს შენობა, რომელიც სულ 40 კვ.მ-ია, სკოლისგან არენდით მაქვს აღებული. შესაბამისად, გარკვეული საათების განმავლობაში სახელოსნოში მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მოდიან. ყველაზე უმცროსი სამ წლინახევრისაა, ხოლო ყველაზე უფროსი მოსწავლე - ასაკით ჩემზე დიდია. რაც შეეხება თავად, ბათუმის N2 საჯარო სკოლას და ჩემს მოსწავლეებს, უფროსკლასელებს ჩემს საგანს არჩევითად ვთავაზობთ და მოსწავლეებიც დიდი სიამოვნებით ირჩევენ. პანდემიიდან გამომდინარე, ეს ბოლო ორი წელია ბავშვებს მაღალ კლასებში არჩევის საშუალება აღარ ეძლევათ, თუმცა ნება რომ ჰქონდეთ, კერამიკას აირჩევდნენ. მოსწავლეების ინტერესი დიდია. წელს მაგალითად სამ მე-9 კლასს ვასწავლი და ორ მე-7-ს. ბავშვებს შეუძლიათ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ამ კერამიკის სახელოსნოში მიიღონ, გაკვეთილებს იქვე, ხელოვნების კაბინეტში ვატარებთ, სადაც მოსწავლეებს პირდაპირ უწევთ თიხასთან, საღებავებთან შეხება და ეს მათთვის შთაგონების წყაროა. აღნიშნულ სახელოსნოში ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თანხას არ იხდიან, რადგან ეს არის ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი და როგორც საჯარო სკოლებში კანონმდებლობა მოითხოვს, მათთვის ჩემი გაკვეთილები უფასოა; ხოლო, ისინი ვინც არტსტუდია „ანდამატში“ სხვა სკოლებიდან დადიან ისინი რა თქმა უნდა გარკვეულ თანხას იხდიან, ვინაიდან თავად მეც სკოლას არენდას ვუხდი.
- კერამიკის სახელოსნოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
- ჩემი ოცნებაა, მაღალი კლასის მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, სწავლის პარალელურად დღის მეორე ნახევარში გარკვეული საათები ხალხური რეწვის მიმართულებას დაუთმონ და სკოლის დამთავრებისას უკვე გარკვეული პროფესიები ჰქონდეთ მიღებული. არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებ, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ძალებს არ დავიშურებ.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით
ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება
საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
„ვულოცავთ, მოსწავლეებს მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ნათელ მომავალს!“
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს