სიახლეები
სამასწავლებლო

„ადამიანი როდესაც გადის გამოცდაზე და შედეგების მოლოდინშია, ეს მისთვის სტრესია“ - დირექტორები მასწავლებლების გამოცდების შედეგებზე
23-08-2021
-
+


მასწავლებლების გამოცდები დასრულდა თუმცა, აპლიკანტებისთვის შედეგები უცნობია. რა მოხდება თუ მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ გამოქვეყნდება? მოსაზრებების გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:

ვერა ოდიკაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მე არ ვიცი საზოგადოებაში რა აზრია, თუმცა როგორც ხელმძღვანელი, მასწავლებლებს ვურჩევ დაელოდონ შედეგებს. პედაგოგებს მისცეს უფლება, რომ პირველი სემესტრი იმუშაონ. ვფიქრობ, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც გამოცდებს ვერ ჩააბარებენ მათთვისვე იქნება უკეთესი, რაც უფრო გვიან გამოცხადდება შედეგები, რადგან მათ უფლება აქვთ იანვრამდე ისევ იყვნენ სკოლაში. უბრალოდ ის ფაქტორია, რომ ადამიანი როდესაც გადის გამოცდაზე და შედეგების მოლოდინშია ეს მისთვის სტრესია. თუკი დროულად გამოცხადდება პასუხები ძალიან კარგი იქნება, თუ არადა არ მგონია ამას რაიმე კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ჩემი სკოლიდან მხოლოდ ერთმა პრაქტიკოსმა ჩააბარა გამოცდა და ეჭვი არ მეპარება, კარგი შედეგები ექნება, ამიტომაც ჩვენს სკოლას დიდი ვნებათაღელვა არ ელოდება.

დოდო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ეს პრობლემა ჩემს სკოლაში არ დგას, მხოლოდ ორი მასწავლებელი ელოდება შედეგებს, დანარჩენი ყველა უფროსი სტატუსისაა. შედეგების გამოუცხადებლობა პრობლემას არ შემიქმნის, იმიტომ რომ არც მათ შეექმნებათ. ამ ეტაპზე ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას. ჩემი პედაგოგებიდან ორი სპორტის მასწავლებელი ელოდება შედეგებს, რომლებსაც 10 კრედიტი სჭირდებათ. თავად ძალიან კმაყოფილები არიან გამოცდებით, ისეთი არაფერი იყო რასაც პასუხს ვერ გავცემდითო ამბობენ, თან დროც ეყოთ 20 წუთით ადრეც კი გამოვიდნენ გამოცდიდან.

თეა წიკლაური, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წლის დაწყებამდე შედეგების გამოუცხადებლობით არ მგონია რაიმე მოხდეს, მინისტრის ბრძანებით მასწავლებლების გათავისუფლება მეორე სემესტრის დასაწყისამდე გადაიდო. ჩემი პედაგოგებიც გავიდოდნენ სავარაუდოდ გამოცდაზე, წელს არ მიკითხავს მათთვის არაფერი, თუმცა თუკი ბრძანებით არის დამტკიცებული, რომ მეორე სემესტრიდან გვაქვს სხვა მასწავლებლის მიღება სკოლაში ეს დიდ კატასტროფულ შედეგს არ მოიტანს, მანამდე იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში.

დოდო ხაჩიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პირადად ჩემს სკოლაში არ მგონია რაიმე მოხდეს, ყველა მასწავლებელი რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ გამოცდებზე გავიდნენ, რადგან არსებობს ბრძანება, რომ ის ვინც ბარიერს ვერ გადალახავს ნოემბერში კვლავ გავიდნენ გამოცდებზე ეს პრობლემას არ შექმნის. ყველა მასწავლებელი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მე დადებითი მოლოდინი მაქვს, რადგან თითო კრედიტი აკლიათ ზოგს საგანში და ზოგს პროფესიულში და დიდი იმედი მაქვს, ზღვარს გადალახავენ.

მალხაზ წირღვავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემთვის შედეგების გამოუცხადებლობა პრობლემას არ წარმოადგენს და სხვისი სახელით ვერაფერს ვიტყვი. ჩემი სკოლიდან პედაგოგები გამოცდებზე გავიდნენ და ყველა ერთად დაველოდებით პასუხებს. მე და ჩემს სკოლას პრობლემა არ შეგვექმნება.

მაია ისიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- შედეგების გამოცხადება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და მე ვერაფერს ვიტყვი. წესით დროულად უნდა გამოცხადდეს, რათა ვიცოდეთ ვინ წამყვანია, ვინ მენტორი და ვინ ვერ ჩააბარა გამოცდები. პრობლემა, რა თქმა უნდა, დროული არ გამოცხადების შემთხვევაში შეგვექმნება იმ მხრივ, რომ ყველაფერი ჯამდება - უფროს მასწავლებელს სხვა კატეგორიით მიეცემა ხელფასი, წამყვანს სხვა და ა.შ. დროულად რომ გამოცხადდეს პასუხები კარგი იქნება. ჩემი სკოლა აზერბაიჯანულენოვანია და წელს ბევრი გავიდა გამოცდაზე, ვნახოთ, რა შედეგებს დადებენ. ყოველ წუთას ვკითხულობ პასუხებს, თუმცა ჯერ არაფერია ცნობილი. 2023 წლამდე გვაქვს აზერბაიჯანულენოვან სკოლებს შესაძლებლობა, რომ მასწავლებელი დავტოვოთ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. მსგავსი საშუალება ქართულ სკოლებში არ არის, მათ მეორე სემესტრისთვის უკვე უნდა გამოაცხადონ ვაკანსიები.ჩვენნაირ სკოლებს კადრები ძალიან გვიჭირს. ახლაც, ისტორიის და მათემატიკის მასწავლებლებს ვეძებ, ვაკანსიაც მაქვს გამოცხადებული, თუმცა სულ ქართულენოვანებიდან შემოდიან, არადა აზერბაიჯანული ენის მცოდნეა საჭირო.

ინესა მანელოვა, დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენ პირადად შედეგები სასწავლო წლის დაწყებამდე თუ არ გამოცხადდება პრობლემა არ შეგვექმნება, იმიტომ რომ თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია ორის გარდა. ერთადერთი მაძიებელ მასწავლებელზე ვნერვიულობ, ძალიან კარგი პედაგოგია და მინდა, რაც შეიძლება მაღალი ქულა აიღოს.

ნათია ფუტკარაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემი აზრით, არაფერი მოხდება და მასწავლებლები იგივე თანამდებობებზე დარჩებიან. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია მეორე სემესტრის დაწყებამდე 1 თვით ადრე უნდა მოხდეს ვაკანსიის გამოცხადება, ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მასწავლებლის სახლი და განათლების სამინისტრო, სწორედ ამის მიხედვით მოვიქცევით. იმედია, კვლავ მიეცემათ თავიანთი კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა, თუ არადა როგორც პრაქტიკა გვანახებს ისე მოვიქცევით ჩვენც. სამწუხაროა, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი პერიოდი ჰქონდათ და შესაძლებლობები. ყველას მინდა წარმატება ვუსურვო. ჩემი სკოლიდან 5 პრაქტიკოსი მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე და თითო კრედიტი აკლიათ. მოლოდინი მაქვს, რომ ჩააბარებენ არ მინდა სკოლის დატოვება მოუწიოთ, რადგან ძალიან ღირსეული პედაგოგები არიან და ბავშვებსაც ძალიან უყვართ.

შორენა ახვლედიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოხდენით არ მგონია რაიმე მოხდეს, უბრალოდ კარგი იქნებოდა სასწავლო წლის დაწყებამდე გამოცხადებულიყო შედეგი. ჩემი პედაგოგებიდან მხოლოდ ერთი, სპორტის მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე და მას ვგულშემატკივრობთ. მასაც და ჩვენც კარგი მოლოდინები გვაქვს.

ესმა მოსიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემი აზრით, აუცილებლად გამოცხადდება შედეგები, იმის დაშვებაც არ გამიკეთებია, რომ სწავლის დაწყებამდე არ გახდება პასუხები ცნობილი. პრობლემა იმ მხრივ მექნება, რომ ის მაძიებელი მასწავლებელი, რომელიც ელოდება შედეგს ბარიერის გადაულახაობის შემთხვევაში მისი ადგილი მექნება ვაკანტურად გამოსაცხადებელი, ასევე უსტატუსო მასწავლებელი მყავს და მის შემთხვევაშიც იგივე მოხდება. მე მაინც მგონია, რომ შედეგები გამოცხადდება, თუ არადა გავუფორმებ სამთვიან ხელშეკრულებას და შემდეგ გამოვაცხადებ ვაკანსიას.

მარინა მაჭარაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე გამოცხადდება შედეგი, მაგრამ თუ არ გავიგებთ პასუხებს, ალბათ რაიმე რეგულაციები მოგვეწოდება, რის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. დროებით დავასაქმებთ მასწავლებლებს სანამ პასუხები გახდება ცნობილი. ჩემი სკოლიდან სპორტის მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე, დანარჩენს ყველას აქვს ჩაბარებული.

თემურ დანელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- მასწავლებლებს სანერვიულო არ აქვთ, რადგან მათ მისცეს კიდევ ერთი შანსი და წლის ბოლომდე შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. სწავლა თუ დაიწყება, რა თქმა უნდა და ონლაინ რეჟიმით მაინც განახლდება, მასწავლებლებიც შეუდგებიან ჩვეულ მუშაობას. არავითარი დაბრკოლება არ შეიქმნება, არც მათთვის და არც სკოლისთვის. ჩემი მასწავლებლებიდან ექვსი პედაგოგის შედეგებს ველოდებით.

ლია შოთაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ზოგადად ის მოხდება, რომ თუ რომელიმე მასწავლებელს ჰყავდა პრაქტიკოსი მასწავლებელი და ჩვენს შემთხვევაში ერთი პედაგოგია ასეთი, მოგვიწევს საათების იანვრამდე მიცემა და დავტოვებთ სკოლაში. სხვა ისეთი არაფერი არ მგონია მოხდეს. თუ ჩააბარა აუმაღლდება სტატუსი და თუ ვერ ჩააბარა არც ეგ გახდება პრობლემა და დარჩება სკოლაში იანვრამდე. ბიუროკრატიული ტიპის შეფერხება არ გვემუქრება, სანამ გავიგებთ პასუხებს განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ბრძანება და მითითება როგორიც იქნება ისე მოვიქცევით ჩვენც. მე ძალიან მინდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა ჩააბაროს გამოცდა და დავტოვო სკოლაში.

თამარ ოძელაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

 შედეგების სასწავლო წლის დაწყებამდე არ გამოუცხადებლობით არ მგონია რაიმე მოხდეს, დავტოვებთ მასწავლებელს ისევ. როდესაც არ არის სხვა კადრი ბავშვს ხომ ვერ დავაზარალებთ? იქამდე დარჩება სკოლაში, სანამ უკეთესი კადრი არ გამოჩნდება და მერე როგორც იქნება რეკომენდაცია, ისე ვიმოქმედებთ. ჩემი სკოლიდან ორი პრაქტიკოსი მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე და კრედიტები აქვთ მოსაპოვებელი. ერთი მაძიებელი მასწავლებელი მყავდა, რომელიც დადებითად შევაფასეთ და ახლა მასწავლებლის სახლიდან ველოდებით მის შეფასებას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება