სიახლეები
სიახლეები

გამოუცდელი კადრის კლასში შეშვება მომზადების გარეშე - არის თუ არა გამჭვირვალე პედაგოგთა დასაქმება და აკმაყოფილებენ თუ არა კანდიდატები მოთხოვნებს?
21-07-2020
-
+


განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა თემაზე - „კეთილსინდისიერება სკოლის მასწავლებლების დაქირავების პროცესში“ ანგარიში მოამზადა.

კვლევა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელთან (NEPC) და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრთან (CAPI) თანამშრომლობით ჩატარდა და მისი მიზანი იყო განათლების სისტემაში მიმდინარე სარეფორმო აქტივობების ფონზე კორუფციული რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა.

კვლევაში ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა ახალი კადრების შესვლა სკოლებში, სადაც საუბარია ხარვეზებზე განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაში, რომელიც ხელს უწყობს კეთილსინდისიერების დარღვევას. 


სისტემის დაბალი ეფექტიანობა მონიტორინგის მექანიზმის ნაკლებობის გამო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება მიეცათ, რომ, სურვილის შემთხვევაში, დაეტოვებინათ პროფესია და საკომპენსაციოდ აეღოთ ორი წლის ანაზღაურება.

აღნიშნული შეთავაზების შედეგად, დაახლოებით 6000-მდე მასწავლებელმა დატოვა თანამდებობა და, შესაბამისად, ბევრი ვაკანტური ადგილი გამოჩნდა სკოლებში. შემდგომში კიდევ რამდენჯერმე გამოცხადდა განმეორებითი კონკურსი და 2019 წლის დეკემბრის დასაწყისის მდგომარეობით, საიტზე ჯერ კიდევ ბევრი შეუვსებელი ვაკანსია იყო. თუმცა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ზუსტად რამდენი ვაკანსია შეივსო მოცემული პერიოდის განმავლობაში, კვლევით ჯგუფს არ გააჩნია, რადგან, როგორც ჩანს, არც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და არც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ აგროვებს და არ აანალიზებს აღნიშნულ ინფორმაციას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა: „ის ფაქტი, რომ აპლიკანტები ონლაინ ტვირთავენ თავიანთ დოკუმენტაციას და როგორც სკოლის წარმომადგენლებს, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს აქვთ ამ ინფორმაციაზე წვდომა და რომ ყველამ იცის, რა არის ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს, ხელს უწყობს პედაგოგთა დაქირავების პროცესის გამჭვირვალობას“.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ვაკანსია შეივსო და, ასევე, რამდენად აკმაყოფილებდნენ პოზიციაზე აყვანილი პირები ამ პოზიციისთვის გაწერილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. განათლების სამინისტროდან მიღებულ წერილში ჩვენ განგვიმარტეს, რომ „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს საჯარო სკოლების
კონკურსების შედეგების თაობაზე ინფორმაციის ასახვას.

შესაბამისად, როგორც ჩანს, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შეაფასებდა, აკმაყოფილებენ თუ არა შერჩეული კანდიდატები მათი პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და არის თუ არა გამჭვირვალე პედაგოგთა დაქირავების
პროცესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე პირების დასაქმების საშუალებას იძლევა

როგორც აღინიშნა, 2019 წელს განათლების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკოს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს (ნებისმიერი დარგის ბაკალავრი).

კვლევითმა ჯგუფმა ვერსად მოიძია გარდამავალი დებულების მიღების აუცილებლობის ვალიდური დასაბუთება. კანონის მიხედვით, მასწავლებლის პროფესია განისაზღვრება, როგორც რეგულირებადი პროფესია, რაც მასწავლებლის მომზადების პროგრამებს უწესებს სავალდებულო სააკრედიტაციო მოთხოვნებს. მასწავლებლის მომზადების ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული უნდა იყოს აკრედიტაციის სტანდარტებისა და დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით. ზემოთ ხსენებული შესწორება კი ეწინააღმდეგება რეგულირებადი პროფესიის პრინციპს, უფრო მეტიც, ქვეყანაში არ არსებობს რეგულაციები დისტანციური კურსებისთვის და, აქედან გამომდინარე, არც მათი ხარისხია უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი ვერანაირად იქნება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ალტერნატივა. კვლევამ აჩვენა, რომ ახალი და გამარტივებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ
უზრუნველყოფს შესაბამისი კადრის არჩევას. ამის თაობაზე ერთ-ერთმა დირექტორმა აღნიშნა: „მოვიდა გამოუცდელი კადრი, შევუშვი გაკვეთილზე და პარალელურ რეჟიმში ვუნიშნავ ტუტორს“. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს კლასში არაკვალიფიციური
(მასწავლებლობის კვალიფიკაციის არმქონე) და გამოუცდელი კადრის მომზადების გარეშე შეშვებას. ასეთი ვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება ფავორიტიზმის შემთხვევების ზრდაზე, რადგან საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებებს სამსახურში დაასაქმონ მათთვის სასურველი პირები მასწავლებელთა დეფიციტისა და მოქნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომიზეზებით.

პედაგოგთა დაქირავების პროცესის სუსტი მენეჯმენტი და არარეალისტური ვადები

სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 21 აგვისტოს № 182 ბრძანებით განისაზღვრა მასწავლებელთა სამსახურში აყვანის კონკურსის ინტერნეტსაიტზე განთავსების ვადები. თუმცა ვადები იყო ძალიან
მჭიდრო, რამაც დამატებითი სირთულეები შექმნა სკოლებისთვის მასწავლებელთა დაქირავების პროცესში და შესაბამისი კანდიდატების შერჩევისთვის. კერძოდ, ქალაქის სკოლებისთვის განისაზღვრა 2019 წლის 22 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, ხოლო დაბისა და სოფლის სკოლებისთვის– 2019 წლის 22 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. სკოლებს დამატებით ეცნობათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან (განათლების სამინისტროს რეგიონული ორგანო), რომ ქალაქში
გასაუბრების ჩატარების პერიოდი უნდა ყოფილიყო 1-2 სექტემბერი, ხოლო 3 სექტემბერს კონკურსანტებს აცნობებდნენ შედეგებს. რაც შეეხება დაბებისა და სოფლის სკოლებს, აქ 4-5 სექტემბერი უნდა ყოფილიყო გასაუბრების ჩატარების დღეები, ხოლო 6 სექტემბერს კი გადაწყვეტილებას აცნობებდნენ კონკურსანტებს.

აღსანიშნავია, რომ ბრძანება გამოვიდა 21 აგვისტოს, კონკურსები უნდა განთავსებულიყო ვებგვერდზე მეორე დღეს, 22 აგვისტოს. მხოლოდ 10 დღე რჩებოდათ მასწავლებლობის მსურველებს იმისთვის, რომ ვაკანსიაზე შეეტანათ განაცხადი და შემდეგ მხოლოდ 2 დღე ჰქონდათ სკოლებს გასაუბრების ჩასატარებლად. ამ ორი დღიდან ერთ-ერთი, კერძოდ, 1 სექტემბერი, იყო კვირა დღე. ამასთან, მდგომარეობა დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ 16 სექტემბერს სკოლებში სწავლა უნდა დაწყებულიყო. მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ ბევრი ვაკანსიის ერთდროულად გამოცხადებამ ბევრი პრობლემა გაუჩინა კანდიდატებს. ისინი „სკოლიდან სკოლაში დარბოდნენ“ გასაუბრებაზე და ყველგან ვერ მოახერხეს მისვლა ან აგვიანდებოდათ და ყოველივე ეს იწვევდა ქაოსსა და უსიამოვნებას.
ამონარიდი ერთ-ერთი მასწავლებლის ინტერვიუდან: „სამი სკოლა მიბარებდა ერთსა და იმავე დროს და ფიზიკურად ვერ მივიდოდი გასაუბრებაზე“. რადგან აღნიშნული კონკურსი ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა, რიგ შემთხვევებში
სამსახურში აიყვანეს არა საუკეთესო კადრი, არამედ იმ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი კადრი. მაგალითად, ერთ-ერთმა დირექტორმა აღნიშნა: „მივიღე კადრი იმიტომ, რომ გაკვეთილი არ ჩამივარდეს, ასე მივიღეთ ფიზიკაში და სპორტში. რადგან 5 დავიბარეთ გასაუბრებაზე და მხოლოდ ერთი მოვიდა. სხვა გზა არ მქონდა“. ასევე ერთ-ერთმა დასაქმებულმა მასწავლებელმა აღნიშნა: „სწავლა 16 სექტემბერს იწყებოდა, 9 სექტემბრიდან გამიფორმდა ხელშეკრულება და ერთ კვირაში შევედი კლასში. ტუტორი არ მყავს“. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე პერიოდი იყო გამოყოფილი კანდიდატის შერჩევასა და მის დასაქმებას შორის, ახალი და გამოუცდელი კადრის აყვანის შემთხვევაში, უმეტეს სკოლაში ვერ მოხერხდა მათი სათანადო მომზადება და შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა.

აღნიშნული მაგალითიც წარმოადგენს ფავორიტიზმის ხელშემწყობ გარემოებას. ასევე, ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ „სამ დღეში ჩატარებული გასაუბრების გამო ბევრი სკოლა მასწავლებლის გარეშე დარჩა და დამატებითი გასაუბრებები დაინიშნა.
ძალიან ბევრი ისეთიც მიიღეს, ვინც არ იმსახურებდა სკოლაში შესვლას და სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, აიყვანეს“. სხვა რესპონდენტმა აღნიშნა: „ღამის 10 საათზე დამირეკეს, შაბათს და კვირას, დილით 9 საათზე, დამიბარეს გასაუბრებაზე. რადგან დრო აღარ იყო, ჩემი მეგობარი 15 სექტემბერს აიყვანეს სამსახურში“.

დაინტერესებული მხარეების დაბალი ცნობიერება

მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საპენსიო ასაკის მასწავლებლებთან დაკავშირებით რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს. თუმცა აღნიშნავენ, რომ არც ეს გადაწყვეტილება და არც თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები არ იყო განხილული სკოლის დირექტორებთან, განათლების ექსპერტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. განათლების ერთ-ერთმა ექსპერტმა საუბრისას აღნიშნა, რომ „არ იყო
მონაწილეობითი პროცესი“. პროცესების გამჭვირვალობის და ჩართულობის ნაკლებობის პრობლემები თვალსაჩინო იყო სარეფორმო ინიციატივის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ეტაპებზე. არ ჩატარებულა პროცესის მონიტორინგი და შეფასება (შუალედური მაინც), რაც ყველაფერთან ერთად იწვევს სისტემის მიმართ ნდობის კლებას.

მთავრობის ზემოხსენებული გადაწყვეტილების დანიშნულება იყო სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური მასწავლებლების შედინება, რაც ნაწილობრივ განხორციელდა ვაკანსიების შევსების მხრივ. თუმცა, არ არსებობს სანდო ინფორმაცია, რამდენად კვალიფიციური კადრი დაემატა სასკოლო სისტემას. არ მომხდარა ორგანიზატორების მხრიდან პროცესის სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფა და საზოგადოების ინფორმირება. განათლების ერთ-ერთმა ექსპერტმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ „მასწავლებლის პროფესიაში შესვლა საკმაოდ რთული პროცედურაა საქართველოში და მოსახლეობის დიდ ნაწილს არ

აქვს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. არ იციან, რა გზები არსებობს მასწავლებლად დასაქმებისთვის, რა დადებითი მხარეები აქვს პროფესიაში შესვლას“. საყურადღებოა, რომ მასწავლებლებთან გასაუბრების დროსაც გამოიკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ

აღნიშნული კონკურსი წარმატებით გაიარეს და დასაქმდნენ, ზოგმა მათგანმა ზუსტად არ იცოდა, თუ რა გზები არსებობს პროფესიაში შესასვლელად, რა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, რა სახის პროფესიული ზრდის შესაძლებლობები არსებობს და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

პედაგოგების დასაქმება ქრთამის სანაცვლოდ და ზარები სკოლის დირექტორებთან - როგორია „კეთილსინდისიერება სკოლის მასწავლებლების დაქირავების პროცესში“

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება