მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეორე სემესტრში სკოლამ სახლებში, საკლასო ოთახებმა კი ონლაინ ჯგუფებში გადაინაცვლა. მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაკვეთილებისთვის სახლიდან გასვლის ნაცვლად, ინტერნეტში შესვლა სჭირდებათ. ადრე თუ ყველა წუწუნებდა დილით ადგომაზე, გაკვეთილებზე დასწრებასა თუ ყოველდღიურ რუტინაზე, ახლა ძველი დამღლელი დღეებიც კი სანატრელია.
ე. წ. ლოქდაუნმა გამოწვევებიც ბევრი გააჩინა და შესაძლებლობებიც. ახალ რეალობასთან შეგუება მარტივი არა, მაგრამ შესაძლებელი აღმოჩნდა. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და ჩვენ სწორედ ამ მეორე მხარეზე შევაჩერებთ ახლა თქვენს ყურადღებას.
გამოწვევა დირექტორებისთვის:
სკოლის დირექტორებისთვის დისტანციურად მართვა მარტივი არ აღმოჩნდა. ზოგი ქაოსად აფასებს ახალ რეალობას, ნაწილისთვის კი პრობლემა მხოლოდ ინტერნეტის ხარისხია. დაცარიელებული სკოლები, თვალთახედვიდან გამქრალი მოსწავლე-მასწავლებლები, გაკვეთილების ახალი ცხრილი და ვირტუალური ზედამხედველობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ცვლილებების, რომელთან შეგუებაც სკოლის ადმინისტრაციებს მოუწიათ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ერედის საჯარო სკოლის დირექტორი გელა თეზელიშვილი:
„ჩვენთვის პრობლემაა ინტერნეტის ხარვეზი და კომპიუტერების ნაკლებობა. ინტერნეტი არ აქვთ ბავშვებს, მობილურის ინტერნეტით სარგებლობენ და ასე რთულია დაკავშირება. მოსწავლეების 2/3 ჩართულია აქტიურად, დანარჩენებს კი უჭირთ. დაწყებითი კლასები, ფაქტობრივად, სრულიად ჩაერთვნენ. მშობლებიც აქტიურობენ და ასე მარტივია. ბავშვების ნაწილი სოფლებში წავიდა და ისინი, სამწუხაროდ, ვერ ერთვებიან დისტანციური სწავლების პროცესში, თუმცა მათ მშობლებს ვუკავშირდებით და ამის საშუალებით რაღაცას ვახერხებთ. ისეთი შედეგი არ გვაქვს, როგორც სკოლაში სასწავლო პროცესის დროს, მაგრამ ამ სიტუაციაში თავს ვართმევთ, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო“.
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი:
„დისტანციური სწავლება შეფერხებით მიმდინარეობს. ხუთი ბავშვიც კი ვერ ერთვება ერთად პროგრამაში. ძალიან უჭირს ინტერნეტს, იმის მიუხედავად, რომ მონდომება არის ბავშვების მხრიდან, ხალისითაც ერთვებიან, მაგრამ ინტერნეტი მუშაობს იმდენად ნელა და შეფერხებით, რომ ძალიან ჭირს. არ მინდა, ბავშვები გადავღალო, მაგრამ დიდი დრო მიდის ამ ხარვეზების გამო.
თავის მოტყუება იქნება, რომ ვთქვათ, თითქოს დისტანციური სწავლება იდეალურად მიმდინარეობს. მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით ვარ, ვასწავლი თავად და ძალიან მიჭირს ინტერნეტის გამო. ეს პრობლემა უფრო მეტად მთიან რეგიონებშია. მაღალმთიან რაიონში უამინდობის გამო ელექტროენერგიაც კი ითიშება. ინტერნეტის შეფერხებით მუშაობა მოუხერხებელს და შეუძლებელს ხდის სწავლის პროცესს. პროგრამაში მოსწავლეების ერთობლივი ჩართვა და აზრების გაცვლა ძალიან ჭირს. ბავშვები ამბობენ გაკვეთილები მოგვენატრაო“.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი ნანული გვიჩიანი:
„დისტანციური სწავლებისას პრობლემა რაც გამოიკვეთა ისაა, რომ ზოგს ინტერნეტი არ აქვს, ზოგს კი - კომპიუტერი. ჩვენთან დაწყებითი კლასები უფრო აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ გაკვეთილებში. ბავშვები დაინტერესებულები არიან. ვისაც ინტერნეტი აძლევს საშუალებას, ყველა ჩართულია. გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერს ვცდილობთ, რისი საშუალებაც გვაქვს, რომ არ დაზარალდნენ მოსწავლეები“.
დმანისის მუნიციპალიტეტის, ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი რეგინა ადუაშვილი:
„ყველანი ქაოსში ვართ, არ ვიცით, რა გავაკეთოთ. ონლაინრეჟიმში მუშაობა ნაწილობრივ ხერხდება, თუმცა შეფასებებზე ჯერ არავითარი გეგმა არ გვაქვს. როგორც გადაწყვეტს სამინისტრო, ჩვენც ისე მოვიქცევით“.
გამოწვევა მასწავლებლებისთვის:
არც მასწავლებლებისთვის აღმოჩდნა მარტივი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ის, რაც თავიდან წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ნელ-ნელა ნაწილობრივ მაინც აღმოჩნდა დაძლეული. უფრო მეტიც, ახლა პედაგოგები მადლიერების ადრესატებიც ხშირად ხდებიან. მათ ექიმებთან ერთად გმირებად მოიხსენიებენ და მადლობას იღებენ, როგორც ზედა ეშელონებიდან, ისე რიგითი ადმიანებისგან. იქამდე კი იყო სირთულეების დიდი გზა და პრობლემებს მათი ნაწილი ახლაც არ გამკლავებია.
როგორც სოციალურ ქსელში პედაგოგები აღნიშნავენ, პრობლემის გადასაჭრელად, ზოგმა დამხმარედ ონლაინ ტექნოლოგიებში გარკვეულ ახლობელს მიმართა, ზოგი კი იმასაც კი ამბობს, რომ ონლაინ გაკვეთილის ჩატარების დროს უწევს მის შვილს გააცდენინოს გაკვეთილი, რადგან ოჯახში ერთი კომპიუტერი აქვთ.
„მე პატარები მყავს და გარდა იმისა რომ ჩემი გაკვეთილისთვის უნდა მოვემზადო, ასევე მე უნდა ავტვირთო მათი დავალებები, უნდა მოვამზადო გაკვეთილისთვის გაკვეთილის დაწყებამდე. ხშირად გაკვეთილები ემთხვევა. მაგრამ მთავარია ჩავურთო. შემდეგ არ სჭირდებათ ჩემი თავზე დგომა. ხშირად ვერ მომიხერხებია მათი გაკვეთილზე დასწრება. აუცილებელია რეჟიმი. არ არის ადვილი. ამ ყველაფერს გარკვეული კომპიუტერული უნარ-ჩვევები სჭირდება, რასაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მშობლის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ“.
„ბავშვები მყავს 2 და 4 წლის, ძალიან მიჭირს , არ მაცლიან არაფერს. ვერც გამოსავალი ვიპოვე, რომ ვთხოვ გაჩუმდით და დამაცადეთ უარესად ყვირიან. ერთადერთი გამოსავალი დავალებების გადაგზავნა ონლაინ ჩართვის გარეშე, როცა არავინ მყავს ბავშვების დამკავებელი“.
„როცა გაკვეთილი მაქვს, ჩემს შვილებს მორიგეობით ვაცდენინებ თავიანთ გაკვეთილებს, ტექნიკა არ გვყოფნის. ჩემი გაკვეთილის გაცდენით კი გაცილებით ბევრი ბავშვს გაუცდება გაკვეთილი, ასე რომ სხვა გზა არ გაქვს".
გამოწვევა მოსწავლეებისთვის:
მასწავლებლებისგან განსხვავებით მოსწავლეებისთვის ციფრული ტექნოლოგიები უკვე მშობლიურია. ისინი ამ მხრივ უპირატესობაშიც კი არიან და ბევრით ნულსაც იგებენ. ალბათ ბევრის გულსაც იგებენ, როცა გარკვეულ ცოდნას აქეთ უზიარებენ. ბევრია მოსწავლეების მხრიდან ეშმაკური ხრიკების გამოყენება და არცთუ ისე ცოტაა, ონლაინგაკვეთილზე თავად მასწავლებლის ოფლაინ დატოვების ფაქტებიც.
მერვე კლასელი მოსწავლე: „მე-8 კლასს ვამთავრებ. ჩემი და მე-7 კლასელია, ძმა კი მე-2 კლასელი. თავიდან ძალიან ქაოსი იყო სახლში, „თიმსში“ ვერც ჩვენ ვერკვეოდით და ვერც ჩვენი მასწავლებლები. ხან ტელეფონით გვირეკავდნენ მასწავლებლები, ხან მესენჯერში გვწერდნენ. მე ტელეფონით ვერთვები ხოლმე ონლაინ გაკვეთილებში, კომპიუტერი არ მაქვს.
დისტანციურად სწავლა მომწონს იმიტომ რომ თავისუფლად ვარ, თუ მინდა ვერთვები, თუ არ მინდა - არა. ალბათ, ასეთი სასწავლო პროცესის ხარვეზი ის არის, რომ სურვილზეა დამოკიდებული და ვერავინ გაიძულებს, თავისუფლად შეგიძლია არ დაესწრო არცერთ გაკვეთილს და ჩამორჩე ყველაფერს...დავალებების არ დაწერისთვის კი ათასი მიზეზი და ტყუილი შეგიძლია თქვა: „ფაილი არ გაიხსნა“, „ინტერნეტი არ მაქვს“, „კომპიუტერი არ მაქვს“, „დავალება გამოვგზავნე და არ მოვიდა?!“ და ა.შ. მასწავლებლებმა იციან რომ ვატყუებთ მაგრამ აბა რას იზამენ?“.
„თიმსი“ მომწონს, იმიტომ რომ ონლაინ გაკვეთილზე მასწავლებელი ლაპარაკობს, მი კი ხან წყლის დასალევად ვდგები და ხან სივანზე გავდივარ. ისე, თიქმის ყველა დავალებას ვასრულებ და ეს მასწავლებლებიც დროულად თუ ნახავენ ხოლმე ჩემ მიწერილს, ცუდი არ იქნება“ - ამბობს მერვე კლასის მოსწავლე.
გამოწვევა მშობლებისთვის:
ტექნიკის ნაკლებობა, ინტერნეტის ხარისხი, დროის გადანაწილება ონლაინ გაკვეთილებზე და-ძმებისთვის - ეს მცირე ნაწილიც არაა იმ პრობლემების რაც ოჯახებს დისტანციური სწავლებისას ექმნებათ. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იმ სირთულეებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლის წინაშეც ის ოჯახები აღმოჩნდნენ, სადაც რამდენიმე მოსწავლეა.
მშობლები - დისტანციურად მუშაობენ, ბავშვები დისტანციურად სწავლობენ და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება, ერთგვარი ტექნიკური შეფერხებები არ წარმოქმნილიყო.
ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, რამდენი ოჯახი გეგულებათ უზრუნველყოფილი მინიმუმ სამი-ოთხი კომპიუტერით? და ასეთ შემთხვევაში, ტელეფონი გამოსავალი ნამდვილად არ არის.
გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას ამ საკითხთან დაკავშირებით:
„ძალიან რთულია დისტანციურად სწავლა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა მეც ვმუშაობ და მეუღლეც. ოჯახში ორი მოსწავლეა და მუდმივად ვკამათობთ იმაზე, რომელი ჩვენგანი მიუჯდება კომპიუტერს. რა დავთმოთ - ბავშვის სწავლა თუ სამსახურის საქმე?“
„სამი შვილი მყავს და კიდევ კარგი, მათი გაკვეთილების დრო ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა კომპიუტერის გამო სულ ჩხუბობენ. სახლშიც არ არის იმხელა ფართი, ონლაინ-გაკვეთილისას იზოლირება მოახერხონ... ამის გამო, წესიერ ცოდნას ვერ იღებენ, ვერც სათანადოდ მეცადინეობენ...“.
სკოლაში სექტემბერში დავბრუნდებით, თუმცა რა ატრიბუტებითა და როგორ გარემოში ჯერ ისევ ბუნდოვანია. ფაქტია, სკოლისგან დისტანცირება უკვე საჭიროზე დიდხანს გაგრძელდა, როგორი იქნება თავად კლასში დისტანცირება, ამას ახალი სასწავლო წლის პროტოკოლიდან გავიგებთ. იქამდე კი, სულ მწვანეზე ენთეთ განათლების სადარაჯოზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია