სიახლეები
სიახლეები

აპირებენ თუ არა უნივერსიტეტები მეორე სემესტრის სწავლის საფასურის შემცირებას? - პასუხი სტუდენტების მოთხოვნაზე
09-04-2020
-
+


სტუდენტების ნაწილის წამოწყებულ პეტიციას უნივერსიტეტების მიერ მეორე სემესტრის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. Etaloni.ge შეეცადა აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პოზიცია გაერკვია.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მათი უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩა და იგივე მდგომარეობაში არიან მათი მშობლებიც. ასევე, დისტანციური სწავლის პირობებში, სტუდენტები ვეღარ იღებენ დაპირებულ ბენეფიტებს უმაღლესი სასწავლებლებისგან. შესაბამისად, უნივერსიტეტებს მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ მეორე სემესტრის სწავლის საფასური გაუნახევრდეთ ან საერთოდ გაუუქმდეთ.

როგორც გავარკვიეთ,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტების მდგომარეობის გათვალისწინებას და სწავლის საფასურის შემცირებას, ან გაუქმებას არ აპირებენ, თუმცა გარკვეულ შეღავათებს სთავაზობენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი ნანა მამაგულიშვილი: 

„თუკი სტუდენტს აქვს გარკვეული სახის სოციალური პრობლემა, მას შეუძლია წერილობით მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ინდივიდუალურად შეათანხმოს სასწავლო სემესტრის დასრულებამდე საფასურის გადახდის გრაფიკი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებების მიღება ამ ეტაპზეც ხორციელდება".

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი:

„შექმნილი მდგომარეობის გამო თანხის გადახდის ვადებმა გადაიწია და გახანგრძლივდა. უნივერსიტეტში არსებობს ინდივიდუალური მიდგომები, იმის გათვალისწინებით თუ რა პრობლემის წინაშე დგას სტუდენტი, შესაძლებელია მას გარკვეული შეღავათები გავუწიოთ. ვინაიდან სწავლა 15 მარტს არ დაწყებულა, შედგა ახალი ცხრილი და სწავლის საფასურის გადახდის თარიღმაც გადაიწია“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი დარეჯან მეფარიშვილი:

„გადავავადეთ გადასახადის თარიღი იმ სტუდენტებისთვის, ვისაც პრობლემა ჰქონდა, გავუყავით 4-5 ნაწილად დარჩენილი თანხა. ასევე სტიპენდიას, რომელსაც იღებდნენ ჩვენი სტუდენტები, ისევ მიიღებენ და არავითარი შეფერხება არ ექნებათ. ეს არის, რაც შევძელით“.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ვალიშვილი:

„სტუდენტებს, რომლებსაც მეორე სემესტრის გადასახადთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, ჩვენ უკვე გავუწიეთ შეღავათი. ანუ სტუდენტებს, რომლებსაც ახლა უწევდათ სწავლის გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ ეტაპზე არ აქვთ ამის საშუალება, შეუძლიათ მცირედი, მინიმალური თანხა შემოიტანონ და დაწერონ განცხადება, რომ ითხოვენ სწავლის საფასურის გადავადებას და ჩვენ დავუკმაყოფილებთ ამ განაცხადს.“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ლაკირბაია:

„კორონავირუსის გამო შემქნილი მდგომარეობის გათვალისწინებით უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და გარკვეული დავალიანების მქონე სტუდენტებს, მაინც მივეცით სწავლის გაგრძელების და საგნების არჩევის საშუალება. ამ შეთავაზებით დაახლოებით ათასმა სტუდენტმა ისარგებლა. ასევე, სტუდენტები ინდივიდუალურად მოგვმართავენ, სათითაოდ განვიხილავთ შემთხვევებს და შეღავათებს ვაძლევთ. 1600 განცხადება უკვე შემოვიდა, თითოეული განვიხილეთ და შესაბამისი შეღავათი მივეცით,ეს პროცესი გრძელდება.“

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ბექა კოკაია:

„თავისუფალი უნივერისტეტში სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრის დასაწყისში, შესაბამისად, ვიდრე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდოდა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების გამო შეიცვლებოდა, სტუდენტმა მეორე სემესტრის საფასური მანამდე გადაიხადეს. გამომდინარე აქედან, შეღავათების შემოღების საჭიროება არ გაჩენილა“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ანანო წივწივაძე:

„თუ სტუდენტს დასჭირდება სწავლის უკვე არსებული შენატანების გადავადება, მათ შეუძლიათ შესაბამისი განცხადებით მიმართონ დეკანატს, რის საფუძველზეც დეკანატი განიხილავს კონკრეტულ თხოვნას და სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას.“

ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ელიაშვილი:

„შექმნილი მდგომარეობის გამო, თუ სტუდენტს ან ოჯახს შემოსავალი შეუმცირდა, გადავუვადებთ გარკვეული დროით. სამწუხაროდ, პატარა უნივერსიტეტი ვართ და ფინანსურად სტუდენტებს ვერ ვეხმარებით, თუმცა მაგალითად სტუდენტების ნაწილი ონლაინ ლექციებს შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო ვერ ესწრებოდა და გადავწყვიტეთ, უნივერსიტეტის კომპიუტერები, ლეპტოპები და პლანშეტები დროებით მათთვის გადაგვეცა.“

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ დავუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსაც თუმცა მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

იხილეთ ასევე: შემდეგი ნაბიჯი მთავრობისთვის მიწერილი წერილია - პეტიციის ავტორი სტუდენტი გეგმებზე გვესაუბრება

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

„თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“

„შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ - ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“...

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე

ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება