სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„იმ სპეცმასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, სახელმწიფო სისტემაში დარჩენის გარანტიას ვერ აძლევს“ - მასწავლებლის სახლი
10-11-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან, სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის, ცალკე სქემა ამოქმედდება, შესაბამისად, სპეცმასწავლებლის კომპეტენციაც, მისი სტატუსის მიხედვით განისაზღვრება.

როდის დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის სქემა, რა აქტივობის მიხედვით მიენიჭებათ სტატუსი სპეცმასწავლებლებს, გაიზრდება თუ არა მათი შრომითი ანაზღაურება და რას ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის განსაზღვრული ალტერნატიული სასწავლო გეგმა - etaloni.ge-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი სალომე ჩარკვიანი საუბრობს:

- სპეციალური მასწავლებლის სქემა მიმდინარე წლის ბოლომდე დამტკიცდება, შემდეგი წლიდან კი, ძალაში შევა. ამჟამად იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს და შეიძლება მუშაობის პროცესში, კიდევ გაიმართოს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ სპეცმასწავლებლის სქემა დაახლოებით იმდაგვარი პრინციპით იმუშავებს, როგორც - მასწავლებლის სქემა. ანუ, გვექნება სპეცმასწავლებლის კარიერული განვითარების სამსაფეხურიანი კიბე და გვეყოლება პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი სპეცმასწავლებლები.  

 - ამ შემთხვევაში, მასწავლებლის სქემისგან განსხვავებით, სპეცმასწავლებლის სქემაში პრაქტიკოსის სტატუსი რჩება. სტატუსის ასამაღლებლად, ალბათ ისინიც გამოცდაზე უნდა გავიდნენ?

- პრაქტიკოსიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადასასვლელად, სპეცმასწავლებელმა გამოცდა უნდა ჩააბაროს, რასაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალი წლის ზაფხულისთვის გეგმავს. წამყვანის სტატუსზე გადასასვლელად კი, უკვე კვლევა იქნება ჩასატარებელი. ამჟამად ასეა, რაც სამომავლოდ, შესაძლოა, შეიცვალოს.  

ჯერჯერობით სპეცსქემაში პრაქტიკოსის სტატუსი რჩება, რადგან უამრავი ადამიანი გვყავს, ვინც შეიძლება კომპეტენცია ვერ დაადასტუროს გამოცდაზე. მათ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო წინასწარ ვერ აძლევს გარანტიას, რომ აუცილებლად დარჩებიან სისტემაში, როგორც მუდმივი სპეცმასწავლებლები. ამ ადამიანებს მოუწევთ მომზადება, პროფესიული განვითარება იმისათვის, რომ დაიმსახურონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. შემდეგ კი, პრაქტიკოსის სტატუსიც იქნება მილევადი, ისევე, როგორც იყო მასწავლებლის სქემაში.

 - ქალბატონო სალომე, რა განათლება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ სპეცმასწავლებელი გახდეს და შესაბამისად, სქემაშიც ჩაერთოს?

- მოქმედი კანონმდებლობით, სპეცმასწავლებელს უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენცია, თუმცა, ამ კანონის შეცვლაც იგეგმება და შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და მონათესავე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ სპეცმასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა ჯერ ეს არ არის დამტკიცებული.

სქემაში კი ყველა მოქმედი სპეცმასწავლებელი ჩაერთვება, რისთვისაც სამინისტრო არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას გეგმავს. იგეგმება სპეცმასწავლებლის მომზადების ისეთივე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, როგორიც აქვთ მასწავლებლებს.

 - ამჟამად რამდენი სპეცმასწავლებელია სისტემაში და შეესაბამება თუ არა მათი რაოდენობა სკოლების საჭიროებებს?

- ამჯერად სისტემაში 1300-მდე სპეცმასწავლებელია. დეფიციტი ადამიანების იმდენად არა გვაქვს, რამდენადაც მათი კომპეტენციის, რადგან გქონდეს მასწავლებლის კომპეტენცია, არ ნიშნავს იყო კომპეტენტური სპეცმასწავლებელი. როგორ შეიძლება ერთი ტრენინგით ადამიანს პროფესია შეუცვალო? ამიტომ, იძულებული ვართ,  ინტენსიური ტრენინგები ჩავატაროთ მათთვის, ვისაც ამ სფეროს დაუფლება სურს. სწორედ ამიტომაც, შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს ამ კადრის გაძლიერებას.

 - როგორც ცნობილია, სპეცმასწავლებლების ანაზღაურება დანარჩენი მასწავლებლების ანაზღაურების შესაბამისი არ არის. სქემაში ჩართვის შემდეგ თუ იგეგმება ამ მხრივ ცვლილებები?

- სპეცმასწავლებლის ანაზღაურება, ამჟამად, პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან არის გათანაბრებული, ანუ არის დაახლოებით, 500-დან 550 ლარამდე, სტაჟისა და განათლების შესაბამისად. ხოლო, როცა უკვე სქემაში ჩაერთვებიან და სტატუსსაც აიმაღლებენ, უფროსი და წამყვანი მასწავლებლის შრომითი ანაზღაურება სტატუსის შესაბამისად გაიზრდება, პრაქტიკოსისა კი - უცვლელი დარჩება.

- კონკრეტულად რის ჩაბარება მოუწევთ გამოცდაზე სპეციალურ მასწავლებლებს?

- გამოცდა ჩატარდება სპეციალურ განათლებაში, რისთვისაც ჩვენ ვატარებთ 120-საათიან მოსამზადებელ ტრენინგს. ვინც ამ ტრენინგს გაივლის, მისთვის უფრო ადვილი იქნება გამოცდის ჩაბარება, რადგან რამდენადმე ვფარავთ ძირითად მასალას, თუმცა, სამინისტრო აკეთებს საიტს, სადაც განთავსდება ბევრი საჭირო მასალა სპეციალური მასწავლებლების საგამოცდოდ მოსამზადებლად.

- რა მოთხოვნის საფუძველზე ინიშნებიან სკოლებში სპეცმასწავლებლები და კონკრეტულად რა ევალებათ მათ?

- როდესაც სკოლაში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ფასდება მოსწავლე, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი, სკოლას ავტომატურად ეძლევა ვალდებულება, ამ ბავშვისთვის (ბავშვებისთვის) აიყვანოს სპეცმასწავლებელი. გარდა სპეცმასწავლებლებისა, სსსმ ბავშვებთან მუშაობენ ინდივიდუალური ასისტენტები, თუმცა მათი დანიშნულება განსხვავებულია, ისინი მოსწავლის სწავლების პროცესში არ ერევიან და, შესაბამისად, არც სქემაში ჩაერთვებიან.

- როგორც ვიცით, სპეცმასწავლებლების მუშაობის პრინციპი განსხვავებულია, ინდივიდუალური ასისტენტი კი, ინდივიდუალურად ინიშნება, მაგრამ რა შემთხვევაში სჭირდება ბავშვს როგორც ერთი, ასევე მეორე სპეციალისტის დახმარება?

- თუკი, ასევე, მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, გამოიკვეთება საჭიროება იმისა, რომ ბავშვს გვერდით მუდმივი დამხმარე ესაჭიროება, ამ შემთხვევაში ინიშნება ინდივიდუალური ასისტენტი, რადგან სპეცმასწავლებელი ყოველთვის ერთი ბავშვის გვერდით ვერ იქნება. ასე ხდება ხოლმე, ძირითადად, რთული ქცევების მქონე ბავშვების შემთხვევაში და თუ რაიმე ისეთი საჭიროება აქვს ბავშვს, რომ სასწავლო პროცესში სხვისი დახმარების გარეშე ვერ ერთვება.

ინდივიდუალური ასისტენტი უზის ბავშვს გაკვეთილზე და მთლიან საგაკვეთილო პროცესზე ეხმარება, თვალს ადევნებს მის ქცევებს... თუმცა, თუ ბავშვი, მაგალითად, მარჯვენა ხელს ვერ იყენებს და ასისტენტი ეხმარება წერაში, სპეცმასწავლებელს შეუძლია, კონსულტაციები გაუწიოს ბავშვის დამხმარეს, თუ როგორ გააკეთონ ეს ისე, რომ ვთქვათ, სხვა ბავშვებისთვის არ იყოს ძალიან უცხო და არ გახდეს ბულინგის თემა. თუ მოსწავლის ქცევის კონტროლს გულისხმობთ, მაშინ რა თქმა უნდა, ასისტენტი საკმარისია, მაგრამ თუ მას მეცადინეობა სჭირდება, ასისტენტი ვერ ამეცადინებს, სპეცმასწავლებელმა უნდა ამეცადინოს.

- რამდენი მოსწავლე შეიძლება ჰყავდეს ერთ სპეცმასწავლებელს?

- გარდა იმისა, რომ სპეცმასწავლებელი ბავშვებს სუსტი მხარეების დაძლევაში ეხმარება, მას აქვს კონსულტირების ფუნქცია, რაც შეიძლება, 10 მოსწავლეზეც გასწიოს, საიდანაც, მაგალითად, ორს ჰყავს ინდივიდუალური ასისტენტი, ორს -  ფსიქოლოგი, ორ ბავშვს, - ჟესტური ენის სპეციალისტი, დანარჩენი კი კლასში ზის ჩვეულებრივ და საგაკვეთილო პროცესში ერთვება. სპეცმასწავლებელს შეუძლია, ყველა ამ ბავშვს გაუწიოს რეკომენდაცია.

რაც უფრო ძლიერია დამხმარე კონტიგენტი, იგივე მასწავლებელი თუ დანარჩენი სხვა სპეციალობის ხალხი, მით მეტ ბავშვს გასწვდება სპეცმასწავლებელი.

მაგალითად, სპეციალურ სკოლებში, სადაც საგნის მასწავლებლები უფრო ძლიერები არიან, სსსმ მოსწავლეების სწავლების პროცესში, სპეცმასწავლებელი მეტ მოსწავლეს წვდება, მაგრამ იქ, სადაც კომპეტენციის ნაკლებობა გვაქვს, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით, სპეცმასწავლებელი შეიძლება მხოლოდ 5 მოსწავლეს გაწვდეს. 

- როგორც ცნობილია, სსსმ მოსწავლეებისთვის ალტერნატიული სასწავლო გეგმა დამტკიცდა. რატომ გახდა საჭირო აღნიშნული გეგმის შემუშავება და რა განსაკუთრებული მიდგომებია მასში გათვალისწინებული?

- მართალია, ყველა სკოლაში არ გვყავს სსსმ მოსწავლეები, მაგრამ ბევრ სკოლაშია მსუბუქი, საშუალო და რთული ინტელექტუალური დარღვევის მქონე ბავშვები, მძიმე გონებრივი ჩამორჩენით თუ აუტისტური სპექტრით, რომელთათვისაც რთულია, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დავალებების გადალახვა.

მსგავს შემთხვევაში, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ხდებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, ან რამდენიმე საკითხის ამორჩევა და შემცირება-გამარტივება.

ამ შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო გეგმა გულისხმობს იმას, რომ თუ მოსწავლე არ არის იმისთვის მზად, რომ აკადემიური მიღწევები ჰქონდეს, მას მასწავლებელი ალტერნატიულ გეგმას უწერს, რის საშუალებითაც უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს, ვიდრე აკადემიური მიღწევებისთვის. ანუ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება არის უფრო ალტერნატიური სასწავლო გეგმის მიზანი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება