სიახლეები
სიახლეები

დანართი
07-10-2019
-
+



გარე დაკვირვების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

გარე დაკვირვების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლისპროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის (შემდგომში – სქემა) ფარგლებში და აწესრიგებს უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე დაკვირვება – უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით;

ბ) მასწავლებელი – „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის  მქონე  პირი, რომელიც ერთ  საგანს  მაინც ასწავლის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) სქემით განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის და „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის(შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად;

ე) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში უფროს მასწავლებლად ან მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ვ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ზ) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით მიენიჭება მენტორის სტატუსი;

თ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა;

ი) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა – (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;

კ) კრედიტქულა – მასწავლებლის  პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;

ლ) მასწავლებლის შეფასება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა;

მ) შეფასების სტანდარტიზებული  ინსტრუმენტი – სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად         მასწავლებლის  მიერ განხორციელებული სავალდებულოაქტივობებისა და დამატებითი საქმიანობის შეფასების უნიფიცირებული საშუალება;

ნ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში – ფასილიტატორი) – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით;

ო) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა საპრეტენზიო განაცხადებს.

მუხლი 3. გარე დაკვირვების გავლის უფლების მოპოვება

1. გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) მოპოვებული აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 15 (თხუთმეტი) კრედიტი და მათ შორის ყველა სავალდებულო აქტივობა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრის მიერ განხორციელებული შეფასების ფარგლებში შეფასებული აქვს დადებითად.

ბ) სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ადგენს კონკურსის პირობებსა და კრიტერიუმებს, რომლის ფარგლებშიც შერჩეულ უნდა იქნენ ის კვალიფიციური პირები, რომლებსაც მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობის შეფასების უფლებამოსილება.

ბ) კონკურს აცხადებს გარე დაკვირვების რეგისტრაციის ვადების განსაზღვრამდე.

გ) კონკურსის ფარგლებში შერჩეულ პირებთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები,აფასებენ უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებს შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის შესაბამისად. ინფორმაცია დადებითი შედეგების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრის მიერ ეგზავნება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონულ სისტემაში უფროსი მასწავლებლისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობას.

მუხლი 4. გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორიინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს გარე დაკვირვების გავლის მსურველ პირთა რეგისტრაციას სასწავლო წლის განმავლობაში.

2. რეგისტრაციის დროს გარე დაკვირვების მსურველი პირი ავსებს ელექტრონულ განაცხადს (eschool-ში), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი/საგნობრივი ჯგუფი, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი და რომელშიც მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და სურს გარე დაკვირვების გავლა;

ბ) კლასი, რომელშიც გეგმავს გარე დაკვირვების საგაკვეთილო პროცესის წარმართვას;

გ) კლასში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში;

დ) გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (განმეორებით რეგისტრაციის შემთხვევაში).

ე) საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სხვა ინფორმაცია.

მუხლი 5. გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური

1. გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია მასწავლებლისთვის არის უფასო.

2. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის საფასური გარე დაკვირვებაზე შეადგენს 50 ლარს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასური გადახდილი უნდა იქნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი პირი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდება ან ამ ვადის ამოწურვამდე წერილობითი ფორმით უარს განაცხადებს გარე დაკვირვებაში მონაწილეობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, მასწავლებელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საფასურის თანხა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.

მუხლი 6. გაკვეთილის გეგმის წარგდენა

1. გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, დარეგისტრირებული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გარე დაკვირვების განხორციელების პერიოდს თითოეული მასწავლებლისთვის.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის ელექტრონულ სისტემაში, გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლების შესაბამის გრაფაში ასახვას და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი)ინფორმირებას.

3. გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებელი, მისთვის განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე, ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს შესაბამის პერიოდში მიყოლებით ჩასატარებელი 5 გაკვეთილის გეგმა, რომელთაგან ერთ-ერთზე განხორციელდება გარე დაკვრივება. ასევე, ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი გაკვეთილის გეგმის ფორმა და საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს გაკვეთილის გეგმასა და მოთხოვნილ დოკუმენტაციას, მის გაკვეთილზე არ განხორციელდება გარე დაკვირვება.

5. მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის ჩატარება დაგეგმოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში და ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კლასში.

6. მასწავლებლისთვის განსაზღვრული პერიოდის ან/და მასწავლებლის მიერ წარდგენილი ჩასატარებელი გეგმის ცვლილება, ასევე რეფლექსიის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით.

მუხლი 7. გარე დამკვირვებელი

1. გარე დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - გარე დამკვირვებელი.

2. გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3წლიანი გამოცდილება, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება;

ბ) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის ან/და ტრენერად მუშაობის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.

გ) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და ზოგად, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.

3. გარე დაკვირვების პროცესს გაკვეთილის შეფასების უფლების გარეშე შეიძლება დაესწრონ მასწავლებლის ზედამხედველი ფასილიტატორი ან/და რესურსცენტრის მიერ წარდგენილი პირი.

 მუხლი 8. გარე დაკვირვების ეტაპები

გარე დაკვირვება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) წინასაგაკვეთილო შეხვედრა;

ბ) გაკვეთილზე დაკვირვება;

გ) გაკვეთილის შეფასება.

მუხლი 9. წინასაგაკვეთილო შეხვედრა

1. გარე დაკვირვება ხორციელდება მასწავლებლის მიერ შეთავაზებული 5 გაკვეთილიდან ერთ-ერთ გაკვეთილზე.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ ერთი დღით ადრე აცნობებს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლისა და ფასილიტატორის ინფორმირება და მომდევნო დღისთვის საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი ორგანიზება.

3. წინასაგაკვეთილო შეხვედრა წარიმართება გარე დამკვირვებელსა და მასწავლებელს შორის და ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს შორის გაკვეთილის წარმართვის დღეს.

4. წინასაგაკვეთილო შეხვედრაზე მასწავლებელი წარადგენს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას, გარე დამკვირვებელსა და სხვა დამსწრე პირებს აწვდის ინფორმაციას კლასზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

5. მასწავლებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის წარდგენა არ ექვემდებარება შეფასებას.

მუხლი 10. გაკვეთილზე დაკვირვება

1. გაკვეთილზე დაკვირვება მოიცავს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, რომელსაც აკვირდება გარე დამკვირვებელი.

2. გარე დამკვირვებელი ავსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ გაკვეთილის აღწერის ფორმას. გაკვეთილის აღწერის ფორმა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, რაც უკავშირდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვას.

3. გარე დამკვირვებელი აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

მუხლი 11. გაკვეთილის შეფასება

1. გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.

2. გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით.

3. ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის შეფასება ასახული უნდა იქნეს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 27 ქულას.

5. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 32 გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.

მუხლი 12. გარე დაკვირვების შედეგები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა გარე დაკვირვების შედეგები უნდა განათავსოს ელექტრონულ    სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი უფროსი მასწავლებლისთვის.

მუხლი 13. გარე დაკვირვების შედეგების აპელაცია

1. გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

2. მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს განიხილავს საპრეტენზიო კომისია.

3. აპელაციის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს, თუ საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, მასწავლებელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. საფასურის თანხა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერდაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

მუხლი 14. საპრეტენზიო კომისია

1. საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება.

2. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

გ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. საპრეტენზიო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აწვდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ელექტრონულ სისტემაში.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებებიგაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 15. ინტერესთა კონფლიქტი

1. გარე დამკვირვებელი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი და საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:

ა) რომელიც არის გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებელი;

ბ) რომელიც არის გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებლის ნათესავი;

გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს ფინანსური ან პირადი სარგებელი გარე დაკვირვების შედეგების შემთხვევაში.

2. ამ წესის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს/საპრეტენზიო კომისიას აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოების შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის/საპრეტენზიო კომისიისთვის ცნობილი გახდება გარე დაკვირვების შედეგად მასწავლებლის შეფასების/გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი/საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ასეთი პირის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელდება განმეორებითი გარე დაკვირვება სხვა გარე დამკვირვებლის მიერ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება